3გ-ად-212-კ-01 26 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 16.02.01წ. ¹18 ბრძანების ბათილად ცნობა, შპს «ს.-ის” ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი:
არაპირდაპირ ხარჯებში მომხდარი ცვლილებების გამო შპს «ს.-ის» დირექტორის ბრძანებით მომსახურების ზოგიერთ სახეობაზე შეიცვალა ტარიფები. შიდა ქართლის სამხარეო ფასების ინსპექციის უფროსის ¹220 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა შპს «ს.-ში» სამედიცინო მომსახურებაზე ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებაში 2000 წლის აპრილიდან იყენებდნენ დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებულ ტარიფებს, რომლებიც არ იყო შეთანხმებული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. შიდა ქართლის სამხარეო ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 15.12.2000წ. შედგენილი აქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 16.02.01წ. გამოსცა ¹18 ბრძანება, რომლითაც საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას დააკისრა 9702 ლარის გადახდა.
მოსარჩელე _ შპს «ს.-ის» დირექტორმა 26.03.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ შიდა ქართლის სამხარეო ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა შიდა ქართლის სამხარეო ფასების სახელმწიფო ინსპექციის დაჯარიმების შესახებ აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ფასების შეცვლა საჭირო გახდა არაპირდაპირ ხარჯებში გათვალისწინებული ცვლილებების გამო. ახალი ტარიფები განხილული და მოწონებულ იქნა მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრებაზე. ახალი ტარიფები დასამტკიცებლად აღარ მიიღო ჯანდაცვის ნაციონალურმა ცენტრმა იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 01.10.99წ. ¹564 ბრძანებულება აღარ ითვალისწინებდა შიდა სტანდარტებით შემუშავებული კალკულაციების ექსპერტიზას. მოსარჩელემ არაკანონიერად მიიჩნია შიდა ქართლის სამხარეო ფასების სახელმწიფო ინსპექციის აქტი.
საქმის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა ¹18 ბრძანებისა და მისი დანართის შპს «ს.-ის” დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობა.
22.05.01წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შიდა ქართლის სამხარეო ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის განცხადების და მოსარჩელის თანხმობის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 22.05.01წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. საქმის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა სამინისტროს ¹18 ბრძანებისა და მისი დანართის შპს «ს.-ის» დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 04.10.01წ. გადწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახაზინო საწარმო «ს.-ო» 1999 წლის ოქტომბერში გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – ,,ს.-დ”. საავადმყოფოს შიდა სტანდარტები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის მიერ დამტკიცდა 1997-98 წლებში. არაპირდაპირი ხარჯების გაზრდის გამო დირექტორის ბრძანებით მომსახურების 137 სახეობაზე შეიცვალა ტარიფები. შიდა ქართლის სამხარეო ფასების ინსპექციის უფროსის ¹220 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა შპს «ს.-ში» სამედიცინო მომსახურებაზე ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში 2000 წლის აპრილიდან იყენებდნენ დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებულ ტარიფებს, რომლებიც არ იყო შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების მე-4 მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად «სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო დახმარების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომსახურების ოდენობის, ხარისხისა და მნიშვნელობის ადეკვატურად გაანგარიშებული ფასების მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინსტროსთან შეთანხმებით». სასამართრლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება დამტკიცებული შიდა სტანდარტების ფარგლებში შეეცვალა მომსახურების ტარიფები, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე აუცილებელი იყო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება. მართალია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.04.01წ. ¹148-ო ბრძანების 38-ე პუნქტით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანება ძალადაკარგულად ჩაითვალა, მაგრამ დირექტორის ბრძანებით ტარიფების შეცვლის პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის ¹206-ო ბრძანება მოქმედებდა, რის გამო არ დაიშვებოდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე 137 სახეობის მომსახურებაზე ტარიფის გაზრდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.10.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «ს.