3გ-ად-226კ-243კ-02 25 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელების საგანი: მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2001 წლის 29 ნოემბერს ი. ი-მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების მიმართ.
სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, ღებულობდა პენსიას _ 85 ლარს. მას მიღებული ჰქონდა მედალი «კავკასიის დაცვისათვის» და მედალი «1941-1945 წლებში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისათვის».
მოსარჩელის განმარტებით, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად მას ეკუთვნოდა მეორე პენსია მოხუცებულობის გამო, რაზედაც უარს ეუბნებოდა მოპასუხე.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მეორე პენსიის დანიშვნა მოხუცებულობის გამო.
2001 წლის 3 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების მიმართ სარჩელი აღძრა შ. მ-ემაც, რომელმაც სარჩელში აღნიშნა, რომ იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და 7 წლის განმავლობაში იცავდა სახელმწიფო საზღვარს.
მოსარჩელე შ. მ-ის განმარტებით, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად იმ 45 ლარის გარდა, რომელსაც იგი ღებულობდა როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული გამარჯვების მონაწილე, მას მოხუცებულობის გამო ეკუთვნოდა მეორე პენსია და დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რაზეც უარს ეუბნებოდა მოპასუხე.
მოსარჩელე შ. მ-ემ სარჩელით ითხოვა, რომ მოპასუხეს დამატებით დაენიშნა მისთვის მოხუცებულობის პენსია _ თვეში 14 ლარი და დანამატი 28 ლარი, რაც სულ შეადგენდა 42 ლარს.
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ი-ს დაენიშნა მოხუცებულობის პენსია და ამ პენსიაზე დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წერილობითი განცხადების მიმართვის დღიდან. გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აგრეთვე, დაკმაყოფილდა შ. მ-ის სარჩელიც.
აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 16 და 17 მაისის გადაწყვეტილებებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 და 28 დეკემბრის გადაწყვეტილებები, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელების დაკმაყოფილებაზე.
ი. ი-მა საკასაციო საჩივარით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» მე-60 მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად კასაციის საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს შ. მ-ეც.
იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოთ აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
შ. მ-ე მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა არ მოითხოვს აუცილებელ პირობად პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდობას. ის გარემოება, რომ იგი 77 წლისაა და არის ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული გამარჯვების მონაწილე, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორების: შ. მ-ისა და ი. ი-ის რწმუნებულმა ქ. ბ-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აღნიშნული საქმეების, როგორც ერთგვაროვნის, ერთ წარმოებად გაერთიანება და ერთად განხილვა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹1/5/32), რომლითაც უარყოფილ იქნა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელი, განმარტა, რომ აღნიშნული კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან და ამავე კანონის მე-60 მუხლი გავრცელდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი შ. მ-ე არის 77 წლის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაგრამ სამხედრო სამსახურში არც სათანადო წელთა ნამსახურობა აქვს და არც ოფიცრის წოდება გააჩნია, იგი ეფრეიტორი იყო.
რაც შეეხება მეორე კასატორ ი. ი-ს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ, მართალია, იგი არის 84 წლის, ფაშიზმის წინაღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული გამარჯვების მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, მაგრამ მას არც სამხედრო სამსახურში სათანადო წელთა ნამსახურობა გააჩნია და არც ოფიცრის წოდება აქვს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სახელმძღვანელო განმარტებას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია სასამართლო პრაქტიკაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებზე: შ. მ-სა და ი. ი-ზე ვერ გავრცელდება «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლი და შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნებიც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ი-ისა და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 16 და 17 მაისის გადაწყვეტილებები დარჩეს უცვლელად.
3. ი. ი-ი და შ. მ-ე გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.