Facebook Twitter

¹ 3გ-ად-223-კ-01 7 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: სააღსრულებო ბიუროს აქტის გაუქმება, ქონების გადაცემის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 27 ოქტომბერს შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-მ» სარჩელი აღძრა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სს «გ.-ის», შპს «პ.-ისა» და საგარეჯოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს «გ.-ს» დაეკისრა 39367,24 ლარი.

1999 წლის 12 ოქტომბერს კანონიერ ძალაში შევიდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სს «გ.-ს» შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ვალის _ 134862,67 ლარის გადახდა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წლის 6 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩაბარდა სააღსრულებო ფურცელი და გადაწყვეტილების ასლი.

მოსარჩელის განმარტებით, საგარეჯოს რაიონულ სააღსრულებო ბიუროს 1999 წლის 19 ოქტომბრის წერილით შეიტყო, რომ სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა, ვინაიდან საგარეჯოს რაიონულ სააღსრულებო ბიუროში იგი არ აღმოჩნდა, ხოლო სს «გ.-ის» მთელი ქონება, შენობა-ნაგებობების ჩათვლით, შეფასებული 89400 ლარად, სააღსრულებო ბიუროს 1999 წლის 19 თებერვლის აქტით გადაეცა შპს «პ.-ს», რითაც შეილახა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესები.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საგარეჯოს რაიონულმა სააღსრულებო ბიურომ სადავო ქონება შპს «პ.-ს» გადასცა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 427-ე და 428-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლითაც აკრძალული იყო ძირითადი საშუალებების _ შენობების, ნაგებობების, მოწყობილებებისა და სხვა ქონების _ გადაცემა.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა საგარეჯოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს 1999 წლის 19 თებერვლის აქტის გაუქმება და სადავო ქონების სს «გ.-ისათვის» დაბრუნება.

2000 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ მიცემულ საქმეში მესამე პირად ჩააბა შპს «პ.-ის» მიერ ასპროცენტიანი წილით დაფუძნებული შპს «ნ.-ა».

2000 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საგარეჯოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების: შპს «პ.-ისა» და სს «გ.-ის» მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სს «გ.-ს» შპს «პ.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 53000 აშშ დოლარის გადახდა.

1999 წლის 19 თებერვალს აღმასრულებელმა მ. ქ-ურმა სს «გ.-ის» ქონების შპს «პ.-ისათვის» გადაცემის თაობაზე ქ. საგარეჯოში შეადგინა აქტი.

აღნიშნული აქტის თანახმად საგარეჯოს რაიონის სასამართლომ 1999 წლის 25 იანვარს, ხოლო შემდეგ, იმავე წლის 7 თებერვალს გამოაცხადა საჯარო ვაჭრობა სს «გ.-ის» მთელ ქონებაზე (საწყისი ფასი 109445 ლარი). არც ერთხელ საჯარო ვაჭრობა არ შედგა, რის შემდეგაც შპს «პ.-მ» თხოვნით მიმართა საგარეჯოს რაიონის სასამართლოს სს «გ.-ის» მთელი ქონების მისთვის გადაცემის თაობაზე.

ამის შემდგომ სს «გ.-ის» მთელი ქონება შეფასდა 89400 ლარად და გადაეცა შპს «პ.-ს».

მოსარჩელის განმარტებით, შპს «პ.-ისათვის» სს «გ.-ის» ქონების გადაცემა საგარეჯოს რაიონულმა სააღსრულებო ბიურომ განახორციელა იმ დროს მოქმედი მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების უხეში დარღვევით. კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს უფლება არ ჰქონდა, სააღსრულებო წარმოება დაეწყო საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რითაც დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 354-ე და 356-ე მუხლების მოთხოვნები.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხუთი დღის ვადაში სს «გ.-ისათვის» მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. საგარეჯოს რაიონულმა სააღსრულებო ბიურომ კი აღნიშნული ქონების საჯარო ვაჭრობა გამოაცხადა კანონით დადგენილი წესების უხეში დარღვევით.

მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს უფლება არ ჰქონდა, გადახდევინება მოეხდინა საწარმოს კუთვნილი იმ ქონებიდან, რომელსაც შეადგენდა ძირითადი საშუალებები. სააღსრულებო ბიურომ ამ ქმედებით დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 371-ე, 427-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა სს «გ.-ის» ქონების შპს «პ.-ისათვის» გადაცემის ბათილად ცნობა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის განჩინებით ზემოთ აღნიშნული ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 5 აპრილს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს: შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-სა» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, როგორც არასათანადო მოსარჩელეებს, უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-მა».

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს 1999 წლის 19 თებერვლის აქტი. არ დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ერთობლივი საკასაციო საჩივარი შეიტანეს შპს «პ.-მ» და შპს «ნ.-მ».

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «სააღსრულებო წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის 54-ე მუხლი.

კასატორთა განმარტებით, ამ კანონის გამოყენება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება, ვინაიდან 1999 წლის 19 თებერვლის სადავო აქტის შედგენისას აღნიშნული კანონი არ მოქმედებდა. იგი ძალაში შევიდა 1999 წლის 15 მაისს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კანონდარღვევად ის ფაქტი, რომ სააღსრულებო საქმეში აღმასრულებლის მიერ შედგენილი დოკუმენტები ხელმოუწერელია.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გამორჩა ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ ასლებს, ხოლო ამ დოკუმენტების ყველა დედანი ხელმოწერილია.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შპს სახელმწიფო კომპანია «ს.-ის» სარჩელი.

აღნიშნული საქმის ზეპირი განხილვა არაერთხელ გადაიდო საკასაციო სასამართლოში მხარეთა და მესამე პირთა გამოუცხადებლობის გამო.

საბოლოოდ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა და მესამე პირთა დაუსწრებლად.

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე, 372-ე, 413-ე და 415-ე მუხლები, მაგრამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ საქმეზე თანდართულ სააღსრულებო წარმოების მასალებში წარმოდგენილია საგარეჯოს რაიონის სასამართლოს თავმჯდომარისა და აღმასრულებლის ხელმოუწერელი წერილი სს «გ.-ის» მიმართ, რომელშიც სს «გ.-ს» ავალებენ, დაუყოვნებლივ დაფაროს საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «პ.-ის» სასარგებლოდ დაკისრებული თანხა. ამავე სააღსრულებო წარმოების მასალებში არის სს «გ.-ის» ქონების დაყადაღების შესახებ აქტი, რომელიც შედგა ქ. საგარეჯოში, მაგრამ თარიღი არ არის მითითებული.

კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული ეს დოკუმენტები წარმოადგენს ასლებს და ამიტომაცაა ხელმოუწერელი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების დედნები _ ხელმოწერილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ზემოთ აღნიშნული დარღვევა, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელახლა და სრულყოფილად უნდა შეაგროვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, კერძოდ, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული დოკუმენტების დედნები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულო არ არის საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარში წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რატომ ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად შეუძლებელია და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1) შპს «ნ.-ისა» და შპს «პ.-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2) გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3) სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4) საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.