გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-200-კ-02 20 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა კ. დ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და მესამე პირების: ბ. გ-ძის, ე. ჯ-არლის, ი. ბ-ოვის, დ. ი-ოვის, ე. ი-ოვის, ვ. მ-ევის, ე. გ-ოვის და სხვათა მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 13 მაისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.
მოსარჩელის განმარტებით, არჩევნების დადგომამდე ორი დღით ადრე მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საბანკო განყოფილებიდან მან მოიპოვა ცნობები იმის შესახებ, რომ ქ. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობას არ ჰქონდა გახსნილი საარჩევნო ფონდი ბანკში. აქედან გამომდინარე საარჩევნო სუბიექტებზე ბანკს არ გაუცია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ანგარიშის ნომერი, რაც დეპუტატობის კანდიდატს 2 დღის ვადაში უნდა წარედგინა საარჩევნო კომისიისათვის, ამასთანავე, უნდა ეცნობებინა საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველის და ბუღალტრის ვინაობისა და კოორდინატების შესახებ.
ზემოაღნიშნული დარღვევა უკრძალავს საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად ა/წლის 31 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგინა ბანკის ცნობები, რათა საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩატარებამდე გადაემოწმებინა დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო ფონდის მონაცემების სინამდვილე და უტყუარობა, აგრეთვე, მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობა.
მოსარჩელის განმარტებით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ 5 ივნისს, საღამოს, მოსარჩელის არაერთი და კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე გასცა დაუსაბუთებელი და ცალსახა პასუხი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ქ. მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს წარმოდგენილი ჰქონდათ ცნობა საბანკო განყოფილებიდან, მაგრამ აღნიშნული ცნობები აკმაყოფილებდა თუ არა საარჩევნო კოდექსის 46-48-ე მუხლების მოთხოვნას, ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. მხოლოდ მითითებული იყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ავტომატურად არჩევნებიდან მოხსნილად თვლიდა მიღებულ ხმათა რაოდენობის მიუხედავად, საარჩევნო ფონდის არმქონე, ქ. მარნეულის საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატს და რომ არჩევნების საბოლოო შედეგი გამოქვეყნებული იქნებოდა არა უგვიანეს 7 ივნისისა.
მოსარჩელე იქვე განმარტავდა, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საარჩევნო ფონდი არ გააჩნდა საკრებულოს დეპუტატობის შემდეგ კანდიდატებს: ბ. გ-ძეს, ე. ჯ-ლის, თ. ნ-იანს, ვ. ნ-ოვს, ე. გ-ოვს, ა. ა-ევს, ზ. გ-დეს, ზ. ა-ევს, თ. მ-ოვს, ფ. მ-ევს, ი. ბ-ოვს, ა. კ-ევს, ე. ი-ოვს, ვ. მ-ევს, ვ. ა-ოვს, ქ. ხ-ოვს დ. ი-ოვს, ქ. მ-ევს, მ. დ-ოვს, კ. ბ-ოვს, რ. კ-ევს, ზ. ი-ოვს, ე. ს-ოვს, ი. კ-ევს, ს. მ-ოვს, ნ. ა-ოვს, მ. ა-ოვს, ზ. ჰ-ოვს, რაც 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებიდან მათ ავტომატურად მოხსნას ითვალიწინებდა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევისა, საოლქო საარჩევნო კომისია ხელს უწყობდა საარჩევნო კანონის დამრღვევ სუბიექტებს ქ. მარნეულის საკრებულოს დეპუტატად გახდომაში, რაც დასტურდებოდა იმით, რომ დ-ძის განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა არჩევნების შემდეგ.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება.
2002წ. 10 ივნისს სასამართლო კოლეგიის სხდომაზე მოსარჩელემ ნაწილობრივ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა საქმის განხილვაში მონაწილე მესამე პირთა მიმართ მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – მარნეულის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნების კენჭისყრის შედეგებზე, ამასთან მოსარჩელემ ითხოვა მესამე პირთა სიიდან თ. ნ-იანის ამოღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ. დ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კ. დ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მან მოიპოვა ცნობები მარნეულის ტერიტორიაზე არსებული ბანკების განყოფილებებიდან იმის შესახებ, რომ ქ. მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობას არ ჰქონდათ გახსნილი საარჩევნო ფონდი ბანკში და, რომ საარჩევნო სუბიექტებზე ბანკს არ ჰქონდა გაცემული ამ უკანასკნელზე საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ანგარიშის ნომერი, რაც დეპუტატობის კანდიდატებს საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ ორი დღის ვადაში უნდა წარედგინათ საარჩევნო კომისიისათვის. რადგან ზემოთ აღნიშნული დარღვევა უკრძალავადა საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ 2002წ. 31 მაისს კ. დ-ძემ განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა ზემოთ აღნიშნული გარემოებების შესახებ, რათა მას შეემოწმებინა დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო ფონდის არსებობის საკითხი.
