3გ-ად-204-კ-01 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ,,ქ. თბილისში კრწანისის რაიონში ... მდებარე მე-... მაღაზიის ...ის მონასტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
08.02.01წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სამმა ფიზიკურმა პირმა: გ. ს-შვილმა, ზ. გ-ურმა, ა. ი-ძემ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ... მდებარე მე-... მაღაზია წლების მანძილზე იმყოფებოდა მათ სარგებლობაში, მაღაზია მაქსიმალურად აკმაყოფილებდა მჭიდროდ დასახლებული უბნის მოთხოვნებს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მე-... მაღაზია შეიტანა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. ობიექტის გაყიდვაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად იქნა ცნობილი ...-ის მონასტრის მღვდელთმსახური მამა აბელი. უკანასკნელის მიერ კონკურსის პირობების შეუსრულებლობის გამო ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველომ 02.02.02წ. ბრძანებით კონკურსის შედეგები გააუქმა. 14.09.02წ. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ¹998 განკარგულება, რომლითაც თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე, ...-ის მონასტრის მრევლის დასაქმების მიზნით, ...-ის მონასტერს 30 წლის ვადით უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში რიცხული კრწანისის რაიონის ... მდებარე მე-... მაღაზია. ამავე განკარგულების მეორე პუნქტით ქ. თბილისის მერიას დაევალა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მე-... მაღაზიის ...-ის მონასტრისათვის გადასაცემად. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე 04.10.2000წ. ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველომ გამოსცა ¹1-4/714 ბრძანება «კრწანისის რაიონში, ... მდებარე მე-... მაღაზიაზე რიცხული ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილს (35,59 კვ.მ. ფართობი) და აქტიური ნაწილის მცირეფასიანი ინვენტარის ...-ის მონასტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ» 11.10.2000წ. ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოსა და ...-ის მონასტერს შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 14.09.02წ. ¹998 განკარგულების მიღებით შეილახა მათი უფლებები, რის გამოც მოითხოვეს განკარგულების გაუქმება, სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება საქმის განხილვამდე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.02.01წ. განჩინებით გ. ს-შვილის, ზ. გ-ურის და ა. ი-ძის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის გასაჩივრებული განკარგულების მოქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.06.01წ. გადაწყვეტილებით გ. ს-შვილის, ზ. გ-ურის, ა. ი-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ,,ქ. თბილისში კრწანისის რაიონში ... მდებარე მე-.... მაღაზიის ...-ის მონასტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულების ბათილად ცნობაზე. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლრებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა წრის უფლებებსა და მოვალეობებს, სადავო აქტი თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტს, აქტი გამოიცა საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სადავო განკარგულების მიღებისას, არ გადაუმეტებია თავისი უფლებამოსილების ფარგლებისათვის, რის გამოც არ არსებობს რაიმე საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების ბათილად ცნობისათვის.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ა. ი-ძის გამოკლებით, რომელიც მუშაობდა მე-... მაღაზიის გამგე-გამყიდველად, სხვა მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომელიც დაადასტურებდა მათი კანონიერი საფუძვლით მუშაობას მე-... მაღაზიაში. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ არცერთ მოსარჩელეს არ გააჩნდა და არ გააჩნია საკუთრების უფლება მე-... მაღაზიაზე, აგრეთვე კანონით დადგენილი საფუძველი ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს სადავო ქონებას.
გ. ს-შვილმა, ზ. გ-ურმა და ა. ი-ძემ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორებმა მიუთითეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილების საფუძვლად ვერ გამოდგება იმის განმარტება, რომ სადავო განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. უსაფუძვლოა აგრეთვე, სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ კანონიერი ინტერესი ვინაიდან მაღაზიის გადაცემით თითოეულმა მათგანმა დაკარგეს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება. კასატორები არ ეთანხმებიან აგრეთვე სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულება არ ეწინააღმდეგება ზემდგომი იურიდიული ძალის მქონე აქტს. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» მე-6.6 მუხლის თანახმად «სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი». აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია პირდაპირი მიყიდვის და არა სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მართვის ფორმით გადაცემის საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება. საკასაციო საჩივარში ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართვველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით – უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან ან დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება». აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არ იყო უფლებამოსილი დროებით ვადიან სარგებლობაში უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა ... მდებარე მე-... მაღაზია, აღნიშნულით მის მიერ დარღვეულ იქნა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები. კასატორების აზრით, გაურკვეველია აგრეთვე თუ ვის გადაეცა სახელმწიფო საკუთრება ვადიან სარგებლობაში, ვინაიდან ქონების გადაცემა წარმოებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ამასთანავე იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობს საპატრიარქო და არა მონასტერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.06.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულების ბათილად ცნობა. საქმის საკასაციო პალატაში განხილვისას კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და დამატებით მოითხოვა 14.09.2000წ. განკარგულების გამოცებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა და შესწავლა, სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემასთან დაკავშირებული გარემოებების კანონიერების შესწავლა, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო აქტის ბათილად ცნობა. მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა - ...