3გ-ად-225-კ-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მცირე საწარმო «ც.-სა» (ამჟამად შპს «ც.-ი») და მოწინააღმდეგე მხარეს _ თ.ა.-ს შორის, რომელიც აფხაზეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოო გაერთიანება ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზის დირექტორი იყო, 1992წ. 16 მაისს დაიდო ხელშეკრულება 652ტ. დიზელის საწვავის შენახვაზე, რომლითაც ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზა ვალდებულებას კისრულობდა 652ტ. დიზელის საწვავის შენახვაზე ერთი წ. ვადით და შესანახი საწვავის მხოლოდ «ც.-ის» დირექტორის წერილობითი განკარგულებით, მისი რწმუნებული პირისათვის გაცემაზე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული ბრძოლების დროს მცირე საწარმო «ც.-ის» მიერ ნავთობბაზისათვის მიბარებული საწვავი მთლიანი ოდენობით გაიცა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის რაიონში დისლოცირებულ საჯარისო დანაყოფებზე, 24-ე ბრიგადაზე, ბატალიონ «ა.-ზე» და სხვა სამხედრო ფორმირებებზე, რის შესახებაც ომის შედეგად განადგურდა წერილობითი მტკიცებულებები.
1999წ. 5 აპრილს შპს «ც.-ის» ადმინისტრაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 652 ტ. დიზელის საწვავის ნატურით დაბრუნებაზე ან ფულად კომპენსაციაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. შპს «ც.-ის» გენ.დირექტორმა 1999წ. 24 მაისს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ იგივე მოთხოვნით _ 652ტ. დიზელის საწვავის ნატურით დაბრუნება ან ფულადი კომპენსაცია. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, ამოირიცხა საქმიდან და სათანადო მოპასუხედ ცნობილი იქნა ...-ის ნავთობბაზა.
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ც.-ის» გენ.დირექტორის გ.მუშკუდიანის სარჩელი ...-ის რაიონის ნავთობპროდუქტების ბაზის დირექტორის თ.ა.-ს მიმართ დაკმაყოფილდა და ნავთობბაზას მეშველიანის სასარგებლოდ დაეკისრა 247177 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რადგან მოპასუხემ, ნავთობპროდუქტების ბაზის დირექტორმა თ.ა.-მ მთლიანად ცნო სარჩელი, ამასთან სასამართლომ მოწმეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის ტ.წით.-ის, სამინისტროს საწვავ-საპოხი მასალების საგარნიზონო გასამართი სადგურის უფროსის ჩ.-ის, სამინისტროს ცენტრალური ნავთობბაზის მძღოლის ჯ.-ის, აფხაზეთის სამხედრო კომისრის მოადგილის თ.-ისა და ...-ის იმდროინდელი სამხედრო კომენდატ მარგიანის ჩვენებებით დადგენილად ცნო ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზისათვის მიბარებული დიზელის საწვავის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფორმირებების მიერ გახარჯვის ფაქტი.
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაშია შესული და 2000წ. 30 მარტს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
2000წ. 31 მარტს აფხაზეთის ავტო-სატრანსპორტო საწარმოო გაერთიანების ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზის დირექტორმა თ. ა.-მ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 249177 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილშიც თ.ა.-ს ნება დაერთო ზარალის ასანაზღაურებლად რეგრესის წესით სასამართლში მიმართვაზე.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თ.ა.-ს სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით თ.ა.-ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ა.-ს მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით თ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.ა.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 249177 აშშ დოლარის დაკისრებაზე შემდეგი მოტივით:
1. ვინაიდან სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ც.-ის» სარჩელის დაკმაყოფილებასთან ერთად ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზის დირექტორს უფლება მიეცა რეგრესის წესით ზარალის ასანაზღაურებლად სარჩელის შეტანაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ა.-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშვა ამ მომენტიდან, თანახმად სსკ-ს (1964წ.) მე-80 და სკ-ს 130-ე მუხლისა და თ.ა.-ს სარჩელი აღძრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით;
2. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ 1990 წლიდან ...-ის რაიაღმასკომში რეგისტრირებული ინდივიდუალური კერძო საწარმო «...-ის ნავთობპროდუქტების ბაზა» არის თ.ა.-ს საკუთრება. გარდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა, საქმეზე წარმოდგენილი ...-ის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს 1989წ. 18 აგვისტოს ¹125 ბრძანებისა და სალაროს ქვითრების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო თ.ა.-ა სათანადო მოსარჩელედ, რომელსაც შეეძლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელის აღძვრა.
