Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-203-კ-01 13 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.

შეგებებული სარჩელის საგანი: მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტა გაქვითვის წესით.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 25 ივნისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ მოპასუხე სს «ს.» მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სს «ს.», რომელიც რეგისტრირებული იყო თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში და აღრიცხვაზე იდგა ამავე რაიონის საგადასახადო ინსპექციაში, 1999 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება _ 68249 ლარი.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სს «ს.» არ დაფარა სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი.

მოსარჩელემ დაადგინა, რომ მოპასუხე საწარმოს გააჩნია 115773 ლარად შეფასებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც შეიძლებოდა დაგირავებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად მოსარჩელემ ითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს «ს.» უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავებულად გამოცხადება საჯარო რეესტრში შეტანით.

მოსარჩელე გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს «ს.» მიმართ შეიტანა დამატებითი სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანებიდან, რომელიც ერიცხებოდა სს «ს.», ძირითადი თანხა შეადგენდა 38921,49 ლარს, ხოლო საურავი _ 29326,52 ლარს.

დამატებით სარჩელში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოსარჩელემ ითხოვა, სს «სხივს» დაკისრებოდა 68249 ლარი დავალიანების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1999 წლის 29 დეკემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა სს «ს.» მოპასუხეების: გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიმართ.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1996 წლის 3 იანვარს სს «ს.» და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს «ს.» ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უნდა შეესრულებინა 200000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს სს «ს.» არ გადაუხდია 22955 ლარი, რის გამოც საწარმოს წარმოეშვა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

რადგანაც სს «ს.» მიერ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმომ 1998 წლის მაისში წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ითხოვა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გადაუხდელი 22955 ლარის ჩათვლა ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში დავალიანების დასაფარავად. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ამ მიმართვით დააფიქსირა დაკისრებული ვალდებულების შესრულების ნება, მაგრამ ფინანსთა სამინისტროსაგან პასუხი არ მიუღია.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დავალიანების არსებობა სს «ს.» მიმართ დასტურდებოდა მხარეთა მიერ 1997 წლის 1 ივნისისა და 1998 წლის 28 ოქტომბრის აქტებით.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 442-ე, 443-ე მუხლების შესაბამისად სს «ს.» შეგებებულ სარჩელში ითხოვა სს «ს.», სახელმწიფო ბიუჯეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტა გაქვითვის წესით.

გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო შეგებებული სარჩელი და აღნიშნა, რომ სს «ს.» და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის არსებული დავა არ უნდა განხილულიყო თავდაპირველ სარჩელთან ერთად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად იგი უნდა განეხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე სს «ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 68249 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით სს «ს.» შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს «ს.» სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში სს «ს.» აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება არ ჰქონდა, რადგანაც აღნიშნულ მუხლში სრულყოფილად არის ჩამოთვლილი საგადასახადო ორგანოთა უფლებები. მათ შორის არ ფიგურირებს ფულადი სახსრების გადახდევინების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის მე-4 პუნქტს, საგადასახადო ინსპექციას უფლება აქვს, სასამართლოში სარჩელი აღძრას ამ მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი მოთხოვნით მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, პირიქით, ითხოვდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე და 70-ე მუხლები.

68-ე მუხლით განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვისათვის საკასო ან დარიცხვის მეთოდის გამოყენება, ხოლო 70-ე მუხლით კი განსაზღვრულია, თუ რა ითვლება საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტად, კერძოდ, ეს არის უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე.

კასატორის განმარტებით, საქმიდან აშკარად დასტურდება ის გარემოება, რომ 22955 ლარი კასატორის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. შესაბამისად, მას არც გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა და არც დავალიანება წარმოშობია სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

საკასაციო საჩივარში კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი და დაკმაყოფილდება შეგებებული სარჩელი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სს «ს.» შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წესით შეწყვეტის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მას და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის ურთიერთმოთხოვნათა შესახებ პრეტენზიების არსებობა ცალკე დავის საკითხია და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს ძირითად სარჩელთან ერთად.

რაც შეეხება ძირითად სარჩელს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორი (მოპასუხე სარჩელში) სს «ს.» არ უარყოფს სახელმწიფო ბიუჯეტისადმი არსებულ დავალიანებას და ამდენად, გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა სარჩელის აღძვრის უფლება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა დავალიანების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კასატორის განმარტებას, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სარჩელი აღეძრა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ საგადასახადო ინსპექციას მოქმედი კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლი) არ უკრძალავს უფლებას სასამართლოში აღძრას სარჩელი სხვა საფუძვლებითაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ს.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 სექტემბრის განჩინება.

სს «ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2729,76 ლარის ოდენობით, საიდანაც აღნიშნული თანხის 70% ანუ 1911 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე (ეროვნული ბანკი ¹1 ხაზინა, კოდი 59) ხოლო დანარჩენი 30% -სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.