Facebook Twitter

3გ/ად-222-კ-01 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კომერციული ბანკი «საქართველოს» სასარგებლოდ 942761 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

კომერციულ ბანკ «ს.-სა» და კომერციულ ბანკ «ნ.-ს» შორის 1992 წლის 18 სექტემბერს დაიდო ¹9 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ/ბ «ნ.-ს» სამი თვის ვადით, 1992 წლის 25 დეკემბრამდე, მიეცა კრედიტი 500 000 000 მანეთის ოდენობით, წლიური 40 % დარიცხვით. ამასთან, კ/ბ «ნ.-ი» გარანტიას იძლეოდა, რომ 1993 წლის 13 იანვრამდე კ/ბ «ს.-ს» სესხის პროცენტის გარდა, 68 000 000 მანეთს ჩაურიცხავდა მოსკოვში, «მ.-ის» საკორესპოდენტო ანგარიშზე. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კ/ბ «ნ.-ი» ვალდებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით გადაეხადა საკრედიტო თანხის 3%, ხოლო ვადის 10 დღით გადაცილების შემთხვევაში, კ/ბ «ნ.-ის» ყველა უძრავ-მოძრავი ქონება, საწესდებო კაპიტალი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრედიტები და კაპიტალდაბანდებები გადადიოდა კ/ბ «ს.-ს» მფლობელობაში. იმავე 1992 წლის 18 სექტემბერს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კ/ბ «ნ.-ის» მთელი ქონება გირავნობის უფლებით გადადიოდა კ/ბ «ს.-ს» მფლობელობაში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, 1992 წლის 18 სექტემბრისათვის, «ნ.-ის» ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდვის შემთხვევაში ჩაითვლებოდა ბათილად. კ/ბ «ნ.-ის» გამგეობის 1992 წლის 18 სექტემბრის ¹ 03/7წერილის საფუძველზე, კ/ბ «ს.-მ» კრედიტად გაცემული თანხა გადარიცხა ქ.ალმა-ატაში, ფირმა «ა.-ის» ანგარიშზე.

კრედიტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კ/ბ «ს.-მ» 1993 წლის 30 მარტს დახმარებისათვის მიმართა შს სამინისტროს, ხოლო შემდეგ პარლამენტსა და სხვა ორგანოებს. შს სამინისტროს მიერ 1994 წლის 24 აგვისტოს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹7494209 კ/ბ «ნ.-ის» ხელმძღვანელის თ. ბ-შვილისა და ბანკის დამფუძნებელ შპს მრავალდარგოვან ფირმა «რ.-ს» ხელმძღვანელ ა. გ-იანის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. კ/ბ «ს.-» ცნობილი იქნა დაზარალებულად შს სამინისტროს 1996 წლის 27 სექტემბრის ცნობის თანახმად და მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, გადაეცა 30 810,50 ლარი, ხოლო 1996 წლის 20 მარტის წერილის მიხედვით, სათანადო ღონისძიებები ტარდებოდა კ/ბ «ნ.-ის» მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაფართვის მიზნით, ბანკის 4 ცალი ვერტმფრენის ამოღებაზე, რომლის რეალიზაციის შემდეგ, კ/ბ «ს.-საც» უნდა ანაზღაურებოდა კ/ბ «ნ.-ის» მიერ მიყენებული ზარალი.

კ/ბ «ს.-ს» დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ბ. უ-ძემ 1999 წლის 25 იანვარს სარჩელით, ხოლო იმავე წლის 17 აგვისტოს დამატებითი სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროსა და მესამე პირის - კ/ბ «ნ.-ის» დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის ა. გ-იანის მიმართ «ნ.-იდან” ამოღებული თანხის – 475 050 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის აზრით, სამინისტრომ 1996 წლის 27 სექტემბრის წერილით თავის თავზე აიღო კ/ბ «ს.-ს» მიმართ კ/ბ «ნ.-ის» არსებული დავალიანება და ნაწილობრივ ზარალიც აუნაზღაურა 30 810,50 ლარის ოდენობით, რადგან მან შეძლო კ/ბ «ნ.-იდან» 475050 აშშ დოლარის ზარალის ამოღება. კერძოდ, სამინისტრომ ბრალდებულთა ნათესავისაგან, ა. ვ-იასაგან მიიღო 175 000 აშშ დოლარი; გერმანიიდან ასევე გადმოირიცხა 125 000 აშშ დოლარი; ა. გ-იანის მეუღლისაგან მ. ხ-ძისგან ამოიღეს 5 835 ცალი, 175 050 აშშ დოლარის ღირებულების საპრივატიზებო ბარათი. თანხების ამოღების შემდეგ, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 1996 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, ა. გ-იანისა და თ. ბ-შვილის ნათესავების მიერ შემოტანილი თანხები ჩაითვალა მათ მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მიმართულ ღონისძიებად და მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე. ამოღებული 475 050 აშშ დოლარიდან კ/ბ «ს.-ს» აუნაზაურდა მხოლოდ 30 810,50 ლარი, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, კ/ბ «ს.-ო» კ/ბ «ნ.-ისაგან» დაზარალებულია 845 222,22 ლარით, რაც საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინებით, შეადგენს 942 761 ლარს, რომლის ანაზღაურებასაც კ/ბ “ს.-ო” თხოვს შს სამინისტროს.

მოპასუხე – საქართველოს შს სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და 1999 წლის 1 ოქტომბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ბანკისათვის ზედმეტად ანაზღაურებული თანხის – 10 135,50 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. სამინისტროს განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ინფლაციის პროცენტს, რის გამოც ინფლაცია გავლენას ვერ მოახდენს საკრედიტო დავალიანების მოცულობაზე. ხელშეკრულებაში კრედიტი დაფიქსირებულია მხოლოდ რუსულ რუბლში, რაც წარმოადგენდა ერთადერთ საგადასახადო საშუალებას საქართველოში, ვიდრე რუსული რუბლი არ შეცვალა კუპონმა, ხოლო ეს უკანასკნელი ლარმა. ხელშეკრულებით არ არის დაფიქსირებული კრედიტის თანხა რომელიმე მყარ ვალუტაში, რის გამოც კრედიტის დასაფარი თანხის გამოანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო საშუალებებში (რუბლებში, კუპონებში, შემდეგ ლარებში) და ამგვარი დაანგარიშებით კ/ბ «ს.-ს» 1995 წლის 25 სექტემბრისათვის კ/ბ «ნ.-ისგან» ეკუთვნოდა არა 30 810,50 ლარი, არამედ 20 675 ლარი, რაც დაადასტურა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე განმეორებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის მოტივით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა როგორც კ/ბ «ს.-ს», ასევე შს სამინისტროს, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ/ბ “ს.-მ”, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - მოპასუხე შს სამინისტროსათვის 942761 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგი საფუძვლით:

1. საოლქო სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლის საქმე ¹794209 1994 წლის 14 აგვიტოს აღძრული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა მოგების, შემოსავლის, გადასახადის, დასაბეგრი სხვა ობიექტების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვას ან შემცირებას. ამ პერიოდისათვის კ/ბ «ს.-ს» სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და 80-ე მუხლების თანახმად, დარღვეული უფლების სასარჩელო წესით დაცვის ვადა გაშვებული ქონდა. 1994 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობის დატაცების ნაწილში, ბრალდების დაუდასტურებლობის გამო, შეწყვეტილი იქნა, ხოლო 1697 მუხლით უკანონო სავაჭრო საქმიანობისათვის ბრალდება გუჯეჯიანსა და ბეგიაშვილს არ წარედგინათ, რაც გასაჩივრებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ დაასკვნა, რომ კ/ბ «ს.-ს» შესრულების მოთხოვნის უფლება შს სამინისტროს მიმართ არა აქვს, რადგან სამინისტროს ბანკის მიმართ არა აქვს ბოჭვა არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებებით;

2. საოლქო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 ერთობლივ დადგენილებას, რომლის მიხედვით საქართველოში ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა კუპონი. დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, 1993 წლის 3 აგვისტოდან ანგარიშზე რიცხული ნაშთები, ასევე დებიტორ-კრედიტორული დავალიანებები საბჭოთა მანეთიდან კუპონზე გადაიყვანება ერთი ერთზე. საოლქო სასამართლო ასევე დაეყრდნო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშულებად შემოღებულია ეროვნული ვალუტა ლარი. დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, 1 მილიონი კუპონი გადაყვანილი იქნა 1 ლართან შეფარდებით;

