სემეკის დადგენილების ბათილობა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-202-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: სემეკის 1999წ. 31 მაისის ¹1 და 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 მარტს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. ც-ემ მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2000წ. ზაფხულიდან თბილისის ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის დაწესებული იყო ტარიფი _ 1 კვტ/სთ-ზე 9 თეთრი, რაც შემდეგ გაიზარდა 9,8 თეთრამდე. მისი განსაზღრისას გათვალისწინებული იყო, რომ ელექტროენერგიის ოცდაოთხსაათიანი უწყვეტი მიწოდების პირობებში ზაფხულისა და მისი მომიჯნავე სეზონების შესაბამისი ნაწილის პერიოდში თბილისის მომხმარებელს უნდა მიეღო შედარებით იაფი ჰიდროელექტროენერგია, ხოლო ზამთრის და მისი მომიჯნავს სეზონების შესაბამისი ნაწილის პერიოდში _ შედარებით ძვირი ელექტროენერგია. მთლიანობაში ჰიდროელექტროენერგიის, თბილელექტროენერგიისა და ინპორტირებული ელექტროენერგიის სახის ერთგვარი გასაშუალოებით.
მოსარჩელის განმარტებით 2000-2001 წლების ზამთარში მას, როგორც მომხმარებელს, შედარებით ძვირი ელექტროენერგიის მიღების პერიოდში, მთლიანობაში დროის 2/3-ის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ხოლო მიწოდებული ელექტროენერგიის გადასახდელი ტარიფი სემეკს არ შეუმცირებია.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე გადასახდელი სამომხმარებლო ტარიფის (ე.წ. «შეწონილი» ტარიფის) განმსაზღვრელი ადმინისტრაციული აქტი სემეკმა გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (უსაფუძვლოდ იყო ჩათვლილი, რომ შედარებით ძვირადღირებული ელეენერგიის მიწოდება შესაბამის მისაწოდებელ პერიოდში განხორციელდებოდა უწყვეტად, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში).
მოსარჩელე თვლიდა, რომ აღნიშნული ტარიფის გამო დაირღვა მისი, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის, კანონიერი უფლებები.
სარჩელში მოსარჩელემ ითხოვა სემეკის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა (თუმცა კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რომელი აქტის ბათილობას ითხოვდა) და სემეკისათვის აღნიშნული საკითხისადმი სათანადო მიდგომით იგივე დანიშნულებისა და ხასიათის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება, რომელშიც ასახული ტარიფი ნაკლები უნდა ყოფილიყო და რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ხსენებულ პერიოდში დახარჯულ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფით გადახდევინება მისთვის და თბილისის სხვა მომხმარებლისათვის შესაბამისი გადაანგარიშების განხორციელებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ენერგეტიკაში ჰიდრორესურსების მაჯარიმებლად გამოყენება იწყება მარტის ბოლოს _ აპრილის დასაწყისში და ვინაიდან მხოლოდ იმ დროს გახდა შესაძლებელი მისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების დადგენა _ ჩამოყალიბება, ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.
სემეკმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა შესაგებელი გ. ც-ის სარჩელთან დაკავშირებით.
შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ სემეკის 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილებით დამტკიცდა ტარიფი, რომელიც ძალაში შევიდა 2000წ. 1 სექტემბრიდან. საშუალო «შეწონილი» ტარიფი დადგინდა ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის და იგი ერთი და იგივე იყო ზამთრის და ზაფხულის პერიოდში. ტარიფი 9,8 თეთრის ოდენობით ძალაში შევიდა 2000წ. 1 სექტემბრიდან. იგი ეყრდნობოდა საქართველოს წლიურ საპროგნოზო ელექტრობალანსს, რომელიც შედგებოდა 12 თვის მონაცემებისაგან, ანუ 2000წ. 1 სექტემბრიდან 2001წ. 1 სექტემბრამდე. თუ საჭირო გახდებოდა ტარიფის შესწორება, სემეკს ეს უნდა განეხორციელებინა იმავე პერიოდის (01.09.2000 _ 01.09.2001) ფაქტობრივ ელექტრობალანსზე დაყრდნობით, ამიტომ მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლო იყო.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, სარჩელში არ იყო მითითებული ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. არ ყოფილა დარღვეული, აგრეთვე, აქტის გამოცემის პროცედურაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სემეკმა თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
2001წ. 8 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გ. ც-ემ მიმართა განცხადებით, რომელშიც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, ითხოვა «ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ სემეკის 1999წ. 31 მაისის ¹1 დადგენილებისა და «ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფის შესახებ» სემეკის 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილების ბათილად ცნობა. გ. ც-ემ, აგრეთვე, ითხოვა მოცემულ საქმეში მესამე პირად საქართველოს პრეზიდენტის ჩართვა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა საქართველოს პრეზიდენტის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე (იგულისხმებოდა «ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში ფინანსურ ურთიერთობათა მოწესრიგებისა და დავალიანებათა რესრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 26 დეკემბრის ¹826 ბრძანებულება).
