3გ-ად-235-კ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, არჩევნების შედეგების შეჯამება თ. რ-ძის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად.
აღწერილობითი ნაწილი:
24.06.02.წ. სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. ლ-ძემ, მოპასუხის _ ¹.... ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ¹.... ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის 19.06.02 ¹22 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, არჩევნების შედეგების შეჯამება თ. რ-ძის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებისას დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომლის ძალითაც საოლქო საარჩევნო კომისიას არ უნდა გაეთვალისწინებინა შედეგების შეჯამებისას გამგებლის კანდიდატის თ. რ-ძის მიერ მიღებული ხმები, საარჩევნო კომისიაში შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარდგენის შესახებ კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის გამო. აღნიშნულ დარღვევაზე მითითებით მოსარჩელემ 17.06.02წ. განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც 19.06.02წ. იმსჯელა განცხადებაში მოყვანილ არგუმენტაციაზე და სადავო საკითხი, კომისიის წევრთა შორის კოდექსის 48.4 მუხლით გათვალისწინებული ზომების გატარების ვადების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო, საოლქო სასამართლოს განსჯადად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ არ არის მითითებული ქმედებების შესრულების ვადები, მოსარჩელის აზრით, კოდექსის ნორმების ლოგიკური განმარტებით დასტურდება მათი კენჭისყრამდე პერიოდში გატარების აუცილებლობა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-20 პუნქტი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებას 46-48-ე მუხლების დარღვევის შემთხვევაში, 46-48-ე მუხლების დარღვევის დადასტურება შეუძლებელია, თუ 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება კენჭისყრის შემდგომ პერიოდს გულისხმობს. ო. ლ-ძე მიიჩნევდა, რომ საარჩევნო სუბიექტს 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება უნდა შეესრულებინა კენჭისყრამდე, რაც თ. რ-ძეს, საოლქო საარჩევნო კომისიის 17.06.02წ. ¹28 წერილის თანახმად, არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თ. რ-ძის მიერ საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის დადასტურება, არჩევნების შედეგების შეჯამება თ. რ-ძის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 26.06.02წ. გადაწყვეტილებით ო. ლ-ძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოლეგიამ იმის გათვალისწინებით, რომ 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად, ვის მიერაც დაირღვა აღნიშნული ნორმის მოთხოვნა, მიიჩნია, რომ ანგარიში საარჩევნო კომისიაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ანუ 19 ივნისამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამგებლის კანდიდატის თ. რ-ძის მიერ არ დარღვეულა კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან მან საოლქო საარჩევნო კომისიას ანგარიში წარუდგინა არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევაზე მითითება, ვინაიდან «ი-ის» ხაშურის ფილიალის მმართველის 21.06.02 ცნობით დასტურდება, რომ თ. რ-ძის მიერ 08.05.02წ. გაიხსნა საარჩევნო კომპანიის ანგარიში, რომელიც 21.06.02წ. დაიხურა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.06.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. ლ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში საუბარია არა 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშზე, არამედ 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით მოცემული საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშზე, ე.ი. საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე. საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშის, ანუ საბანკო ანგარიშის ნომრის წარდგენით კომისია ვერ იმსჯელებდა საარჩევნო სუბიექტის მიერ 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის დარღვევაზე. კასატორის აზრით, კოლეგია გასცდა სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებს და გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რომლებზეც არ გამახვილებულა ყურადღება საქმის განხილვისას. დავის საგანს წარმოადგენდა არა საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშის ვადების დარღვევა, არამედ 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებაში აღნიშნული მონაცემების კენჭისყრამდე და არა მის შემდეგ წარდგენის მოთხოვნის დარღვევა. კოლეგიის დასკვნა შედეგების შეჯამებამდე და არა კენჭისყრამდე მონაცემების წარდგენის შესახებ, კასატორის აზრით, გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული. კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამება მოახდინოს კენჭისყრიდან არა უგვიანეს 4 დღისა. კომისიას შედეგები შეეძლო შეეჯამებინა კენჭისყრიდან მეორე დღესვე, რაც იმას ადასტურებს, რომ მონაცემები 48-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილ უნდა ყოფილიყო