გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-234-კ-01 20 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1994 წლის 2 თებერვალს ქ.წყალტუბოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კასატორ ნ. მ-შვილი-ბ-ძის კუთვნილი ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე. გამოძიების პროცესში, 1994 წლის 13 მარტს პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ნ. მ-შვილის მანქანის მსგავსი ავტომანქანა ვაზ-2106 მარკის, ¹გ0993გა, წითელი ფერის, რომელზედაც დაზარალებულმა ეჭვი მიიტანა, რომ მისი იყო, მაგრამ შსს საინფორმაციო ცენტრში შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა სოხუმის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ა. ნ-იანს, რომლის ადგილსამყოფელიც ვერ იქნა დადგენილი. საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის წყალტუბოს განყოფილების 1997 წლის ივნისის ¹39/23-807 ცნობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ 1997 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონით, ავტომანქანა 326,9 აშშ დოლარად მიეყიდა დაზარალებულ (კასატორ) ნ. მ-შვილი-ბ-ძეს, იმავე წლის 4 აგვისტოს გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება ¹166 და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველს, ხოლო 26 აგვისტოს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹53/138ა. ვინაიდან ნ. მ-შვილმა ვერ შეძლო აუქციონზე შეძენილი ავტომანქანის გაფორმება, არაერთხელ მიმართა წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებას ავტომანქანის შესასყიდი ფასისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურებაზე, რის საფუძველზეც წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ნ. მ-შვილისათვის 327 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო ავტომანქანის _ საგამოძიებო განყოფილებისათვის დაბრუნება.
ქ.წყალტუბოს სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს სარჩელი და გაუქმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, სამმართველოს ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის ღირებულების, 326,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, ხოლო ნ. მ-შვილს – ავტომანქანა ვაზ-2106-ის საგამოძიებო დეპარტამენტის წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებისათვის დაბრუნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-შვილის მიერ სასამართლო სხდომაზე ზეპირი ფორმით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების (ავტომანქანის ღირებულების _ 326 აშშ დოლარის, მის შესაძენად აღებული სესხის 10% _ 687 აშშ დოლარისა, ავტომანქანის შენახვის ხარჯების – 1085 ლარის) შესახებ, რაც საზედამხედველო წესით გასაჩივრდა ნ. მ-შვილის მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 მარტის განჩინებით, წყალტუბოს სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ნ. მ-შვილისათვის ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა წყალტუბოს სასამართლოს.
ზარალის ანაზღაურების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ ნ. მ-შვილმა მოპასუხეებისაგან: შსს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოსაგან ზარალის სახით მოითხოვა ავტომანქანის შესაძენად გადახდილი თანხის 326 აშშ დოლარის, ასევე მანქანის დარაჯობისა და ავტოფარეხის მოკავებისათვის სადღეღამისო ქირის, დღეში 50 თეთრის, სულ 1092 ლარისა და 50 თეთრის ანაზღაურება, ხოლო შსს საგამოძიებო დეპარტამენტის წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა წყალტუბოს სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება და ავტომანქანის საგამოძიებო განყოფილებისათვის ჩაბარება. წყალტუბოს სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 1999 წლის 24 თებერვალს ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ ნ. მ-შვილს აუნაზღაურდა აუქციონზე ავტომანქანის შესაძენად გადახდილი 327 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა – 687,45 ლარი. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. მ-შვილმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 1996 წლიდან 2160 დღეზე ავტომანქანის მეთვალყურეობისა და მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯის სახით მოითხოვა დღე-ღამეში 50 თეთრი, სულ 1080 ლარი, ხოლო ავტომანქანის აუქციონზე შეძენისათვის მოქალაქე ლ. მ-იანისაგან სესხის სახით აღებულ 300 დოლარზე, 1997 წლის 4 აგვისტოდან 1999 წლის 24 თებერვლის ჩათვლით მოითხოვა გადახდილი სარგებლის 10%-ის, სულ 487 აშშ დოლარის ეკვივალენტი 921 ლარის ანაზღაურება, მთლიანად ნ. მ-შვილმა მოპასუხეებისაგან მოითხოვა 2001 ლარის ანაზღაურება.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208 მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1997 წლის 4 აგვისტოდან 1999 წლის 24 თებერვლამდე პროცენტის სახით 432 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება და მანქანის შენახვის ხარჯის სახით 280 ლარის გადახდა, ნ. მ-შვილს სარჩელის დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-შვილისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ქონების მართვის წყალტუბოს სამმართველოს ნ. მ-შვილის სასარგებლოდ პროცენტის სახით 1997 წლის 4 აგვისტოდან 1999 წლის 24 თებერვლამდე დაეკისრა 492 აშშ დოლარის, ხოლო მანქანის ხარჯების სახით 280 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია შემდეგი საფუძვლით:
1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წყალტუბოს სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას (გაუსაჩივრებელ ნაწილში) აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა და დადგენილად ცნო, რომ სადავო ავტომაქანა არ წარმოადგენს ნ. მ-შვილის საკუთრებას, მანქანა უნდა გადაცემოდა წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებას და შესაბამისად, მოსარჩელე ნ. მ-შვილი არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მას ე.ი. ავტომანქანის არაკეთილსინდისიერი მფლობელი იყო;
