Facebook Twitter

3გ-ად-199-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 ივლისს თ. ბ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ...... რაიონულ სასამართლოს და ძველ სამსახურში აღდგენა ან ტოლფასოვანი თანამდებობით უზრუნველყოფა, ასევე 2 წლისა და 6 თვის განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1991წ. 22 აპრილს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში დაბა ....... საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნებამდე ..... საპროექტო ბიუროს უფროსად მუშაობდა. 1998წ. 15 ნოემბრისა და 17 დეკემბრის საკრებულოს არჩევნების შედეგებით არჩევითი თანამდებობიდან გადაირჩიეს. მან სამსახურში აღსადგენად «ადგილობრივი წარმომადგენლობით ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» კანონის თანახმად ..... გამგეობას მიმართა, მაგრამ განუცხადეს, რომ ეს კანონი მასზე ვერ გავრცელდებოდა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა 1998წ. 26 ივნისის «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე დაამყარა.

...... რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი აღდგენილ იქნა ძველ ან ტოლფასოვან სამუშაოზე, ხოლო ..... რაიონის გამგეობას (რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტს) იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის სახით 1350 ლარი, ასევე მორალური ზიანი 1500 ლარი დაეკისრა.

...... რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ..... გამგეობამ სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ 1991წ. 22 აპრილს თ. ბ-ია დაბა ...... გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1994წ. აპრილში მას უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა. სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹362 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმარვთელობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ» დროებითი დებულების მე-13 მუხლის თანახმად, დაბისა და სოფლის გამგებლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგეობა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით. აღნიშნულის გათვალისწინებით გამგეობის 1996წ. 30 აპრილის ¹18 დადგენილებით დაბისა და სოფლის გამგებლები თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნენ. ასევე, თ. ბ-ია გამგეობის 1995წ. 3 ივლისის ¹25 განკარგულებით დაბა ....... გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა და თავმჯდომარის მოვალეობისაგან გათავისუფლდა. აპელანტის მოსაზრებით, თ. ბ-იაზე «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» კანონის 18-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხვონები ვერ გავრცელდება, რადგან იგი უფლებამოსილების ვადის დამთავრების დროისათვის დანიშვნით და არა არჩევით თანამდებობაზე იყო. გარდა ამისა, აპელანტის აზრით, თ. ბ-იამ სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა გაუშვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით ...... გამგეობის სააპელაციო საჩივრის განხილვა ...... გამგეობაზე მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, თანახმად სსკ-ს 279-ე მუხლის «დ» პუნქტისა შეჩერდა. ეს განჩიება არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით ..... რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ..... რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება თ. ბ-იას სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უცვლელი დარჩა. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.

ამის შემდეგ საქმის წარმოება ...... გამგეობის სააპელაციო საჩივარზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განახლდა. საქმის განხილვის დროს თ. ბ-იამ თავისი სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში გაზარდა და ...... გამგეობისაგან 2000 ლარის ნაცვლად 20000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამრათლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით ...... გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ...... რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება ..... გამგეობაზე თ. ბ-იას სასარგებლოდ 1500 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა.

თ. ბ-იამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონო და არასამართლიანია და მისი გაუქმება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს სკ-ს მე-18 მუხლს, რომლის თანახმად ზუსტადაა განსაზღვრული არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი. კერძოდ, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, «პირს უფლება აქვს სასამართლოს წესით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.» თ. ბ-იამ მორალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ იგი სამუშაოზე არ აღადგინეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი საფუძველი არასაკმარისია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, აღნიშნული არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და არ არსებობს პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინანდელ სამუშაოზე არაღდგენის მოტივით მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებული არ არის.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სკ-ს 413-ე მუხლით გათვალისწინებული კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევები არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების სახით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება მოპასუხე ...... გამგეობას ვერ დაეკისრება, რადგან თ. ბ-იას სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ ჰქონია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თ. ბ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.