3. საოლქო სასამართლოს განმარტებით, კ/ბ «ს.-ს» მოთხოვნა კ/ბ «ნ.-ისადმი» სარჩელის წარდგენის მომენტისათვის – 1999 წლის 25 იანვრისათვის იურიდიულად თუ იქნებოდა ვარგისი, იმის გამო, რომ მის მიერ საგირავნო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება გამოყენებული არ ყოფილა, 1992 წლის კ/ბ «ნ.-თან» დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში კი დათქმა ფულის კურსის შესაძლო ცვლილებების შესახებ არ არის და იგულისხმება, რომ მხარეები თავის თავზე არ იღებდნენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკს, ნომინალიზმის პრინციპიდან გამომდინარე, კ/ბ «ს.-ო» მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის 1993 წლის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 ერთობლივი დადგენილებით და სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363-ე ბრძანების შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა კ/ბ «ნ.-ისაგან» და არა შს სამინისტროსაგან, მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შემდეგი გადაანგარიშებით: 1 მანეთი - 1 კუპონი და მილიონი კუპონი - ერთი ლარი.

საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ/ბ “ს.-მ”. კასატორი არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს შეფასებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე. კასატორის მითითებით, მათ დროულად მიმართეს შს სამინისტროს 1993 წლის 30 მარტს. ამ პერიოდში შეუძლებელი იყო სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა, რადგან თ. ბ-შვილი გაქცეული იყო საქართველოდან, გამოცხადებული იყო მასზე ძებნა, ხოლო ბანკი კი გაკოტრებული იყო, რის გამოც სარჩელში მისი მისამართის მითითება შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 82-ე მუხლზე დაყრდნობით (ძველი რედაქციით) სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამის გამო შეჩერებული უნდა ყოფილიყო.

კასატორის განმარტებით, მათი მოთხოვნა სამინისტროს მიმართ განაპირობა იმან, რომ თ. ბ-შვილმა და ა. გ-იანმა სამინისტროში მიიტანეს მათი კუთვნილი თანხები, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს პატიმრობიდან. სამინისტროს ეს თანხები სახელმწიფო ხაზინაში რომ ჩაერიცხა, მაშინ მოპასუხე იქნებოდა სხვა და არა სამინისტრო.

ბ. უ-ძე საკასაციო სასამართლოსაგანაც ითხოვს სისხლის სამართლის ¹7494209 საქმის გამოთხოვას, რომელიც წინა ინსტანციის სასამართლოებმაც გამოითხოვეს, მაგრამ არ იქნა გადმოგზავნილი. კასატორს უადგილოდ მიაჩნია საოლქო სასამართლოს მიერ სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულებაზე დაყრდნობა, რადგან 500 000 000 მანეთი კრედიტიდან თ. ბ-შვილმა შეიძინა 4 ცალი ვერტმფრენი, რასაც ადასტურებს სამინისტროს 1996 წლის 20 მარტის წერილი და ექსპერტის დასკვნაც. აღნიშნული ქონება უნდა გადასულიყო კ/ბ «ს.-ს» მფლობელობაში. კასატორის მითითებით არ შეიძლება კ/ბ «ნ.-ს» კ/ბ «ს.-სი» ემართოს მხოლოდ 20675 ლარი, რადგან 500 მილიონი მანეთიდან კ/ბ «ნ.-ის» ხელმძღვანელმა ხელზე მიიღო 360000 აშშ დოლარი. და ბოლოს, კასატორის თქმით, სააპელაციო საჩივარში მათ მითითებული ქონდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის უხეში დარღვევისა და სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე, რაზეც საერთოდ არ იმსჯელა სააპელაიცო სასამართლომ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საოლქო სასამართლოში ან შს სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ 942 761 ლარის დაკისრებას.

მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ/ბ «ს.-ს» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს შს სამინისტროსა და ბანკი «ნ.-ის» მიმართ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით აღძვრის თაობაზე და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან კომერციული ბანკი «ს.-სა» და «ნ.-ს» შორის 1992 წლის 18 სექტემბერს ¹9 საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 1992 წლის 25 დეკემბრამდე ვადით. მართალია, 1993 წლის 30 მარტს ბანკი «ს.-ს» გამგეობამ დახმარებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და 1994 წლის 14 აგვისტოს ბანკი «ნ.-ის» ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მოგების, შემოსავლის, გადასახადის, დასაბეგრი სხვა ობიექტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვა–შემცირება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სადაც დაზარალებულად იქნა იგი ცნობილი, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ ბანკ «ს.-ს», როგორც კრედიტორს, თავისი ხელყოფილი უფლებების დაცვა არ მოუხდენია იმჟამად მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით და სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და დაზარალებულად ცნობის მომენტისათვის უკვე გაშვებული ჰქონდა დარღვეული უფლებების სასარჩელო წარმოების წესით დაცვის ვადა. ¹9 საკრედიტო ხელშეკრულების კონტრაჰენტს (მოვალეს) წარმოადგენდა კომერციული ბანკი «ნ.-ი», რომელსაც საბანკო ლიცენზია გამოეთხოვა საკმაოდ მოგვიანებით, 1995 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის ¹7 განკარგულებით, მანამდე ბანკი, როგორც იურიდიული პირი სამართლებრივად არსებობდა და კასატორს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 75-ე მუხლის შესაბამისად, ერთწლიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში შეეძლო და უნდა აღეძრა სარჩელი მოვალე - კომერციული ბანკი «ნ.-ის» და არა მისი ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდნენ და სამართლებრივად არც რაიმე პირადი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ იურიდიული პირის, ბანკი «ნ.-ის» მიერ აღებულ კრედიტორულ ვალდებულებაზე. ამიტომ ბანკი «ნ.-ის» ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შემაჩერებელ გარემოებას, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ბანკი «ნ.-ის» მიმართ, ბანკი «ს.-ს» სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს საკასაციო საჩივარს «ს.-ს» მიმართ მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ და ეთანხმება საოლქო სასამართლოს განჩინებას, რომ სამინისტროს ბანკი «ს.-ს» მიმართ არა აქვს ბოჭვა არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებით. კერძოდ, იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 154-ე მუხლისა და ახალი სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე კომერციულ ბანკ «ს.-ს» და მოპასუხე – საქართველოს შს სამინისტროს შორის ვალდებულების წარმომშობი რაიმე ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, არამედ ასეთი საკრედიტო ხელშეკრულება არსებობდა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხე – კომერციულ ბანკ «ნ.-ს» შორის.K საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 1994 წლის 24 აგვისტოს კომერციული ბანკი «ნ.-ის» ხელმძღვანელების – ა. გ-იანისა და თ. ბ-შვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961 მუხლით – სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით – მოგების (შემოსავლების) ან გადასახადის დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება) _ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე. შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 1996 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით ა. გ-იანისა და თ. ბ-შვილის ქმედება გადაკვალიფიცირდა 1697 მუხლით – უკანონო სავაჭრო საქმიანობა, მათი ნათესავების მიერ შეტანილი თანხები, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს კასატორი - ბანკი «ს.-», ჩაითვალა სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებად და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლით შეწყდა საქმის წარმოება, რაც კომერციული ბანკი «ს.-ს» წარმომადგენლებს არ გაუსაჩივრებიათ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბანკი «ნ.-ის» ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა აღძრული კომერციული ბანკი «ს.-დან» აღებული სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ფაქტზე, ამიტომ უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი ბანკი «ს.-ს» მოთხოვნა სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების (961 მუხლი), მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დამალვა (შემცირების) – (160-ე მუხლი), უკანონო სავაჭრო საქმიანობით (1697 მუხლი) სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად შს სამინისტროს მიერ ბრალდებულთა ნათესავებიდან ამოღებული თანხის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, ვინაიდან კასატორ «ს.-ს» მოპასუხე სამინისტროს მიმართ არ გააჩნია არც დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, არც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-154-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება და შესაბამისად, არც სამინისტროს აქვს კასატორის მიმართ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულება ზემოაღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ბანკი «ს.-ს» საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამარლომ კანონის მართებულად გამოყენებითა და განმარტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და გადწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კომერციული ბანკი «ს.-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.

3. კომერციულ ბანკ «ს.-ს» საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის შემდეგი წესით გადახდა – 70% - 3500 ლარი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, ¹1 ხაზინა, კოდი 59, ანგარიშის ¹000141107; 30% - 1500 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.