2. ვინაიდან 1995 წელს ნ. მ-შვილს მიღება-ჩაბარების აქტით არ გადასცემია ავტომანქანა, არამედ მისი განმარტებით, ხელწერილით ჩაიბარა იგი, რომლის ასლიც ვერ წარუდგინა სასამართლოს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 763-ე, 764-ე და 775-ე მუხლების საფუძველზე, მხარეებს ნ. მ-შვილსა და შსს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებას ან სახელმწიფო ქონების მართვის წყალტუბოს სამმართველოს შორის არ დადებულა ავტომანქანის მიბარებაზე სასყიდლიანი ხელშეკრულება, ამიტომ უსაფუძვლოა სარჩელი ავტომანქანის შენახვის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. რადგან ნ. მ-შვილი ავტომანქანის არაკეთილსინდისიერი მფლობელია, არაკეთილსინდისიერი მფლობელისათვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნივთის შენახვისათვის ხარჯების ანაზღაურებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;
3. აუქციონის მასალების მიხედვით სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ ნ. მ-შვილმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა აუქციონში, მისთვის არავის დაუვალებია სესხი აეღო პროცენტით და ისე შეესყიდა ავტომანქანა, ამიტომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ნ. მ-შვილის სარჩელი ავტომანქანის შესაძენად სესხის სახით აღებულ 300 დოლარზე გადახდილი 10%-ის ანაზღაურების ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ნ. მ-შვილი-ბ-ძე, რომელიც განჩინების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:
1. საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტების საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა ამჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე, 764-ე, 775-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) შესაბამისი ნორმები, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი სამოქალაქო კოდექსი გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან, კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ასევე სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 1991 წლის კანონი;
2. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 65-ე მუხლი. კასატორის აზრით, კოდექსის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 249-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 252-ე მუხლით საფუძვლიანია მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა განჩინებით;
4. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, თავისი განჩინება დააფუძნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რაც უსწოროა, რადგან უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 მარტის განჩინებით გაუქმებულ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პრეიუდიციული მნიშვნელობა;
5. მოპასუხე შს სამნისტროს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებისა და ყოფილი გამომძიებლის კვანტალიანის მიერ ნ. მ-შვილის მიმართ დარღვეულ იქნა «პოლიციის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის 27-ე, 28-ე პუნქტები, (საქმის მასალების ასლების მიუცემლობა) და მათი მხრიდან ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას;
6. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ დასახელებული მოპასუხეები სოლიდარული მოვალეები არიან და მის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზარალის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 1997 წლიდან 2001 წლამდე ავტომანქანის მოვლის ხარჯები, დღეში 0,50 თეთრის ოდენობით, სულ 845 ლარი; ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის გათვალისწინებით, უნდა დაეკისროს ავტომაქანის შეძენისათვის აღებულ სესხზე _ 300 აშშ დოლარზე გადახდილი 10% _ 432 აშშ დოლარი – 1080 ლარი, სულ 1925 ლარი.
ნ. მ-შვილი-ბ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
მოპასუხე შსს საგამოძიებო განყოფილების წარმოდმადგენელი და ვ.კვანტალიანი, მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოძახებისა, არ გამოცხადდნენ საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმე განხილული იქნა მათ გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივნებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-შვილი-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის უმართებულოდ გამოყენების თაობაზე, რომლის თანახმადაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომელსაც თუმცა ემყარება ასეთი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან ისინი დადგენილია საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პირველი ნაწილით გაუქმდა კასატორ ნ. მ-შვილთან 1997 წლის 4 აგვისტოს დადებული ავტომანქანა ვაზ 2106 მარკის პრივატიზების (ნასყიდობის) ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანაზე გადახდილი ღირებულების 326,9 აშშ დოლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილების მე-2 ნაწილით ავტომანქანა უნდა დაბრუნებოდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილებას, ხოლო გადაწყვეტილების მე-3 ნაწილით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-შვილის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მესამე ნაწილი, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ნ. მ-შვილმა გაასაჩივრა ზედამხედველობის წესით, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 28 მარტის განჩინებით და გასაჩივრებულ ე.ი. ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
ვინაიდან კასატორმა ნ. მ-შვილმა წყალტუბოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1964 წელს მიღებული) 215-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ანალოგიურად ამჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტისა, სასამართლოს 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხე – შსს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებისათვის დაბრუნების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა და იმჟამინდელი საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით შესასრულებლად სავალდებულო იყო ყველასათვის. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს ნაწილობრივ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ პრივატიზებული ავტომანქანა აღარ წარმოადგენდა ნ. მ-შვილის საკუთრებას და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამართლზომიერად ფლობდა მას, საოლქო სასამართლოსათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა პრივატიზაციის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმის განხილვისას. ამიტომ, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ ეთანხმება კასატორის ამ არგუმენტს და მიაჩნია, რომ მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს, ქუთაისის საოლქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტი და სწორად მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებას გაუსაჩივრებელ ნაწილში;
2. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასაციის მოტივს საოლქო სასამართლოს მიერ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 763-ე, 764-ე, 775-ე მუხლების უსწოროდ გამოყენების თაობაზე. მართალია, ახალი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კოდექსი მოქმედებს 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, კასატორი კი ავტომანქანის მოვლა-დარაჯობის ხარჯების ანაზღაურებას 1995 წლიდან ითხოვდა და სასამართლოს მაშინ მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) ნორმები უნდა გამოეყენებინა, მაგრამ კასატორი ავტომანქანის მოვლა-დარაჯობის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს არა მხოლოდ 1995 წლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდისათვის, არამედ მას შემდეგაც, 2001 წლის ოქტომბრამდე. ნ. მ-შვილმა საოლქო სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 763-ე და ვერც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 427-428-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხე – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს ან შსს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებასთან დადებული ხელშეკრულება პრივატიზებული ავტომანქანის მისთვის შესანახად გადაცემის (მიბარების) შესახებ, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული გარიგების (შენახვის ხელშეკრულების) არ არსებობის გამო კასატორის მიმართ არ წარმოეშობათ არც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1967წ.) 429-ე და არც ახალი სამოქალაქო კოდექსის 773-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მანქანის შენახვისათვის განკუთვნილი აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას მოვალეობა. ამასთან, არამართლზომიერი ფლობელისათვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურებას არც ძველი და არც ახალი სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;
3. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (ძვ. 1964წ.) 65-ე მუხლი და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 1991 წლის 26 აგვისტოს კანონი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უმართებულობის გამო, რადგან კასაციაში მითითებულ 65-ე მუხლს 1964 წლის კოდექსით - «რწმუნებულებანი, რომელთა დადასტურება სხვა წესით ხდება» და 1997 წლის კოდექსით - «არასრულწლოვანის ემანსიპაცია» სამართლებრივად არავითარი კავშირი არა აქვს განსახილველ დავასთან და სასამარლომ სწორად არ გამოიყენა აღნიშნული ნორმა. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის გამოუყენებლობაზე მითითებას, რადგნ პრივატიზება დავის საგანს აღარ წარმოადგენდა და სადავო ავტომანქანის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში უკვე არსებობდა წყალტუბოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამასთან, მანქანის პრივატიზების დროს, 1997 წლის 30 ივლისს, უკვე მოქმედებდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» ახალი, 1997 წლის 30 მაისის კანონი;
4. კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან პრივატიზების ბათილობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის გარკვევისას სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 136-ე, 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 252-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 464-ე; 494-ე მუხლებით და რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა 432 აშშ დოლარის (მანქანის შესაძენად სესხად აღებული 300 აშშ დოლარზე გადახდილი სარგებელი – 10%) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე კანონიერია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უმართებულობისა და დაუსაბუთებლობის გამო. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 247-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველი (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო) ვალდებული იყო მყიდველი (ნ. მ-შვილი) გაეფრთხილებინა საპრივატიზებო მანქანაზე მესამე პირის უფლების შესახებ, ხოლო 252-ე მუხლით, რადგან მყიდველს ჩამოერთვა მანქანა, გამყიდველი მოვალე იყო აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი, ანალოგიურად კასატორის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 494-ე მუხლის I ნაწილისა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად «მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ». საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 1994 წლის 13 მარტს, როცა პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ნ. მ-შვილის მსგავსი მანქანა, დაზარალებულმა ეჭვი გამოთქვა, რომ მანქანა მისი იყო და 3 წლის შემდეგ, 1997 წლის 27 იანვარს ნებაყოფლობით თავად მიმართა განცხადებით ქონების მართვის სამმართველოს უპატრონო მანქანის პრივატიზებაზე. საკუთარი მანქანის პრივატიზებას, ბუნებრივია კასატორი არ მოითხოვდა. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პრივატიზებულ მანქანაზე უფლებრივი ნაკლის შესახებ კასატორისათვის იმთავითვე იყო ცნობილი და ამიტომ მისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სწორად არ დააკმაყოფილა საოლქო სასამართლომ, რომელსაც სარჩელის გადაწყვეტისას, თუმცა ზემოაღნიშნული კანონებით არ უხელმძღვანელებია, მაგრამ არსებითად სწორად გადაწყვიტა საქმე და გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს;
5. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის დარღვევით განჩინების გამოტანის თაობაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამაც ზემოაღნიშნული 386-ე, 389-ე მუხლების თანახმად, დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის წყალტუბოს სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში და არ დააკმაყოფილა ნ. მ-შვილის სარჩელი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საპროცესო ნორმის დაცვით გამოტანილია გადაწყვეტილების სახით, ხოლო სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აწერია «განჩინება», რაც საკასაციო პალატის აზრით, გადაწყვეტილების დაბეჭდვის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ნ. მ-შვილი-ბ-ძის საკასაიცო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი და სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-შვილი-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.