გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-227-კ-01 20 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების პირობების შესრულებულად ცნობა.
შეგებებული სარჩელის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 27 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს სპორტულ კომპლექს «ლ. ვ.» ინვესტორმა და აქციონერმა ვ. გ-შვილმა მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, ხოლო მესამე პირად სარჩელში მიუთითა შპს «რ.».
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 26 მარტის ¹1-3\207 ბრძანების თანახმად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოიშალა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და შპს «დ.-თ. თ.» შორის გაფორმებული ხელშეკრულება სს «ლ. ვ.» აქციათა 47,3%-ის შპს «დ.-თ. თ.» პირდაპირი წესით მიყიდვის თაობაზე. ამდენად, აღნიშნული აქციები წარმოადგენდნენ სახელმწიფო საკუთრებას.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 30 აპრილს გამართული ტენდერის შედეგების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 4 მაისის ¹1-3\304 ბრძანების საფუძველზე, ვ. გ-შვილი გამოცხადდა კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად და გახდა სს «ლ. ვ.» 111986 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) მფლობელი. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 1998 წლის 18 მაისს, მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან გააფორმა სახელშეკრულებო ვალდებულება სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) გაყიდვის შესახებ.
სარჩელში მითითებული იყო, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულების თანახმად 1998 წლის 16 ივნისის ჩათვლით მოსარჩელეს სხვა პირობებთან ერთად ევალებოდა:
1. შესასყიდი აქციათა პაკეტის საბოლოოდ დაფიქსირებული ფასის (251503 აშშ დოლარი) გადახდა;
2. შპს «დ.-თ. თ.», როგორც ყოფილი ინვესტორისათვის, ობიექტის (სს «ლ. ვ.») რეაბილიტაციისათვის მიზიდული ინვესტიციების (297728 აშშ დოლარი) ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად 1998 წლის 15 ივნისს გააფორმა სს «ლ.-ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 80%) ნასყიდობის ხელშეკრულება შპს «რ.», რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, უცვლელად დაეცვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. გ-შვილს შორის სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) გაყიდვის შესახებ» 1998 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვ. გ-შვილსა და შპს «რ.» შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს «რ.» მოსარჩელეს გადაუხადა: 1) სს «ლ. ვ.» აქციათა 37%-ის ღირებულება, რამაც ვ. გ-შვილს საშუალება მისცა გადაეხადა საკონკურსო პირობებით დათქმული თანხა _ 251503 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რითაც მოსარჩელემ შეასრულა 1998 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულების 3.2 პუნქტი, კერძოდ, შპს «დ.-თ. თ.» აუნაზღაურა სს «ლ. ვ.» განხორციელებული ინვესტიციის ღირებულება.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შემდეგ, 1998 წლის 3 ივლისს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან დადო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება სპორტულ კომპლექს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ყიდვა-გაყიდვის შესახებ», რომელშიც დადასტურებულია გამყიდველის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების ფაქტი.
1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიას აცნობა, რომ აპირებდა აქციათა პაკეტის გაყიდვას და თუ თბილისის მერიას სურვილი ექნებოდა, შეეძლო გამოეყენებინა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლება და შეესყიდა სს «ლ. ვ.» აქციები. 1998 წლის 10 ივლისს მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიისაგან მიიღო პასუხი, რომ ამ უკანასკნელის ინტერესებში არ შედიოდა აქციათა პაკეტის ყიდვა და თანხმობას აცხადებდა სს «ლ. ვ.» აქციები მოსარჩელეს შეეთავაზებინა სხვა მყიდველისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, კონკურსის შედეგად მიღებული აქციებიდან 43% გადააფორმა შპს «რ.». ამის შემდეგ შპს «რ.» ვ. გ-შვილს გადაუხადა 326000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, საიდანაც 1998 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელემ 134000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადასცა შპს «დ.-თ. თ.», რითაც გაანაღდა ამ უკანასკნელის მიერ 1997 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სს «ლ. ვ.» გადაცემულ ძირითად საშუალებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. დარჩენილი 192000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და შპს «რ.» მიერ დამატებით გადაცემული 2625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოსარჩელემ შეიტანა სს «ლ. ვ.» სალაროში. ამდენად, აღნიშნული თანხები 1998 წლის დეკემბერში დაიხარჯა სპორტული კომპლექსის საჭიროებისათვის.
