Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-211-კ-01 6 თებერვალი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბაღდათის რაიონის გამგეობის 1995 წლის 1 მარტის 23 დეკემბრის ¹400 ბრძანებულების საფუძველზე ბაღდათის რაიონში სოფლის აფთიაქების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა ბაღდათის რაიონის სააფთიაქო გაერთიანება «ფარმაკონს».

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ბაღდათის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1995 წლის 8 მარტის ¹30 განკარგულებით შექმნილმა კომისიამ იმავე წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბაღდათის რაიონის სააფთიაქო გაერთიანება «ფ.» უსასყიდლოდ გადასცა კურორტ საირმის ტერიტორიაზე, ნამარნევის ხეობაში მდებარე 32 კვ.მ. ფართის შენობა, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა კურორტის სეზონური აფთიაქი.

ბაღდათის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1997 წლის 11 ივნისის ¹53 განკარგულებით ამავე რაიონის გამგეობის 1995 წლის 1 მარტის ¹52 გადაწყვეტილების საფუძველზე, ბაღდათის რაიონის სააფთიაქო გაერთიანება «ფარმაკონისათვის» გადაცემული შენობებიდან კურორტ საირმეში განთავსებული სეზონური აფთიაქის მიერ დაკავებული ფართი დაუბრუნდა კურორტ საირმის დირექციას, რის საფუძველზეც გაუქმდა ბაღდათის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1995 წლის 8 მარტის ¹30 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიღება-ჩაბარების აქტი.

ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ფ.» სარჩელი ბაღდათის რაიონის გამგეობის მიმართ და მოსარჩელე ცნობილ იქნა კურორტ საირმეში, მდინარე ნამარნევის ხეობაში მდებარე განცალკევებული შენობის ფართზე უფლებამოპოვებულად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა 1998 წლის 8 ივლისს.

1999 წლის 21 მაისს შპს «ფ.» დამფუძნებლებმა: ე. დ-იანმა, მ. შ-ძემ და დ. ჯ-ელმა სარჩელი აღძრეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ბაღდათის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონის განყოფილების მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხეები მოსარჩელეს წერილებით ატყობინებდნენ, რომ სადავო შენობის პრივატიზაცია შეიძლებოდა მომხდარიყო კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს.

მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ მათ მიმართ მოპასუხეთა ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო, უხეშად ილახებოდა მოსარჩელეთა უფლებები, კანონიერი ინტერესები, რის გამოც ითხოვეს ბაღდათის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1997 წლის 11 ივნისის ¹53 განკარგულების გაუქმება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონის განყოფილების დავალდებულება, რათა ზემოთ აღნიშნული სადავო შენობის პრივატიზაცია განხორციელებულიყო პირდაპირი მიყიდვის წესით შპს «ფ.».

ბაღდათის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონის განყოფილებამ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მოცემულ საქმეში მხარედ ჩაბმულიყო სს «მ.», რადგანაც სადავო შენობა მის მიერ იყო პრივატიზებული, წარმოადგენდა სს «მირაჟის» საკუთრებას და სასარჩელო მოთხოვნა პირდაპირ შეეხებოდა მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება სს «მ.».

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა უარი თქვეს სარჩელზე. სასამართლო სხდომაზე მათ განმარტეს, რომ სურვილი ჰქონდათ, წარედგინათ სასამართლოში ახალი სარჩელი, სხვა საფუძვლითა და სხვა საგნით.

იმავე დღეს შპს «ფ.» სარჩელი აღძრა ბაღდათის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონული განყოფილებისა და მესამე პირის სს «მ.» მიმართ.

სარჩელში მითითებული იყო ახალი გარემოებები და საფუძვლები, კერძოდ:

1998 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონულმა განყოფილებამ ს.პ.ს. «ს. ს.» (ამჟამად სს «მ.») იჯარა-გამოსყიდვის წესით გადასცა შპს «ს.» ბალანსზე რიცხული საზაფხულო კინოთეატრის ქონება და ავტომანქანა «უაზ»-2962. მოსარჩელეებმა გამოარკვიეს, რომ აღნიშნული ქონება მოიცავდა აფთიაქის სადავო შენობასაც და იგი შეტანილი იყო სს «მ.» საწესდებო კაპიტალში.

