Facebook Twitter

ზიანის ანაზღაურება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-212-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა – ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 157-მა მოქალაქემ და სახელმწიფოსაგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სახით, მოითხოვეს საცხოვრებელი სახლებისა და განადგურებული ქონების ანაზღაურება 4606845 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას შემდეგ ნორმატიულ აქტებზე ამყარებდნენ:

1. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტი, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაევალა წინადადებების შემუშავება-წარდგენა დაზარალებულ მოქალაქეთათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულება, რომლითაც შეიქმნა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება დაევალა. ამ მიზნით თბილისის მერიას დაეკისრა მშენებლობისათვის 5 მილიონი ლარის გამოყოფა, ტენდერის გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი ათვისება. ფინანსთა სამინისტროს კი დაევალა დამატებით სახსრების გამოყოფა მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.

3. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება, რომლითაც თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 8 მილიონი აშშ დოლარი.

4. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება, რომლითაც ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გადაწყვეტილება დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ და პრივატიზებიდან შემოსული თანხები უნდა გადარიცხულიყო დაზარალებულთა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპერსაციისათვის, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი.

5. თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 განკარგულებით, აუქციონის წესით პრივატიზების შემთხვევაში მისაღები კომპენსაციის ანგარიშში დაზარალებულ მოქალაქეებს გადაეცემოდათ არასაცხოვრებელი ფართობები.

სარჩელი არ ცნო თბილისის მერიამ და აღნიშნა, რომ 2001წ. 24 იანვარს თბილისის მთავრობამ მიიღო ¹01.15.12 დადგენილება, რომლის თანახმადაც თბილისის მთავრობამ მთლიანად შეასრულა პრეზიდენტის აქტებით მათზე დაკისრებული მოვალეობა დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის შესახებ და დაზარალებულ მოქალაქეებს ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დაზარალებულებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს მოვალეობაა.

სარჩელი ასევე არ ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც თავი არასათანადო მოპასუხედ მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის, ი. ი-ისა და სხვათა, სულ 157 დაზარალებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას მათ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საერთო ჯამში 4606845 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. Q»საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ^¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს დასკვნები და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით. ქ. თბილისის მერის მიერ გაცემული დეკლარაციების მიხედვით, რომლებიც დაზარალებულთა კომიტეტის მიერაა დადასტურებული, მატერიალური ზარალის საერთო თანხა 250934326 რუსულ რუბლს შეადგენს. ქ. თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილი და საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის მოსარჩელეთა საკომპენსაციო თანხამ შეადგინა 4606845 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურება სასამართლო კოლეგიამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოვალეობად მიიჩნია, რადგან სახელმწიფოს დღემდე შეფასება არ მიუცია 1991-92 წლების თბილისის მოვლენებისთვის.

2. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებისა და 26.07.96წ. ¹180 განკარგულების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებული მოსახლეობისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა სოლიდარულად ეკისრებოდათ თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს. პრეზიდენტის ¹180 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა შეემუშავებინა და პარლამენტის წინაშე წარედგინა წინადადებები 1996წ. განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის დაფინანსების დამატებითი წყაროს გამოძებნის შესახებ, ხოლო 1997წ. ბიუჯეტის პროექტში შეეტანა დანარჩენი თანხის ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხი. ამრიგად, სწორედ ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ფინანსთა სამინისტროს ზარალის ოდენობა და მისი ანაზღაურების მოვალეობა რომ გაცნობიერებული ჰქონდა, კოლეგიის აზრით, ნათლად ჩანს ეკონომიკის, მშენებლობისა და ვაჭრობის მინისტრისადმი ფინანსთა მინისტრის 11.03.02წ. ¹3-02/95/1055 წერილიდანაც.