საინვესტიციო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, 1999 და 2000 წლებში შპს «რ.» მიერ გაგრძელდა თანხების ინვესტირება სს «ლ. ვ.».
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წლის დასაწყისში სს «ლ. ვ.» სულ ინვესტირებული იყო 722575 აშშ დოლარი, რითაც სრულად შესრულდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინაშე ვ. გ-შვილის მიერ 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული იყო, სს «ლ. ვ.» საჭიროებდა დამატებით ინვესტიციებს, რის გამოც შპს «რ.» გადაწყვიტა კუთვნილი აქციების ნაწილის გასხვისება, ხოლო მიღებული თანხების დაბანდება სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისათვის, რის შედეგადაც 2000 წლის მაისისათვის სს «ლ. ვ.» განხორციელებული ინვესტიციების ღირებულებამ შეადგინა 816100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სააქციო საზოგადოება სპორტული კომპლექსი «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ყიდვა-გაყიდვის შესახებ» 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ შეასრულა დათქმულ ვადაში, გადაჭარბებით და პირნათლად, რის შესახებაც აცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და წარუდგინა დამოუკიდებელი აუდიტორიული ფირმის დასკვნები განხორციელებული ინვისტიციების ღირებულების შეფასების შესახებ, ხოლო შემდეგ მოითხოვა სამინისტროს წარმომადგენლის მივლინება საწარმოში, რათა დაფიქსირებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, 2000 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ¹11\153 წერილით შეატყობინა მოსარჩელეს, რომ სამინისტროში წარდგენილი და მოკვლეული მასალების საფუძველზე მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად სს «ლ. ვ.» განხორციელებული, მოსარჩელის მიერ მითითებული ინვესტიციის ოდენობა არ აღემატებოდა 297728 აშშ დოლარს.
აღნიშნული წერილის პასუხად მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს, რათა ამ უკანასკნელს დაეფიქსირებინა მოსარჩელის მიერ სს «ლ. ვ.» ინვესტიციის განხორციელება 816100 აშშ დოლარის ოდენობით და შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ფაქტი, რის დასადასტურებლადაც სამინისტროს წარუდგინა დამოუკიდებელ აუდიტორთა მიერ შესრულებული შეფასების აქტი.
ამის მიუხედავად, მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 23 მაისს მას ჩაბარდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 15 მაისის ¹1-3\316 ბრძანება, რომლითაც 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე დაჯარიმდა გასაყიდი აქციათა პაკეტის ღირებულების 10%-ით, რამაც შეადგინა 25150 აშშ დოლარი.
მოსარჩელე ვ. გ-შვილმა მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამებოდა მის მიერ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციების ფაქტობრივ მდგომარეობას, ლახავდა მოსარჩელის ინტერესებსა და საკუთრების უფლებას, ამიტომ სარჩელში ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 15 მაისის ¹1-3\316 ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სამინისტროსა და ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს გაფორმებული სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესრულებულად ჩათვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ წარადგინა დამატებითი სარჩელი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001 წლის 12 ივლისს გამოსცა ¹1-3\483 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ვ. გ-შვილს შორის «სს სპორტულ კომპლექს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ყიდვა-გაყიდვის შესახებ» 1998 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მყიდველს _ ვ. გ-შვილს _ არ უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხები და არ უნდა ანაზღაურებოდა გაწეული დანახარჯები.
