Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-206-კ-01 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი:

1. სს «ქ." რიგგარეშე საერთო კრების ოქმის გაუქმება;

2. შრომითი კოლექტივის ამხანაგობისათვის აქციების პირდაპირი შესყიდვის უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1995 წლის 30 მარტს სს «ქ." საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება 13793 ცალი აქციის შემცველი საკონტროლო პაკეტის, აქციათა საერთო რაოდენობის 51%, პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენის თაობაზე. 1995 წლის 31 მარტს სს «ქ." განაცხადი წარადგინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში და საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების «სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა მუშაკების უფლებათა გათვალისწინებით, აქციათა პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ" (დანართი ¹2) საფუძველზე მოითხოვა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვა, რაზეც სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია. 1995 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1327 წერილით მიმართა ქუთაისის მერმა, რომლითაც მხარი დაუჭირა შრომითი კოლექტივის საერთო კრების გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 18 სექტემბრის ¹01-05/4396 წერილით ქუთაისის მერს ეცნობა, რომ სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია «ს." შექმნის შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 11 ივნისის ¹228 ბრძანებულების შესაბამისად, სს «ქ." იმ სააქციო საზოგადოებათა ჩამონათვალში იყო შეტანილი, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტს _ 51%-ს, დროებით იტოვებდა სახელმწიფო, ამიტომ სააქციო საზოგადოების მუშაკებს შეეძლოთ პირდაპირი მიყიდვის წესით აქციათა არა უმეტეს 10%-ის შეძენა. სს «ქ." შრომით კოლექტივს აქციათა 10%-ის პირდაპირი წესით შესყიდვაზე სურვილი არ გამოუთქვამს. 1996 წლის 24 აგვისტოს სს «ქ.", «მეწარმეთა შესახებ” კანონის' შესაბამისად, სასამართლოში გაიარა რეგისტრაცია, წესდების მე-4 მუხლის მიხედვით, სს «ქ." საწესდებო კაპიტალი შეადგენს 39541 აშშ დოლარის ეკვივალენტს, გამოშვებულია 27046 ცალი აქცია, ნომინალური ღირებულებით 1 აქცია _ 1,46 აშშ დოლარი.

1999 წლის 25 იანვარს ჩატარდა სს «ქ." აქციონერთა საერთო კრება, სადაც კვლავ დაისვა 1995 წლის 30 მარტის საერთო კრებაზე განხილული საკითხი, სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹178 ბრძანებულებით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე, სახელდობრ, ამ მომეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების 37,35%-ის პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენის შესახებ, ხოლო აქციათა 62,65% უკვე განკერძოებულია და აქციონერთა საკუთრებაა.

1999 წლის 2 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ და მოითხოვა 1999 წლის 25 იანვრის სს «ქ." პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა «მეწარმეთა შესახებ" კანონის 59.7 მუხლების, საზოგადოების წესდების 4.6 პუნქტისა და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონს.

მოპასუხე სს «ქ." სარჩელი არ ცნო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სააქციო საზოგადოების 1999 წლის 25 იანვრის კრების ოქმი, რაც საზედამხედველო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს საზედამხედელო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 5 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და გაუქმდა სს «ქ." აქციონერთა 1999 წლის 25 იანვრის კრების ოქმი, რაც გადასინჯულ იქნა სს «ქ." საჩივრის საფუძველზე, რის შემდეგაც სასამართლოს მიერ არსებითად იქნა განხილული საქმე და 2000 წლის 23 ოქტომბერს მიღებული განჩინებით ძალაში დარჩა 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს «ქ." მიერ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან და 1999 წლის 25 იანვრის კრების ოქმის ძალაში დატოვებასთან ერთად, შეგებებული სარჩელით მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების 37,35% პირდაპირი შესყიდვის უფლების ამხანაგობისათვის აღდგენა.

2001 წლის 22 მაისის განჩინებით სს «ქ." ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სს «ქ." შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები ჩაბმულ იქნენ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რომლებმაც შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სს «ქ." 1999 წლის 25 იანვრის კრების ოქმის ძალაში დატოვება და აქციების პირდაპირ შეძენაზე შრომითი კოლექტივის ამხანაგობისათვის უკანონოდ ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინებით სს «ქ." სააპელაციო საჩივარი და მესამე პირთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აქციონერთა მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს არც ძველი, 1991 წლის და არც ახალი, 1997 წლის კანონი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ";

2. პალატის აზრით, სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹178 ბრძანებულების მე-5 პუნქტის «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1991 წლის კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტების თანახმად, საზოგადოების შრომითი კოლექტივის 1995 წლის 30 მარტის კრების გადაწყვეტილება აქციათა 51%-ის პირდაპირი შესყიდვის შესახებ არ ეწინაღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას;