სასამართლო კოლეგიის 2001წ. 8 აგვისტოს განჩინებით გ. ც-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და მესამე პირად მიცემულ საქმეში ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ც-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ც-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლი, რადგანაც ელექტროენერგიაც ნივთია და თითოეულ მომხმარებლამდე მისი მიტანა საბოლოო პროდუქციის სახით უზურნველყოფილია წერილობითი თუ არა, ზეპირი ხელშეკრულებით სამოქალაქო კოდექსის 1518-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლოს, აგრეთვე, უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები, 54-ე მუხლი და 55-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კასატორის განმარტებით, სარჩელის საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის ან ელექტროენერგიით სარგებლობის უფლების დარღვევა შეუსაბამოდ მაღალი ფასით, ანუ სემეკის შესაბამისი დადგენილებების ფაქტობრივ-შინაარსობრივი და არა _ ფორმალური მხარე. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სასამართლოს არ უმსჯელია.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პირი უპირველესად უნდა ხელმძღვანელობდეს იურიდიული ნორმებით მათი სამართლებრივი იერარქიის დაცვით და ეს მოთხოვნა გასათვალისწინებელია, თუ კანონქვემდებარე აქტი აშკარად უსამართლოა და ეწინააღმდეგება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირის განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ სემეკის 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილებით დამტკიცდა საპროგნოზო ელექტრობალანსი, რომელიც ეფუძნება ლიცენზიატების მიერ სემეკ-ში წარდგენილ განცხადებას. ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ სემეკის 1998წ. 1 ივლისის ¹3 დადგენილების თანახმად საპროგნოზო ელექტრობალანსი დგება ლიცენზიატების მიერ სემეკში წარდგენილი განაცხადების საფუძველზე. ამ ინფორმაციის შეჯერება ხდება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან, სათბობენერგეტიკის სამინისტროსთან და დისპეტჩერიზაციასთან. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განისაზღვრება, თუ რამდენი მილიონი კვ/სთ უნდა გამოიმუშავოს თითოეულმა ელექტროსადგურმა, რა რაოდენობის იმპორტი და ექსპორტი უნდა დანხორციელდეს. ბოლოს შედგება საქართველოს საპროგნოზო ელექტრობალანსი და ელექტრობალანსზე დაყრდნობით დადგინდება ტარიფები. საშუალო შეწონილი ტარიფი დგინდება ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის და იგი ერთი და იგივეა ზამთარსა და ზაფხულში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სემეკმა 1999წ. 31 მაისის ¹1 და 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილებები მიიღო თავისი კომპეტენციის ფარგლებში «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანამხად და «ნორმატიული აქტების შესახებ» მე-151 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ფორმით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ სემეკის მიერ სადავო დადგენილებების მიღება-გამოქვეყნების დროს დაცულ იქნა «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 38-ე და 54-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული სემეკის 1999წ. 31 მაისის ¹1 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე არ არსებობს სემეკის 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი, რასაც ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სემეკის გასაჩივრებული დადგენილებები თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონებს. სემეკმა კი სწორედ აღნიშნული კანონებისა და თავისივე 1998წ. 1 ივლისის ¹3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლგიის დადგენის წესებისა და პროცედურების შესაბამისად მიიღო ორივე სადავო აქტი, რომლებიც უკვე ძალადაკარგულად ითვლებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.