Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-200-კ-01 12 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, საგადასახადო დავალიანების, ვალუტის კურსთაშორის სხვაობის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს და ქ. ახალციხის სპეც. სამშენებლო-სამონტაჟო ფირმას შორის 15.04.96წ. დაიდო ხელშეკრულება სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტის თაობაზე. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება სავარაუდოდ განისაზღვრა 80 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით მოიჯარე ვალდებულებას იღებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში ავანსის სახით ჩაერიცხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 40%. საქმეში დაცული შესრულებული სამუშაოს აქტების და შედარების აქტის მიხედვით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად გაიხარჯა 143349 ლარის სამშენებლო მასალები, აუნაზღაურებელი თანხა შეადგენს 111872 ლარს და 71 თეთრს.

23.05.01წ. შპს «ს.-....»-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე – სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის აუნაზღაურებელი თანხის – 111872 ლარის გადახდის დაკისრება დოლარის კურსთან მიმართებაში ინფლაციისგათვალისწინებით, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენს 179517 ლარს. მოსარჩელე აღნიშნავდა აგრეთვე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდის აუცილებლობა, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად მოსარჩელეს გადასახდელი აქვს საურავის გათვალისწინებით 351113 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისაგან. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რასაც ის მიიღებდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, დროულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მას წარმოეშვა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამო ვერ შესრულდა შპს «ს.-....» და ახალციხის რეგიონალურ საბაჟოს შორის 03.09.97წ. დადებული ხელშეკრულება, შესაბამისად შპს «ს.-....» ვერ მიიღო 300 000 ლარის შემოსავალი. შელახული საქმიანი რეპუტაციის აღდგენის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით, ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. საქმის მომზადების სტადიაზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია წერილობითი სახით შესაგებელი, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე _ სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, საქმე ს.ა.ს.კ. 261 მუხლის თანახმად, განხილულ იქნა მოპასუხის დაუსწრებლად.

სასამართლო კოლეგიამ 19.09.01წ. გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სარჩელი 31.07.98წ. ურთიერთშედარების აქტით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში (111873 ლარი) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კოლეგიამ სსკ-ის 389-ე მუხლზე მითითებით უსაფუძვლოდ მიიჩნია თანხის აშშ დოლარის კურსის გათვალისწინებით დავალიანების ანაზღაურება. სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საოლქო საგადასახადო ინსპექციის ცნობით არ დგინდება, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება მოსარჩელეს დავალიანება 140 800 ლარის ოდენობით, შესრულებული სამუშაოს ოდენობა ცნობაში მითითებულია 111 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაობის მოცულობა 143349 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულებით 80 000 ლარით. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ნაწილს, კოლეგიამ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო მოსალოდნელი მისი მიღება, სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების, სულ – 111873 ლარის აუნაზღაურებლობის გამო უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. კოლეგიამ დაუსაბუთებლად ჩათვალა აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. საბოლოოდ შპს «ს.-....»-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულების – 111872 ლარის და 71 თეთრის, იურიდიული მომსახურეობის ხარჯების – 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.09.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. შპს «ს.-....» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების ის ოდენობა, რომელიც მითითებულია საგადასახადო სამსახურის ცნობაში, რითაც ფაქტიურად დადასტურდა წარდგენილი ცნობის რეალობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აგრეთვე საგადასახადო ინსპექციის სხვა ცნობა, რომლის თანახმად შ.პ.ს «ს.-....» იძულებული იყო შეეჩერებინა ფუნქციონირება, რითაც დასტურდება, რომ ეს დავალიანება სხვა წყაროებიდან ვერ წარმოიშვებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დარიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ამ ცნობაში მითითებული ოდენობა.

ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის კურსთან სხვაობის მოთხოვნის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ადგილი არ ჰქონია ვალუტის შეცვლას, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 389-ე მუხლი, რომელსაც ეფუძნებოდა აღნიშნული მოთხოვნა. ვალუტის შეცვლასთან ერთად, სსკ-ის 389-ე მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლასაც. იმის გათვალისწინებით, რომ მასალების შეძენა და სამუშაოების შესრულება კასატორმა მოახდინა საკუთარი სახსრებით იმ პერიოში, როდესაც აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 36.3 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკისაგან დადგენილი კურსით შეადგენდა 1,29 ლარს, ხოლო სადღეისოდ კურსი შეადგენს 2,07 ლარს, კასატორი თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ანაზღაურების გადახდა ინფლაციური მოვლენების გათვალისწინებით, რაც 179517 ლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ვადაგადაციელბული საგადასახადო დავალიანების დაკისრებაზე, ლარის კურსის აშშ დოლარის კურსთან სხვაობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოწინააღმდეგე მხარისათვის შპს «ს.-....»-ის სასარგებლოდ მიყენებული ზარალის – გადახდის დაგვიანების გამო წარმოშობილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების და ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ინფლაციური მოვლენების გათვალისწინებით ანაზღაურებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილებით მას, როგორც ფიზიკურ პირს, დაეკისრა სარჩელში აღნიშნული თანხის ნაწილის, სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურება, მაშინ როდესაც 15.04.96წ. ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ პირველ მოადგილე – შ. ბ-იანს და შპს «ს.-....» დირექტორს შორის. კოლეგიას მოპასუხედ უნდა ეცნო იურიდიული პირი-სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და არა თვით რწმუნებული – ფიზიკური პირი. სასამართლოს უნდა ემოქმედა სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად და უკეთუ მოსარჩელე უარს იტყოდა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო კოლეგიას უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული შენობა იმყოფება ქალაქის მერიის საკუთრებაში, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა შენობის მეპატრონე და საქმის განხილვის დროს ჩაება იგი თანამოპასუხედ. უმართებულოა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ორგანიზაციების ბუხჰალტრების მიერ 31.07.98წ. შედგენილი ურთიერთშედარების აქტზე დაყრდნობით სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, თითქოსდა მოპასუხე აღიარებდა 143349 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას. 15.04.96წ. ხელშეკრულებით უნდა შესრულებულიყო 80 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ სათანადო კომისიის მონაწილეობით უნდა შემოწმებულიყო სამუშაოების მოცულობათა ხარისხი და შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებით, ხარჯთაღრიცხვითა და დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიღების შემდეგ, დამკვეთი მხარის მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები განმეორებით დადებული ხელშეკრულების, კომისიურად შედგენილი დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ შპს «ს.-....» შესრულებული სამუშაოს აქტებში ნაჩვენები შეძენილი მასალები და ხარჯები არ შეესაბამება სინამდვილეს, კონტროლის პალატის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს მიერ 1998წ. ივლის-აგვისტოს თვეებში ჩატარებული შემოწმების მიხედვით დადასტურდა შესრულებული სამუშაოების აქტებში სამუშაოთა ღირებულების 17809 ლარით გადაჭარბება. კასატორი თვლის, რომ ხელშეკრულებით, ხარჯთაღრიცხვით და დეფექტური აქტით გათვალისწინებულ და შესრულებულად ნაჩვენებ 80 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს უნდა გამოაკლდეს 1997 წელს მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხული 28 000 ლარი, შედარების აქტში აღნიშნული და შემოსავალში აუღებელი ზედმეტად ნაჩვენები სამშენებლო მასალების ღირებულება 3476 ლარი, კავშირგაბმულობის სამუშაოების შესასრულებლად შეძენილი მასალებისა და ამ სამუშაოების შემსრულებელ მუშებზე გასაცემად დარიცხული ხელფასი – 4097 ლარი, დახერხილი ქვის შეძენაზე ზედმეტად ნაჩვენები 1792 ლარი და ქვის დაგებისათვის მუშებზე გასაცემი ხელფასის თანხა – 1805 ლარი, შესრულებული სამუშაოების აქტებში ხელოვნურად გაზრდილი – 17809 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, შესრულებულად 51021 ლარის ღირებულების სამუშაოების მიჩნევას, საიდანაც მოწინააღმდეგე მხარისათვის 1997წ. 28000 ლარის ანაზღაურების გათვალისწინებით, გადასახდელად 23021 ლარის დაკისრებას.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე კასატორმა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა ვ. ვ-ძემ, გ. ბ-ძის წარმომადგენელმა დ. ლ-ავამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, შპს «ს.-....» დირექტორმა გ. ფ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა გ. ჩ-ძემ მხარი არ დაეჭირეს მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება, თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ 19.09.01წ. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, იგი არ ემყარება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, დამატებით გამოკვლევას საჭიროებს საქმის გარემოებები. კერძოდ, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 31.07.98წ. ურთიერთშედარების აქტის და შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით აღიარებულად მიიჩნია 111873 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მაშინ როდესაც შესრულებული სამუშაოების 1997წ. ნოემბრის აქტი 54566 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე არ არის დადასტურებული ხელმოწერით, აღნიშნული მითითებულია აგრეთვე 31.07.98წ. შედარების აქტშიც. სასამართლოს არ გამოუთხოვია და არ შეუფასებია საქართველოს კონტროლის პალატის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს მიერ ჩატარებული შპს «ს.-....» თემატური შემოწმების 12.08.98წ. აქტი, რომლის თანახმად შპს «ს.-....»-ს სამუშაოების შესრულების აქტებით ზედმეტად წარმოდგენილი აქვს კაპიტალური რემონტის ღირებულება, აქტის თანახმად 111 873 ლარის ნაცვლად შპს «ს.-....»-ს მისაღები აქვს 94064 ლარი. ამდენად, საოლქო სასამართლო კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს «ს.-....»-ს მიერ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 111872,71 ლარს არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს, დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებელი საქმის ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს განეკუთვნება, დავის განმხილველი სასამართლო, ს.ა.ს.კ მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვია საქმის ზემოაღნიშნული გარემოება, რომლის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება შპს «ს.-....»-ვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის ზუსტი დადგენა.

სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, თუ ვის ბალანსზე იმყოფებოდა შენობა. მინისტრთა კაბინეტის 02.09.94წ. ¹627 დადგენილებით ახალციხის რაიონის გამგეობას დაეკისრა შესაბამისი ფართობის გამოყოფა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განსათავსებლად. სასამართლოს უნდა გაერკვია შენობის ბალანსთმფლობელი, რათა ემსჯელა საქმეში მისი ჩაბმის საჭირეობაზე. საქმის ხელმეორე განხილვილსას სასამართლომ უნდა იქონიოს აგრეთვე მსჯელობა იმაზე, წარმოადგენს თუ არა შპს «ს.-....» 15.04.96წ. ხელშეკრულებაში, 18.04.96წ. დეფექტურ აქტში და შესრულებული სამუშაოების აქტებში აღნიშნულ ქ. ახალციხის სპეც. სამშენებლო სამონტაჟო ფირმა «ს.» სამართალმემკვიდრეს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს გ. ბ-ძის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 19.09. 01წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა მოსარჩელის – შპს «ს.-....» სარჩელი, თანხების გადახდა დააკისრა ფიზიკურ პირს. სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და ქ. ახალციხის სპეც. სამშენებლო-სამონტაჟო ფირმის დირქეტორის _ გ. ფ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტის თანხებს. ვინაიდან სახელმწიფო რწმუნებული ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მის აპარატს, კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა არა ფიზიკურ პირს არამედ სახელმწიფო ორგანოს – სახელმწიფო რწმუნებულს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციის სტრუქტურას. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე იმით, რომ საოლქო სასამართლოს 19.09.01წ. გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 252-ე მუხლის საფუძველზე.

შესრულებული სამუშაოების აუნაზუღაურებელი ღირებულების დაუდგენლობის გამო საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის მშენებლობის ხარჯების ინფლაციური მოვლენების გათვალისწინებით ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერებაზე მსჯელობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაკისრებაზე. მოთხოვნის უარყოფა იმ მოსაზრებით, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცება ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების თაობაზე, ხოლო საგადასახადო ინსპექციის ცნობაში მითითებული სამუშაოები არ ემთხვევა ჩატარებული სამუშაოების და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას არის უსაფუძვლო და არ ემყარება ს.ა.ს.კ. მე-4, მე-19 მუხლების მოთხოვნებს. კასატორი მართებულად აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულების თანხით ფაქტიურად დასტურდება წარმოდგენილი ცნობის რეალობა. ამდენად, სასამართლოს მიერ მოყვანილი მოტივაცია წინააღმდეგობრივია და არ ეფუძნება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ემსჯელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების ხელშეკრულების კონტრაჰენტზე დაკისრების, საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილება არ პასუხობს სსსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია მხოლოდ ის, თუ რა ნაწილში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითება იმაზე თუ კონკრეტულად რომელ მოთხოვნებზე ეთქვა უარი მოსარჩელეს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ამ ხარვეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი – შპს «ს.-....» არ აყენებს მიუღებელი შემოსავლის, აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს, საკასაციო პალატა სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ 19.09.01წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მთლიანად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს.-....» და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწუნებულის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.09.01 წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.