3. შრომითი კოლექტივის 1995 წლის 31 მარტის განაცხადს პირდაპირი მიყიდვის წესით აქციების შეძენაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და კოლექტივს არ მოუხდენია კანონმდებლობით მინიჭებული უფლების სასამართლო წესით დაცვა;

4. სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის ¹228 ბრძანებულების გათვალისწინებით, შრომით კოლექტივს ჰქონდა პირდაპირი მიყიდვის წესით აქციათა არა უმეტეს 10%-ის შეძენის უფლება, რაც მათ არ განუხორციელებიათ და მათივე განმარტებით, 1995 წლის ოქტომბერში უკან გაიტანეს ქონების მართვის სამინისტროში შეტანილი საპრივატიზაციო თანხა;

5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არგუმენტი 1999 წლის 25 იანვრის კრების გადაწყვეტილების არაკანონიერების თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო სს «ქ." აქციების 37,35%-ის სრულუფლებიანი მესაკუთრეა, აქციონერია, რომელსაც თანაბრად აქვს აქციათა სარგებლობა _ განკარგვის უფლება. პალატამ, ასევე გაზიაიარა საქალაქო სასამართლოს აზრი «მეწარმეთა შესახებ" კანონის 59-ე მუხლთან დაკავშირებით, რომ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება აქციონერს აქვს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას და აქციების გამოშვებისას;

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია თუ სახელმწიფო, როგორც აქციათა მესაკუთრე, გამოხატავს ნებას აქციათა გასხვისებაზე, სამართალურთიერთობა უნდა განახლდეს 1997 წლის «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შეასხებ კანონის" შესაბამისად, რომლის 6.6 მუხლით პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ მოპასუხე სს «ქ." და მესამე პირები _ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები, რომლებიც განჩინების გაუქმებასა და 1999 წლის 25 იანვრის კრების ოქმის ძალაში დატოვებას, ასევე ამხანაგობისათვის აქციების პირდაპირი მიყიდვის უფლების აღდგენას ითხოვენ შემდეგი საფუძვლით:

1. პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 1996 წლის 9 აგვისტოს კანონი მაშინ, როდესაც 1996 წლის 9 აგვისტოს კანონი ბუნებაში არ არსებობს, არამედ არსებობს 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი;

2. სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო არ უარყოფს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის უფლებას აქციათა პირდაპირი წესით შეძენაზე და რომ გარკვეულად შეიზღუდა მუშაკთა უფლებები. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა და არ გამოიყენა სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹178 ბრძანებულების მე-2 დანართის მე-4 მუხლი და მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საწარმოს შრომითმა კოლექტივმა ამ ბრძანების შესაბამისად ისარგებლა 51% ან 10% აქციების პირდაპირი შესყიდვით;

3. სააპელაციო პალატის განჩინება წინააღმდეგობრივია და დაუსაბუთებელი, თითქოს შრომითმა კოლექტივმა არ გამოიყენა აქციების 10% გამოსყიდვის უფლება, რადგან 1995 წლის 14 ნოემბერს კოლექტივის მიერ შეტანილ იქნა აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსასყიდი ღირებულება 3780 ლარი და 201 ცალი საპრივატიზაციო ბარათი (ვაუჩერი) 6030 აშშ დოლარის ეკვივალენტი, რაც სამინისტრომ უკან დააბრუნა არა 1995 წლის ოქტომბერში, არამედ 1996 წლის ივნისში, როცა საბოლოოდ გაირკვა ქონების მართვის სამინისტროს პოზიცია. ვინაიდან დავის საფუძველი წარმოიშვა თანხის უკან დაბრუნების შემდეგ ე.ი. 1996 წლის ივნისიდან, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 75-ე, 78-ე, «სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" კანონის 23-24-ე მუხლების თანახმად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა დაცულია;

4. იურიდიულად დაუსაბუთებელია განჩინების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს საწარმოს აქციონერს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულებით დადგენილია აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება, ამიტომ სახელმწიფო ვალდებული იყო მის საკუთრებაში დარჩენილ აქციათა 37.35% პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა შრომითი კოლექტივისათვის. იურიდიულად დაუსაბუთებულია ის მოსაზრებაც, თითქოს აქციათა პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება სახელმწიფო მეთაურს უკვე მიღებული აქვს, რაც არ შესრულდა და ამხანაგობას არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სახელმწიფო მთაურის ¹178 ბრძანებულებით გათვალისწინებული უფლებით აქციათა პაკეტის 51% ან 10% შესყიდვაზე.