კენჭისყრამდე. კოდექსის 77-ე მუხლის მე-20 პუნქტი ფონდთან დაკავშირებული დავების განხილვას უშვებს კენჭისყრამდე დადასტურების შესაძლებლობას. საქმის განხილვისას კოლეგიამ მხარეთა უარყოფითი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ უარი თქვა დამატებითი საფუძვლად 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევების შესახებ მსჯელობაზე. მიუხედავად ამისა, კოლეგიამ გადაწყვეტილებაში არსებითად იმსჯელა აღნიშნულზე. სასამართლო სსსკ 201-ე მუხლის მიხედვით ვალდებული იყო მოპასუხისათვის წერილობით ეცნობებინა საქმის არსის შესახებ. კოლეგიამ საპროცესო წესების დარღვევით მოახდინა საქმის გარემოებების დადგენა, შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, გარემოებები დადგენილია პროცესუალური წესების დარღვევით. აღნიშნულიდიან გამომდინარე, კასატორი ითხოვს 26.06.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა კოლეგიისათვის გადაგზავნას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ შეიცავს მითითებას ამ ნორმის მეორე წინადადებაში მოცემული ზომების გატარების ვადებზე. კოდექსის აღნიშნული ნორმა არ შეიცავს მითითებას საარჩევნო კომიისათვის ფონდის ანგარიშის წარდგენის, შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის შესახებ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-20 პუნქტის დებულება იმის შესახებ, რომ «ამ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის კენჭისყრამდე დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს უუქმდება სააარჩევნო რეგისტრაცია» არ ადასტურებს ფონდის ანგარიშის, შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის კენჭისყრის შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდე წარდგენის დაუშვებლობას. არჩევნებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების მოთხოვნას ლოგიკურად პასუხობს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებაში გათვალისწინებული ღონისძიებები არჩევნების შედეგების შეჯამებამდე უნდა მოხდეს. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია აძლევს საარჩევნო კომისიას შესაძლებლობას კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კოდექსის 48-მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოახდინოს შედეგების შეჯამება საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ხაშურის გამგებლის კანდიდატის თ. რ-ძის საარჩევნო ფონდის მმართველის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში ანგარიში წარდგენილ იქნა 18.06.02წ., არჩევნების შედეგები 19.06.02წ. შეჯამდა. ვინაიდან ანგარიში საარჩევნო კომისიას წარედგინა არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, პალატა იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების შესაძლებლობას 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის და არა 77-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. უმართებულოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია 48-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით იყო გაუმჭვირვალე, რითაც კასატორს ხელი შეეშალა თვალყური ედევნა საარჩევნო კოდექსის 46-48-ე მუხლების მოთხოვნათა შესრულებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. რ-ძეს კოდექსის 46-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების თანახმად კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა გახსნილი სარჩევნო ფონდის ანგარიში, შესაბამისად, არსებობდა კენჭისყრამდე შემოწირულობის წყაროსა და თანხების გაკონტროლების შესაძლებლობა. საარჩევნო სუბიექტი კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აცნობებს კომისიას საარჩევნო კომპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ანგარიშის ნომერს, საარჩევნო კომპანიის ფონდის მმართველისა და ბუღლატრის ვინაობას. შესაბამისად არსებობდა შედეგების შეჯამებამდე საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალება. მიუხედავად ამისა, ო. ლ-ძემ საარჩევნო კომპანიის დაფინანსების წესების დარღვევის შესახებ საკითხი დასვა კენჭისყრის ჩატარების შემდეგ. დავის საგნად არ ქცეულა აგრეთვე საარჩევნო ფონდში შეტანილი სახსრების წყაროს, საარჩევნო შემოწირულობების შეტანის, განკარგვის წესის კანონიერება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტილებისათვის.
26.06.02წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ეხება კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევას, რის გამო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სადავო საკითხთან ერთად საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამატებითი მსჯელობა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. თ. რ-ძის მიერ 08.05.02წ. გახსნილი ანგარიშის 21.06.2000წ. დახურვა დამატებით ადასტურებს არჩევნების დაფინანსებას დადგენილი წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 26.06.02წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ლ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.06.02წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.