მოსარჩელემ დამატებით სარჩელში ითხოვა ამ ბრძანების ბათილად ცნობაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 12 ივლისის ¹1-3\483 ბრძანების ბათილად ცნობის (დამატებითი სასარჩელო მოთხოვნა) ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდა, ვინაიდან ამავე სამინისტროს 2001 წლის 28 ოქტომბრის ¹1\3\681 ბრძანებით ბათილად გამოცხადდა 2001 წლის 12 ივლისის ¹1-3\483 ბრძანება.
საქმის მომზადების სტადიაზე თბილისის საოლქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოპასუხე ვ. გ-შვილის მიმართ და ითხოვა სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ნასყიდობის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა და ზიანის ანაზღაურება.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვ. გ-შვილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინაშე ვალდებულება წარმოეშვა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად მყიდველი ვ. გ-შვილი ვალდებული იყო, 2000 წლის ჩათვლით უზრუნველყო არანაკლებ 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციების მიზიდვა სს «ლ. ვ.».
შეგებებულ სარჩელის ავტორის განმარტებით, ვ. გ-შვილმა 2000 წლის 25 იანვარს სამინისტროში წარადგინა შპს «ა. და ფ. კ.» მიერ 1999 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული აქტი სს «ლ. ვ.» განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, რომლის მიხედვით, ვ. გ-შვილის მიერ საწარმოში განხორციელებულმა ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 342862 აშშ დოლარი. სამინისტრომ 2000 წლის 5 ივნისის ¹11\44 წერილით ვ. გ-შვილს სთხოვა, რომ წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.
ვ. გ-შვილმა 2001 წლის 25 იანვარს სამინისტროს წარუდგინა იგივე აუდიტორიული ფირმის მიერ შესრულებული დასკვნა, რომელიც დათარიღებული იყო 2001 წლის 18 იანვრით. დასკვნის თანახმად ვ. გ-შვილის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა შეადგენდა 816000 აშშ დოლარს.
შეგებებულ სარჩელში მითითებული იყო, რომ სამინისტრომ შეისწავლა ვ. გ-შვილის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნები, რაზეც გაკეთდა შესაბამისი მოხსენებითი ბარათი და აღინიშნა, რომ ვ. გ-შვილმა 2001 წლის მაისის მდგომარეობით განახორციელა მხოლოდ 513900 აშშ დოლარის ინვესტიცია, ე.ი. ხელშეკრულებით განსაზღვრული საინვესტიციო თანხაზე (700000 აშშ დოლარი) 186000 აშშ დოლარით ნაკლები.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ვ. გ-შვილმა არ გაიზიარა სამინისტროს არგუმენტები, არ შეასრულა სადავო ბრძანების მოთხოვნები ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით და დამატებით მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უსაფუძვლო სარჩელი აღძრა სასამართლოში.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ვ. გ-შვილი განხორციელებულ ინვესტიციათა თანხაში უსაფუძვლოდ მიითვლიდა სს «ლ. ვ.» აქციათა ადრინდელი მესაკუთრე შპს «დ.-თ. თ.» საწარმოს რეაბილიტაციისათვის გაწეული ხარჯების _ 297728 აშშ დოლარის გადახდას. ვ. გ-შვილს, განხორციელებულ ინვესტიციად, აგრეთვე, მიაჩნდა საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის დამაგრებისათვის გადახდილი 4472 აშშ დოლარი, რაც არასწორი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიაჩნდა, რომ ვ. გ-შვილის მიერ გადახდილი 297728 აშშ დოლარი და 4472 აშშ დოლარი, ჯამში _ 302200 აშშ დოლარი, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციების განხორციელებად სს «ლ. ვ.».
შეგებებულ სარჩელის ავტორმა ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და ვ. გ-შვილისათვის 327350 აშშ დოლარის დაკისრება სამინისტროსათვის მიყენებული ზიანისათვის.
2000 წლის 5 ოქტომბერს სასამართლო კოლეგიის მთავარ სხდომაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ წარადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ სამინისტრო შეგებებული სარჩელის დაკონკრეტების მიზნით ითხოვდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას იმ მიმართებით, რომ ვ. გ-შვილს დაკისრებოდა სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) სამინისტროსათვის დაბრუნება, ხოლო აქციათა რეგისტრატორს დავალებოდა აქციათა 47,3%-ის აღრიცხვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელზე.