-ის» დირექტორის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გაერთიანების დირექტორის 21.02.2000წ. ¹21 და 22.03.2000წ. ¹29 ბრძანებებით დამტკიცდა და 2000 წლის აპრილის თვიდან ძალაში შევიდა მომსახურების ზოგიერთ სახეობაზე დაწესებულების შიდა სტანდარტების საფუველზე შემუშავებული ახალი ტარიფები, რომლებიც მანამდე განხილულ და მოწონებულ იქნა თანამშრომელთა საერთო კრებაზე. დაწესებულების შიდა სტანდარტები დამტკიცებული იყო ჯანდაცვის მიერ 1997-98 წლებში, ხოლო ამ სტანდარტებიდან გამომდინარე ახალი ტარიფები გაერთიანების ხელმძღვანელობამ დასამტკიცებლად წარუდგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს, რომელმაც ისინი არ დაამტკიცა და 13.12.2000წ. ¹04/11-250 წერილში აღნიშნა, რომ სალიცენზიო კომისიის ექსპერტები არ ამტკიცებენ სტანდარტების კალკულაციებს, გაწეული სამედიცინო დახმარების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტარიფების მიხედვით. შიდა ქართლის სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით უარყო ეს განმარტება. ამის გამო შიდა ქართლის ფასების ინსპექციამ გაერთიანების მიერ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ტარიფებით მიღებული შემოსავალი 2000წ. აპრილიდან შემოწმების დღემდე 4851 ლარი მიიჩნია უკანონოდ. ამ თანხას დაემატა ეკონომიკური სანქციით გათვალისწინებული ჯარიმა იმავე ოდენობით, რის შედეგად 15.12.2000წ. შემდგარი აქტით გაერთიანებას დაეკისრა 9702 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, 16.02.01წ. ¹18 ბრძანებით დამტკიცებული დანართის საფუძველზე ხაშურის საგადასახადო ინსპექციას ეთხოვა გაერთიანების ანგარიშსწორების ანგარიშიდან თანხის ამოღება რესპუბლიკის ცენტრალურ ბიუჯეტსა (თანხის 75%) და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ანგარიშზე (25%). კასატორი აღნიშნავს, რომ გაერთიანება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა 1999 წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიერ 30.09.99წ. დამტკიცებული და ხაშურის რაიონული სასამრათლოს მიერ 07.10.99წ. რეგისტრირებული წესდების მიხედვით, გაერთიანებას უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს ტარიფები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფარგლებში. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების მე-4 მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნა იგნორირებულ იქნა არა გაერთიანების, არამედ სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ, რომელიც მისი წერილობითი (13.12.2000წ. ¹04/11-250) პასუხის თანახმად 2000წ. დასაწყისიდან აღარ ღებულობს ტარიფებს დასამტკიცებლად. კასატორი უთითებს აგრეთვე, რომ «სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულება» (ნაწ. III, «გ» ქვეპუნქტი) ითვალისწინებს დაწესებულების შიდა სტანდარტის და არა კალიკულაციის დამტკიცებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა 04.10.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქმის საკასაციო პალატაში გაერთიანების დირექტორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, საკასაციო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ითხოვა სამინისტროს სადავო აქტის და მისი დანართის გაერთიანების ნაწილში ბათილად ცნობა. მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 04.10.01წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტს - «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2000 წლის IV კვარტალში სხვადასხვა ორგანიზაციაში ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შერსახებ» საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 16.02.01 წ. ¹18 ბრძანების შპს «ს.-ის» ნაწილში, რომლითაც «ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დადგინდა გაერთიანების ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლის, 9702 ლარის ამოღება, საფუძვლად უდევს შიდა ქართლის სამხარეო ფასების ინსპექციის 15.12.2000წ. აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, ფასდარღვევა გამოიხატება ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ფასის დამტკიცებაში, აქტის ტექსტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შიდასტანდარტების შეუთანხმებლობით დაირღვა ჯანდაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების მოთხოვნები, რის გამო გამოუყენებელ ტარიფებს არა აქვთ ნორმატიული აქტის სახე, დარღვეულია «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მოთხოვნები. პალატა აღნიშნავს, რომ «ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-13, მე-15 მუხლების, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 09.09.98წ. ¹55 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ» დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, რეგულირებადი ფასები (ტარიფები) მტკიცდება და ძალაში შედის სამინისტროს ნორმატიული აქტით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. «ჯანდაცვის სფეროში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პაციენტთა სამედიცინო დახმარების, სამედიცინო დაწესებულებებში შემოსავლის ლეგალიზაციის გაზრდის და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშსწორების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ» საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანება, რომლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, «სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო დახმარების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომსახურების ოდენობის, ხარისხისა და მნიშვნელობის ადეკვატურად გაანგარიშებული ფასების მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ჯანმრთელბის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით», რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, შეტანილია ნორმატიული აქტების შესახებ რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (¹...). ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანება არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ გამოცემაში _ «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში». ამდენად, დარღვეულია «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 38-ე, 51-ე, 61-ე მუხლების მოთხოვნები. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება წარმოადგენს ნორმაშემოქმედებითი პროცესის ბოლო, დამაგვირგვინებელ სტადიას, მისი ძალაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, ნორმატიული აქტის ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევის შედეგად ნორმატიულ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა, ამასთანავე, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის სავალდებულოა აქტის არაყოველგვარი არამედ, სახელდობრ ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნება, რომლითაც დასტურდება აქტის ძალაში შესვლა. აქტის – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გაზეთ «...-ში» გამოქვეყნება, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 61-ე მუხლის მიხედვით, არ ცვლის მისი ოფიციალური გამოცემის საჭიროებას, ვინაიდან აქტის გამოცემის დროისათვის გამოიცემოდა საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო _ «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე», «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» (საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 05.04.01წ. ¹184-ო ბრძანებით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას საფუძვლად დაედო «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტები და 51-ე მუხლი).
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენდა შიდა ქართლის სამხარეო ინსპექციის მიერ 15.12.2000 წ. აქტის შედგენის, აგრეთვე საოლქო სასამართოს კოლეგიის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულ აქტზე დაყრდნობით მიღებული ადმინისტრაციული აქტი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 16.02.01წ. ¹18 ბრძანება შპს «ს.-ის» ნაწილში დაჯარიმების რაიმე სხვა საფუძველს არ უთითებს. ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანება, რომლითაც დადგენილი იყო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მომსახურების ფასების შეთანხმება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ გამოცემაში, მას არ აქვს ნორმატიული ძალა, შესაბამისად არ აქვს სავალდებულო, ნორმატიული ძარა ამ ბრძანების მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტით დადგენილ ფასების შეთანხმების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანების კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტად მიჩნევა, მცდარია კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კასატორის მიერ დარღვეულია აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის «გ» ქვეპუნქტი, შესაბამისად უმართებულოა, 14.06.99წ. ¹206-ო ბრძანებით დადგენილი ფასების შეთანხმების წესის დარღვევით მიღებული შემოსავლის, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხის, «ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 16.02.01წ. ¹18 ბრძანებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.
ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის სავალდებულო გამოქვეყნების წესის დარღვევასთან ერთად კასატორს არც რაიმე სხვა წესით განემარტა ტარიფების შეცვლის წესი. ჯანდაცვის სამინისტროს სტანდზარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის 13.12.2000წ. ¹04/11-250 წერილით კასატორს, საქართველოს პრეზიდენტის 01.10.99წ. ¹564 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულების» 15 მუხლის «გ» ქვეპუნქტზე მითითებით, განემარტა, რომ სალიცენზიო კომისიის ექსპერტები არ ამტკიცებენ სტანდარტების კალკულაციებს, ვინაიდან ყველა სახის ლიცენზირებული სამედიცინო დახმარების გაწევა დასაშვებია იმ შიდა სტანდარტების ფარგლებში, რომელიც შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს და დამტკიცებულია სალიცენზიო კომისიის ექსპერტების მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 04.10.01წ. გადაწყვეტილება სამართლის ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, კოლეგიამ გამოიყენა ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ს 393-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, პალატა შესაძლებლად თვლის სსსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სსსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგ მხარეებს უნდა დაეკისროთ კასატორის _ შპს «ს.-ის» სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლიოს მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 04.10.01წ. გადაწყვეტილებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. შპს «ს.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 16.02.01წ. ¹18 ბრძანება შპს «ს.-ის” ნაწილში.
3. მოპასუხეებს თანაბარწილად გადახდეთ კასატორის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 388 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.