Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-218-კ-01 20 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ხარაგაულის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

კულტურის სახლის დანგრევის გამო, ხარაგაულის რაიონის კულტურის განყოფილება შეასახლეს სამუსიკო სკოლის სარდაფში, სადაც არ არსებობდა კულტმასობრივი ღონისძიებების ჩატარების პირობები. მოცემულ ვითარებაში რაიონის გამგეობას თხოვნით მიმართა კულტურის სახლის ხელმძღვანელობამ რაიკოოპკავშირის ბალანსზე არსებული ავეჯი სახლის სარაიონო კულტურის განყოფილებაზე იჯარით გადაცემის შესახებ, რის საფუძველზეც ხარაგაულის რაიონის გამგეობასა და რაიკავშირს შორის 1994 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც 10 წლის ვადით, ავეჯის სახლი გადაეცა (ეთხოვა) კულტურის განყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ რაიკავშირის გამგეობას ავეჯის სახლის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ გადაეცა საკრებულოს დაქვემდებარების კომუნალური მეურნეობის საწარმოო კომბინატის ბალანსზე რიცხული ¹1 გასტრონომი 191 კვ.მ. ფართით იმ პირობით, რომ რაიკავშირი არ გადაიხდიდა აღნიშნული შენობის ქირას და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ფართობი უსასყიდლოდ გადაეცემოდა მას საკუთრებაში.

1997 წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრებაზე, ბიუჯეტისადმი მათი დავალიანების ჩასათვლელად, დაისვა საკითხი ავეჯის სახლის რაიონის კულტურის განყოფილებისათვის საბაზრო ფასით გადაცემის თაობაზე, რასაც ემყარება ხარაგაულის რაიონის გამგეობის 1997 წლის 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილება, რომლითაც რაიონის გამგეობამ, რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტისადმი რაიკავშირის დავალიანების გაქვითვის მიზნით, ხარაგაულის კულტურის განყოფილებას შეუძინა ხარაგაულის რაიკავშირის ბალანსზე არესებული "ავეჯის სახლი " საბაზრო ფასის 30000 ლარის ღირებულებით.

2001 წლის 23 მარტს ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციამ წერილით მიმართა რაიონის გამგეობას, რომლითაც ეჭვქვეშ დადგა რაიონის გამგეობის 1997 წლის 29 დეკემბრის ¹16/100 დადგენილების იმ ნაწილის სისწორე, რომელიც ეხებოდა რაიკოოპკავშირის ადგილობრივი ბიუჯეტისადმი დავალიანების ოდენობას. აღნიშნული წერილის საფუძველზე ხარაგაულის რაიონის გამგეობამ 2001 წლის 28 მარტს მიიღო ¹11/31 სადავო დადგენილება 1997 წლის 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ ცვლილება შევიდა გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა "ავეჯის სახლის" ფასს _ 30000 ლარს და იგი შემცირდა მის საბალანსო ღირებულებამდე _ 8462 ლარამდე.

2001 წლის 23 აპრილს ხარაგაულის რაიონის რაიკოოპერატივის გამგეობამ სარჩელით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 28 მარტის ¹11/31 დადგენილების გაუქმება. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააკონკრეტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების ბათილად ცნობა და ავეჯის სახლის შეძენის თაობაზე გამგეობასა და მათ შორის ზეპირი გარიგების დადებულად ცნობა _ 1997 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით შეთანხმებული ფასის - 30000 ლარის შესაბამისად.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხარაგაულის გამგეობის 2001 წლის 28 მარტის ¹11/31 დადგენილება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ ხარაგაულის რაიონის გამგეობასა და მოსარჩელე _ ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის დადებულად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული გარიგება «ავეჯის სახლის" შეძენის შესახებ 30000 ლარად, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის გამგეობამ.