მოწინააღმდეგე მხარე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ქ." და შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის პირველ არგუმენტს, სააპელაციო პალატის განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ" პუნქტით გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს. პალატამ განჩინების მე-4 გვერდზე აღწერილობითსა და არა სამოტივაციო ნაწილში, მართლაც მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობების განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1996 წლის 9 აგვისტოს კანონი, მაშინ, როდესაც ასეთი კანონი ბუნებაში არ არსებობს და უნდა მიეთითებინა 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი, მაგრამ აღნიშნული მოტივი განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ეს «შეცდომა" განჩინების აღწერილობით ნაწილშია «გაპარული", სადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტის თანახმად, აღწერილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სს «ქ." სააპელაციო საჩივრის მოკლე შინაარსი და «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის ნაცვლად 1996 წლის 9 აგვისტოს კანონზე თავად სს «ქუთნავთობპროდუქტს" აქვს შეცდომით მითითებული სააპელაციო საჩივრის მე-8 გვერდზე, ამიტომ საკასაციო საჩივარს აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს;

2. უზენაესი სასამართლო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის დანარჩენ მოტივსაც, რადგან სწორედ სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის ¹178 ბრძანებულების მე-2 დანართის მე-4 მუხლის თანახმად, «გადაწყვეტილებას აქციათა პაკეტის გაყიდვის შესახებ იღებდა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიწოდებული ნუსხებისა და საპრივატიზებო ობიექტების მუშაკთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე", მაგრამ მუშაკთა საერთო კრების გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლისათვის, შესასრულებლად სავალდებულო კი არ იყო, არამედ სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტდა თავად სამინისტრო.

პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შემდეგაც სახელმწიფო კარგავს ქონებაზე საკუთრების (ფლობა-სარგებლობა-განკარგვის) უფლებას. ამდენად, პრივატიზაცია, როგორც სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამართლებრივად ადმინისტრაციული გარიგებაა, იგივე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობაა, სადაც გამყიდველი, კონტრაჰენტი არის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 24-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლების თანახმად, კერძო სამართლებრივ და კორპორაციულ ურთიერთობებში გამოდის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და კერძო სამართლებრივი და კორპორაციული ურთიერთობები კი დამყარებულია არა მხარეთა ადმინისტრირების, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორთა ნებაყოფლობით ურთიერთობაზე. ამიტომ სახელმწიფო, ქონების მართვის სამინისტროს სახით, სს «ქ." ისეთივე აქციონერია, როგორც კასატორი ფიზიკური პირები. სახელმწიფო, როგორც აქციონერი, იგივე უფლება-მოვალეობებით სარგებლობს, რაც «მეწარმეთა შესახებ" კანონის 53-ე მუხლითა და 1996 წლის 21 აგვისტოს რეგისტრირებული საზოგადოების წესდების მე-6 მუხლით მინიჭებული აქვთ აქციონერ კასატორებს. სახელმწიფოც კონკრეტულ შემთხვევაში, სს «ქ." აქციათა 37,35%-ის სრულუფლებიანი მესაკუთრეა, რომლის საკუთრების უფლებაც დაცულია, მსგავსად კასატორი აქციონერებისა და აქციონერი სახელმწიფო თავისი საკუთრების, აქციების განკარგვას (პრივატიზებას) იძულებით კი არ ახორციელებს, არამედ დამოუკიდებლად, ნებაყოფლობით, თავისი სურვილისამებრ, თანახმად «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონისა, სამოქალაქო კოდექსისა, საზოგადოების წესდებისა და სახელმწიფოს, როგორც აქციონერის, იძულება მის საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის გაყიდვაზე უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

3. საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 18 სექტემბრის პასუხიდან სს «ქ." და კასატორი აქციონერებისათვის ცნობილი იყო სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის ¹228 ბრძანებულება, რომლითაც აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფომ დაიტოვა და აქციონერებს შეეძლოთ მხოლოდ აქციათა არა უმეტეს 10%-ის შესყიდვა, რაც სს «ქ." აქციონერებმა არ განახორციელეს, არც აქციათა 10%-ის პირდაპირი წესით შესყიდვაზე გამოუთქვამთ სურვილი, არც 51%-ის მიყიდვის უფლებაზე უდავიათ სასამართლო წესით და მათივე განმარტებით, თავადვე გაიტანეს უკან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში შეტანილი საპრივატიზებო თანხა. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში შეტანილი საპრივატიზებო თანხის უკან გატანით სს «ქ."'აქციონერებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი აქციათა არა უმეტეს 10%-ის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლებაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს სს «ქ." და აქციონერ ფიზიკურ პირთა ერთობლივ საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ მითითებულ დარღვევებს ადგილი არა აქვს, საოლქო სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებითა და განმარტებით, მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ქ." და შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების _ დ. ქ-ძის, რ. ფ-ძის, ც. მ-ძის, დ. ს-ძის, ნ. ხ-ძის, ა. გ-ძის, ი. ა-ძის, რ. შ-ძისა და ე. ფ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინება.

3. სს «ქ." და კასატორ ფიზიკურ პირებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 40-40 ლარის სოლიდარულად გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.