გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-226-კ-01 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: პრივატიზაციისა და მიწის იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 13 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონულ განყოფილებასა და ჯ. წ-ძეს შორის გაფორმდა სოფ. ... ტერიტორიაზე, საკრებულოს ბალანსზე რიცხული მეხბორეობის ფერმის შენობის პრივატიზაციის ხელშეკრულება ¹2. მოგვიანებით, 2001 წლის 17 იანვარს აბაშის მიწის მართვის სამმართველოსა და ჯ. წ-ძეს შორის 49 წლის ვადით გაფორმდა მიწის სოფ.მარნის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9,5 ჰა მიწის ფართობის იჯარის ხელშეკრულება, რომელზედაც დამაგრებული იყო წ-ძეზე პრივატიზებული მეხბორეობის ფერმა.
მოსარჩელე შ. ჯ-ძე, რ. ჯ-ძე, ჟ. ჯ-ძე, კ. ტ-ძე, მ. დ-უა, ნ. ტ-ძე, დ. დ-უა, ო. მ-შვილი და ნ. დ-უა იყვნენ მარნის კოლმეურნეობის წევრები და მუშაობდნენ კოლმეურნეობის მესაქონლეობის ფერმაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილებით «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნების, კოლმეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» სოფ. ... მეურნეობამ რეორგანიზაცია განიცადა, მისი ქონება გადაეცა სოფელ მარნის საკრებულოს და 1993 წლის 8 აპრილიდან იგი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
2001 წლის 30 აპრილს მ. ჯ-ძემ, რ. ჯ-ძემ, ჟ. ჯ-ძემ, კ. ტ-ძემ და სხვებმა სარჩელით მიმართეს აბაშის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ქონების მართვის აბაშის რაიგანყოფილებასა და ჯ. წ-ძეს შორის 2000 წლის 13 დეკემბერს დადებული პრივატიზების ხელშეკრულებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოსა და ჯ. წ-ძეს შორის 2001 წლის 17 იანვარს გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი მოტივით: მოსარჩელეები სადავო ფართით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ სოფ. ... მესაქონლეობის ფერმაში მუშაობის დროს, როდესაც იყვნენ კოლმეურნეობის წევრები, შემდგომში ყველა მიწა სახელმწიფო საკუთრებად დადგინდა და 1997 წელს მათსა და მიწის მართვის სამმართველოს შორის დაიდო ზეპირი გარიგება 10 ჰა მიწის მათთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, რაზედაც ქირის სახით იხდიდნენ გადასახადს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელენი მიიჩნევდნენ, რომ მათსა და მიწის მართვის სამმართველოს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. 1998 წელს და 2000 წლის 27 ივლისს მიმართეს რაიონის გამგეობას მიწის იჯარით გადაცემის შესახებ, რასაც რეაგიება არ მოჰყოლია. პირველ შემთხვევაში მათი განცხადება დაიკარგა, ხოლო მეორე შემთხვევაში უსაფუძვლო უარით გამოისტუმრეს. ამდენად, მოსარჩელეთა აზრით, ქონების მართვის აბაშის რაიგანყოფილებამ 2000 წლის 13 დეკემბრის და მიწის მართვის სამმართველომ 2001 წლის 17 იანვრის უკანონო ხელშეკრულებებით დაარღვიეს მათი უფლებები, ისე შეუწყვიტეს მიწაზე საიჯარო ხელშეკრულება და ახალი ხელშეკრულება დადეს ჯ. წ-ძესთან, რომ მათთვის ზემოაღნიშნული ცნობილი არ ყოფილა.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულებები და აბაშის რაიონის გამგეობას დაევალა კონკურსის ჩატარება სადავო 9,5 ჰა ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, ამ ფართობში მდებარე სახბორე შენობასთან ერთად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელეებმა, ასევე სახელმწიფო ქონების მართვის სამნისტროს აბაშის რაიონულმა განყოფილებამ და მიწის მართვის სამმართველომ. მოსარჩელეთა წარმომადგენელი რ. შ-ია ასაჩივრებდა გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც გამგეობას დაევალა 9,5 ჰა სადავო მიწის იჯარაზე კონკურსის ჩატარება და მოითხოვა აბაშის რაიონის გამგეობის დავალდებულება მათთან გაეგრძელებინა საიჯარო ურთიერთობა, ხოლო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილება და აბაშის მიწის მართვის სამმართველო ითხოვდნენ აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სრულ გაუქმებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები, ხოლო შ. ჯ-ძისა და სხვათა წარმომადგენლის რ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც აბაშის გამგეობას დაევალა კონკურსის ჩატარება სოფ. ... მდებარე 9,5 ჰა მიწის ნაკვეთზე სახბორესთან ერთად.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილებას და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს შემდეგი საფუძვლებით:
