Facebook Twitter

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-198-კ-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 ივნისს ხონის რაიონულ სასამართლოს მიმართა მოსარჩელე ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლმა სადგურმა მოპასუხე .... თემის საკრებულოს მიმართ. მესამე პირად მითითებულ იქნა ბ. კ-ე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სოფ. მათხოჯის ვეტუბნის ტერიტორიაზე გააჩნდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც უკანონოდ ფლობდა მესამე პირი ბ. კირთაძე.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ბ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან ხონის ცხოველთა დაავადებასთან მებრძოლი სადგურის კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება.

მოპასუხე მათხოჯის თემის საკრებულომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ბ. კ-ემ, როგორც პირველი კატეგორიის კომლმა, მოითხოვა მიწის ნაკვეთის შევსება 0,8 ჰა-მდე. იმის გამო, რომ ბ. კ-ე .... ვეტუბნის გამგედ მუშაობის პერიოდში, 1978 წლიდან ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს და მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები, სოფ. .... საპრივატიზებო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, კანონით დადგენილი ზღვრული ნორმა ბ. კ-ისათვის შეევსო აღნიშნული მიწის ნაკვეთით. 1997წ. 30 სექტემბერს კანონის სრული დაცვით გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2000წ. 5 მაისს ბ. კ-ის სახელზე, ასევე კანონიერად გაიცა მესაკუთრის სარეგისტრაციო მოწმობა.

მესამე პირმა ბ. კირთაძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1977 წლიდან 2000წ. 17 ივლისამდე მუშაობდა სოფ. .... ვეტუბნის გამგედ. მათხოჯის ვეტუბანს გააჩნდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი. აქედან _ 0,06 ჰა ვეტუბნის შემოსასვლელ და სამოძრაო ტერიტორიად ითვლებოდა, ხოლო 0,2 ჰა წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელსაც ვეტუბნის გამგედ მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ამუშავებდა ბ. კ-ე. მისი განმარტებით, 1997წ. 30 სექტემბერს მათხოჯის თემის საკრებულოს მიწათმომწყობმა კომისიამ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ზემოთ აღნიშნული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა ბ. კ-ეს, რომლითაც როგორც პირველი კატეგორიის კომლს შეევსო ზღვრული ნორმა. ხოლო 2000წ. 25 მაისს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად იგი გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ აღნიშნა, რომ სოფ. .... ვეტუბანს 1992 წლიდან ბალანსზე ერიცხებოდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ იყო მითითებული, თუ რა დანიშნულების იყო იგი. 1998 წელს სოფ. ... ჩატარდა ინვენტარიზაცია და .... ვეტუბნის სახელზე რიცხული 450 კვ.მ ფართობის მიწა ჩაითვალა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად, დანარჩენი ფართობი კი უკვე გადაცემული ჰქონდა ბ. კ-ეს, თუმცა სოფ. .... საკრებულოს უნდა შეეტყობინებინა ვეტუბნისათვის აღნიშნულთან დაკავშირებით. ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს განმარტებით, საპრივატიზებო კომისიამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ამით ბ. კ-ე არ უნდა დაზარალებულიყო, რადგანაც მას კანონით ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთის შევსება ზღვრულ ნორმამდე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლმა სადგურმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2002წ. 9 აპრილს განიხილა მოცემული საქმე და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1997წ. 30 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც ბ. კ-ეს გამოეყო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა ბ. კ-ემ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ კასატორი არ უარყოფს 1997წ. 20 სექტემბრამდე სადავო მიწის ნაკვეთის ვეტუბნის ბალანსზე ყოფნის ფაქტს და საპრივატიზებო კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომას, თუმცა თვლის, რომ იგი წარმოადგენს ამ ფართობის ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს და საპრივატიზებო კომისიის შეცდომის გამო, იგი არ უნდა დაზარალდეს. კასატორის განმარტებით, იგი განეკუთვნებოდა მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას და მისი მოთხოვნა, საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმამდე შევსების შესახებ, კანონიერი იყო.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი სათანადო წესით დაკანონებული არა აქვს. იგი მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ამდენად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო მისთვის მიწის ფართობის ჩამორთმევა და მოსარჩელისათვის გადაცემა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იყო მხოლოდ უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.

მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარში დამატებით ითხოვა ბ. კ-ისათვის გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ გაუქმება და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილების შეტანა იმ ნაწილში, რომლითაც ბ. კ-ე გახდა ვეტუბნის ბალანსზე არსებული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.

საქმის მასალებიდან არ ირკვევა, თანახმა იყო, თუ არა მოწინააღმდგე მხარე დავის საგნის გადიდებაზე და არც სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია დავის საგნის გადიდების მიზანშეწონილობაზე, თუმცა აღნიშნულ საპროცესო დარღვევას არ ასაჩივრებს კასატორი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივი გაუქმების შემდეგ ისე დაუბრუნა სადავო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურს, რომ მოსარჩელის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, ბ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ არ უმსჯელია. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.