თბილისის საოლქო სასასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც არ ესწრებოდა საოლქო სასამართლოში საქმის განხილვას, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და თ.ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის დარღვევით, მათი დასწრების გარეშე, რაც უკანონოა, რადგან მათი მხრიდან ეს იყო პირველი, თანაც საპატიო გამოუცხადებლობა, ვინაიდან 19 მარტს მათ საჩივარი შეიტანეს სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებაზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენასთან – ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზის საკუთრებად ცნობასთან დაკავშირებით. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სსკ-ს 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად შეეჩერებინა საქმის წარმოება;
2. კასატორს მიაჩნია, რომ თ.ა.-მ დარღვეული უფლებების შესახებ თავიდანვე, საომარი მოქმედებების დროსაც იცოდა და სარჩელი ხანდაზმულია.
მოწინააღმდეგე მხარემ თ.ა.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და თ.ა.-ს უარი ეთქვას თავდაცვის სამინისტროს მიმართ 249177 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, სსკ-ით დადგენილი წესით, ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის სხდომის შესახებ. სხდომაზე, მართალია, გამოცხადდა სამინისტროს წარმომადგენელი ა.ც.-ი, მაგრამ ვინაიდან მის რწმუნებას გასული ჰქონდა ვადა, სასამართლომ პროცესუალურად სწორად დააფიქსირა სხდომის ოქმში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს გამოუცხადებლობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად, საქმის განხილვა გადაიდო 2002წ. 6 მარტს. 2002წ. 6 მარტს სასამართლო სხდომაზე ორივე მხარე გამოცხადდა, მაგრამ საქმის განხილვა კვლავ გადაიდო 19 მარტისათვის, კასატორის შუამდომლობის საფუძველზე. კერძოდ, თ.ა.-ს წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის ¹2/109 გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ 1990 წლიდან ...-ის რაიაღმასკომში რეგისტრირებული ინდივიდუალური კერძო საწარმო «...-ის ნავთობპროდუქტების ბაზა» არის თ.ა.-ს საკუთრება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სათანადო მომზადებისა და გარკვევისათის ითხოვა საქმის გადადება, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ და საქმის განხილვა გადაიდო 2002წ. 19 მარტს, მაგრამ 19 მარტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რაც 2002წ. 29 იანვრის გამოუცხადებლობის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მხარის მეორე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას და სააპელაციო პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარეშე განიხილა საქმე, რისი პროცესუალური უფლებაც ჰქონდა სააპელაციო პალატას და საკასაციო სასამართლოს აზრით, საკასაციო საჩივარში მითითებულ ამ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არა აქვს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს 19 მარტის სხდომაზე საპატიო გამოუცხადებლობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 19 მარტს თავდაცვის სამინისტრომ სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 19 მარტს სამინისტროს მიერ საჩივრის შეტანა არ წარმოადგენს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს;
2. უსაფუძულობის მოტივით საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას თ.ა.-ს სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 31 აგვისტოს განჩინებას თ.ა.-ს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე, რადგან თ.ა.-ს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 249177 დოლარზე სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, რომლითაც თ.ა.-ს, როგორც ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზას, მცირე საწარმო «ც.-ის» დირექტორის გ.მეშველიანის მიმართ დაეკისრა იგივე თანხის – 249177 აშშ დოლარის გადახდა.
ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხში სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80, ასევე სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 130-ე მუხლები, თ.ა.-ს სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვითაა შეტანილი, ამიტომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს;
3. კასატორი თავდაცვის სამინისტრო ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და თ.ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რის შესაბამისადაც საკასაციო პალატამ კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, სახელდობრ:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 31 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო პალატას მიეთითა, გაერკვია თ.ა.-ს სათანადო მოსარჩელეობისა და ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზის დღევანდელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ...-ის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს 1989წ. 18 აგვისტოს ¹125 ბრძანების, სალაროს ქვითრებისა და სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ა.-ა ცნო სათანადო მოსარჩელედ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მართალია, სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის შესახებ დადგინდა, რომ 1990 წლიდან ....-ის რაიაღმასკომში რეგისტრირებული ინდივიდუალური კერძო საწარმო, ...-ის ნავთობპროუდუქტების ბაზა არის თ. ა.-ს საკუთრება, მაგრამ 1992წ. 16 მაისის ნავთობპროდუქტების შენახვის შესახებ ხელშეკრულების (რომელიც სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძველია) მხარეები არიან ჩაის ფაბრიკა მცირე საწარმო «ც.-ი», როგორც მიმბარებელი და მეორეს მხრივ, შემნახველი _ საქართველოს სსრ ტრანსპორტისა და გზების სამმართველოს აფხაზეთის ავტოსატრანსპორტო გაერთიანება (ასგ) ...-ის ნავთობბაზა ანუ база н/продуკтов Абх. ... (როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული), მისი დირექტორის თ.ა.-ს სახით და ხელშეკრულება დამოწმებულია ადმინისტრაციული ორგანოს – ...-ის რაიონის გამგეობის მიერ.
