Facebook Twitter

ვალდებულების შესრულება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-211-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 15 სექტემბერს ა. წ-ამ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისაგან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1997წ. 1 ოქტომბერს მასსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოსარჩელემ ა. ბ-სა და ბ. გ-ესთან ერთად მისი ავტორობით გამოცემული 3500 ცალი წიგნის _ «სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სასამართლო სავეტერინარო სანიტარული ექსპერტიზა" _ მოპასუხისათვის მიწოდება იკისრა. მოპასუხეს თითოეულ წიგნში 1999წ. 1 იანვრამდე 19,23 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებაში, ასევე განისაზღვრა, რომ მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელისათვის საურავის სახით 0,1% უნდა გადაეხადა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997წ. 20 დეკემბერს მასსა და მოპასუხეს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ა. წ-ას ვეტერინარიის დეპარტამენტისათვის მისი და კ. კ-ის ავტოროობით გამოცემული წიგნის _ «ვეტერინარიის ფუძემდებლები საქართველოში და მომდევნო თაობა" _ 2500 ეგზემპლარი უნდა გადაეცა. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვეტერენარიის დეპარტამენტს თითოეულ წიგნში 12 ლარი უნდა გადაეხადა. იმ დროისათვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,3 ლარი იყო. მხარეებმა კვლავ განსაზღვრეს საურავი 0,1%-ის სახით.

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის მესამე ხელშეკრულებაც დაიდო, რომლის თანახმად მას საავტორო ჯგუფის მიერ გამოცემული წიგნის _ «სავეტერინარო ობიექტების დეზინფექცია, დეზენსექცია, დერატიზაცია" _ 2500 ეგზემპლარი უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის, თითოეული წიგნის ღირებულება 10 ლარით განისაზღვრა (7,68 აშშ დოლარი). მესამე ხელშეკრულებითაც ყოველი გაცდენილი დღისათვის 0,1% საურავი დაწესდა.

მოსარჩელემ 1997წ. 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად შეასრულა და წიგნების სრული რაოდენობა ვეტერინარიის დეპარტამენტს მიაწოდა. მოპასუხემ კი ვალდებულება არ შეასრულა იმ მოტივით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 1998 და 1999 წლებში ვეტერენარიის დეპარტამენტისათვის ბიუჯეტზე გათვალისწინებული თანხების გამოყოფა ვერ უზრუნველყო.

ა. წ-ამ სასარჩელო განცხადებით 109300 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. მან სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ საურავის გადახდას ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ითხოვს. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაამყარა. მოსარჩელემ საქმის სასამართლოს განხილვის სტადიაზე სარჩელი დააზუსტა და პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და მოპასუხეზე 67000 დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ვეტერინარიის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ იგი, მართალია, ეჭვქვეშ არ აყენებს სამივე ხელშეკრულების რეალობას, მაგრამ, ამასთან თვლის, რომ ხელშეკრულებები მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს შორის დაიდო, ე.ი. ორ იურიდიულ პირს შორის და ა. წ-ას, როგორც ფიზიკურ პირს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არ გააჩნია.

მესამე პირებმა მხარი სასარჩელო მოთხოვნას დაუჭირეს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს აპოლონ წულაიას სასარგებლოდ 127000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ვაკე-საბურთალოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა გაასაჩივრა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ა. წ-ა არასათანადო მოსარჩელეა, რადგან ხელშეკრულება ორ იურიდიულ პირს შორის _ ვეტერინარიის დეპარტამენტსა და მეცხოველეობის სანაშენე დეპარტამენტს შორის დაიდო, რომლის თავმჯდომარეც ა. წ-ა იყო. საქმის სასამართლო პროცესზე განხილვისას კი მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არავითარი პრეტენზია არ აქვს. ამდენად, აპელანტის აზრით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ა. წ-ა არასათანდო მოსარჩელედ მიიჩნია და უარყო მისი სარჩელი. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ა. წ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2001წ. 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ა. წ-ამ გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 ივლისის განჩინებით ა. წ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, რის გამოც დავა ადმინისტრაციულად უნდა ჩაითვალოს და მისი გადაწყვეტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა მოხდეს, საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ მხარეთა ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ 1997წ. 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესავალ ნაწილში, მართალია, ა. წ-ა მოხსენებულია როგორც მეცხოველეობის სანაშენე საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მაგრამ, იქვე, დაფიქსირებულია მისი მეორე ტიტულიც, როგორც ხელშეკრულების საგნის _ წიგნის _ საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ის ხელშეკრულებას არა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, არამედ წიგნის საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელთან დებდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონილი სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების საგანი _ ა. ბ-ის, ბ. გ-ისა და ა. წ-ას ავტორობით გამოცემული წიგნი «სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სასამართლო სავეტერინარო სანიტარული ექსპერტიზა" _ უშუალოდ ამ ავტორთა ინტელექტუალური შრომითა და მატერიალური დანახარჯებით იქნა შედგენილი და გამოცემული და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტს ამ წიგნის შედგენასა და გამოცემაში მონაწილეობა არ მიუღია. საკასაციო სასამართლო, ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წიგნის 3500 ეგზემპლარი, რომელიც ავტორთა საკუთერებას წარმოადგენდა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს მიღებული აქვს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ კასატორი ზემოთ დასახელებულ ფაქტებს, აგრეთვე, 1997წ. 1 ოქტომბრის ხელშეკრულების ნამდვილობას, სადავოდ არ ხდის და 3500 ცალი წიგნის ეგზემპლარის მიღებას აღიარებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის _ ა. წ-ს მოსაზრებას სარჩელის საფუძვლად სამოქალქო კოდექსის 361-ე მუხლის მითითების თაობაზე და განმარტავს, რომ ამ ნორმის თანახმად «ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას", რომ «ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას". რადგან კასატორმა _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა მიიღო შესრულება (3500 ცალი წიგნი), იგი ვალდებულია გადაიხადოს მისი საზღაური (1 ცალი წიგნი _ 19,23 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ა. წ-ა არასათანადო მოსარჩელეა, რადგან დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 1997წ. 1 ოქტომბრის ხელშეკრულება ა. წ-ას მონაწილეობით არის დადებული და იგი ხელშეკრულებაში წარმოდგენილია არა მარტო როგორც მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, არამედ, როგორც წიგნის _ «სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სასამართლო სავეტერინარო სანიტარული ექსპერტიზის" საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რადგან უცვლელად დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუმცა განჩინების ნაცვლად უწოდა გადაწყვეტილება. აღნიშნულ გარემოება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება გახდეს გაუქმების საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად «საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყეტილება იქნა გამოტანილი".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინიტსროს ვეტერინაარის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.