3გ-ად-230-კ-01 10 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლსო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 28 თებერვალს კასატორმა ს. ი-შვილმა სარჩელი აღძრა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების მიმართ და «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, როგორც სამამულო ომის მონაწილემ და 75 წელს გადაცილებულმა პირმა (დაბადებულია 1924 წელს) მოითხოვა მოხუცებულობისა და ორი მინიმალური პენსიის დანიშვნა, მას 1998 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარი. ს. ი-შვილმა მოპასუხისაგან სულ მოითხოვა ერთდროულად 1 536 ლარის ანაზღაურება მიუღებელი პენსიის სახით და 2001 წლის მარტიდან ყოველთვიურად 42 ლარის პენსიის დანამატის დანიშვნა, რაც არ ცნო მოპასუხემ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ი-შვილის სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროულად დაეკისრა 504 ლარის გადახდა და ყოველთვიურად ინვალიდობის პენსიასთან ერთად დაენიშნა მოხუცებულობის პენსია, ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, სულ 42 ლარი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და უსაფუძვლობის მოტივით ს. ი-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ი-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე ს. ი-შვილი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 1924 წელს დაბადებული, 1998 წლის 1 იანვრამდე მოხუცებულობის პენსიის სახით თვეში ღებულობდა 12 ლარს, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან, როგორც სამამულო ომის მონაწილეს, დაენიშნა პენსია 45 ლარი;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატის აზრით, გასაუქმებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მცდარი განმარტებით, კანონით გათვალისწინებული შეღავათები არასწორად გაავრცელა მოსარჩელეზე, რადგან აღნიშნული შეღავათი კანონის I მუხლის თანახმად, ეხება საქართველოს სამხედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან დათხოვილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, ხოლო მოსარჩელის განმარტებით მას ომის შემდგომ სამხედრო ძალებში არ უმსახურია, არ გააჩნია ოფიცრის წოდება და არც წელთა ნამსახურობის პენსიას იღებდა, ამიტომ მასზე კანონის მე-60 მუხლის შეღავათი არ ვრცელდება. ამასთან, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე ს. ი-შვილი, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, სახელდობრ:
1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ს. ი-შვილი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, 1942–50 წლებში მსახურობდა ყოფილ სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებში, 1950 წელს დათხოვილია თადარიგში და ამდენად, აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის I მუხლის «ა» პუნქტის მოთხოვნებს, ამიტომ კანონის მე-60 მუხლის შეღავათები მასზე უნდა გავრცელდეს;
2. კასატორის აზრით, კანონის მე-60 მუხლის სუბიექტია როგორც სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პენსიას წელთა ნამსახურობის მიხედვით იღებდა, ასევე მოხუცებულობის გამო პენსიონერი, თუ იგი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა, არის 75 წელს გადაცილებული ან I-II ჯგუფის ინვალიდი და კანონის მიხედვით მნიშვნელობა არა აქვს პირი რიგითია, ოფიცერი თუ გენერალი;
3. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების არგუმენტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოყენება უმართებულოა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი იყო «სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაში, გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილის არგუმენტაცია კანონის განმარტებად ვერ ჩაითვლება, უდავოდ დადგენილ ფაქტს არ წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, არც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი, საგამონაკლისო ნორმების ანალოგიის გამოყენება შეიძლება. კანონის მე-60 მუხლი სპეციალურ ურთიერთობებს აწესრიგებს _ მხოლოდ ფაშიზმის წინააღმდეგ ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირების საპენსიო უზრუნველყოფას ეხება და ამიტომ კანონის ანალოგიის გამოყენება დაუშვებელია;
4. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეების ზერელე და დაუსაბუთებელ უარს მის მიერ მოსამართლე ნ. ჭავჭანიძის მიმართ აცილების თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ი-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, თითქოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცხეთის რაიონის სამხედრო კომისარიატის 2000 წლის 26 სექტემბრის ¹159 ცნობის, 1962 წლის 16 ივლისს გაცემული სამხედრო ბილეთის ნზ ¹0177485, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ¹102 მოწმობის საფუძველზე უდავოდ დადგენილად ცნო საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ს. ი-შვილი დაბადებულია 1924 წელს, არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, გააჩნია სამხედრო წოდება უფროსი სერჟანტი, 1950 წლის 28 იანვრიდან დათხოვნილია თადარიგში, 1998 წლის 1 იანვრამდე ღებულობდა მოხუცებულობის პენსიას თვეში 12 ლარის ოდენობით, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან, როგორც სამამულო ომის მონაწილეს, დაენიშნა 45 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოდგენილ წარილობით მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ამიტომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს საკასაციო საჩივარს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის არასწორად განმარტების და ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების უსწოროდ გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, რომელიც ს. ი-შვილის სარჩელის იურიდიული საფუძველია: «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურეობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით». დადგენილია, რომ ს. ი-შვილს 1998 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა ომის ინვალიდობის მიხედვით პენსია 45 ლარის ოდენობით და სარჩელით მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს ომის ინვალიდობასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნას თავისი დანამატით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹1/5/32), რომლითაც უარყოფილ იქნა სარჩელი ზემოაღნიშნული კანონის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის თაობაზე, განმარტა, რომ კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან და შესაბამისად მე-60 მუხლში მითითებული შეღავათი გავრცელდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.
საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ კასატორი ს. ი-შვილი, მართალია, უკვე 75 წელს გადაცილებულია და დიდ სამამულო ომშიც მონაწილეობდა, მაგრამ ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია, შესაბამისად, არც სათანადო წელთა ნამსახურობა აქვს, იყო უფროსი სერჟანტი და ოფიცრის წოდება არ გააჩნია, ამიტომ კასატორზე ვერ გავრცელდება კანონის ზემოაღნიშნული მე-60 მუხლის შეღავათი. საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორი გამოყენებით კანონიერად უთხრა უარი ს. ი-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნაზე, თავისი დანამატით, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოთქმული განმარტებები, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ სახელმძღვანელო განმარტებებსა და დებულებებს, რომელთა გათვალისწინებითაც ყალიბდება სასამართლო პრაქტიკა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ს. ი-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორი გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.