გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-201-კ 15 თებერვალი, 2002 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: უძრავი ნივთების (შენობა-ნაგებობების) მიკუთვნება ან შენობა-ნაგებობათა ღირებულების _ 125 000 ლარის სოლიდარულად მოპასუხეთათვის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს-ძემ და მ. ს-ძემ 2000 წლის 4 იანვარს სარჩელი აღძრეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. აცილების საფუძველზე საქმე წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ზუგდიდში, ... მდებარე ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (შეფაებული 40 000 ლარად), ქ. ზუგდიდში, ... მდებარე სს «ს. ს. დ. ზ.» ფილიალის ადმინისტრაციული შენობის (შეფასებული 15 000 ლარად), ამავე მისამართზე განთავსებული ინდივიდუალური საწარმო «კ.» კუთვნილი შენობის (შეფასებული 20 000 ლარად) და ქ. ზუგდიდში, ... მდებარე ტელეკომპანია «ო.» შენობის (შეფასებული 50 000 ლარად) საკუთრებაში გადაცემა იმ მოტივით, რომ მათი მამა და პაპა _ ი. ს-ძე მე-XX საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდა ქ. ზუგდიდის ცენტრში, მიეკუთვნებოდა მემამულეთა პირველ კატეგორიას და ქ. ზუგდიდის ჩხოუშიას მოედანზე გააჩნდა ორსართულიანი სახლი ეზოთი, რომელშიც დღეისათვის ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოა განთავსებული. ამ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მასვე გააჩნდა ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელშიც საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო ზუგდიდის საფინანსო განყოფილება. დღეის მდგომარეობით ამ შენობის პირველი სართული ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ პრივატიზებულია და ეკუთვნის ინდივიდუალურ საწარმო «კ.». ამ შენობის მეორე სართულზე განთავსებულია სს «ს. ს. დ. ზ.», რომელსაც შენობის ეს ნაწილი ერიცხება ბალანსზე. დასახელებული შენობის გვერდით აწ. გარდაცვლილ ი. ს-ძეს გააჩნდა ასევე ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელშიც საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო ზუგდიდის ფოსტის განყოფილება, ხოლო ამჟამად განთავსებულია ტელეკომპანია «ო.». მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შენობები წარმოადგენდა მათი პაპისა და მამის ი. ს-ძის საკუთრებას, რაც 1927 წელს უკანონოდ იქნა ჩამორთმეული ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ და გადაეცა სახელმწიფოს. სახელმწიფოს უკანონო მფლობელობასა და სარგებლობაშია ეს შენობები დღემდე. სადავო შენობების ნაწილის მესაკუთრეები ასევე არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები _ ინდივიდუალური საწარმო «კ.», ტელეკომპანია «ო.» და სს «ს. ს. დ. ზ.». ამდენად, სახელმწიფომ ი. ს-ძეზე უკანონოდ ჩამორთმეული შენობა-ნაგებობების ნაწილი გაასხვისა, ნაწილი კი შეინარჩუნა დღემდე. მოსარჩელეები თვლიან, რომ დიდი დროის გასვლის მიუხედავად მამისა და პაპის საკუთრება მათი (მემკვიდრეების) საკუთრებაა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ამ საკუთრების გამოთხოვა არ დაიშვებოდა, ხოლო 1990 წლიდან სამეგრელოში უმართავი პროცესები მიმდინარეობდა და სასამართლოს ამ მიზეზით ვერ მიმართეს. მოსარჩელეები ამ შენობა-ნაგებობების მიკუთვნებას ან შენობა-ნაგებობების ღირებულების _ 125 000 ლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრებას მოითხოვენ. ამასთან, მოითხოვენ: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ზუგდიდის ყოფილი საფინანსო განყოფილების შენობის პირველი სართული ინივიდუალურ საწარმო «კ.» მიეყიდა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი კავშირგაბმულობის სამინისტროს მაგისტრალურ კვანძსა და მცირე საწარმო «ე.-....»-ს შორის 1991 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ზუგდიდის ფოსტის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ტელეკომპანია «ო.» წინამორბედ ორგანიზაციას _ «ე. ....».
მოპასუხეებმა _ ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველომ, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, ტელეკომპანია «ოდიშმა», ინდივიდუალურმა საწარმო «კ.» და სს «ს. ს. დ. ძ. ფ.» სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ მიერ დაკავებული შენობები აშენებულია XX საუკუნის 30-იან წლებში, ისინი არასოდეს ყოფილა კერძო პირის საკუთრება, ამ შენობების კუთვნილებისა და უკანონოდ ჩამორთმევის არანაირი დოკუმენტი მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ, ამასთან, მოპასუხეების მიერ მოპოვებული საარქივო მასალებით დადგენილია, რომ სადავო კაპიტალური შენობების ადგილზე ამ შენობების აშენებამდე მდებარეობდა ხის შენობები, რომლებიც ა-ძეებს, ჩ-ანებსა და პ-იებს ეკუთვნოდათ. მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელეებმა გაუშვეს კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ. და მ. ს-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ. და მ. ს-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლზე და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არასაპატიო მიზეზით გაშვებული ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო მტკიცებულებანი სადავო შენობა-ნაგებობების კუთვნილებისა და სახელმწიფოს მიერ ამ შენობა-ნაგებობების ი. ს-ძისათვის უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ და მიიჩნია, რომ გ. და მ. ს-ძეების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს გ. და მ. ს-ძეებმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. და მ. ს-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ გ. და მ. ს-ძეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე წერილობითი მტკიცებულება ან საარქივო ჩანაწერი, რომ მათი მამა და პაპა _ ი. ს-ძე ქ. ზუგდიდში, ყოფილ ... მოედანზე საკუთრების უფლებით მართლაც ფლობდა სადავო შენობებს. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი საარქივო მასალები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა რომ ი. ს-ძეს მართლაც ჩამოერთვა აღნიშნული შენობები და გადაეცა სახელმწიფოს. ასეთი მასალები ზუგდიდის სამაზრო აღმასკომის არქივშიც არ აღმოჩნდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორიცაა ექსპერტის დასკვნა, საარქივო ცნობა ა. პ-იას შესახებ, ასევე, ზუგდიდის სამაზრო აღმასკომის ჩანაწერები და მიიჩნია, რომ გ. და მ. ს-ძეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ» და «ზ» ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ წარუდგინეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ გარემოებებს, რომლებზედაც მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნებს ამყარებდნენ. ამდენად, მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, ისევე, როგორც სარჩელი სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებასაც იზიარებს, რომ გ. და მ. ს-ძეების სარჩელი ხანდაზმულია და მათ არასაპატიოდ გაუშვეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლი ითვალისწინებდა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების გამოთხოვას უკანონო მფლობელისაგან. ამავე კოდექსის 75-ე მუხლით კი სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენდა 3 წელს. ამდენად, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის. თუკი კომუნისტური წყობილება და რეჟიმი მოსარჩელისათვის სარჩელის შესატანად დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა, 1990 წლიდან, ამ რეჟიმის დამხობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მას სრული უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის, რაც 2000 წლამდე არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების _ გ. და მ. ს-ძეების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მათ არასაპატიო მიზეზით გაუშვეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, როგორც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, ისე 1996 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად «პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია».
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. და მ. ს-ძეების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. და მ. ს-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.