Facebook Twitter

3გ/ად-216-კ-01 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობა და მაღაზიის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ. ხაშურში, ..., მისი დეიდის _ ნ. კ-ძის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი და მიწის ნაკვეთი. 31.11.97წ. დაიდო აღნიშნულ სახლზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სახლის ადრინდელ მეპატრონეს ხაშურის რკინიგზის მუშათა მომარაგების განყოფილებისათვის მიუცია მის კუთვნილ ეზოში ხის სავაჭრო ფარდულის აშენების თანხმობა, რისთვისაც უხდიდნენ ქირას _ 50 რუსული რუბლის ოდენობით. შემდეგში აღნიშნული სახლი მოქმედი კანონმდებლობის დაცვით იყიდა მოსარჩელის დეიდამ, ხოლო ფიცრული ნაგებობა ანუ ¹... მაღაზია დარჩა მისი ეზოს ტერიტორიაზე. დეიდის გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან აღნიშნული სახლი და ეზო ანდერძით დარჩა მოსარჩელეს, ნ. ტ-ძემ მიმართა სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის მისაღებად, მაგრამ ვერ მოიპოვა საამისოდ საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, ტექინვენტარიზაციის ბიუროში უარი უთხრეს ცნობების მიცემაზე და განუმარტეს, რომ მის ეზოში არსებული, ხის ნაგებობა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს გაუსხვისებია მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს მიერ უკანონოდ დადებული გარიგების ბათილად ცნობა და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ფარდულის აღება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილებით ნ. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 14.11.85წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რკინიგზის მუშაკთა მომარაგების ხაშურის განყოფილების მოთხოვნა და მათ ნება დაერთოთ, განეთავსებინათ მაღაზია-პავილიონი სადავო ნაკვეთში. 1997 წლის მაისში ბ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა რკინიგზის მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილების ბალანსზე აღრიცხული მაღაზია-პავილიონის აღება იმ მოტივით, რომ ფარდული ჩადგმული იყო უკანონოდ მის კუთვნილ საკარმიდამო ეზოს მიწის ნაკვეთში. ხაშურის რაიონის სასამართლოს 18.06.97წ. გადაწყვეტილებით ბ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილებას დაევალა მაღაზიის აღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 23.09.97წ. განჩინებით ხაშურის რაიონის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ხაშურის რაიონის სასამართლოს 08.12.97წ. განჩინებით ბ. ბ-იას სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად. ნ. ტ-ძის სარჩელის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ 31.10.97წ. ბ. ბ-იამ ქ. ხაშურში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი მიყიდა ნ. კ-ძეს – მოსარჩელის დეიდას. იმავე 31.10.97წ. ნ. კ-ძემ სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით მისი კუთვნილი ქონება დაუტოვა მოსარჩელეს. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის პირვანდელ მესაკუთრეს _ ე. ჩ-ძეს 1985 წლიდან მფლობელობაში არ ჰქონია. ¹... მაღაზია მიწის ნაკვეთთან ერთად 7 ჯერ იყო გატანილი აუქციონზე. საბოლოოდ 15.08.2000წ. გამართულ აუქციონზე გაიმარჯვა ჯ. ღ-ძემ, რის საფუძველზეც სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და ჟ. ღ-ძეს შორის 07.09.2000წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სასამართლოს აზრით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა დადებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, აპელანტის დეიდის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთიდან სადავო ფარდულის აღება და ჟ. ღ-ძის სახელზე მიწის კადასტრის რეგისტრაციის გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.09.01წ. გადაწყვეტილებით ნ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსა და ჟ. ღ-ძეს შორის 07.09.2000წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის ნასყიდობის ნაწილში მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით; ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე 04.09.2000წ. საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი ჟ. ღ-ძის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ; გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აგრეთვე ნ. ტ-ძის მოთხოვნა ჟ. ღ-ძის საკუთრებად აღრიცხული მაღაზიის აღების შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 31.10.97წ. ნ. კ-ძესა და ბ. ბ-იას შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. კიკნაძემ იყიდა ქ. ხაშურში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი, ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და შესაბამისად რეგისტრირებულია ხაშურის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. 