მოსარჩელე ითხოვდა ზემოთ აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობას საირმის სეზონური აფთიაქის შენობის პრივატიზების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეეძლო განეკარგა ქონება, თუ ამით არ შეილახებოდა მესამე პირთა უფლებები. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ფ.» ცნობილ იქნა საირმის სეზონური აფთიაქის შენობის ფართზე უფლებამოპოვებულად, რაც მას ანიჭებდა აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლებას. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაყიდვის მიზანია გამოსყიდვამდე მატერიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობა და სარგებლობა სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.

მოსარჩელეთა განმარტებით, საირმის სეზონური აფთიაქის შენობის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის გამო დაირღვა მოსარჩელის უფლება. ამდენად, ზემოთ აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება სადავო შენობის ნაწილში ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი ბათილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულება, რომელიც არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

სარჩელის თანახმად სადავო ობიექტზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე საინფორმაციო ცნობაში მითითებული არ ყოფილა საკონკურსო კომისიის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, კონკურსის მონაწილეთა ადგილი, აგრეთვე, სრულყოფილი მონაცემები საპრივატიზაციო ქონების დასახელების შესახებ, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 8 სექტემბრის ¹1-3\548 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონულ განყოფილებასა და სპს «ს.-ს.» შორის 1998 წლის 29 ნოემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა საირმის სეზონური აფთიაქის პრივატიზების ნაწილში.

მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონული განყოფილება სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სადავო ქონების მფლობელმა ბაღდათის რაიონის გამგეობამ ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება არ შეასრულა, არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება კურორტ საირმის აფთიაქის ფართის შპს «ფ.» გადაცემის თაობაზე და ძალაში დატოვა ბაღდათის რაიონის გამგეობის 1997 წლის 11 ივნისის ¹53 განკარგულება, რადგანაც ნამარნევის ხეობაში მდებარე ერთიანი საბალანსო ღირებულებისა და ერთიანი კომპლექსის მქონე საზაფხულო კინოთეატრიდან სადავო აფთიაქის რეორგანიზება დაუშვებლად მიიჩნია, რასაც დაეთანხმა მოპასუხეც.

მოპასუხე თვლიდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დარღვევად არ უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც შპს «ფ.» ცნობილი იყო მხოლოდ სარგებლობის უფლებით ფართზე უფლებამოპოვებულად და არა _ განკარგვის უფლებით.

მესამე პირმა სს «მ.» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონულ განყოფილებასა და სპს «ს. ს.» (ამჟამად სს «მ.») შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ფარმაკონს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 3 სექტემბერს განიხილა შპს «ფ.» სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

შპს «ფ.» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არავითარი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.

გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა განჩინება, რომ არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და პრივატიზაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო საჩივარში კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ფ.» სარჩელი ბაღდათის რაიონის გამგეობის მიმართ და მოსარჩელე ცნობილ იქნა კურორტ საირმეში, ნამარნევის ხეობაში მდებარე განცალკევებული შენობის ფართზე უფლებამოპოვებულად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა 1998 წლის 8 ივლისს.

სააპელაციო სასამართლო თავის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინებაში მიუთითებს, რომ ეთანხმება სადავო ქონებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კანონიერებას, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არ დაასაბუთა, ჰქონდა თუ არა უფლება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონის განყოფილებას კონკურსის გამოცხადება-ჩატარებისა, ხოლო შემდეგ სპს «ს.-ს.» (ამჟამად სს «მ.») იმ ქონებაზე გამოსყიდვის უფლებით საიჯარო ხელშეკრულების დადების უფლება, რომელზეც ბაღდათის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უფლებამოპოვებულად ცნობილი იყო შპს «ფ.».

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანისას არ გამოუყენებია არც ერთი სამართლებრივი ნორმა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გამოტანილი განჩინება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ფ.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.