Facebook Twitter

3გ-ად-220-კ-01 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემით, უკანონო მსჯავრდებით, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

უ. ა-ირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომელშიც აღნიშნა, რომ 30-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. შ. ო-ი ცხოვრობდა და საქმიანობდა ქ. ბათუმში. ა. ი. ო-ი იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 58-6 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ იქნა ჯაშუშობისათვის, 1938 წ. შინსაკომთან არსებული სამეულის დადგენილებით მას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. განაჩენი 26.11.38წ. სისრულეში იქნა მოყვანილი. ა ი. ო-ის კმაყოფაზე ჰყავდა მეუღლე და 5 შვილი, მისმა მემკვიდრეებმა თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდეს ერთ-ერთ მემკვიდრეს _ უ. ა-ირს. ვიანიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 16.01.89წ. ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა ა. ი. ო-ის რეაბილიტაცია, მოსარჩელემ სსკ-ს 1005-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს ერთჯერადი ანაზღაურება. მოსარჩელემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ყოფილი ... ქუჩაის ¹7 და ¹9-ში მდებარე შენობები ა. ი. ო-ის საკუთრებაში იმყოფებოდნენ, აღნიშნული ქონება მოუვლელობის მოტივით მას ჩამოერთვა ცაკ-ის 04.03.37წ. დადგენილებით, მოსარჩელემ მოითხოვა მისი გაუქმება და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 1005-ე მუხლის და 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფი პირების სარჩოს ერთჯერადი ანაზღაურების სახით, მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ შს სამინისტროსათვის 100000 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ; საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, 209-ე მუხლებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიისათვის 100000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ა. ი. ო-ის კუთვნილი ქონების მუნიციპალიზაციის წესით ჩამორთმევის შესახებ აჭარის ა/რ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 04.03.37წ. დადგენილების გაუქმება, სსკ-ს 408-ე მუხლის შესაბამისად, 1937 წლის, ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სხვა სამსახურების მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების და/ან ქონების სხვაგვარად განკერძოების დაკომენტების გაუქმება, ქ. ბათუმში, ... ¹7 და ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების ა. ი. ო-ის კანონიერი მემკვიდრეების საკუთრებად ცნობა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა სსკ-ს 409-ე მუხლის საფუძველზე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის და ქ. ბათუმის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 500000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ანაზღაურების გადახდის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა უკანასკნელი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 16.10.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველი დავა ვერ მოწესრიგდება 25.11.97წ. ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსით, ვინაიდან სსკ-ს 1507-ე მუხლის თანახმად კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით. 30-იან წლებში მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით დაწესებულება პასუხს აგებდა თანამდებობის პირის მიერ არასწორი სამსახურებრივი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უკეთუ ამასთან თანამდებობის პირის მოქმედების არამართლზომიერება აღიარებული იყო სასამართლოს ან ადმინისტრციული ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 100000 აშშ დოლარის ოდენობით ერთჯერადი ანაზღაურების სახით აჭარის ა/რ შს სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 100000 აშშ დოლარის ერთობლივ დაკისრებაზე. კოლეგიამ უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია ა. ი. ო-ის უძრავი ქონების ჩამორთმევის გამო 500000 აშშ დოლარის აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიასათვის დაკისრება, კოლეგიამ მიუთითა, რომ ა. ი. ო-ის ქონება ჩაემოერთვა მუნიციპალიზაციის გზით, მოუვლელობის მოტივით 04.03.37წ. დადგენილებით, ა. ი. ო-ი დახვრიტეს 26.11.38წ., წელიწადსა და რვა თვის შემდეგ. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასახელა დაპატიმრების ზუსტი თარიღი, სასამართლომ მიიჩნია, რომ თვით მესაკუთრეს თავის დროზე არ გამოუთქვამს რაიმე პროტესტი. ამასთანავე, კოლეგიამ აღნიშნა, რომ ა. ი. ო-ის ჰქონდა მიმოწერა ოჯახთან თურქეთში, ოჯახის წევრებმა იცოდნენ მისი უძრავი ქონების შესახებ. 2001 წლის 24 აგვისტომდე მათ არ დაუსვამთ საკითხი კომპეტენტურ ორგანოებში ქონების დაბრუნებაზე. ქონება ჩამორთმეულია მოუვლელობის და არა პოლიტიკური მოტივით, გაცდენილია სარჩელის ხანდაზმულობის ვადები.

აჭარის ა/რ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 16.10.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 1999წ. მარტში, სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, რის გამო სასამართლოს, კასატორის აზრით, უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი სსკ-ს 1005-ე და 1006-ე მუხლებით. კასატორი არ ეთანხმება კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ხანდაზმული, აღნიშნულის შესახებ მოტივაცია გადაწყვეტილებაში მოყვანილი არ არის. კასატორი თვლის, რომ კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სამართლის ნორმები (სსსკ-ს 393-ე «ა», «გ»), შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს (სსსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი). კასატორი სსსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საკასაციო პრტენზიის სახით უთითებს, რომ დაუშვებლია დადგენილ გარემოებად იმის მიჩნევა, რომ 1937წ. არ გამოთქმულა პროტესტი ქონების ჩამორთმევაზე, პრეტენზიის გამოთქმა შეუძლებელი იყო დაპატიმრებული ადამიანისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 16.10.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სსსკ-ს 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