მოპასუხემ კ. დ-ძეს განცხადების შესახებ პასუხი აცნობა 5 ივნისს, საღამოს, ¹13 წერილით, რომელიც თავისი შინაარსით იყო დაუსაბუთებელი და ცალსახა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ წარადგინა საკრებულოს დეპუტატობის ცხრა კანდიდატის პირადი საქმე, რომლებშიც ცნობები ბანკის განყოფილებიდან საარჩევნო სუბიექტებზე გაცემული იყო 2002წ. 4 ივნისს, სადაც აღინიშნა, რომ სუბიექტს გახსნილი ჰქონდა “საარჩევნო კამპანიისათვის ანგარიში 2002წ. 10 მაისიდან”, მაშინ, როდესაც აღნიშნული ცნობა საარჩევნო სუბიექტებს უნდა წარედგინათ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან ორი დღის ვადაში და არა არჩევნების ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ, როგორც მათი პირადი საქმეებიდან დასტურდებოდა.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, საოლქო სასამართლომ რატომღაც ჩათვალა, რომ კ. დ-ძეს მოპასუხის მოქმედების შედეგად არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ განუცდია, იმ მოტივით, რომ მას (კ. დ-ძეს) არჩევნებში მიღებული ჰქონდა 57 ხმა, მაშინ როდესაც სახეზე იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებდა საარჩევნო კამპანიის ფონდის არმქონე საარჩევნო სუბიექტების არჩევენებში მონაწილეობის მიღების უფლების აკრძალვას მომავალი არჩევნების ჩათვლით, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისს ¹3ა/271 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება კასატორის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის, აგრეთვე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიის სადავო აქტსა და მის ნაწილს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის და არ შეუზღუდავს ისინი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა გადაწყვეტილებაში, რომ ზემოთ აღნიშნული საფუძვლით სარჩელი არ იყო დასაშვები და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე კ. დ-ძე იყო მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატი და ბუნებრივია, სადავო აქტი უშუალოდ ეხებოდა მის უფლებებსა და ინტერესებს.
რაც შეეხება სასამართლო კოლეგიის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ მარნეულის საკრებულოს ცხრა არჩეული წევრიდან ყველას გახსნილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიისათვის შესაბამისი ანაგარიში სს “.. ..-ის” მარნეულის ფილიალში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმეში არის ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები იმის შესახებ, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა შეასრულეს თუ არა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, საქმეში არსებული “.. ..-ის” მარნეულის ფილიალის 2002წ. 31 მაისის ცნობაში მითითებულია, რომ ამ ბანკში არსებული ანგარიშები, რომლებიც გახსნეს მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა, იყო მათი პირადი ანგარიშები, ვინაიდან არ ჰყავდათ დანიშნული ბუღალტერი და განმკარგველი. ამ ცნობის თანახმად ეს არ შეეხებოდა მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს: ო. მ-ოვსა და ს. კ-ევს.
ამავე ბანკის 2002წ. 6 ივნისის ცნობაში აღნიშნულია, რომ “.. ..-ის” მარნეულის ფილიალში საარჩევნო კამპანიის ფონდი გახსნილი ჰქონდათ მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის ორ კანდიდატს: ო. მ-ოვსა და ს. კ-ევს. დანარჩენ დეპუტატობის კანდიდატებს: ე. ჯ-ლის, ბ. გ-ძეს, თ. ნ-იანს, ე. გ-ოვს, ფ. მ-ევს, ი. ბ-ოვს, ე. ი-ოვს, ვ. მ-ევს, ვ. ა-ოვს, ბ. ი-ოვს ფონდის ბუღალტერი და ფონდის მმართველი დანიშნული არ ჰყავდათ. ანგარიშები კი გახსნეს 2002წ. 10 მაისს. ხოლო რაც შეეხება სხვა დეპუტატობის კანდიდატებს, მათ აღნიშნულ ბანკში საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშები არ გაუხსნიათ.
საქმის მასალებში, აგრეთვე, არის “.. ..-ის” მარნეულის ფილიალის 2002 წლის 31 მაისის ცნობა, რომელიც სრულიად განსხვავდება ამ ბანკის მიერ იმავე დღეს გაცემული ზემოთ აღნიშნული ცნობისაგან. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებთან დაკავშირებით ამ ბანკში საარჩევნო ფონდები გახსნილი ჰქონდა დეპუტატობის 53 კანდიდატს, მათ შორის: ტ. ა-ევს, ვ. მ-ევს, ი. ბ-ოვს, ბ. გ-ძეს, ე. ჯ-ლის, ე. ი-ოვს, ე. გ-ოვს და ბ. ი-ოვს.
გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებობს “.. ..-ის” მარნეულის ფილიალის მიერ 2002წ. 4 ივნისს გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ ტ. ა-ევს, ე. ი-ოვს, ბ. გ-ძეს, ბ. ი-ოვს, ი. ბ-ოვს, ვ. მ-ევს, ე. გ-ოვს, ე. ჯ-ლის აღნიშნულ ბანკში 2002წ. 10 მაისიდან გახსნილი ჰქონდათ ანგარიშები საარჩევნო კამპანიისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, შეასრულეს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილმა მესამე პირებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტებისა და 48-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-8 პუნქტების მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ ყოველმხრივად და სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს, აგრეთვე, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა დაევალოს იმ გარემოების გამოკვლევა, შესრულდა თუ არა მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტებისა და 48-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-8 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო სათანადო შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელე კ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 4 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. მარნეულის საკრებულოს 2002წ. 2 ივნისის არჩევნების კენჭისყრის შედეგების დამტკიცების შესახებ, საქმეში მონაწილე მესამე პირთა: ბ. გ-ძის, ე. ჯ-ლის, ვ. ნ-ოვის, ე. გ-ოვის, ა. ა-ევის, ზ. გ-დეს, ზ. ა-ევის, თ. მ-ოვის, ფ. მ-ევის, ი. ბ-ოვის, ა. კ-ევის, ე. ი-ოვის, ვ. მ-ევის, ვ. ა-ოვის, ქ. ხ-ოვის, დ. ი-ოვის, ქ. მ-ევის, მ. დ-ოვის, ვ. ბ-ოვის, რ. კ-ევის, ზ. ი-ოვის, ე. ს-ოვის, ი. კ-ევის, ს. მ-ოვის, ნ. ა-ოვის, მ. ა-ოვის და ზ. ხ-ოვის მიმართ;
5. მარნეულის ¹22 საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტებისა და 48-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-8 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.