Facebook Twitter

ნაგებობის აღება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-216-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სავაჭრო ჯიხურის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

1991წ. 19 სექტემბრის ვაკის რაიონის პრეფექტის ¹22/403 განკარგულებით მოსარჩელე რ. გ-ემ .... I ჩიხში, შინაგანი ჯარის მთავარი სამმართველოს დისლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგა სავაჭრო ჯიხური, რომელიც აღებული უნდა ყოფილიყო პრეფექტურის პირველი მოთხოვნისთანავე. 1996წ. 7 ოქტომბერს საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის გ. შ-ის მოთხოვნის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვითა ჯიხურის ფუნქციონირება. ვაკის რაიონის გამგეობის 1998წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით რ. გ-ეს გაუგრძელდა ჯიხურის კომერციული საქმიანობის ვადა ერთი წლით და შესაბამისად, 1998წ. 10 ივლისს დაიდო ... I ჩიხში, პროფკავშირების მიმდებარე მიწის ნაკვეთის 1 წლის ვადით ქირავნობის ხელშეკრულება ¹2410.

1999წ. 5 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. გ-ემ, მოპასუხე საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სავაჭრო ჯიხურის ფუნქციონირების უკანონო აკრძალვის გამო მიყენებული ზიანის სახით 7000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა, თბილისში .... I ჩიხში განთავსებული, შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შენობაზე მიშენებული და ამ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის აღების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტ რ. გ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ეს დაევალა საქართველოს შსს სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამართველოს დისლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ჯიხურის აღება, ხოლო აპელანტს უარი ეთქვა შინაგანი ჯარების სამმართველოს მიერ მის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და დასახელებული მტკიცებულება, რომელიც სწორედ მოპასუხის მიერ მორალური ან მატერიალური ზიანის უკანონოდ მიყენების ფაქტს დაადასტურებდა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 413-ე მუხლებისა.

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის მიხედვით ..... I ჩიხში განთავსებული, შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შენობაზე მიშენებული და ამ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხური უნდა აეღოთ, რადგან აღნიშნულზე მოპასუხეს შეგებებული სარჩელი წარმოდგენილი არ ჰქონია, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებისა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასჩივრა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ჯიხურის აღებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული სავაჭრო ჯიხური ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით მიშენებულია შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შენობაზე, მის ტერიტორიაზე და შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციას ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

2. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999წ. 10 თებერვლის ¹25 ბრძანებით, აიკრძალა სამხედრო ნაწილებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა.

საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარს არ ცნობს მოწინააღმდეგე მხარე რ.გ-ე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

საქართველოს შს სამინისტროსა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი წესით გამოძახებისა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ საკასაციო საჩივარი მათ გარეშე იქნა განხილული, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1999წ. 5 ივლისს მოწინააღმდეგე მხარე რ. გ-ემ სარჩელი აღძრა კასატორის – შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც .... I ჩიხში მდებარე მისი სავაჭრო ჯიხურის ფუნქციონირების უკანონოდ აკრძალვის გამო სამმართველოსაგან მოითხოვა 7000 ლარის ზიანის ანაზღაურება. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა კასატორმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით, რომელშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან ერთად სავაჭრო ჯიხურის აღებაზეც მიუთითა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ეს უარი ეთქვა 7000 ლარის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და დაკმაყოფილდა მოპასუხეთა მოთხოვნა შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შენობაზე მიშენებული და სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის აღების შესახებ, რაც რ. გ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მართებულად გაუქმდა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივს ჯიხურის აღების გაუქმების ნაწილში და საკასაციო საჩივარს ვერ დაეთანხმება, რადგან საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2002წ. 16 მაისის სხდომაზე კასატორის – შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ჩ-ემ და შსს წარმომადგენელმა გაწერელიამ აღიარეს, რომ სავაჭრო ჯიხურის აღება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-3 და 188-189-ე მუხლების შესაბამისად, შეგებებული სარჩელის წარდგენით არ მოუთხოვიათ, არამედ აღნიშნულ მოთხოვნას მოიცავდა მხოლოდ შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შეპასუხება. ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ სავაჭრო ჯიხურის აღების შესახებ და რაიონულმა სასამართლომ ისე დააკმაყოფილა იგი, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რადგან აღნიშნული ნორმა იმპერატიულად მიუთითებს: «სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა». რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნული ნორმის იგნორირებითა და სარჩელის დისპოზიციურობის პრინციპის უგულებელყოფით, შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს ისე დაუკმაყოფილა ჯიხურის აღების მოთხოვნა, რომ ამგვარი მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მხარეს არ დაუყენებია. ამიტომ საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარს და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებას, რადგან მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. რაც შეეხება შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს დისლოკაციის ადგილზე მდებარე რ.გ-ის სადავო ჯიხურის აღებას, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ ჯიხურის აღების მოთხოვნა მას შეუძლია სარჩელის შეტანით დააყენოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.