გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-210კ-01 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: კასატორისათვის ჯარიმის სახით 1795 ლარის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 13 მარტის ¹01/112 ბრძანების საფუძველზე შპს «რ.» სავაჭრო ობიექტში საგადასახადო ინსპექტორების მიერ ჩატარდა ქრონომეტრაჟი, რომელიც მიმდინარეობდა 2000 წლის 14 მარტიდან 4 მაისამდე პერიოდში, 49 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის შედეგად შპს «რ.» მთლიანმა შემოსავალმა 7689,90 ლარი შეადგინა, საშუალო დღიური ბრუნვა 156,9 ლარი, რაც 29,6%-ით მეტია შპს «რ.» მიერ თებერვლის თვის დეკლარაციაში მითითებულ დღიურ ბრუნვაზე, ხოლო სულ თებერვლის შემოსავალი იყო 3512 ლარი, საშუალო დღიური ბრუნვა 121 ლარი, რაზეც 2000 წლის 4 მაისს შედგა შესაბამისი აქტი. ქრონომეტრაჟით გამოვლენილ საშუალო დღიურ ბრუნვათა შორის სხვაობაზე შპს «რ.» «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ» ინსტრუქციის (დამტკიცებულია საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 სექტემბრის ¹226 ბრძანებით) მე-15 პუნქტით დაერიცხა ჯარიმა 1795 ლარის ოდენობით, რაც შპს «რ.» მიერ უშედეგოდ გასაჩივრდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში და ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში.
2001 წლის 15 მაისს შპს «რ.» სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და 2000 წლის 4 მაისის აქტით დარიცხული ჯარიმის გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ქრონომეტრაჟი ჩატარდა ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-6 პუნქტის დარღვევით, რომ შესადარებლად უნდა აღებულიყო არა ქრონომეტრაჟის დაწყების შემდეგ პერიოდი, არამედ წინა სამი თვის, 1999 წლის დეკემბრის, 2000 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები, ამასთან, ინსტრუქცია ვაჭრობის ობიექტებზე ქრონომეტრაჟის ჩატარებას საერთოდ არ ითვალისწინებს. მოსარჩელის მითითებით, ჯარიმა კანონიერადაც რომ ყოფილიყო დარიცხული, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით მაინც უნდა გაუქმდეს, რადგან 2000 წლის აგვისტოდან ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლში და მე-7 ნაწილიდან ამოღებულ იქნა ქრონომეტრაჟის დროს გამოვლენილი დარღვევებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «რ.» დარიცხული ჯარიმა 1795 ლარი გაუქმდა იმ მოტივით, რომ სასამართლომ გაიზიარა სარჩელი ქრონომეტრაჟის «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ» ინსტრუქციის მე-6 მუხლის I-III ნაწილის, ასევე საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით ჩატარების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შპს «რ.» სარჩელი 1795 ლარის ჯარიმის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით;
1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არაწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 128-ე და 217-ე მუხლები, არასრულყოფილად გამოიყენა «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის» შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლი, არ გამოიყენა ინსტრუქციის მე-11 მუხლი და საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლი;
2. პალატამ არ გაიზიარა შპს «რ.» სარჩელი თითქოს, რადგან სავაჭრო ორაგნიზაცია იყო, ეკონომიკურ გადამხდელად არ ითვლებოდა და ქრონომეტრაჟიც არ უნდა ჩატარებულიყო. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია გადამხდელად, ამიტომ, საგადასახადო კოდექსის I-II მუხლების თანახმად ეკონომიკურ გადამხდელად ითვლება და შესაბამისი მოვალეობებიც ეკისრება;
3. თუმცა მოსარჩელე არ ასაჩივრებდა ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 13 მარტის ბრძანებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრძანება არ იყო გაფორმებული სათანადო წესით;
4. სააპელაციო პალატა დაეთანხმა სარჩელს ზემოაღნიშნული «ინსტრუქციის მე-6 მუხლის დარღვევით ქრონომეტრაჟის ჩატარების თაობაზე», რომ ქრონომეტრაჟი თვის რომელიმე დღეებში კი არ ჩატარებულა შერჩევის წესით, არამედ მთელი 49 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ პალატამ აღნიშნული არ ჩათვალა მნიშვნელოვან დარღვევად და მიიჩნია, რომ ასეთი დაკვირვება პრაქტიკულად უფრო ზუსტი იქნებოდა.
5. სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელი 2000 წლის 28 ივლისიდან საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილში ჯარიმის ამოღების გამო, დარიცხული საჯარიმო სანქციის 1795 ლარის გაუქმების თაობაზე. პალატის აზრით, მართალია, საქართველოს კონსტუტიციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი უკუქცევით ძალას ანიჭებს კანონს, რომელიც ამსუბუქებს ან აუქმებს პირის პასუხისმგებლობას, მაგრამ ჯარიმა 1795 ლარი შპს «რ.» დარიცხულია კანონის მოქმედების პერიოდში და საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი;
6. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებაზე და დადგენილად ცნო, რომ თავისი შინაარსით შპს «რ.» შემოწმება კი არ ჩატარებულა, არამედ ფაქტობრივად ჩატარდა დაკვირვება _ გამოკვლევა ქრონომეტრაჟის მეთოდის გამოყენებით, რაც საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მიიჩნია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «რ.», რომელიც გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:
1. საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 23 მარტის ¹01/112 ბრძანება უკანონოა და არ არის დაცული ბრძანების გათვალისწინებული ყველა პუნქტი;
2. ქრონომეტრაჟი ჩატარებულია «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის წესის შესახებ» ინსტრუქციის დარღვევით, ვინაიდან ვაჭრობის სისტემაში საქონლის მიწოდების რეალობის დასადგენად ქრონომეტრაჟის ჩატარება ინსტრუქციით გათვალისწინებული არ არის;
3. საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილი კამერალურთან ერთად ითვალისწინებს გადამხდელის გასვლით შემოწმებას, რაც გადამხდელის წინასწარ წერილობითი შეტყობინებით ტარდება. «ინსტრუქციის» მე-11 მუხლი, მართალია, ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის ჩატარებას გადამხდელის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მაგრამ ინსტრუქცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რადგან ეწინააღმდეგება კოდექსს, დაცული უნდა ყოფილიყო კოდესის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები გადამხდელის წინასწარი შეტყობინების შესახებ;
4. «ინსტრუქციის» მე-6 პუნქტით ქრონომეტრაჟი უნდა მოიცავდეს შესასწავლი ობიექტის დატვირთვის როგორც მაქსიმალურ, ისე მინიმალურ დღეებს. კონკრეტულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟი დაიწყო 2000 წლის 13 მარტს, წინა სამი თვის საქონელბრუნვა შეადგენდა 12 702 ლარს. 1999 წლის დეკემბერში – 4360 ლარი; 2000 წლის იანვარი – 4830 ლარი, 2000 წლის თებერვალი _ 3512 ლარი, დღიური საქონელბრუნვა კი შეადგენს 139,58 ლარს და თუ საშუალო დღიურ ბრუნვას თებერვლის თვის ბრუნვას არ შეუდარებდნენ, სხვაობა 20%-ზე ნაკლები იქნებოდა და ჯარიმაც არ გავრცელდებოდა;
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულ იქნა მე-2-3 წინადადებები ქრონომეტრაჟის ჩატარების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ჯარიმის შესახებ, შესაბამისად უნდა გაუქმდეს შპს «რ.» დაკისრებული ჯარიმაც 1795 ლარის ოდენობით.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «რ.» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის პირველ მოტივს შპს «რიონში» ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 13 მარტის ¹01/112 ბრძანების არაკანონიერებაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორს არც რაიონულ (I ინსტანციის) და არც სააპელაციო (II ინსტანციის) სასამართლოში აღნიშნული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, რაზეც ხაზგასმით განაცხადა შპს «რ.» წარმომადგენელმა ა. ჯ-ძემ ქუთაისის საოლქო სასამართლოში 20 და 24 სექტემბრის სასამართლო სხდომებზე. ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ქრონომეტრაჟით გამოვლენილ საშუალო დღიურ ბრუნვათა შორის სხვაობაზე ჯარიმის სახით შპს «რ.» დაკისრებული ჯარიმის _ 1795 ლარის დარიცხვის კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია, ამიტომ საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ¹-1/112 ბრძანების კანონიერებაზე;
