3გ/ად-207-კ-01 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 22 მარტს სს «ს.-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ კამოს სახელობის სამსხმელო მექანიკური ქარხნის (მისი უფლებამონაცვლეა სს «ს.-ი») მიერ მუშა-მოსამსახურეთა საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით 1988-90წწ. განმავლობაში ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშზე გადაირიცხა 1080000 საბჭოთა მანეთი, რათა წილობრივი მონაწილეობა მიეღო ბინათმშენებლობაში. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 11 იანვრის ¹9 განკარგულებით ფონიჭალის IV მ\რ-ნის ¹12 ასაშენებელ სახლში მოსარჩელეს გამოეყო 1901,3 კვ.მ. ფართის 50 ცალი ბინა, რომლებიც საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში უნდა ჩაბარებოდა 1990 წლის მე-2 კვარტლისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის შეტანის დღისათვის ზემოთ აღნიშნული სახლი დასამთავრებელი იყო და მისი მშენებლობის განახლების პერსპექტივა არ არსებობდა.
სარჩელში მითითებული იყო, რომ, რადგანაც ქ. თბილისის მერია წარმოადგენდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამონაცვლეს, ხოლო სს «ს.-ი» _ კამოს სახელობის სამსხმელო მექანიკური ქარხნის უფლებამონაცვლეს, ამიტომ მათზე გადავიდა წინამორბედი ორგანიზაციების უფლება-მოვალეობები. მოსარჩელის განმარტებით, თავის დროზე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს წარმოეშვა ვალდებულება კამოს სახელობის სამსხმელო მექანიკური ქარხნის წინაშე, მაგრამ იგი დადგენილ ვადაში ჯეროვნად არ შესრულებულა.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, დავალებოდა ქ. თბილისის მერიას სს «ს.-ის» მუშა-მოსამსახურეთა შესაბამისი რაოდენობის დაკმაყოფილება ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 11 იანვრის ¹9 განკარგულებით განსაზღვრული 1901,3 კვ.მ. ფართის 50 ცალი კეთილმოწყობილი ბინით უკვე აშენებულ სახლში ან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1773981 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ 1990 წელს ბინათმშენებლობისათვის გადახდილ 1080000 საბჭოთა მანეთს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში საქმის ზეპირი განხილვის დროს 2001 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოპასუხე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს განმარტა, რომ აღიარებდა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობას, მაგრამ სარჩელს არ ცნობდა, რადგანაც არ გააჩნდა აღიარებული ვალდებულების შესრულების წყარო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თბილისის მერიას მოსარჩელე სს «ს.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 447259 ლარი. სარჩელის დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების დროს გაითვალისწინა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის 26 ივლისის წერილი, რომლის თანახმად 447259 ლარი შეესაბამება 1988-90 წლებში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხულ 1080000 საბჭოთა მანეთს.
საკასაციო საჩივარში ქ. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის ¹666 დადგენილება, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ ზემოთ აღნიშნული დადგენილების გვერდის ავლით ქ. თბილისის მერიას დააკისრა თანხის გადახდა მაშინ, როდესაც თბილისის მერიას არ გააჩნია იმ ვალდებულების შესრულების წყარო, რომელიც განისაზღვრა 1992 წლის 23 ივნისის ¹666 დადგენილებით, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ვერ უზრუნველყვეს თანხების მიზნობრივად გამოყოფა ვალდებულების შესასრულებლად.
კასატორი თვლის, რომ აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნეს მოწესრიგებული, რადგანაც ამგვარი მოთხოვნით 400-მდე ორგანიზაცია არსებობს თბილისში.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1992 წლის 23 ივნისის ¹666 დადგენილების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას საერთოდ აღარ უმსჯელია ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულების თაობაზე. ვალდებულება შიდა ვალშიც არ იქნა აღიარებული სახელმწიფოს მიერ კანონით «სახელმწიფო შიდა ვალის შესახებ».
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეების, მესამე პირის განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის ¹666 დადგენილებით 1992 და შემდგომ წლებში საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების გამო მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის წინადადება მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ. მოწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაბრუნება განვადდა 2000 წლამდე. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალათ 2001 წლიდან ყოველწლიურად, ქ. თბილისის მერიისათვის სახსრების გამოყოფა მიზნობრივი დანიშნულებით საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ შეპასუხებაში მოპასუხე ქ. თბილისის პრემიერის მოადგილემ სასამართლო კოლეგიის წინაშე იშუამდგომლა საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ჩაბმა.
აღნიშნული შუამდგომლობა მოპასუხის წარმომადგენელმა დააყენა თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც. სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე და 2001 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩააბა მესამე პირად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად სასამართლო კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქმეში მესამე პირად უნდა ჩაება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის ¹666 დადგენილების მე-3 პუნქტით საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად 2001 წლიდან ყოველწლიურად ქ. თბილისის მერიისათვის სახსრების გამოყოფა მიზნობრივი დანიშნულებით დაევალათ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიკვლია კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი სს «ს.-ის» მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის პრემიერ გ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.