31.10.97წ. ანდერძით ნ. კ-ძემ საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი უანდერძა ნ. ტ-ძეს. საქმეზე წარმოდგენილი ხაშურის რაიონის ტექინვენტარიზაციის 10.10.98წ. ¹196 და 12.09.2000წ. ¹52 ცნობებით დადგენილია, რომ ქ. ხაშურში, ... მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი აღრიცხულია ნ. კ-ძის სახელზე, რომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეადგენს 816 კვ.მ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 14.11.85წ. ¹486 გადაწყვეტილებით რკინიგზის მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილებას ნება დაერთო ჩაედგა «ს.-ის» ტიპის მაღაზია-პავილიონი ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით _ ჩიხი, დასავლეთით _ მოქალაქე ლ-შვილის ეზო, სამხრეთით _ მ-ძის ქუჩა, ჩრდილოეთით _ ჩ-ძის ეზო. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 02.12.98წ. 1-3/743 ბრძანებით ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე მდებარე მაღაზია ¹... შეტანილი იქნა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში. სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს 16.08.2000წ. ¹103 ბრძანების საფუძველზე აუქციონზე გატანილი იქნა ¹... მაღაზია მიწის ფართობთან ერთად. 07.09.2000წ. გაფორმდა ¹... მაღაზიის ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და ჟ. ღ-ძეს შორის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ჟ. ღ-ძეს გადასცა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, რადგან მის საკუთრებაზე პრეტენზიას ნ. ტ-ძე აცხადებდა. პალატამ აღნიშნა, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტ-რირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწის სარგებლობის ადმინისტარციული საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამავე კანონის 1 მუხ. «ვ” ქვეპუნქტით მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთია ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სათანადო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ჟ. ღ-ძეს წარმოეშობა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ნ. ტ-ძეს (აწ გარდაცვილი ნ. კ-ძის ანდერძისმიერ მემკვიდრეს), როგორც ქ. ხაშურში, ... მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლის 2/5-ის მესაკუთრეს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ სახლზე მიმაგრებული 816 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ¹... მაღაზიის აღება, რომელსაც არ გააჩნია ფუნდამენტი, ე.ი. არ არის მიწასთან მყარად დამაგრებული ნაგებობა ანუ არ წარმოადგენს უძრავ ნივთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ტ-ძის მოთხოვნები კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატის 26.09.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. ღ-ძემ და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონულმა სამმართველომ, კასატორებმა მოითხოვეს მისი გაუქმება, ნ. ტ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი _ ს.ქ.მ. სამმართველო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აღმასკომის 14.11.856წ. ¹486 გადაწყვეტილებით ზუსტად იქნა გამიჯნული ე.წ. «ს.-ის" ტიპის მაღაზია-პავილიონის მიწის ნაკვეთის ფარგლები, რისი უფლებაც აღმასკომს ჰქონდა ვინაიდან მიწა იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე უზენაესი სასამართლოს 23.09.97წ. განჩინება, რომელიც იგნორირებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. 31.10.97წ. ... მდებარე სახლის 2/5 ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ სახლის 2/5 ნაწილი განლაგებულია 1653 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, ანუ ნ. ტ-ძის კუთვნილი ფართი არ არის გამიჯნული. ხაშურის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროს 10.10.98წ. ¹196 და 12.09.2000წ. ¹52 ცნობები ეწინააღმდეგება 31.10.97წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამდენად, ნ. ტ-ძეს არ მოუპოვებია საკუთრება სადავო მიწის ნაკვეთზე. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ¹... მაღაზია მოძრავ ქონებას წარმოადგენს, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების წერილისა და ესკიზური ნახაზის თანახმად, მაღაზიას გააჩნია ფუნდამენტი, იგი მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და წარმოადგენს მის არსებით შემადგენელ ნაწილს.