1. მართალია, აპელანტ სახელმწიფო ქონების მართვის აბაშის რაიონული განყოფილების მიერ გაზეთ «ა. M.» გამოქვეყნებული იყო სადავო ქონების პრივატიზაციის თაობაზე ინფორმაცია, მაგრამ, ვინაიდან მითითებული იყო მხოლოდ ფერმის ღირებულება (242 აშშ დოლარი), ამით დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში შეტანილი უნდა ყოფილიყო საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც არ იქნა დაცული, ამასთან არ იყო მითითებული, თუ რა ფორმით იყიდებოდა სახბორე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება აბაშის ქონების მართვის სამმართველოსა და ჯ. წ-ძეს შორის 2000 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;
2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც მიწის მართვის სამმართველოსა და ჯ. წ-ძეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან მიწის მართვის სამმართველოს მიერ მთლიანად იქნა დარღვეული საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მითითებები, კერძოდ მე-8 თავის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე, მას შემდეგ, რაც მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედი კომისია მიღებული მასალების საფუძველზე დაადგენს საინფორმაციო ცნობას კონკურსით მიწის იჯარით გაცემის შესახებ. ზემოაღნიშნულ ცნობაში კი მითითებული უნდა ყოფილიყო მთელი რიგი მონაცემები: მეიჯარის დასახელება; კონკურსის სახეობა, პირობები და ა.შ. რაც არ გაითვალისწინა აბაშის მიწის მართვის სამმართველომ და მოცემული ნორმების დარღვევით გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ჯ. წ-ძესთან;
3. სასამართლო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჯ. წ-ძეს არ შეუტანია განცხადება აბაშის მიწის მართვის სამმართველოში სადავო მიწის იჯარის აღების შესახებ, აბაშის მიწის მართვის სამმართელომ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესაში, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 თავის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები;
4. სასამართლომ სხვა დარღვევებთან ერთად მიუთითა ზემოაღნიშნული დებულების მე-7 თავის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობაც, რომ განცხადებას მიწის იჯარის აღების შესახებ თან დართული უნდა ჰქონოდა საკონკურსო წინადადება ან მიზნესგეგმა, რაც არ შესრულებულა;
5. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ერთ-ერთ საფუძვლად ის მოტივი მიუთითა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ზემოაღნიშნულ დებულების შესაბამისად არ გამოცხადებულა სადავო მიწის იჯარის შესახებ კონკურსი, რითაც დაირღვა მე-9 თავის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით სარგებლობაში მისაღებად, თანაბარი პირობების შემთხვევაში, კონკურსში უპირატესობა ექნებოდათ თავდაპირველი მოსარჩელეებს;
6. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებასან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა გამგეობის დავალდებულებას კონკურსის ჩატარებაზე, განმარტა, რომ გადაწყვეტილების მოცემული ნაწილი უსწოროა, ვინაიდან მოსარჩელეები განუსაზღვრელი ვადით სარგებლობენ სადავო ფართს იჯარით და კანონით დადგენილი წესით არა არის შეწყვეტილი მათთან იჯარის ხელშეკრულება, ამდენად შეუძლებელია გამგეობას დაევალოს მათთან უვადოდ დადებული იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონულმა განყოფილებამ და აბაშის მიწის მართვის სამმართველომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივით:
1. საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლი და შესაბამისად უგულებელყო ამავე კოდექსის 171-ე მუხლი, ვინაიდან ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორთა აზრით, შენობა-ნაგებობებისათვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მიწის ნაკვეთი, რომელიც იჯარით გამოეყო ჯ. წ-ძეს;
2. სააპელაიცო სასამართლომ არ გაითვალისწინა 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრბანებულების მე-11 პუნქტი და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 8 თებერვლის წერილი, რომელთა მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავი ქონების ფუნქციონირებისა და გამოყენების საკითხი, ასევე უსწოროა საოლქო სასამართლოს მითითება, თითქოს მოიჯარეს ქონების პრივატიზებისას აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება. ასეთი უპირატესობა კანონით არ არის გათვალისწინებული;
3. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დარღვეული იქნა პროცესუალური ნორმები, ვინაიდან საქმეში ჩაბმული არ ყოფილა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ჯ. წ-ძე. სააპელაციო სასამართლომ იგი მოიხსენია როგორც მესამე პირი, მაგრამ ამის შესახებ რაიმე განჩინება სასამართლოს არ მიუღია. ჯ. წ-ძე სასამართლოში მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს ერთობლივი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორთა პირველ არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის არასწორად განმარტებისა და 171-ე მუხლის უგულვებელყოფის შესახებ, რომ სამეურნეო ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილია ამ შენობა-ნაგებობებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფ. ... მეხბორეობის ფერმის შენობის პრივატიზების დროს იჯარით გადაეცა ჯ. წ-ძეს. სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან ერთად ან მათ გარეშე, ხოლო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. ამდენად, მესამე პირზე _ ჯ. წ-ძეზე იჯარით გაცემული მიწა არის მთავარი ნივთი, მეხბორეობის ფერმის პრივატიზებული შენობა კი წარმოადგენს ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე (მიწაზე) საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზედაც და არა პირიქით, როგორც არასწორად განმარტავენ კასატორები. მიუხედავად კანონის უსწოროდ განმარტებისა, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა არგუმენტს, რომ ჯ. წ-ძესა და მიწის მართვის აბაშის სამმართველოს შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილობისას და იჯარის უპირატესი უფლების განხილვისას სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა და იხელმძღვანელა კიდეც «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს პარლამენტის 1998 წლის ¹448 ბრძანებულებით;
2. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორთა არგუმენტს რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პროცესუალური დარღვევით, სახელდობრ ჯ. წ-ძის მოპასუხედ ჩართვის გარეშე განხილვის თაობაზე. ჯ. წ-ძე, რომელსაც სადავო პრივატიზებითა და იჯარის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მარნის მეხბორეობის ფერმის შენობის ნაწილი და 9,5 ჰა მიწის ნაკვეთი იჯარით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული სოფ. ... საკრებულოსთან ერთად და სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობდა მისი წარმოადგენელი რ. წ-ძე. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2-4 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩართული ჯ. წ-ძე ისეთივე პროცესუალური უფლება-მოვალეობებით სარგებლობდა, როგორც მხარე (მოსარჩელე-მოპასუხე), მაგრამ აღნიშნული დარღვევა საკასაციო პალატას მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევად მიაჩნია, რადგან ჯ. წ-ძე სადავო ადმინისტრაციული გარიგებების კონტრაჰენტია, ამიტომ ამ გარიგებათა მხარეებთან, კასატორ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად ისიც მოპასუხედ უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო პრივატიზებისა და იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა პირდაპირ და უშუალოდ ეხება მის კანონიერ ინტერესს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ მესაკუთრისა და სამოქალაქო კოდექსის 575-ე მუხლით, მესაკუთრის ტოლფასი უფლებებით დაცულ მოიჯარის უფლებას და გარიგებების ბათილად ცნობით უშუალოდ მასთან, როგორც გარიგების მხარესთან, წყდება სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საკასაციო პალატის აზრით ჯ. წ-ძის მხარედ (მოპასუხედ) ჩაურთველობა, კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უმნიშვნელო პროცესუალურ დარღვევას კი არ წარმოადგენს, არამედ ამავე კოდექსის 422-ე მუხლის «ბ» პუნქტით რეგლამენტირებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, საყურადღებოა კოდექსის 266-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც: «გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს (და არა მესამე პირებს), აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი”.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოტივს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პროცესუალური დარღვევით განხილვის თაობაზე და თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირებთან მიწაზე განუსაზღვრელი ვადით, ზეპირი ფორმით, იჯარის ხელშეკრულების არსებობის საკითხის გარკვევის, საოლქო სასამართლომ დღეისათვის ასევე უნდა გაითვალისწინოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს ერთობლივი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.