3გ-ად-203-კ-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 დეკემბერს ი. მ.-მ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და გორის სოცუზრუნველყოფის განყოფილებისაგან ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ იგი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა, სადაც დაინვალიდდა. ამჟამად დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია თვეში 45 ლარისა და მოხუცებულობის პენსია _ 14 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც პენსიონერსა და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსიის ერთად მიღება ეკუთვნის _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის). ამასთან, მას მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატიც ეკუთვნის. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე დააფუძნა.
მოპასუხე _ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლი იმ ვეტერანებზე ვრცელდება, რომლებმაც უშუალოდ, ომის შემდგომ პერიოდში გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ სათანადო წელთა ნამსახურობა, იყვნენ ოფიცრები ომის პერიოდში და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის გაცემაც დაევალა. ამასთან, ი. მ.-ეს მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური ოდენობის პენსიის დანამატიც დაენიშნა.
გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითY საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ გაასაჩივრა. აპელანტმა დააზუსტა, რომ ი. მ.-ე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის «ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, კერძოდ ოფიცერი არ არის, ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია და მასზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1-5-32 გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებები ვერ გავრცელდება. აქედან გამომდინარე, აპელანტმა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ი. მ.-ეზე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მე-60 მუხლში აღნიშნულ პირთა კატეგორიას მოპასუხეც მიეკუთვნება, რადგან იგიUუშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდა და აკმაყოფილებს ამ კანონის პირველი მუხლის «ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის მე-60 მუხლი მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის «ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე ვრცელდება, კერძოდ ოფიცრებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების შემდეგ 1998წ. 31 მარტს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირთა წრე გაფართოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, ი. მ.-ე საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირად 1998წ. 31 მარტის კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩაითვლება.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წრმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ აღნიშნული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, ვინაიდან რაიონული და სააპელაციო სასამართლოები არაერთგვაროვნად განმარტავენ «სამხედრო და შინაგან საქეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნით პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლს. ამ ნორმის სწორ განმარტებას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის, რომლებიც ოფიცრები არ არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმღვანელა «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების საკასაციო საჩივარი ¹3გ-ად-203კ-02 საქმესთან ერთად განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამრთლოს დიდ პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდევბა.