Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-220-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: სიღნაღის ¹13 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 ივნისს თ. ბ-შვილმა, ბ. ხ-შვილმა, დ. ნ-შვილმა, ზ. ჩ-შვილმა, გ. ჯ-შვილმა და თ. პ-შვილმა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე სიღნაღის ¹13 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და ითხოვეს სიღნაღის ¹13 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის ¹10 განკარგულების ბათილად ცნობა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადავო განკარგულების გამოცემით სიღნაღის ¹13 საოლქო საარჩევნო კომისიამ უხეშად დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე, 29-ე, 48-ე მუხლები, რაც გამოიხატა შემდეგში:

საოლქო საარჩევნო კომისიამ ქ. სიღნაღის საკრებულოს ორ საარჩევნო სუბიექტს _ შ. ჩ-შვილს და მ. მ-შვილს, აგრეთვე, ქვემო მაჩხაანის საკრებულოს ერთ სუბიექტს – გ. ჭ-შვილს აღნიშნული განკარგულებით აღუდგინა დახურული საარჩევნო ფონდის ჩაბარების ვადა იმ მოტივით, რომ მათი საარჩევნო ფონდის დახურვის საბუთები 2002წ. 10 ივნისს დილის 11 საათზე ჩაბარებული ჰქონდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც განმარტა, რომ დახურული ანგარიშები შეინახა საქაღალდეში, წავიდა თბილისში და მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს, 18 საათსა და 20 წუთზე, წარუდგინა საარჩევნო კომისიას, რომელმაც თავისი განკარგულებით საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე გაატარა რეგისტრაციაში. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ 48-ე მუხლის შესაბამისად საარჩევნო ფონდის დახურვის წესი მოწესრიგებული იყო საბანკო ანგარიშის დახურვით ბანკში და საარჩევნო კომისიაში მისი დროული წარდგენით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უკანონო განკარგულებით საარჩევნო კომისიამ მიითვისა კანონის იმპერატიული მოთხოვნა და გააგრძელა ვადა ანგარიშების ჩაბარებით.

შეუძლებელი იყო კომისიას წინასწარ განესაზღვრა მოცემული უპრეცედენტო ფაქტი და მოეწვია 2002წ. 10 ივნისს 18 საათსა და 20 წუთზე საარჩევნო კომისიის სხდომა, რის გამოც, საარჩევნო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად თვით კომისიის სხდომის ჩატარება იყო უკანონო.

კომისიის თავმჯდომარის მიერ მოხმობილი მოტივით არ დასტურდებოდა, რომ ანგარიშები ჩაბარდა თავის დროზე. ვინაიდან შემოსული მასალები არ იყო რეგისტრაციაში გატარებული, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა მის მოადგილეს. კომისიის თავმჯდომარის არყოფნას არ შეეძლო, დაებრკოლებინა კომისიის საქმიანობა და საარჩევნო სუბიქეტების უფლებების განხორციელება.

შეუძლებელი იყო სიღნაღის აგრომრეწვბანკს დილის 11 საათზე გაეუქმებინა სამი ანგარიში, რადგან მათი სამუშაო დღე იწყებოდა 10 საათიდან, ანგარიშის დახურვა კი დაკავშირებული იყო გარკვეულ პროცედურასთან.

არსებითი წინააღმდეგობა არსებობდა სარეგისტრაციო წიგნსა და კომისიის სხდომის ოქმს შორის. სარეგისტრაციო წიგნის მიხედვით იგი დაიხურა 18 საათზე. სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერში მოხსენებული არ იყვნენ გ. ჭ-შვილი, შ. ჩ-შვილი, და მ.Lმ-შვილი. კომისიის სხდომის ოქმში მოხსენებული არ იყვნენ თ. ბ-შვილი, კ. ხ-ძე და ბ. ხ-შვილი, ხოლო მიმართვაში მოხსენებული არ არის, აგრეთვე, მ-შვილი.

მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ გ. ჭ-შვილის, შ. ჩ-შვილისა და მ. მ-შვილის საარჩევნო ფონდები საერთოდ არ დახურულა მერვე დღეს, ე.ი. 10 ივნისს, რის გამოც ითხოვდნენ ამის დამადასატურებელი მტკიცებულებების გამოთხოვას სიღნაღის აგრომრეწვბანკიდან

თბილისის საოლქო სასამართლოში საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: შ. ჩ-შვილი, მ. მ-შვილი და გ. ჭ-შვილი

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს, მაგრამ დააკონკრეტეს სარჩელის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, თავდაპირველი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-19 პუნქტზე, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელის დაკონკრეტების შემდეგ მის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველ და მე-20 პუნქტებზე.

მოპასუხე სიღნაღის ¹13 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. სიღნაღის საკრებულოს ორ საარჩევნო სუბიექტს შ. ჩ-შვილსა და მ. მ-შვილს, აგრეთვე, ქვემო მაჩხაანის საკრებულოს ერთ სუბიექტს, გ. ჭ-შვილს, არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის წარდგენის ვადა არ დაურღვევიათ, მათ მიერ ანგარიშები და ანგარიშების დახურვის შესახებ ბანკიდან წარმოდგენილი მასალები საოლქო კომისიაში წარმოდგენილ იქნა 10 ივნისს 11 საათზე. აღნიშნული მასალები კომისიის თავმჯდომარემ შეინახა სეიფში, ხოლო შემდეგ, მისი თბილისში (ცსკოში) გამოძახების გამო, მასალები სარეგისტრაციოდ ვერ გადასცა კომისიის მდივანს. თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მოწმეთა თანდასწრებით კომისიის თავმჯდომარემ გახსნა სეიფი, რაზედაც შედგა სათანადო აქტი და 18 საათსა და 20 წუთზე გატარდა სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც დაფიქსირდა რეგისტრაციის დრო. მოპასუხემ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ კანონის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეების სარჩელი დასაშვები არ იყო, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით მათ უშუალო და პირდაპირი ზიანი არ მისდგომიათ.