-ის მონასტრის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, უარი განაცხადეს დავის საგნის გაზრდაზე და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად «უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ, მესაკუთრესაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი)». საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე ...-ის მონასტრის მრევლის დასაქმების მიზნით ...-ის მონასტერს 30 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში რიცხული კრწანისის რაიონში ... მდებარე მე-... მაღაზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განკარგულება თავისი ბუნებით არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან განკარგულებით გადაწყვეტილი საკითხი (ქონების გადაცემა) არ ემყარება საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს, არ ემყარება მხარეთა სახელისუფლო ურთიერთდაქვემდებარების საწყისებს, განკარგულებაში მოხსენიებული მხარეების მდგომარეობა კერძო-სამართლებრივი ურთიერთო-ბებისათვის დამახასიათებელი თანასწორუფლებიანობით ხასიათდებიან, ვინაიდან სსკ-ის 24.4, ს.ა.ს.კ 65-ე მუხლების თანახმად კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სადავო განკარგულება წარმოადგენს გარიგებაში მონაწილე მხარის წერილობით ნებას ქონების უზუფრუტით გადაცემის შესახებ და არა ადმინისტრაციულ აქტს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების წარმომადგენლის მოსაზრებას განკარგულების მომზადებისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, ადმინისტრაციული აქტის მომზადების პროცედურის დარღვევის შესახებ, მით უფრო, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების ამ საფუძვლით ბათილობის საკითხი ქვედა ინსტანციის სასამართლოში არ დასმულა, პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების გამოთხოვას, აღნიშნული საფუძვლით განკარგულების გაუქმების მოთხოვნა დავის საგნის გაზრდის მოთხოვნას უდრის, რაც სსსკ-ის 406-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია.
ვინაიდან ს.ა.ს.კ 66-ე მუხლის I ნაწილით სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში (სპეციალური უფლებამოსილება), დავის სწორი გადაწყვეტისათვის საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების დადგენას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გაცემის საკითხში. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ მიმართებით კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ს.ქ.მ. მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, მათ შორის სასყიდლიანი და უსასყიდლო უზუფრუქტით, განეკუთვნება ს.ქ.მ. სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-6.6 მუხლის საფუძველზე აქვს მხოლოდ პირდაპირი მიყიდვის საკითხის გადაწყვეტის უფლება. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» ს.ქ.მ მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ს.ქ.მ. მინისტრის 26.10.99წ. ¹1-3/754 ბრძანებით შეტანილი ცვლილება-დამატებების თანახმად სსკ 1509-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიულ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სახელმწიფოებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურსის გარეშე უზუფრუქტის სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით ქონების გადაცემა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას განსახილველ დავაში სახელმწიფოებრივი აუცილებლობის არსებობაზე, ვინაიდან აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას შეადგენს (ს.ზა.კ 2.1 «ლ», 6,7 53,4 მუხ.), რომელიც ანიჭებს თანამდებობის პირს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, თავის მხრივ სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სადავო ურთიერთობების კანონიერება, სამართლებრივი პრინციპების და ნორმების დაცულობა და არა მიზანშეწონილობა, სასამართლო კონტროლი არ ვრცელდება მიზანშეწონილობის და სარგებლიანობის სფეროზე. რაც შეეხება უზუფრუქტით სახელმწიფო ქონების მიმღებ სუბიექტს, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გაურკვეველია ქ. თბილისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების კონტრაგენტის სტატუსი. საქართველოს საპატრიარქომ ...-ის მონასტერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 15.02.2000წ. ¹24ა ბრძანებით, მიანიჭა და დაავალა საქართველოს საპატრიარქოს სახელით აწარმოოს ურთიერთობა ს.ქ.მ. სამმართველოსთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, გააფორმოს ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... მდებარე ¹... მაღაზიის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადმოცემასთან დაკავშირებით. იმავე ბრძანებით ...-ის მონასტერს, მიეცა აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის, მის შემდგომ სარგებლობასთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო ორგანოში და კერძო სტრუქტურებში, ხელშეკრულებაში საქართველოს საპატრიარქოს წარმოდგენის უფლებამოსილება. საქართველოს საპატრიარქო, როგორც რელიგიური გაერთიაება, სსკ-ის 1509-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განეკუთვნება. შესაბამისად, პალატა მართლზომიერად მიიჩნევს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება განსახილველ საქმეში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ¹... მაღაზიის გადაცემით თვითოეულმა კასატორმა დაკარგა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლების გარანტიებს. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ¹19 მაღაზიაში კასატორების გ. ს-შვილის და ზ. გ-ურის საქმიანობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად მათ არ გააჩნიათ რაიმე უფლება და კანონით გათვალისწინებული, პატივსადები ინტერესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უსასყიდლო უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტის მიმართ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2000წ. ¹998 განკარგულება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განკარგულების გამოცემით საქართველოს პრეზიდენტი არ გასცდენია თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამო არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გაუქმების, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატა კასატორების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სსსკ-ის 47-ე მუხლის I მუხლის I ნაწილის საფუძველზე ათავისუფლებს მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს-შვილის, ზ. გ-ურის და ა. ი-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.06.01წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.