Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-210-კ-02 24 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შეჯამების ოქმების ნაწილობრივი გაუქმება, მერის და საკრებულოს წევრობის იმ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამება, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საარჩევნო ფონდის გახსნის და ფონდის ანგარიშის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ც-შვილმა და ვ. ჯ-შვილმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ფონდის ანგარიშის გახსნის შესახებ დასტური საარჩევნო კომისიაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო 20 მაისამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საოლქო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული იყო მხოლოდ 11 წევრობის კანდიდატის და ქალაქის გამგებლის 2 კანდიდატთა საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშები. 2002წ. 22 მაისიდან 26 მაისამდე წარდგენილ იქნა სხვა სუბიექტების საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშები, რომლებშიც მითითებულია, რომ ანგარიში გაიხსნა 17 მაისს, 21 მაისს და ა.შ, 17 მაისს ანგარიშები გაიხსნა კანონის დარღვევით. მიუხედავად აღნიშნულისა, საარჩევნო კომისიის მიერ არ გაუქმებულა კანდიდატთა რეგისტრაცია, კომისიამ არ გაითვალისწინა აგრეთვე კანონის მითითება იმის შესახებ, რომ ხმების დათვლა ეწარმოებინა ასეთი სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად, რის შესახებაც კომისია გაფრთხილებული იქნა 5 ივნისს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს ¹57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის 06.06.02წ. არჩევნების შედეგების შეჯამების ორი ოქმის ნაწილობრივი გაუქმება, მერის და საკრებულოს წევრობის იმ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამება, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საარჩევნო ფონდის გახსნის და ფონდის ანგარიშის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.06.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ტყიბულის ¹58-01 საოლქო საარჩევნო კომისიის 06.06.02წ. ორი ოქმი არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ. საქმის განხილვის შედეგად საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ¹57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 06.06.02წ. შეჯამებულ იქნა საკრებულოს წევრობის არჩევნების შედეგები და გამარჯვებულად გამოცხადდა 8 პირი, კერძოდ: ი. გ-ძე (1694 ხმა), ი. ე-შვილი (2362 ხმა), შ. ჯ-ძე (1766 ხმა), კ. ბ-შვილი (2251 ხმა), ვ. ქ-ძე (1851 ხმა), ვ. ბ-შვილი (1854 ხმა), მ. კ-ძე (1983 ხმა), ბ. ა-ძე (1757 ხმა). 06.06.02წ. შეჯამებულ იქნა აგრეთვე ქ.ტყიბულის მერის არჩევნების შედეგები და გამარჯვებულად გამოცხადდა მერობის კანდიდატი – ბ. კ-შვილი. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ტყიბულის 57-01-ე საარჩევნო უბანში საკრებულოს და მერობის კანდიდატების საარჩევნო ფონდის ანგარიში გახსნილი იყო ორი ბანკის ფილიალში, კერძოდ სს «ს. ბ-ის" ტყიბულისა და სს «ს. ს. ბ-ის» ქუთაისის ფილიალში. კოლეგიამ საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კომპანიის ფონდის გახსნისათვის განცხადებათა ასლების და ბანკის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე მიიჩნია, რომ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულ კანდიდატებს არ დაურღვევიათ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესი. კოლეგიამ მიუთითა, რომ საარჩევნო სუბიექტები 13.05.02წ. გატარდნენ რეგისტრაციაში. კანდიდატების მიერ არ დარღვეულა საარჩევნო ფონდის გახსნის 5 დღიანი ვადა, ვინაიდან ვადის ათვლა სსკ-ს 122-ე მუხლის მიხედვით რეგისტრაციის მომდევნო დღიდან უნდა დაიწყოს, 5 დღიანი ვადის ბოლო დღე სსკ-ს 127-ე მუხლის თანახმად დასვენების შემდეგ პირველ სამუშაო დღეს – 20 მაისს ამოიწურა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანდიდატების საარჩევნო ფონდი შეიძლება გახსნილიყო 20 მაისის ჩათვლით, საბუთი ამ ფონდის გახსნის შესახებ უნდა წარდგენილიყო 23 მაისამდე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-შვილმა საარჩევნო ფონდი გახსნა 17.05.02წ., ხოლო საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარადგინა 22.05.02წ., ი. ე-შვილმა საარჩევნო ფონდი გახსნა 17.05.02წ., საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარადგინა 22.05.02წ., შ. ჯ-ძეს საარჩევნო ფონდი გახსნილი აქვს 17.05.02წ., ხოლო საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარდგენილი აქვს 22.05.02წ., ი. გ-ძეს საარჩევნო ფონდი გახსნილი აქვს 16.05.02წ., ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი კომისიაში წარადგინა 23.05.02წ., ვ. ქ-ძეს საარჩევნო ფონდი გახსნილი აქვს 17.05.02წ., ხოლო საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარდგენილი აქვს 22.05.02წ., კ. ბ-შვილის საარჩევნო ფონდი გაიხსნა 17.05.02წ., ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი კომისიაში წარდგენილი აქვს 22.05.02წ., მ. კ-ძემ საარჩევნო ფონდი გახსნა 17.05.02წ., საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარდგენილი აქვს 22.05.02წ., ბ. ა-ძემ საარჩევნო ფონდი გახსნა 16.05.02წ., საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი წარდგენილ იქნა 23.05.02წ., ბ. კ-შვილს საარჩევნო ფონდი გახსნილი ჰქონდა 17.05.02წ., საარჩევნო კომისიაში ანგარიშის გახსნის შესახებ დოკუმენტი 22.05.02წ. იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა არჩევნებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ. კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ოქმების ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში დამარცხებულ სხვა საარჩევნო სუბიექტებს შეეხება არ აყენებს მოსარჩელეებს რაიმე პირდაპირ და უშუალო ზიანს და არ ზღუდავს მათ კანონიერ ინტერესებს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.06.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ც-შვილის და ვ. ჯ-შვილის მიერ. კასატორები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებაში მოყვანილი ვადების გამოანგარიშების წესს და აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სუბიექტებმა ანგარიში გახსნეს 16 და 17 მაისს, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ფონდის ანგარიშები გახსნიდან 2 დღის განმავლობაში წარდგენილ უნდა ყოფილიყო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად მონაცემები ფონდის შესახებ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა ყოფილიყო 18 და 20 მაისს 18 საათამდე, ვინაიდან კომისიის დასვენების დღეა მხოლოდ კვირა. კასატორები ან ეთანხმებიან აგრეთვე კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნებში დამარცხებული საარჩევნო სუბიექტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენდებენ მათ, კასატორები აღნიშნავენ, რომ გამარჯვებულთაგან რომელიმე სუბიექტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის თანახმად შესაბამისი შედეგების მქონე სუბიექტებისაგან ხდება ჩანაცვლება.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ _ ¹57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა არჩევნების შემაჯამებელი ოქმების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კომისიის მიერ 13.05.02წ. გატარდნენ რეგისტრაციაში. საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საარჩევნო სუბიექტებს რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უნდა გაეხსნათ საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიში. საკასაციო პალატა იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 5 დღიანი ვადის ბოლო დღე ამოიწურა 20.05.02წ., ე.ი. დასვენების შემდეგ პირველ სამუშაო დღის ბოლოს, ვინაიდან სსკ-ს 127-ე მუხლის თანახმად თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა გამოსასვლელ დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის აღნიშნული თარიღიდან საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტის და ანგარიშის ნომრის, ფონდის მმართველის და ბუღალტრის ვინაობის და კოორდინატების შესახებ საარჩევნო კომისიასათვის ინფორმაციის წარდგენის 2 დღიანი ვადის ათვლას, ვინაიდან 2002წ. 13 მაისს რეგისტრირებულ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო ფონდი გაეხსნა 2002წ. 20 მაისის ჩათვლით, ხოლო საბუთი ამ ფონდის გახსნის შესახებ წარედგინა 23 მაისამდე. საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ფონდის ანგარიშის გახსნა, კენჭისყრამდე საარჩევნო კომისიისათვის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტის და ანგარიშის ნომრის, ფონდის მმართველის და ბუღალტრის ვინაობის და კოორდინატების შეეტყობინება იძლეოდა კენჭისყრამდე შემოწირულობის წყაროსა და თანხების გაკონტროლების შესაძლებლობას. ამასთანავე, დავის საგნად არ ქცეულა საარჩევნო ფონდებში შეტანილი სახსრების წყაროს, საარჩევნო შემოწირულობების შეტანის, განკარგვის წესის კანონიერება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

ვინაიდან ტყიბულის საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტების აღიარებას კანონიერია, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მითითებული ნაწილის გარეშე, ე.ი. იმ ნაწილში რომელიც არჩევნებში დამარცხებულ სხვა საარჩევნო სუბიექტებს შეეხება – არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს კასატორებს, ს.ა.ს.კ. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერეს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სარჩელი არჩევნებში დამარცხებული დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების ნაწილში საფუძვლიანი იქნებოდა, უკეთუ დადგინდებოდა არჩევნებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ვინაიდან არ არსებობს შემაჯამებელი ოქმის გაუქმების, არჩევნებში გამარჯვებულთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს დამარცხებული კანდიდატების ჩანაცვლების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტები დამარცხებული საარჩევნო სუბიექტების ნაწილში ზიანს აყენებს კასატორებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ც-შვილის და ვ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.06.02 წ. გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.