მესამე პირებმა – შ. ჩ-შვილმა, მ. მ-შვილმა და გ. ჭ-შვილმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მიერ ბანკში ანგარიშების დახურვა მოხდა 10 ივნისს 11 საათზე, რის შემდეგაც მასალები წარუდგინეს კომისიის თავმჯდომარეს; მათთვის ცნობილი არ იყო, კომისიის თავმჯდომარემ როდის გაატარა რეგისტრაციაში; აღნიშნულის შესახებ მათ გაიგეს თ. ბ-შვილისაგან, რომელმაც უთხრა, რომ მათი ანგარიშების დახურვის საბუთები რეგისტრირებული არ იყო და ვადა გაუშვეს; მესამე პირებმა მიიჩნიეს, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათ ანგარიშები დროულად წარუდგინეს საოლქო კომისიას, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარდგენილ ანგარიშებზე კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციითა და დროის მითითებით, ასევე ბანკის მიერ გაცემული ცნობით და ა-ის სიღნაღის ფილიალის კომპიუტერული მონაცემებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 17 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, მოსარჩელეებმა: ბ. ხ-შვილმა, ზ. ჩ-შვილმა და თ. პ-შვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მაინც შეიტანეს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, დასაშვებად მიიჩნია იგი და მიიღო წარმოებაში.

კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სარჩელში მოთხოვნა დასაბუთებული იყო საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მეოცე პუნქტის საფუძველზე. მხოლოდ ერთმა მოსარჩელემ, თ. ბ-შვილმა, შეცვალა სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი 77-ე მუხლის პირველი პუნქტით, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და სასამართლოსაც არ უნდა მიეღო. მართალია, თავდაპირველად სარჩელში საფუძვლად მითითებული იყო 77-ე მუხლის მე-19 პუნქტზე, მაგრამ ეს იყო ტექნიკური უზუსტობა კანონის ცვლილების გამო. არსებითად სარჩელში მითითებული იყო საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მეექვსე პუნქტი.

კასატორთა განცხადებით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლომ გამოაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება იყო საბოლოო, თუ რატომ, კასატორებისათვის ეს ფაქტი გაუგებრად დარჩა, რადგან 77-ე მუხლის მეოცე პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოს გადაწყეტილება საჩივრდება სამი დღის ვადაში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ არ გაარკვია ისეთი გარემოებანი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. კერძოდ, დაკითხა მოწმედ ბანკის მმართველი, რომელიც თავად იყო ანგარიშების ყალბად გაუქმების ორგანიზატორი. კასატორთა შუამდგომლობები კი, ბანკის სპეციალისტის მოწვევაზე და ს-იდან 10 ივნისის კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვაზე, საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მიიღო ცალმხირივი არაობიექტური გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. მ-შვილმა, შ. ჩ-შვილმა და გ. ჭ-შვილმა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშები წარადგინეს 2002წ. 10 ივნისს 11 საათზე, რაც დადასტურებულია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით. აგრეთვე, დადგენილია, რომ 2002წ. 10 ივნისის აქტით, რომელსაც ხელს აწერს თორმეტი ფიზიკური პირი დადასტურებულია, რომ საკრებულოს წევრებმა: შ. ჩ-შვილმა, მ. მ-შვილმა, აგრეთვე, სიღნაღის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა მ. გ-ძემ კატეგორიულად მოითხოვეს საარჩევნო კამპანიის ფონდში გამოყენებული სახსრების ანგარიშების რეგისტრაცია, რის გამოც მოწმეთა თანდასწრებით გაიხსნა სეიფი და გაღებულ იქნა ოთხი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშები, რომელთაც ჰქონდათ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციები და 18 საათსა და 20 წუთზე ისინი გატარდნენ სარეგისტრაციო წიგნში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელეთა განცხადება, აგრომრეწვბანკის სიღნაღის ფილიალიდან გაცემული ცნობებისა და კომპიუტერული მონაცემების შესახებ, რომლითაც დასტურდება 2002წ. 10 ივნისს 11 საათზე საარჩევნო კამპანიის ფონდების ანგარიშების დახურვის სიყალბის ფაქტი, რადგანაც სასამართლოში არ იქნა წარდგენილი აღნიშნული მტკიცებულებების სიყალბის დამადასტურებელი დოკუმენტი. თავად აგრომრეწვბანკის სიღნაღის ფილიალის მმართველმა სასამართლო კოლეგიას სასამართლო სხდომაზე წარუდგინა ფილიალში განხორციელებული საბანკო მომსახურების (მათ შორის _ ანგარიშების დახურვის) სარეგისტრაციო წიგნი, რის შემდეგაც სასამართლო კოლეგიამ მართებულად გაიზიარა ბანკის მიერ გაცემული მონაცემები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან არ არის კასატორთა მიერ წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვა კენჭისყრის დღიდან მე-8 დღეს კი არ უნდა მომხდარიყო საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, არამედ ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 20 დღეში.

რაც შეეხება კასატორთა განმარტებას, რომ სასამართლო კოლეგიამ სარეზოლუციო ნაწილით არ მისცა მოსარჩელეებს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება, საკასაციო სასამართლო იზიარებს, მაგრამ ამავე დროს განმარტავს, რომ, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ დასაშვებად ჩათვალა საკასაციო საჩივარი, ამით მოსარჩელეების უფლება არ დარღვეულა, ხოლო სასამართლო კოლეგიის მიერ დაშვებული საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც ამ საპროცესო დარღვევის მიუხედავად მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ხ-შვილის, ზ. ჩ-შვილისა და თ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.