Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-209კ-02 24 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ალგეთის საკრებულოს წევრთა არჩევნების შედეგების შესაჯამებელი ოქმის ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

10.06.02წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ა-ოვმა, მოპასუხის _ ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან ალგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, კენჭისყრის შედეგების დამახინჯების გამო ვერ დააგროვა საკრებულოს წევრობისათვის საჭირო ხმათა სათანადო ოდენობა. მოსარჩელემ მოითხოვა ალგეთის საკრებულოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ალგეთის საკრებულოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა. ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნდა ხელთ გასაჩივრებული ოქმის ტექსტი, მოსარჩელემ აღძრა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე სადავო აქტის გამოთხოვის თაობაზე.

12.06.02წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს. საქმის განხილვაში მონაწილე მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) საქმის მასალებში არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების ხმის დათვლის შედეგების ოქმების ასლები, აგრეთვე მოსარჩელის ხელთ არსებული ოქმების ასლები თავისი შინაარსით არ შეესაბამება საოლქო კომისიის ხელთ არსებულ იმავე საუბნო კომისიების ოქმების შინაარსს; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იყო შედგენილი 06.06.02წ. (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დედანი); გ) მოსარჩელის მიერ დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების სამდღიანი ვადა. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 81172-მა ამომრჩეველმა, საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ა. ა-ოვმა მიიღო 2.203 ხმა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი საკრებულოში ასარჩევად. 06.06.02წ. ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა ალგეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის კანონიერება სადავოდ გახადა ა. ა-ოვმა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ 10.06.02წ. საამართლოში მიმათვით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამდღიანი ვადა, რის გამოც ა. ა-ოვს უარი ეთქვა ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ალგეთის საკრებულოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების 06.06.02წ. შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა აგრეთვე ალგეთის საკრებულოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა კოლეგიის 12.06.02წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ოვის მიერ, რომელიც არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას მის მიერ კანონით დადგენილი 3 დღიანი ვადის დარღვევის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებული აქვს არა 6 არამედ 7 ივნისს. საოლქო სასამართლოსადმი სასარჩელო განცხადებით 10 ივნისს მიმართვა განპირობებული იყო იმით, რომ მას იმ დღეს ჩაბარდა გადაწყვეტილების ასლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს კოლეგიის 12.06.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი მოთხოვნის არსებით განხილვას და დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ 12.06.02წ. გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ალგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი 06.06.02წ. არის მიღებული. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა ქვედა ინსტანციის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება. საქმეში დაცულია 22/03 საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი, რომლის შედგენის თარიღად მითითებულია 6 ივნისი. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 06.06.02წ. ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ალგეთის საკრებულოს წევრთა კანდიდატების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით 10.06.02წ. სასამართლოში სარჩელის აღძვრით დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში. ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» აღნიშნული ნორმით დადგენილი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების სამდღიანი ვადა თავისი შინაარსით აღმკვეთი ხასიათისაა, რაც გამორიცხავს მისი აღდგენის ან გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 12.06.02წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ოვს მართებულად ეთქვა უარი ¹22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 06.06.02წ. შემაჯამებელი ოქმის და ალგეთის საკრებულოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის I ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.06.02წ. გადაწყვეტილება.

2. ა. ა-ოვს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.