3გ-ად-230-კ-02 25 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილებით ქ. თბილისის ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკა შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 19 აპრილის ¹1-3\130 ბრძანებით ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის საწყის გასაყიდ ფასად განისაზღვრა 37087 აშშ დოლარი. პრივატიზების სავალდებულო პირობებს წარმოადგენდა დაწესებულების პროფილის შენარჩუნება და სახელმწიფო შეკვეთების სავალდებულო აღება 10 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 მაისის ¹1-3\172 ბრძანების თანახმად ¹10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მუშაკთა მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას ნება დაერთო პირდაპირი წესით მოეხდინა 37087,2 აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. ამავე ბრძანებით დროებით ამხანაგობას დაევალა ბრძანების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში უზრუნველეყო ობიექტის გასაყიდი ფასის 13%-ის დაფარვა ეროვნული ვალუტით, ხოლო 35%-ის _ საპრივატიზებო ბარათებით საპრივატიზებო ბარათების გავრცელების პერიოდში დადგენილი წესითა და ვადებში. დარჩენილი თანხის ანუ 52%-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანაბარი პროპორციით 3 წლის განმავლობაში _ 1996 წლის 23 მაისიდან 1999 წლის 23 მაისამდე ყოველკვარტალურად, არაუგვიანეს კვარტლის დამთავრებიდან 10 დღეში.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს «დ-ის» (ქ. თბილისის ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის უფლებამონაცვლე) მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პრივატიზაცია განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილების შესაბამისად და ამავე დადგენილების თანახმად ხორციელდებოდა მყიდველის მიერ თანხის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, მართალია, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მყიდველის შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, მაგრამ გადახდის ვადები და პირობები დაფიქსირებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამის ბრძანებაში, ხოლო ვალდებულება მხარეებს შორის წარმოიშვა მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილების საფუძველზე.
მოსარჩელემ მართებულად მიიჩნია ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 17 ივლისის ¹1-3\466 ბრძანებით, ქონების გამოსასყიდი ღირებულების გადასახდელად დადგენილი ვადების უხეშად დარღვევის გამო, შპს «დ-ის» დაჯარიმება გამოსასყიდი ღირებულების 10%-ით და სარჩელით ითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3708,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «დ-მა».
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «დ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა იმ საფუძველზე, რომ მხარეებს შორის პრივატიზების საწყის ეტაპზე ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, არც ჯარიმის შესახებ ყოფილა მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება.
კასატორმა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოპასუხისათვის 3708,72 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს «დ-მა» ქ. თბილისის ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გამოსასყიდი ღირებულება დადგენილი 1999 წლის 23 მაისის ნაცვლად დაფარა 1999 წლის 16 ივნისს, ე.ი. ვადის გადაცილებამ შეადგინა 24 დღე.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2000 წლის 17 ივლისის 1-3\466 ბრძანებას საფუძვლად დაუდო «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი, «სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 მაისის ¹1-3\172 ბრძანება.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის ¹... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს (ამჟამად _ შპს «დ-ი») აღნიშნული ქონების პრივატიზების საწყის ეტაპზე სახელშეკრულებო ვალდებულება წერილობითი ფორმით არ დაუდიათ და შესაბამისად არც საჯარიმო სანქციებზე შეთანხმებულან წერილობითი ფორმით.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 მაისის ¹1-3\172 ბრძანებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს 2000 წლის 17 ივლისის ¹1-3\466 ბრძანებას, არ არის მითითებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების შესახებ.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებათა ურთიერთობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹392 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დადგენილების თანახმად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მყიდველი ღებულობდა წერილობით გაფრთხილებას, შემდეგ კი ჯარიმდებოდა შეძენილი ქონების საპრივატიზებო ღირებულების 10%-ით.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების არარსებობის გარდა, მყიდველს, ქ. თბილისის ¹... სტომატოლოგიურ პოლიკლინიკას (ამჟამად შპს «დ-ი»), გამყიდველისაგან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან, გაფრთხილება, დადგენილი პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, შესაძლო დაჯარიმების თაობაზე არ მიუღია.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3\153 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიც იმპერატიულად ითხოვს დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველის გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არ გაუკეთებია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2000 წლის 29 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მისი გაფორმების მომენტისათვის შპს «დ-ის» მიერ დაფარული იყო გამოსასყიდი ქონების მთლიანი ღირებულება. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, გამოსასყიდი თანხის დროულად დაფარვასთან დაკავშირებით დარღვეული ვალდებულების გამო, მყიდველის მიმართ გასატარებელ საჯარიმო სანქციებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.