გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-202-კ-01 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: თელავის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 28 დეკემბერს თელავის რაიონის გამგეობასა და მ. ქ-შვილს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 9 წლის ვადით 62 ჰა მიწის ფართობზე მ.შ. 60ჰა _ ვენახი, 2 ჰა _ თუთა. ხელშეკრულების მე-2 მუხლით, მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის 25% შეიტანებოდა მეიჯარის ანგარიშზე, წლის 1\IV-დან 1\VI-მდე, ქირის დანარჩენი ნაწილი 1\IX-დან 1\VI-მდე. ხელშეკრულების 4.3.1 მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება ქონდა იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა საიჯარო ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული წლიური იჯარის ქირის ზუსტი ოდენობა, არამედ იგი განსაზღვრული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის თანხით. იმავდროულად, 1998 წლის 28 დეკემბერს მ. ქ-შვილსა და კოოპერატივ «ჯ.» შორის დაიდო ხელშეკრულება 59 ჰა-ზე გაშენებული ვენახის 10 წლით გადაცემის შესახებ.
თელავის რაიონის გამგეობამ 2000 წლის 15 აგვისტოს ¹79 დადგენილებით გააუქმა მ. ქ-შვილთან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება ქირის _ 4340 ლარის გადაუხდელობის გამო, რასაც საფუძვლად დაედო თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 14 ივლისის ¹873 წერილი და მისი დანართი, რომლითაც მ. ქ-შვილი შეტანილია ურჩ გადამხდელთა სიაში. ¹79 დადგენილების შესაბამისად, კოოპერატივ «ჯ.» 2000 წლის 18 აგვისტოს ¹1 ბრძანებით, ასევე გაუქმდა კოოპერატივსა და მ. ქ-შვილს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება 59 ჰა ვენახზე. 2001 წლის 31 იანვრის გადახდის ბრძანებით, თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თელავის რაიონის საგადასახადო ინსპექციის განცხადება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-303-ე მუხლების თანახმად, მ. ქ-შვილს დაეკისრა 4340 ლარის გადახდა.
2001 წლის 19 აპრილს მ. ქ-შვილმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თელავის რაიონის გამგეობის 2000 წლის 15 აგვისტოს ¹79 დადგენილების ბათილად ცნობა. მან მიუთითა, მართალია, მისთვის ცნობილი არ იყო საიჯარო ქირის ზუსტი ოდენობა, მაგრამ ხელშეკრულების დადების მეორე დღესვე, 1998 წლის 29 დეკემბერს გადაიხადა საიჯარო ქირა, რომლის დამადასტურებელი ქვითარიც საქმეშია. გამგეობის მიერ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2001 წლის იანვარში, სააღსრულებო მასალების მიღების შემდეგ და იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე გამგეობას მისთვის არაფერი უცნობებია.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თვითაცილების გამო, საქმე განსახილველად დაექვემდებარა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.
მოპასუხემ _ თელავის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა თ. ი-ოვამ შეპასუხებაში არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ქ-შვლის სარჩელი და ბათილად ცნო თელავის რაიონის გამგეობის 2000 წლის 15 აგვისტოს ¹79 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება თელავის რაიონის გამგეობასა და მ. ქ-შვილს შორის.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონის გამგეობამ. აპელანტის განმარტებით, მ. ქ-შვილმა გაუშვა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა თელავის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, შემდეგი საფუძვლით:
1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა არის 6 თვე. ეს ვადა აითვლება ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობის მომენტიდან, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად «ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას». მ. ქ-შვილს არ გაუშვია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა, რადგან იგი თელავის რაიონის გამგეობის დადგენილებას გაეცნო 2001 წლის იანვარში და აქედან უნდა ათვლილიყო გასაჩივრების ვადა;
2. საოლქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 592-ე, 581-ე, 558-ე მუხლების შესაბამისად, გამგეობას იჯარის ხელშეკრულების მოშლის შესახებ წინასწარი წერილებით უნდა ეცნობებინა მ. ქ-შვილისათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:
1) საოლქო სასამართლომ არასწორად მოახდინა სადავო აქტის სასამართლოში გასაჩივრების 6 თვიანი ვადის ათვლა, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი მხარეთათვის აქტის ოფიციალურად გაცნობის აუცილებლობას არ ითვალისწინებს. მასში საუბარია აქტის არა ოფიციალურ გაცნობაზე, არამედ უბრალოდ გაცნობაზე, რაც განსხვავებული მოვლენებია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობის აუცილებლობის გამომრიცხავ გარემოებას, რადგან ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი ეხება ქ-შვილის გარდა 77 პირს;
2) კასატორს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 592-ე, 581-ე და 558-ე მუხლებიდან არცერთი არ ითვალისწინებს იჯარის ხელშეკრულების მოშლამდე კონტრაჰენტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას. ამასთან, რომც ყოფილიყო კონტრაჰენტის შეტყობინების ვალდებულება გათვალისწინებული და დარღვეულიყო ეს მოთხოვნა, იგი გამოიწვევდა არა ხელშეკრულების ძალაში შეყვანას, არამედ ზიანის ანაზღაურებას;
3) კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი, რადგან იგი ეხება გარიგების ბათილობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოხდა გარიგების გაუქმება. საოლქო სასამართლომ მოახდინა თელავის რაიონის გამგეობის აქტის ბათილად ცნობა მაშინ, როდესაც _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლებიდან არცერთი არ არსებობდა და სასამართლომ ამ საკითხზე არც იმსჯელა;
4) კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია საოლქო სასამართლოს უარი საქმეში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, რასაც საკასაციო წესით ასაჩივრებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. კასატორის აზრით, სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დარღვევით არ ჩართო საქმეში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, რაც აუცილებელი იყო, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა განაპირობა ბიუჯეტის მიმართ მოპასუხის არსებულმა დავალიანებამ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) მ. ქ-შვილი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიიჩნია რომ მ. ქ-შვილის სარჩელი არ იყო ხანდაზმული და თელავის რაიონის გამგეობის 2000 წლის 15 აგვისტოოს ¹79 დადგენილება გასაჩივრებული იყო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ექვსთვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან, დავის საგანს, მართალია, წარმოადგენს თელავის რაიონის გამგეობის ¹79 დადგენილება, მაგრამ ამ დადგენილებით ფაქტობრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, ვადამდე მოიშალა მ. ქ-შვილსა და თელავის რაიონის გამგეობას შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი 129-ე მუხლით.
თელავის გამგეობასა და მ. ქ-შვილს შორის 1998 წლის 28 დეკემბერს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი I ნაწილის «ზ» პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რაც იურიდიულად იგივე სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, მხოლოდ ერთ-ერთი კონტრაჰენტი _ მეიჯარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ თელავის რაიონის გამგეობა. რადგან თელავის რაიონის გამგეობის სადავო ¹79 დადგენილებაც სწორედ ამ ადმინისტრაციულ გარიგებასთან, საიჯარო სამართლებრივ ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივად იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს _ თელავის გამგეობის ნების წერილობითი გამოხატულებაა გარიგების ცალმხრივად ვადამდე მოშლაზე. ამასთან, პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ გარიგებაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებს ადმინისტრირებას და ვერც გარიგების მეორე მხარისათვის სავალდებულო აქტს ვერ გამოსცემს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გარიგებაში სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სასამართლოს სუბიექტების, ხოლო კერძო სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა დაფუძნებულია არა ადმინისტრირების პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან ნებაყოფლობით პარტნიორობაზე.
ამდენად, ვინაიდან თელავის რაიონის გამგეობის სადავო ¹79 დადგენილება თავისი იურიდიული ბუნებით ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ადმინისტრაციული გარიგების (მიწის იჯარის ხელშეკრულების) კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნებაა ამ გარიგების ვადამდე მოშლასთან დაკავშირებით, ამიტომ მ. ქ-შვილის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამრათლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით «სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა” და არ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადები;
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს, საკასაციო საჩივარს საქმეში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ჩაბმაზე უარის თქმის უსაფუძვლობის და სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ოქტომბრის განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე. რადგან ადმინისტრაციული გარიგების _ მიწის იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა და თელავის რაიონის გამგეობის სადავო ¹79 დადგენილება სამართლებრივი შედეგია თელავის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 14 ¹873 წერილისა დანართით, სადაც მოსარჩელე მ. ქ-შვილი საიჯარო ქირის დავალიანების _ 4340 ლარის გადაუხდელობის გამო შეტანილი იყო ურჩ გადამხდელთა სიაში. საკასაციო სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, საფუძვლიანად მიაჩნია კასატორის მოთხოვნა დავაში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ჩაბმის აუცილებლობის თაობაზე, რადგან მითითებული ნორმის თანახმად: «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება».
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სავალდებულოა საქმეში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაწილეობა და მის გარეშე ამ ეტაპზე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხი, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის განჩინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტით გაუქმების თაობაზე და თვლის, რომ საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 399-ე მუხლებით, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.