სასამართლო კოლეგიის მთავარ სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ვ. გ-შვილმა 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შპს «დ.-თ. თ.» გადახდილი თანხა არ უნდა ჩათვლილიყო ინვესტიციების სახით განსახორციელებელ 700000 აშშ დოლარის ოდენობაში. ხელშეკრულების თანახმად შპს «დ.-თ. თ.» თანხის გადახდა ხელშეკრულების სხვა პირობა იყო, რომელიც არ უკავშირდებოდა საწარმოში მისაზიდი ინვესტიციების პირობას. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეამცირეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და უარი თქვეს ზიანის ანაზღაურების მოსარჩელისათვის დაკისრებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა (მოშლილად ჩაითვალა) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს დადებული ხელშეკრულება სს სპორტულ კომპლექს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ნასყიდობის შესახებ». ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში დაყენებული მოთხოვნა აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) სამინისტროსათვის დაბრუნებისა და მის სახელზე აღრიცხვის შესახებ, რადგანაც სასამართლო კოლეგიამ არ მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადებით მოხდა სარჩელის დაკონკრეტება, არამედ ჩათვლა, რომ იგი წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, მაგრამ მოთხოვნა არ იყო დაყენებული სასარჩელო ფორმით, რის გამოც სასამართლო კოლეგიამ იგი არ განიხილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კი სასამართლო კოლეგიამ თავად დაადგინა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო მოვალის, ვ. გ-შვილის, ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ არ გაითვალისწინა კრედიტორის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგი, რასაც იმპერატიულად ადგენს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ მისი სარჩელის დაკონკრეტება მიჩნეული იყო სარჩელის გაზრდად და რადგანაც განცხადებას არ ჰქონდა სარჩელის ფორმა, ამიტომ არ უნდა განეხილა იგი. კასატორის განმარტებით, რომც არ ყოფილიყო დაკონკრეტებული მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლო კოლეგიას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღენიშნა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგის თაობაზე, რაც არ გაუკეთებია.
საკასაციო საჩივარში კასატორმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც ვ. გ-შვილს დაეკისრება სს «ლ. ვ.» აქციათა მთლიანი საწესდებო კაპიტალიდან 111986 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) დაბრუნება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, ხოლო აქციათა რეგისტრატორს დაევალება ზემოთ აღნიშნული აქციების სამინისტროს სახელზე აღრიცხვა.
მეორე კასატორის ვ. გ-შვილის რწმუნებულმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ვ. გ-შვილმა სს «ლაგუნა ვერეში» განახორციელა 513000 აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია. ამდენად, სასამართლოს მიერ სადავოდ არ უნდა იქნეს მიჩნეული ვ. გ-შვილის მიერ 513000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის მიზიდვა სს «ლ. ვ.».
კასატორი ვ. გ-შვილი არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის განმარტებას იმის შესახებ, რომ შპს «დ.-თ. თ.» ვ. გ-შვილის მიერ გადახდილი 297728 აშშ დოლარი არ უნდა ჩაითვალოს მყიდველის (ვ. გ-შვილი) მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში. 1998 წლის 18 მაისს გაფორმებული «სახელშეკრულებო ვალდებულებებით» დასტურდება, რომ მას გადაეცა აქციათა პაკეტი, სადაც გათვალისწინებული იყო, რომ მას შპს «დ.-თ. თ.» უნდა გადაეხადა 297728 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელს ინვესტიციის სახით ჰქონდა განხორციელებული საწარმოში. ამით კი «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვ. გ-შვილს უფლება ეძლეოდა, მიეღო შესაძლო მოგება. შპს «დ.-თ. თ.» არ წარმოადგენდა აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ვ. გ-შვილს დააკისრებდა შპს «დ.-თ. თ.» სს «ლ. ვ.» რეაბილიტაციაზე ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კი არა, არამედ სხვა ხარჯების ანაზღაურებას, მაშინ ვ. გ-შვილს უფლება ექნებოდა შპს «დ.-თ. თ.» მოეთხოვა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნება.
