Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ/ად-215-კ-01 13 თებერვალი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 23 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. შ-ავამ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელის თანახმად მოსარჩელე იყო შპს «ა.-დ.» დამფუძნებელი, საწარმოს საწესდებო კაპიტალის 72,5% წილის მფლობელი პარტნიორი.

შპს «ა.-დ.» 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმით მოსარჩელე გაირიცხა საწარმოს პარტნიორობიდან. აღნიშნულის გამო, დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა ცვლილებები.

მოსარჩელის განმარტებით, შელახული უფლებების აღსადგენად მიმართა დიდუბის რაიონის სასამართლოს, რომელმაც 1999 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით თ. შ-ავას უარი უთხრა ზემოთ აღნიშნული ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით აღდგა მოსარჩელის უფლებები, ბათილად იქნა ცნობილი შპს «ა.-დ.» 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმი და გაუქმდა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილება.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილებით და იმავე წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიადგა მძიმე მატერიალური ზარალი, კერძოდ, იგი, როგორც გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე პარტნიორი, ვერანაირ მონაწილეობას ვერ იღებდა საწარმოს საქმიანობაში. ყოველივე ამან გამოიწვია საქმიანობის შეწყვეტა, რის გამოც დიდი ზარალი მიადგათ მოსარჩელესა და თავად საწარმოს.

თ. შ-ავას განმარტებით, ზარალის არსებობა და ოდენობა დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით, რომლის თანახმად საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 503674 ლარი.

სარჩელში თ. შ-ავამ ითხოვა, რომ მის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის სახით მოპასუხეს დაკისრებოდა 503674 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი _ 15000 ლარი, სულ _ 518674 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა პირდაპირი და მიზეზობრივი კავშირი დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებასა და შპს «ა.-დ.» მატერიალური ზიანის მიყენებას შორის.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. შ-ავას მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივარში თ. შ-ავა მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი, დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, არასწორად განმარტა «მეწარმეთა შესახებ» კანონის რიგი მუხლები და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, არ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 50-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის ის მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი, 46-ე მუხლის მე-9, მე-10 პუნქტები და 57-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, სადაც საუბარია მიზეზობრივი კავშირის არარსებობაზე დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის.

საკასაციო საჩივარში კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო და საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორის წარმომადგენელმა ც. ც-იანმა შეამცირა სარჩელი და ითხოვა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდა 277918 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს თ. შ-ავას მიუღებელი დივიდენდებისა და ხელფასის ოდენობას. კასატორის მოთხოვნა, ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 15000 ლარის _ მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

რადგან საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორის წარმომადგენელმა შეამცირა სარჩელი და ითხოვა მიუღებელი დივიდენდებისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 277918 ლარის დაკისრება, ამიტომ საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს მხოლოდ ამ ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და განჩინების გამომტან სასამართლოს არ დაუდგენია, დიდუბის რაიონის სასამართლომ (მოსამართლემ) 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანისას განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია თუ არა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებასა და მოსარჩელის მიერ საწარმოს მოგებიდან გასანაწილებელ დივიდენდების, აგრეთვე, ხელფასის მიუღებლობას შორის.

«მეწარმეთა შესახებ» კანონის 50-ე მუხლის თანახმად საწარმოს პარტნიორებს აქვთ წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება მოგების ჩათვლით და ზარალის გამოკლებით, თუ კანონით ან საზოგადოების წესდებით ანდა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დაშვებულია ამ თანხის განაწილება პარტნიორებს შორის.

საქმის მასალებიდან არ დასტურდება და ვერც კასატორმა დაამტკიცა, რომ გასულ წლებში, სანამ მას გარიცხავდნენ შპს «ა.-დ.» პარტნიორობიდან, საწარმოს მოგებიდან მიიღო თუ არა დივიდენდები და რა ოდენობით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ საწარმოდან პარტნიორებზე დივიდენდები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების საქმიანობა მომგებიანია.

ვინაიდან, თავად კასატორის განმარტებიდან ირკვევა, რომ იმ წლებში, როდესაც იგი ჩამოცილებული იყო საწარმოს, შპს «ა.-დ.» საქმიანობა მომგებიანი არ ყოფილა, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის თხოვნა გაუცემელი დივიდენდების თაობაზე. გარდა ამისა, დივიდენდებისა და ხელფასის მიუღებლობისათვის მოსარჩელეს პრეტენზია უნდა წაეყენებინა არა ფინანსთა სამინისტროსათვის, არამედ შპს «ა.-დ.» იმდროინდელი ადმინისტრაციისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილშიც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2001, #1, samoq., gv. 44-50.