საქმის განხილვისას კასატორის _ უ. ა-ირის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები პროცესზე არ გამოცხადნენ, პალატამ ს.ა.ს.კ.261 მუხლის საფუძველზე, მათ დაუსწრებლად განიხილა საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და კასატორის წარმომადგენლების ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. პალატამ დადაგენილად მიიჩნია ის, რომ ა. ი. ო-ის ჰქონდა მიმოწერა ოჯახთან თურქეთში, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ მისი უძრავი ქონების შესახებ. ამ მიმართებით დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წამოყენებულა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2001 წლამდე მათ არ დაუსვიათ საკითხი კომპეტენტურ ორგანოებში ქონების დაბრუნებაზე. მაშასადამე მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან გასულია 60 წელზე მეტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა მუნიციპალიზაციის აქტის გაუქმების, ქონების დაბრუნების ან მისი ღირებულების კომპენსაციის, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის და ბათუმის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 500000 აშშ დოლარის ფულადი ანაზღაურების გადახდის დაკისრების, აგრეთვე საკუთერების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 100000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კასატორს გაცდენილი აქვს ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადები. ქონების ჩამორთმევის დროისათვის მოქმედი 1923წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა მოუვლელობის მიზეზით ქალაქად საცხოვრებელი შენობის უსასყიდლო მუნიციპალიზაციას (კოდექსის 69-ე მუხლის შენიშვნა). ამავე კოდექსის მე-2 მუხლი ადგენდა, რომ «დავა სამოქალაქო უფლების შესახებ გადაწყდება სასამართლოს წესით. უარის თქმა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე ბათილია”. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, «უფლება სარჩელზე ისპობა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლისას". დარღვეული უფლების აღსადგენას სასამართლოსათვის მიმართვის სამწლიანი ვადა გათვალისწინებული იყო აგრეთვე 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლითაც, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ არც დაზარალებულს, არც მის მემკვიდრეებს კანონით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში სადავო ქონების დაბრუნებაზე სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სარჩელის შეტანამდე ამოიწურა, რის შედეგადაც მოსარჩელეს მოესპო უფლების დაცვისა და უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, ისინი იმ ურთიერთობებს აწესრიგებენ, რომლებიც მისი მიღების, გამოცემის და ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ წარმოიშვა. ამდენად, მართებულია ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სსკ-ს 1507-ე მუხლის თანახმად, სსკ ვრცელდება მხოლოს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების, ანუ 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ წარმოიშვა. სადავო ურთიერთობები სსკ-ს ძალაში შესვლამდე წარმოიშვა, სსკ-ს ძალაში შევსლის შემდეგ არ მომხდარა ამ ურთიერთობების მოდიფიცირება, ახალი უფლება-მოვალეობების წარმოშობა. პალატა ყურდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობის თანხამად ა. ი. ო-ი, რომელიც საქართველოს სსრ შინსაკომთან არსებული სამეულის 1938წ. დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-6 (ჯაშუშობა) მუხლის საფუძველზე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, რეაბილიტირებულ იქნა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 16.01.89წ. ბრძანებულების 1 პუნქტის თანახმად. არც აღნიშნული ბრძანებით და არც ,,20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ” სსრკ-ს პრეზიდენტის ბრანებულებით არ განსაზღვრულა რეპრესიების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღდგენის წესი, აღინიშნა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოების წინადადების შეტანის საჭიროება. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი ულებების აღდგების წესის ცალკე კანონით განსაზღვრაზე საუბრობს აგრეთვე «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. ამდენად, პალატა მართებულად თვლის, ზიანის ანაზღაურების საკითხების გადაწყევტას იმ პერიოდის კანონდმებლობით, რომლის დროსაც წარმოშობილია სადავო ურთიერთობები. იმჟამად მოქმედი 1923წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, «დაწესებულება პასუხს აგებს თანამდებობის პირის არასწორი სამსახურეობრივი მოქმედებით მიყენებული მავნებლობისათვის მხოლოდ კანონით ცალკე აღნიშნულ შემთხვევაში, უკეთუ ამასთანავე თანამდებობის პირის მოქმედების არასისწორეს ცნობს სათანადო სასამართლო ან საადმინისტრაციო ორგანო. დაწესებულება განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, უკეთუ დაზარალებულმა თავის დროზე არ გაასაჩივრა არასწორი მოქმედება”. ამრიგად, მოცემული ნორმა არ ითვალისწინებდა მიყენებული ზიანისათვის მატერიალურ ანაზღაურებას, ამასთან დაწესებულების პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა მხოლოდ კანონოთ ცალკე აღნიშულ შემთხვევებში, ზიანის მიყენების სასამართლო წესით დადასტურების შემდეგ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას აჭარის ა/რ შს სამინისტროსათვის 100000 აშშ დოლარის ოდენობით ერთჯერადი ანაზღაურების დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე, ამჟამად მოქმედი სსკ-ს 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალდებოდა. ვინაიდან დაზარალებულის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფმა შვილებმა სრულწლოვანების ასაკს 50-იან წლებში მიაღწიეს, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აგრეთვე სსკ-ს 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს ერთჯერადი ანაზღაურების მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასმართლოს საქმეთა პალატის 16.10.01წ. გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს ადგილი არ აქვს, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიატრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. ა-ირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 16.10.01წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.