ჟ. ღ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ჩ-ძეს მიწის ნაკვეთი საბჭოთა ხელისუფლების დროს ჰქონდა დროებით სარგებლობაში, რის გამო ხაშურის რაიაღმასკომის გადაწყვეტილებაში გამიჯნულია პავილიონის განთავსების საზღვრები და არ არის მითითება მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ტ-ძის კუთვნილი ფართი დღესაც არ არის გამიჯნული, სასამართლო დაეყრდნო ტექბიუროს ცნობას იმის შესახებ, რომ ნ. ტ-ძის ფართი 816 კვ.მ. შეადგენს. სსკ-ს 183.1 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებისათვის სანოტარო ხელშეკრულების გარდა ქონება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში, 816 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენა არც ნოტარიულად ყოფილა დამოწმებული და არც საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული. ამდენად, ნ. ტ-ძეს არ გააჩნია დასაბუთებული პრეტენზია პრივატიზებულ ნაკვეთზე. მაღაზია წარმოადგენს სადავო ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, მისი გამოცალკავება გამოიწვევს მისი კონსტრუქციის დაშლას, მაღაზია მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მისი მოცილება ნაკვეთიდან გამოიწვევს მისი დანიშნულების შეცვლას. შესყიდული ობიექტი 16 წლის განმავლობაში უძრავად დგას სადავო მიწის ნაკვეთზე, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კასატორი კეთილსინდისიერ მფლობელად უნდა ჩაითვალოს.

საქმის საკასაციო პალატაში განხილვისას ს.ქ.მ სამმართველოს წარმომადგენელმა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და აღნიშნა, რომ ¹... მაღაზია გაიყიდა მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებით, აუქციონის წესით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კასატორმა ჟ. ღ-ძემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე დაათვალიერა საპრივატიზებო ობიექტი, შემდგომში რაიმე გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით გაესაუბრა ნ. ტ-ძეს, უკანასკნელს რაიმე პრეტენზია შესასყიდი ობიექტის მიმართ არ გამოუთქვამს, რის შემდეგ გადაწყვიტა ¹... მაღაზიის შესყიდვა. საქმეში მოპასუხედ ჩართულმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს, ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება, ნ. ტ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. ნ. ტ-ძემ საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო პალატის 26.09.01წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ხაშურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 14.11.85წ. ¹486 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა/კ რკინიგზის მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილების 21.10.85წ. ¹810 მომართვა, განყოფილებას ნება დაერთო ჩაედგა მაღაზია-პავილიონი ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით _ ჩიხი, დასავლეთით _ მოქ. ლ-შვილის ეზო, სამხრეთით _ ... ქუჩა, ჩრდილოეთით _ ჩ-ძის ეზო. პალატა თვლის, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებით მაღაზიის განთავსების საზღვრების დადგენა თავისთავად გულისხმობს ობიექტის განთავსებას ჩ-ძის საკარმიდამო ნაკვეთში, ვინაიდან პავილიონის ნებისმიერ სხვა ადგილას განთავსებით ირღვევა აღმასკომის აქტით დადგენილი საზღვრები. ამასთანავე, საკარმიდამო ნაკვეთის მოსარგებლეს _ ე. ჩ-ძეს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს საკარმიდამო ნაკვეთში ობიექტის ჩადგმაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯიხურში მომუშავე მუშაკი ყოვლთვიურად უხდიდა ქირის სახით ე. ჩ-ძეს 50 მანეთს, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე. ე. ჩ-ძისათვის ქირის გადახდის შემთხვევაშიც აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან იმ დროისათვის მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. ამასთანავე, სახელმწიფო, როგორც იმ დროისათვის მიწის ერთადერთი მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო განეკარგა ნაკვეთი, აღნიშნულზე მიუთითებს აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.97წ. ¹330 განჩინება, მით უფრო, რომ ე. ჩ-ძე კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ოდენობაზე მეტ ნაკვეთს ფლობდა. ამდენად, მაღაზია-პავილიონის საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებით სახლთმფლობელს შეუწყდა ნაგებობით დაკავებული მიწის ფართით სარგებლობის უფლება. სსკ-ის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სსკ-ის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად. ვინაიდან სადავო ნაკვეთი არ იმყოფებოდა ე. ჩ-ძის, აგრეთვე მისი მემკვიდრის _ ბ. ბ-იას სარგებლობაში, შესაბამისად, მისგან სახლთმფლობელობის შემძენს ნ. კ-ძეს, მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს ნ. ტ-ძეს არ შეუძენიათ სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რკინიგზის მუშაკთა მომარაგების განყოფილების ბალანსზე რიცხული ¹... მაღაზია, ამჟამად ჟ. ღ-ძის საკუთრებაში არსებული ნაგებობა არ წარმოადგენს უძრავ ნივთს. ნაგებობა მისი აშენების დღიდან 16 წლის განმავლობაში