3. საოლქო სასამართლომ პრეზიდენტის აქტების საფუძველზე მიიჩნია, რომ დაზარალებულთა მატერიალური ზიანის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა, ხოლო საცხოვრებელი ბინების მშენებლობისათვის დაფინანსება თბილისის მერიას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებაზე, რომლითაც თბილისის მერიას დაევალა საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებიდან შემოსული თანხების გამოყენება დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი, ამ ბრძანებულების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო ¹17.05.377 დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა კომისია და სწორედ ამ კომისიის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო თითოეულ მოქალაქეზე გასაცემი კონკრეტული თანხა. საოლქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიამ შეასრულა ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების ნაწილში, კერძოდ, ააშენა 20 საცხოვრებელი სახლი საერთო 46200 კვ.მ. ფართით, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსული თანხებით მოსახლეობას აუნაზღაურა 1034622 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 2002წ. ბიუჯეტში გაითვალისწინა დანარჩენი 560 ათასი ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის მერია და ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში. მერიის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულება, რომლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება, მერიის ვალდებულებას კი შეადგენდა მხოლოდ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში. რაც შეეხება პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებას, ამით მერიას ეკისრებოდა დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის მხოლოდ ნაწილობრივი კომპენსაცია არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან. მერია აღნიშნავს, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს, კერძოდ, ააშენეს, აღადგინეს და ექსპლუატაციაში ჩააბარეს 20 საცხოვრებელი სახლი 46200 კვ.მ. საერთო ფართით, რომლის ხარჯებმაც შეადგინა 1034622 ლარი. დანარჩენი მატერიალური ზარალი კი უნდა აანაზღაუროს ფინანსთა სამინისტრომ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე ასაჩივრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ითხოვს მის გაუქმებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ეკონომიკის, მშენებლობისა და ვაჭრობის მინისტრისადმი ფინანსთა მინისტრის 2002წ. 11 მარტის ¹ 13.02/95/1055 წერილი, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს ზარალის ანაზღაურების ვალდებულება არ უღიარებია. კასატორის განმარტებით, პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების საფუძველზე მათ ევალებოდათ ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციაა და ამდენად, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონებით ასეთი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის საკითხზეც და მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნია, ვინაიდან 1997 წლიდან მათ გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რადგან, მართალია, სახელმწიფომ აღიარა ამ მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი ანაზღაურება ივალდებულა, მაგრამ მას არ უღიარებია ამ ზიანის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენების ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების კანონიერება (სამართლის ნორმების სწორად გამოყენება-განმარტება) შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ცნობებისა და თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილების დანართის საფუძველზე, მოსარჩელეები, 157 ფიზიკური პირი სააპელაციო პალატის მიერ ცნობილ იქნა დაზარალებულ პირებად, რომელთა ზარალის ოდენობამაც დავის გადაწყვეტისას სულ შეადგინა 4606845 აშშ დოლარი, რაც არც თბილისის მერიას და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია სადავოდ გახადოს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო, საკასაციო საჩივრის შესაბამისად (ფარგლებში) იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელეთა სასარგებლოდ 4606845 აშშ დოლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების შესახებ;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა სასარგებლოდ 4606845 აშშ დოლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების უკანონობის შესახებ, რადგან «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, ასევე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: «ქ. თბილისში 1991წ. დეკემბერ _ 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსალეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. მართალია, თბილისის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში მაგრამ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებულთა სასარგებლოდ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად 4606845 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე;

3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან, მართალია მოსარჩელეებს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგათ და სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე 2000 წელს აღძრეს, მაგრამ რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8მლნ. აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ დაზარალებულთა სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა;

4. საკასაციო პალატა თუმცა არსებითად არ იზიარებს საკასაციო საჩივრებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უსწოროდ გამოყენების ნაწილში პალატა ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ დაზარალებულთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღნიშნული ნორმის მითითება უმართებულოა, რადგან სახელმწიფოს მიერ უკანონო მოქმედებით მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ იზიარებს თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების (ბრძანებულება-განკარგულება, სამოქალაქო კოდექსი) მართებული გამოყენება _ განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება კანონის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.