2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ხარაგაულის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი საფუძვლით:

1. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა აპელანტის მოსაზრება, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივს 1997 წლის ბოლოსათვის ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა არა 30000 ლარი, არამედ 7023 ლარი, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი დოკუმენტები დამადასტურებლად იმისა, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივს სწორედ 30000 ლარი ჰქონდა დავალიანება: ხარაგაულის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 20 მარტის ¹4-გ-2001 პასუხი ხარაგაულის რაიონის გამგებლისადმი; ხარაგაულის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარისა და საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ შედგენილი დასკვნა; კონტროლის პალატის ბიუროს 2001 წლის 12 იანვრის დასკვნა და 15 იანვრის დადგენილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტის დადასტურებაზე, რომ 1997 წელს ხარაგაულის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტი შესრულდა სწორედ ავეჯის სახლის ღირებულების 30000 ლარის გათვალისწინებით;

2. სააპელაციო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივარი რადგან აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე შეაფასა საგადასახადო ინსპექციამ რაიკოოპერატივის კუთვნილი ქონება 8748 ლარად;

3. ქუთაისის საოლქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა აგრეთვე ის გარემოება, რომ 1997 წლის 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხი ხარაგაულის რაიონის გამგეობის მიერ არც გეგმაში, არც დღის წესრიგში არ ყოფილა შეტანილი და არც სხდომის საჯაროობა ყოფილა დაცული. დადგენილებაში მითითებული არ არის იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო სადაო ცვლილების შეტანას, რითაც უხეშად დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 53-ე მუხლის მოთხოვნები.

2001 წლის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, შემდეგი საფუძვლით:

1. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც გამოტანილი იქნა არასწორი გადაწყვეტილება;

2. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა არასწორი და არასათანადო გამოკვლევით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, უსაფუძვლოა კოლეგიის მოსაზრება, თითქოს ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება ადასტურებდეს მოსარჩელის დავალიანებას სწორედ 30000 ლარის ოდენობით. რაიონის პროკურორის პასუხზე განჩინების დამყარებაც უსაფუძვლოა, ვინაიდან ხარაგაულის რაიკოოპერატივის საგადასახადო დავალიენება, ამ დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია 25909 ლარით. ამდენად, მისი გაზიარება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პროკურორის ინფორმაციაში საუბარია საერთო დავალიანებაზე 1997 წლის ბოლოსათვის. სასამართლოს მიერ ასევე უსწოროდ იქნა გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 53-ე, 54-ე და მე-60-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის მე-6, 112-ე და 240-ე მუხლი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო ურთიერთობა არ უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის 183-323-321-ე მუხლებით განსაზღვრული წესით დარეგულირებული, ვინაიდან სახეზეა ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

ხარაგაულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარზე შეპასუხება შემოიტანა ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობამ, რომელიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივარს და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც რაიონის რაიკოოპერატივის გამგეობას სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 1000 ლარი და მოითხოვა მოცემული თანხის გადასახადისაგან გათავისუფლება.