საკასაციო პალატის აზრით, რადგან 1990 წლიდან ...-ის რაიაღმასკომში რეგისტრირებული იყო თ.ა.-ს ინდივიდუალური კერძო საწარმო «...-ის ნავთობპროდუქტების ბაზა», 1992წ. შენახვის ხელშეკრულების მხარეს უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული კერძო საწარმო და არა საქართველოს სსრ ტრანსპორტისა და გზების სამმართველოს აფხაზეთის ავტოსატრანსპორტო გაერთიანება (ასგ) ...-ის ნავთობბაზა, ვინაიდან კერძო საწარმო «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» 1991წ. კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთარი სიმბოლიკა (ბეჭედი) გააჩნდა, სამოქალაქო ურთიერთობებში მოქმედებდა საკუთარი სახელით და დებდა გარიგებებს. ამასთან, ვინაიდან შენახვის ხელშეკრულების მეორე მხარეს – მცირე საწარმო «ც.-ი» წარმოადგენდა, რომელიც ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი იყო, იმჟამად მოქმედი სსკ (1964წ.) არ ითვალისწინებდა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის დადებული გარიგების ადმინისტრაციული ორგანოს – გამგეობის მიერ დამოწმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1992წ. შენახვის ხელშეკრულების საფუძველზე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია თ.ა.-ს სათანადო მოსარჩელეობა;
ბ) არსებითად სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თ.ა.-ს მიმართ თავდაცვის სამინისტროსათვის 249177 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რადგან საქმეში არ მოიპოვება ...-ის ნავთობბაზისათვის მცირე საწარმო «ც.-ის» მიერ მიბარებული 652ტ. დიზელის საწვავის საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, 24-ე ბრიგადაზე, ბატალიონ «ა.-ზე» და სხვა სამხედრო ფორმირებებზე გაცემის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ც.-ის» (მცირე საზარმო «ც.-ის» სამართალმემკვიდრე) სარჩელი ...-ის რაიონის ნავთობპროდექტების ბაზის დირექტორის მიმართ 249177 აშშ დოლარის დაკისრებაზე, რადგან მოპასუხე თ.ა.-მ მთლიანად ცნო სარჩელი და სასამართლომ მოწმეების – თავდაცვის სამინისტროს მუშაკების ზეპირი ჩვენებებით დადგენილად ცნო ...-ის ნავთობპროდუქტების ბაზისათვის მიბარებული საწვავის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფორმირებების მიერ გახარჯვის ფაქტი, რაც სათანადო გამოკვლევა-შემოწმების გარეშე გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
საქართველოს სსკ-ს 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: «ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ». ვინაიდან მცირე საზარმო «ც.-სა» და თ.ა.-ს შორის არსებულ დავაში მხარედ არ მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (რომელიც თავდაპირველად მოპასუხედ იყო მითითებული, მაგრამ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 იანვრის საოქმო განჩინებით თავდაცვის სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეობიდან და სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაერთო ...-ის ნავთობბაზა) და მისი თანამშრომლები საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით იყვნენ დაკითხულნი, ამიტომ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭება უმართებულოა, პროცესუალური დარღვევაა და ვინაიდან სხვა მტკიცებულებები საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, აშკარად დაუსაბუთებელია და სრულიად უსაფუძვლო თ.ა.-ს მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს მიმართ 249177 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს დაუსაბუთებლობის მოტივით, თანახმად სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტისა და ახალი გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას თ.ა.-ს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 249177 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 47-ე, 389-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.ა.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 249177 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს:
4. თ.ა.-ა გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.