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მ,ოტივაციას საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლისა და «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის» სწორი განმარტებით, მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლოც არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, თითქოს ინსტრუქცია არ ითვალისწინებდეს ქრონომეტრაჟის ჩატარებას სავაჭრო ობიექტებში. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს, რომ ინსტრუქცია განსაზღვრავს რა გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესს, საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით: «ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი მართლზომიერი საქმიანობა, რომელიც წარიმართება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა». ვინაიდან შპს «რ.» სწორედ მოგების მიღების მიზნით ეწევა საბითუმო-საცალო ვაჭრობას, ამიტომ აღნიშნული ინსტრუქცია მასზეც ვრცელდება და საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილი იყო ინსტრუქციის შესაბამისად ჩაეტარებინა ქრონომეტრაჟი; საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «რ.» ფაქტობრივად შემოწმება კი არ ჩატარებულა, არამედ დაკვირვება-გამოკვლევა ქრონომეტრაჟის მეთოდის გამოყენებით;
3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, თუ ქრონომეტრაჟის ჩატარების დროს გამოვლენილ საშუალო დღიურ ბრუნვას თებერვლის თვის ბრუნვას _ 121 ლარს არ შეადარებდა საგადასახადო ინსპექცია და შეადარებდა ქრონომეტრაჟის დაწყების, 2000 წლის 13 მარტის წინა სამი თვის საქონელბრუნვას, სულ 12 702 ლარს, საშუალო დღიური საქონელბრუნვა შეადგენდა 139,58 ლარს, რაც ქრონომეტრაჟით გამოვლენილ საშუალო დღიურ საქონელბრუნვაზე 156,9 ლარზე ნაკლებია, სხვაობა 20%-ზე ნაკლებს შეადგენს და «გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციით» გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა გავრცელებულიყო. მართალია, «ინსტრუქციის» მე-6 მუხლის I პუნქტი ითვალისწინებდა, რომ ქრონომეტრაჟის მონაცემები უნდა შედარებოდა ობიექტის გასული პერიოდების საშუალო დღიური ბრუნვების მონაცემებს, მაგრამ ქრონომეტრაჟის ჩატარების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენდა: «თუ საშუალო დღიური ბრუნვა (წარმოების მოცულობა) 20 და მეტი პროცენტით აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ წინა ერთი თვის საშუალო დღიურ ბრუნვას, გადამხდელს გადახდება ჯარიმა დაკვირვებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობის ორმოცდაათი პროცენტის ოდენობით». ამდენად, საგადასახადო კოდექსის იმჟამად მოქმედი ნორმის მიხედვით, 2000 წლის 13 მარტიდან ჩატარებული ქრონომეტრაჟის მონაცემების _ 156,9 ლარის შედარება წინა ერთი თვის, 2000 წლის თებერვლის მონაცემებთან, საშუალო დღიურ ბრუნვასთან – 121 ლარი კანონშესაბამისია და საკასაციო საჩივარს ამ მოტივით უარი უნდა ეთქვას;
4. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილთან დაკავშირებით და ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მართალია, საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულ იქნა მე-2-3 წინადადება ქრონომეტრაჟით გამოვლენილ დარღვევებზე ჯარიმის დაკისრების შესახებ, მაგრამ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-4, მე-6 მუხლების თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის აქტებს უკუქმედების ძალა არა აქვთ, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობის გამოქვეყნებული ის აქტები, რომლებიც საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედებს. ამდენად, ვინაიდან ქრონომეტრაჟის ჩატარებისა და კასატორის დაჯარიმების დროს, 2000 წლის 4 მაისისათვის, მოქმედებდა საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-2-3 წინადადებაც, ამიტომ ქრონომეტრაჟით გამოვლენილ საშუალო დღიურ ბრუნვათა შორის სხვაობაზე შპს «რ.» მართებულად დაერიცხა ჯარიმა 1795 ლარი, ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მოქმედება კანონიერია და საკასაციო საჩივარი ამ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით შპს «რ.» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს «რ.» ჯარიმის სახით 1795 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებითა და განმარტებით მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე; 399-ე; 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «რ.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.