დავალიანების გადახდა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-219-კ-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 15 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს «თ. ღ.» შორის დაიდო ხელშეკრულება 3წ. ვადით, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიციამ აიღო შპს «თ. ღ.» მიერ შეთავაზებული ობიექტის, .... გამზ. ¹111-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაცვის ვალდებულება, ხოლო შპს «თ. ღ.» იკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. ვინაიდან შპს «თეთრ ღამეს» ეროვნული ბანკისგან არ მიუღია სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფაქტობრივად არ უმუშავია და არც დაცვის პოლიციას განუხორციელებია მისი დაცვა. ამიტომ შპს «თ. ღ.» განმარტებით, 1999წ. ნოემბერში პოლიციის სამმართველოს გაეგზავნა წერილი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, მაგრამ წერილი რეგისტრაციაში არ იქნა გატარებული და ხელშეკრულება არ გაუქმებულა.
დაცვის პოლიციის სამმართველოს განმარტებით, მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულეს, ვალუტის გადამცვლელი იბიექტი (ჯიხური) ჩართული იქნა ოპერატიული სამსახურის დაცვის პულტზე სათანადო კოდით, ხელშეკრულების გაუქმებისა და რაიმე პრეტენზიების შესახებ შპს «თ. ღ.» მათთვის არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2001წ. 22 მაისს დაცვის პოლიციის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს «თ. ღ.» ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რაც მათი გაანგარიშებით შეადგენს 1530 ლარს. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს «თ. ღ.» დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 1530 ლარის სრულად გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ. ღ.».
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება შპს «თ. ღ.» მიმართ დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ 1530 ლარის დავალიანების დაკისრების შესახებ საოლქო სასამართლომ უცვლელი დატოვა შემდეგი მოტივით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 1999წ. 15 აგვისტოს 3წ. ვადით დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველომ იკისრა განსაზღვრული ობიექტის დაცვა, ხოლო შპს «თ. ღ.» _ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რითაც მხარეთა შორის წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაცვის პოლიციის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა.
საოლქო სასამართლოს განჩინება შპს «თ. ღ.» საკასაციო წესით გაასაჩივრა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება:
კასატორის განმარტებით, მასსა და დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პოლიციის სამმართველოს დაევალა ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე დაცვის განხორციელება, რაც პრაქტიკულად არ განხორციელებულა, რადგან ვალუტის გადამცვლელი ჯიხური არ მუშაობდა. კანონის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ განახორციელებს კომერციულ საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის გარეშე, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაუცემლობის მიზეზად, სხვა მიზეზთა შორის დასახელებულ იქნა სწორედ დაცვის მექანიზმის არასრულყოფილება. შპს «თ. ღ.» არაერთხელ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, მაგრამ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.
მოწინააღმდეგე მხარის _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «თ. ღ.» საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს, რომ 1999წ. 15 აგვისტოს კასატორ შპს «თ. ღ.» და მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოს, დიდუბის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებას შორის დაიდო ორმხრივი ადმინისტრაციული გარიგება .... გამზ. ¹111-ში მდებარე ობიექტის (ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის) დაცვაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარემ _ დაცვის პოლიციის განყოფილებამ იკისრა ობიექტის დაცვა, ხოლო კასატორმა აიღო შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის, სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოიშვა ვალდებულებითი (სახელშეკრულებო) სამართალურთიერთობა.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება დაცვის პოლიციის სამმართველოს მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება, საქმეში ასევე წარმოდგენილია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს (იმჟამად განყოფილება) არაერთი მიმართვა-წერილი შპს «თეთრი ღამის» დირექტორისადმი ობიექტის დაცვის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, რადგან კასატორს შპს _ «თ. ღ.» ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შემოუტანია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულებები წარმოუდგენია. კასატორის არგუმენტს დაცვის ღირებულების იმ მოტივით აუნაზღაურებლობაზე, რომ ლიცენზიის არქონის გამო ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს არ უმუშავია და თითქოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზირებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ჯიხურის დაცვის გაუმართაობა წარმოადგენდა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს, რადგან კასატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.
კასატორის მოტივს, რომ მათ ხელშეკრულების დადებისთანავე არაერთგზის მიმართეს პოლიციის სამმართველოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არც ამგვარი შინაარსის მტკიცებულება (წერილი-მიმართვა) მოიპოვება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შპს «თ. ღ.» მიმართვა დიდუბის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებისადმი, 1999წ. ოქტომბრით დათარიღებული, რომელიც კონტრაჰენტს არ ჩაბარებია და ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ კასატორის განცხადება დაცვის პოლიციას დადგენილი წესით მხოლოდ 2000წ. 28 ივნისს ჩაბარდა. ამიტომ ადმინისტრაციული გარიგების დადებისთანავე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე მიმართვის შესახებ კასატორის არგუმენტს, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ 1999წ. 15 აგვისტოდან 2000წ. ივნისის ჩათვლით მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და რადგან სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია საკუთრების დაცვის პოლიციის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაცვის ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება, სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების შემსრულებელი მხარის _ საკუთრების დაცვის პოლიციის მოთხოვნა კასატორისადმი დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე, (რომლის ოდენობაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია) კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა, სსკ-ს 410-ე მუხლის შესაბამისად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს შპს «თ. ღ.» საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და პალატამ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებითა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «თ. ღ.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.