უცვლელად განლაგებულია სადავო მიწის ნაკვეთზე, მისი დაშლა და სხვა ადგილას გადატანა გამოიწვევს ობიექტის ღირებულებასთან შედარებით არათანაზომიერად დიდ ხარჯებს. უმართებულოა ნ. ტ-ძის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღმასკომის გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდში ობიექტი წარმოადგენდა მოძრავ ნაგებობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 23.09.97წ. გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხაშურის რაიონის აღმასკომის 14.11.85წ. გადაწყვეტილების და მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილების 05.12.85წ. ¹398 წერილის საფუძველზე ხაშურის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების მიერ შედგენილ იქნა პავილიონის დამონტაჟების პროექტი, რის მიხედვითაც განხორციელდა მშენებლობა. ნაგებობის მიერ დაკავებული ფართის და კონსტრუქციის მიხედვით ობიექტის დამონტაჟება მოხდა წინასწარ გამზადებულ წერტილოვან ფუნდამენტზე, შენობა მყარად არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან და წარმოადგენს მის არსებით შემადგენელ ნაწილს. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის ორგანოებთან შეთანხმებით. სააუქციონო კომისიის 15.08.2000წ. ¹9/1 ოქმით, სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს 16.08.2000წ. ¹103 ბრძანებით დასტურდება, რომ ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე რკინიგზის ყოფილი მუშათა მომარაგების ხაშურის განყოფილების ბალანსზე რიცხული ¹... მაღაზია რეალიზებულ იქნა იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არის დამაგრებული. ს.ქ.მ. სამმართველოს და მოქ. ჟ. ღ-ძეს შორის 07.09.2000წ. დადებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტით ობიექტის გასაყიდი ღირებულება _ 707 (591 _ შენობის ღირებულების, 116 _ შენობაზე მიმაგრებული მიწის ფართის ღირებულება) აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში გადახდილ იქნა აუქციონში გამარჯვებულ ჟ. ღ-ძის მიერ. ს.ქ.მ. სამმართველოს 22.08.2000წ. ¹03-306 წერილიდან მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს სახელზე დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში 79,6 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის რეგისტრაციისას აუქციონში გამარჯვებულ ჟ. ღ-ძეს გადახდილი ჰქონდა მიწის ფართის ღირებულება _ 116 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე (07.09.2000წ.) სამი დღით ადრე (04.09.2000წ.) საჯარო რეესტრში ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაცია ვერ იქნება ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულების, მიწის ნაკვეთის შესყიდვის ნაწილში, საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი. ვინაიდან ჟ. ღ-ძემ მიწის ნაკვეთი ობიექტის პრივატიზების გზით და არა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებით შეიძინა, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" 28.10.98წ. კანონის 3.1. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს კერძო საკუთრების უფლების მინიჭებას იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეს, კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის ადმინისტრაციული საბუთით აქვთ გამოყოფილი. შესაბამისად, უსაფუძვლოა აგრეთვე აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის «ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის მიჩნევა ჟ. ღ-ძისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პირობად.

პალატა შეუძლებლად თვლის აგრეთვე ნ. ტ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებას საქმეში დაცული ხაშურის რაიონის 10.10.98წ. ¹196, 12.09.2000წ. ¹52 ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ქ. ხაშურში, ... მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილი, 816 კვ.მ. აღრიცხულია ნ. კ-ძის სახელზე. აღნიშნული ცნობები ეწინააღმდეგება 31.10.97წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1653კვ.მ. საერთო სარგებლობაში იმყოფება და არ არის გამიჯნული. ამასთანავე, ხაშურის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 07.11.01წ. ¹63 და 09.11.01წ. ¹64 წერილების მიხედვით ცნობები გაიცა 1985 წლამდე ჩატარებული ტექინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე, ე.ი. საკარმიდამო ნაკვეთში მაღაზია-პავილიონის განთავსებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ს.ქ.მ. სამმართველომ ჟ. ღ-ძეს გადასცა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი. ნ. ტ-ძის მიერ პრეტენზიის გაცხადება თავისთავად არ ადასტურებს უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთის გადაცემას, პრივატიზებული ობიექტი არ არის დატვირთული მესამე პირის სანივთო ან ვალდებულებითი უფლებებით, ამდენად, იგი უფლებრივად უნაკლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჟ. ღ-ძისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.09.01წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. ნ. ტ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.