მესამე პირის _ ხარაგაულის რაიონის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1997 წლიდან გადაეცათ სადავო ქონება _ ხარაგაულის რაიკოპერატივის ავეჯის სახლი, რომელიც 1998 წლიდან მათ ბალანსზეა, ხოლო გადაცემული ავეჯის სახლის სანაცვლოდ რაიკოოპერატივს ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა იმ პერიოდისათვის რიცხული დავალიანება _ 30000 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხარაგაულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ოქტომბის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. «ხარაგაულის რაიონის კულტურის განყოფილებისა და რაიკავშირს შორის, აგრეთვე რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტისადმი რაიკავშირის დავალიანების ურთიერთანგარიშსწორების წესით ჩათვლის შესახებ" ხარაგაულის რაიონის გამგეობის 1997 წლის 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებით ხარაგაულის რაიონის კულტურის განყოფილებას მიეყიდა ხარაგაულის რაიკავშირის ავეჯის სახლი, რითაც რაიკავშირს გადახდილად ჩაეთვალა რაიონის საბიუჯეტო დავალიანება 30000 ლარის ოდენობით. ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 28 მარტის სადავო ¹11/31 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი ¹16/100 გადაწყვეტილებაში, დადგინდა, რომ რაიკავშირიდან კულტურის განყოფილებაზე ავეჯის სახლის გადაცემა მომხდარიყო იმ დროისათვის ავეჯის სახლის საბალანსო ღირებულებით _ 8462 ლარით და შესაბამისად, რაიკავშირს 1997 წლის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლოდა 8462 ლარი, ნაცვლად 30000 ლარისა. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, ხარაგაულის რაიონის გამგეობასა და ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა საგადასახადო ურთიერთობიდან გამომდინარეა და ავეჯის სახლის კულტურის რაიგანყოფილებისათვის გადაცემა იმ პერიოდისათვის ხარაგაულის რაიკავშირის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვას ისახავდა მიზნად, რასაც მხარეებიც ადასტურებენ, მაგრამ ავეჯის სახლის გადაცემის მომენტისათვის ხარაგულის რაიკავშირის საბიუჯეტო დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებია წარმოდგენილი. სახელდობრ, რაიკავშირის გამგეობისა და ხარაგაულის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ერთობლივი დასკვნის მიხედვით, 1997 წლისათვის ხარაგულის რაიკავშირს გააჩნდა სულ 30000 ლარის საბიუჯეტო დავალიენება _ 16000 ლარის ქონების გადასახადის და 14000 სხვა გადასახადის სახით; ხარაგაულის რაიონის პროკურორის 2001 წლის 20 მარტის ¹4-გ-2001 წერილით, სადავო პერიოდისათვის რაიკავშირის სისტემის საბიუჯეტო დავალიანება შეადგენდა 25909 ლარს; ხოლო ხარაგაულის რაიონის საგადასახდო ინსპექციის უფროსის ¹01/116 წერილით რაიკავშირის საბიუჯეტო დავალიენება, ნაცვლად 30000 ლარისა, შეადგენდა 1138 ლარს, მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტის დავალიენება 296 ლარს. რაიონის გამგეობის 1997 წლის ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და სადავო ¹11/31 დადგენილების მიღებაც სწორედ საგადასახადო ინსპექციის უფროსის ამ უკანასკნელი ¹01/116 წერილის საფუძველზე მოხდა. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველი დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ავეჯის სახლის გადაცემის მომენტისათვის, 1997 წლისათვის რაიკავშირზე რიცხული საბიუჯეტო დავალიენების ზუსტი ოდენობის დადგენას. რადგან საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე, ასევე გადასახადების გამოანგარიშების სისწორესა და სისრულეზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე, 264-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოთა კომპეტენციაა, საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს უნდა ემსჯელა განსახილველ დავაში ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ჩართვაზე;

2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და დავის საგანი _ ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 28 მარტის ¹11/31 დადგენილება ბათილად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტის საფუძველზე. კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და 53-ე მუხლების დარღვევით მიღების გამო, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარაგაულის რაიონის გამგეობის სადავო ¹11/31 დადგენილებაც და ¹16/100 გადაწყვეტილებაც ეხება ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობის მიერ ხარაგაულის კულტურის რაიგანყოფილებისათვის ავეჯის სახლის მიყიდვას, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ" პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივად ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რაც იგივე სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებაა, მხოლოდ გარიგების კონტრაჰენტები ან ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო. რადგან ხარაგაულის რაიონის გამგეობის სადავო ¹11/31 დადგენილებაც სწორედ ადმინისტრაციულ გარიგებასთან, ავეჯის სახლის გადაცემასთანაა (ნასყიდობა) დაკავშირებული, საკასაციო პალატის აზრით, იგი იურიდიულად ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს ნების წერილობით ცალმხრივი გამოხატულებაა გარიგების პირობების (ფასის) შეცვლაზე. პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ გარიგებებში ადმინისტრირებას ვერ განახორციელებს და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ვერ გამოსცემს გარიგების მონაწილე მეორე მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გარიგებებში (კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში) სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტური, ხოლო კერძო-სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობები დაფუძნებულია არა ადმინისტრირების, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან ნებაყოფლობით პარტნიორობის პრინციპებზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ, საქმის ხელახალი არსებითი განხილვისას ¹11/31 დადგენილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე კი არ უნდა იმსჯელოს, არამედ, როგორც გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს _ ხარაგაულის რაიონის გამგეობის მიერ გარიგების უკვე შეთანხმებული არსებითი პირობის _ ავეჯის სახლის ფასის ცალმხრივად შეცვლის მართლზომიერებაზე და მთლიანად ამ გარიგების კანონშესაბამისობაზე, როგორც სამოქალაქო, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმების ნაწილში, მიაჩნია, რომ საქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ამ ეტაპზე შეუძლებელია საკასაციო პალატის მიერ საქმის გადაწყვეტა, ამიტომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხარაგაულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.