ამდენად, კასატორის გამნარტებით, შპს «დოკ-თბილისი თრეიდინგმა» განხორციელებული ინვესტიციით შესაძლო მოგების მიღების უფლება დაუთმო (გადასცა) ვ. გ-შვილს, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოთხოვნა და უფლება გადავიდა ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყო.
კასატორი ვ. გ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვ. გ-შვილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღება შპს «რ.» მიერ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლს.
კასატორის განმარტებით, შპს «რეგატამ» ხელშეკრულებით არამარტო შეისყიდა აქციათა პაკეტი, არამედ იკისრა ვალდებულება, უცვლელად დაეცვა ვ. გ-შვილსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ვ. გ-შვილმა შპს «რ.» გადააკისრა ვალი.
მეორე საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1998 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად შპს «რ.» იკისრა ვ. გ-შვილსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვის შესრულების ვალდებულება. მესამე პირის მიერ შესრულება კი განსხვავდება ვალის გადაკისრებისაგან.
კასატორი მიუთითებს «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილი წესით. უფლებების ასეთი გადაცემისას მხარეთა ურთიერთობა წესრიგდება ხელშეკრულების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, მხარეთა მიერ უდავოდ დაფიქსირებულ 513000 აშშ დოლარის ოდენობაშია შპს «რ.» მიერ განხორციელებული საინვესტიციო თანხები, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს მიერ სადავო საკითხად დაყენებულ 297728 აშშ დოლარის ოდენობით შპს «დ.-თ. თ.» მიერ განხორციელებული ინვესტიციის გამოსასყიდ თანხას, იგი პირადად ვ. გ-შვილის მიერ არის გადახდილი და ამიტომ უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მიერ სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის გამოყენება.
კასატორი, აგრეთვე, არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ვ. გ-შვილის მიერ მიწის დამაგრებისათვის გადახდილი თანხა _ 4472 აშშ დოლარი _ არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია. კასატორის განმარტებით, ვ. გ-შვილმა აღნიშნული თანხა ფულადი სახით მიიზიდა სს «ლ. ვ.» და შემდეგ თავად საწარმომ განსაზღვრა ამ თანხის გამოყენების საჭიროების საკითხი, რადგანაც კანონით ამ თანხის დამოუკიდებლად განკარგვის სრული უფლება ჰქონდა.
აღნიშულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ვ. გ-შვილმა საწარმოში სრულად და გადაჭარბებითაც კი (700000 აშშ დოლარზე მეტი _ 816100 აშშ დოლარი) განახორციელა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტიცია.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. გ-შვილისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე, ახალი გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილს დაეკისროს სს «ლ. V.» აქციათა მთლიანი საწესდებო კაპიტალიდან 111986 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) დაბრუნება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის და აგრეთვე, აქციათა რეგისტრატორს დაევალოს აღნიშნული აქციების სამინისტროს სახელზე აღრიცხვა, ვერ იმსჯელებს, რადგანაც სასამართლო კოლეგიამ თავის გადაწყვეტილებაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მითითებული მოთხოვნები ჩათვალა არა სარჩელის დაკონკრეტებად, არამედ სარჩელის გაზრდად და იგი არ განიხილა.
ამდენად, აღნიშნულ საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
რაც შეეხება ვ. გ-შვილის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1998 წლის 26 მარტის ¹1-3\207 ბრძანებით გამოაცხადა კომერციული კონკურსი სს «ლ. V.» აქციათა 47,3%-ის პრივატიზების მიზნით.
საკონკურსო პირობებად განისაზღვრა:
1. მყიდველის მიერ აქციების საბოლოო გასაყიდი ფასის დაფარვა კონკურსში გამარჯვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
2. მყიდველის მიერ შპს «დ.-თ. თ.» სს «ლ. ვ.» რეაბილიტაციისათვის გაწეული ხარჯების _ 297728 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ ანაზღაურება 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. მყიდველის მიერ 2000 წლის ჩათვლით 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება საწარმოში (სს «ლაგუნა ვერე»).
კონკურსში გამარჯვებულ ვ. გ-შვილსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998 წლის 18 მაისს გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლითაც სს «ლ. ვ.» აქციათა 47,3%-ის საბოლოო გასაყიდ ფასად დაფიქსირდა 251503 აშშ დოლარი, რომელიც მყიდველ ვ. გ-შვილს უნდა დაეფარა 1998 წლის 18 ივნისის ჩათვლით. ამავე ვადაში მას შპს «დ.-თ. თ.» უნდა აენაზღაურებინა სს «ლ. ვ.» რეაბილიტაციისათვის გაწეული ხარჯები და 2000 წლის ჩათვლით საწარმოში განეხორციელებინა 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ინვესტიცია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 მარტის ¹1-3\207 ბრძანება, ისე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკური პირ ვ. გ-შვილს შორის სს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ნასყიდობის შესახებ 1998 წლის 18 მაისს დადებული სახელშეკრულებო ვალდებულება და 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულება ცალკე დამოუკიდებელ პუნქტად განსაზღვრავდნენ მყიდველის მიერ 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციის განხორციელებას სს «ლ. ვ.». აღნიშნულ თანხაში არ იგულისხმებოდა შპს «დ.-თ. თ.» ასანაზღაურებელი თანხა _ 297728 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომლის გადახდაც შპს «დ.-თ. თ.» ვ. გ-შვილს დაევალა ზემოთ აღნიშნული გარიგებების ცალკე მოთხოვნების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 1998 წლის 18 მაისის სახელშეკრულებო ვალდებულებების თანახმად მყიდველ ვ. გ-შვილის მიერ აქციათა საბოლოო ფასის დროულად დაფარვა, შპს «დ.-თ. თ.» სს «ლ. ვ.» რეაბილიტაციისათვის გაწეული ხარჯების _ 297728 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ ანაზღაურება და 2000 წლის ჩათვლით 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის სს «ლ. ვ.» განხორციელება წარმოადგენდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პირობებს, ხოლო მას შემდეგ, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებათა პირველი ორი ვალდებულების შესრულების შემდეგ გამყიდველ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მყიდველ ვ. გ-შვილს შორის 1998 წლის 3 ივლისს გაფორმდა სს სპორტულ კომპლექს «ლ. ვ.» აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 47,3%) ყიდვა-გაყიდვის შესახებ» ხელშეკრულება, მისი 2.1 პუნქტით მყიდველის დამოუკიდებელ ვალდებულებას შეადგენდა 2000 წლის ჩათვლით 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება საწარმოში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ ვ. გ-შვილმა არ შეასრულა 1998 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, სს «ლ. ვ.» 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, ხოლო სს «ლ. ვ.» რეაბილიტაციისათვის დახარჯული თანხის _ 297728 აშშ დოლარის გადახდა შპს «დ.-თ. თ.» მყიდველ ვ. გ-შვილის მიერ, როგორც დამოუკიდებელი პირობა, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულებაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვ. გ-შვილმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება, სს «ლ. ვ.» 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, არ შეასრულა ჯეროვნად და დათქმულ დროს, რამაც გამყიდველს მისცა ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნის უფლება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, როგორც ხელშეკრულების მეორე მხარეს, შეუძლია უარი თქვას ვ. გ-შვილთან დადებულ სადავო ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს მისი შეწყვეტა, რადგანაც ვალდებულების შესრულებისათვის ვ. გ-შვილის გაფრთხილების მიუხედავად, ამ უკანასკნელმა მაინც არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება საწარმოში 700000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციის განხორციელების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის განმარტებას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოთხოვნა, ვ. გ-შვილის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, საფუძვლიანია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-შვილისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.