Facebook Twitter

¹ 3გ-ად-236-კ-01 3 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ყადაღისაგან უძრავი ქონების გათავისუფლება და საიჯარო ქირის თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

21.10.97წ. ხელშეკრულებით შპს «კ.-ის» წარმომადგენელმა ზ. გ-ძემ რ. ს-იას მიყიდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი 284,82 კვ.მ., რომელიც შეადგენს მთლიანი ფართის 77/100. 03.12.98წ. სანოტარო წესით დამოწმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც სადავო ფართი გაიცა იჯარით.

07.04.99წ. ქუთაისის სასამართლოს ბრძანებით, ყადაღა დაედო რ. ს-იას სახელზე გაფორმებულ არასაცხოვრებელ ფართს. რ. ს-იამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ფართის და საიჯარო ქირის ყადაღისაგან გათავისუფლება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სსსკ-ს 198-ე მუხლი ითვალისწინებს ყადაღის დადებას იმ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახხსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, გამოძიებას არ გააჩნია რაიმე მტკიცება იმისა, რომ მის საკუთრებაში მყოფი არასაცხოვრებელი ფართი ეკუთვნის სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით პასუხისგებაში მიცემულ მის დას – ნ. კ-შვილს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს კავშირი არ აქვს საქმესთან, მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200 მუხლი უფლებას აძლევს მას მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.08.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რ. ს-იამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.10.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მოწმეების – ზ. ა-ძის, ნ. ბ-ოვას, ც. ს-ძის, ვ. ო-ძის, რ. ხ-ძის, გ. ჯ-ძის, ზ. ს-ძის, მ. ჩ-ძის, ს. მ-იას, ი. კ-ძის ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ფართი ნ. კ-შვილს შეძენილი აქვს მეანაბრეთა თანხებით. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების ზ. კ-ძის, ა. ზ-ძის, შ. ჯ-ძის, ჯ. ა-ძის, ზ. ა-ძის ჩვენებებით არ დასტურდება სადავო ფართის მეანაბრეთა თანხების შეძენა, მაგრამ სასამართლოს აზრით ამ ჩვენებებით არც ის დასტურდება, რომ სადავო ფართი ნ. კ-შვილს შეძენილი არა აქვს მეანაბრეთა თანხებით. ნ. კ-შვილის მიერ სადავო ფართის მეანაბრეთა თანხებით შეძენა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, დასტურდება აგრეთვე კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენით, რომლითაც ნ. კ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითური გზით 905 მეანაბრის თანხის მიზიდვაში და მითვისებაში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატამ გაიზიარა დაზარალებული მხარის სააპელაციო საჩივრების მოტივირება და საჭიროდ მიიჩნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20.04.01წ. გასაჩივრებული განაჩენიდან ამორიცხულიყო მითითება იმის შესახებ, რომ ნ. კ-შვილის ნათესავების სახელზე რიცხული უძრავი ქონება არ წარმოადგენს ნ. კ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენის გზით მოპოვებულ ქონებას, ვინაიდან აღნიშნული მითითება ნ. კ-შვილის ბრალეულობის ხარისხთან და იურიდიულ კვალიფიკაციასთან არაა დაკავშირებული, სისხლის სამართლის სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქონებაზე ყადაღის მოხსნის ან დაყადაღებული ქონების ნუსხიდან ქონების ამორიცხვის საკითხზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამავე წესით უნდა გადაწყდეს აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები დაყადაღებული ქონების დაზარალებულებისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ რ. ს-იას მოთხოვნები მიიჩნია უსაფუძვლოდ და მიუთითა, რომ დაყადაღებული ფართი ნ. კ-შვილის მიერ შეძენილია დანაშაულებრივი გზით, სინამდვილეს შეესაბამება საბრალდებო დასკვნაში მითითება იმაზე, რომ თაღლითური გზით მიღებული თანხის ნაწილით ნ. კ-შვილმა 21.000 აშშ დოლარად 21.10.97წ. შეიძინა 284,82 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გააფორმა ძმის – რ. ს-იას სახელზე. ვინაიდან სადავო ფართი ნ. კ-შვილის მიერ დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის საფუძველზე წარდგენილი რ. ს-იას სარჩელი სააპელაციო პალატის მიერ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის 05.10.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ს-იას მიერ. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სსსკ-ს 102-ე მუხლი, რომლის მიხედვით საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის მიხედვით უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ჩათვალა დადასტურებულად ნ. კ-შვილის მიერ სადავო ფართის შეძენა, მაშინ როდესაც კანონი უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის დადასტურებას მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე არ ითვალისწინებს. არც ერთი მოწმე არ დასწრებია სადავო ფართის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას და ხელშეკროულების გაფორმებას. ამასთანავე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ადასტურებენ, რომ ფართი მის მიერაა შეძენილი, რაც არ უკრძალავდა ნ. კ-შვილს ფართის ოფისისათვის დაქირავებას. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 312-ე მუხლის 1 ნაწილი რეესტრის მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციის შესახებ, რის შედეგად დაყადაღდა არა ნ. კ-შვილის, არამედ კასატორის ქონება, ყადაღა ქონებას დაედო ისე, რომ არ იქნა შეტანილი ცვლილებები საჯარო რეესტრში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის არასწორი განმარტების შედეგად ის მიჩნეულ იქნა იმ პირად, რომლის ქონება შეიძლება დაყადაღდეს. სსსკ-ს 190-ე მუხლი ითვალისწინებს ყადაღის დადებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის და განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებაზე. კასატორი არ განეკუთვნება არცერთ მათთაგანს.

სსსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწ. დარღვევით სასამართლომ არ მოახდინა საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვა, რის შედეგადაც განჩინების სამოტივაციო ნაწილში პალატა მიუთითებს თითქოს ნ. კ-შვილის მიმართ 22.06.01წ. გამოტანილი განაჩენით დასტურდება ფართის შეძენა ნ. კ-შვილის მიერ მეანაბრეთა თანხებით, მაშინ როდესაც განაჩენი არ შეიცავს ასეთ დასკვნას, მასში მითითებულია, რომ ეს საკითხი არაა დაკავშირებული ნ. კ-შვილის ბრალეულობის საკითხთან და ქმედების იურიდიულ კვალიფიკაციასთან, ქონებაზე ყადაღის მოხსნის ან დაყადაღებული ქონების ნუსხიდან ქონების ამორიცხვის საკითხზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და იმსჯელა სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხზე, კერძოდ სასამართლომ დადგენილად ცნო საბრალდებო დასკვნაში იმის აღნიშვნა, რომ თაღლითური გზით მიღებული თანხის ნაწილით ნ. კ-შვილმა 21 000 აშშ დოლარად 21.10.97წ. შეიძინა და ძმის – რ. ს-იას სახელზე გააფორმა სადავო არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს 05.10.01წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქმეში მესამე პირად ჩაბმული შპს «ნ.-სთან» დაკავშირებულ პირთა (მეანაბრეთა) უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა სააპელაციო პალატის 05.10.01წ. განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაიო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, კერძოდ: ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 29.06.01წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ნ. კ-შვილის დამნაშავედ ცნობა, თაღლითური გზით 905 მეანაბრის თანხის მოზიდვისა და მითვისებისათვის მსჯავრის დადება; სააპელაციო სასამართლოს 22.06.01წ. განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან იმ მითითების ამორიცხვა, რომლითაც უარყოფილი იყო ნ. კ-შვილის ახლობლების პირად საკუთრებაში აღრიცხული (დაყადაღებული) ქონების მოცემული დანაშაულის გზით მოპოვება; ნ. კ-შვილის მიერ სადავო არასაცხოვრებელ ფართში ოფისის გახსნა; რ. ს-იას და ნ. კ-შვილს შორის ახლო ნათესაური კავშირი; მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებები საკმაო საფუძველს აძლევდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი შეძენილი იყო ნ. კ-შვილის მიერ მეანაბრეებისაგან მიღებული თანხებით, რომლებიც გაფორმდა ნ. კ-შვილის ძმის – რ. ს-იას სახელზე. ის ფაქტი, რომ სადავო ფართი რ. ს-იას სახელზეა აღრიცხული არ გამორიცხავს სადავო ფართის ნ. კ-შვილის მიერ მეანაბრეთა თანხებით შეძენას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 22.06.01წ. განაჩენით ნ. კ-შვილის სსკ-ს 153-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა არ სპობს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს, პირიქით, აძლიერებს ქონების ნ. კ-შვილის მიერ მეანაბრეების სახსრებით შეძენის მოსაზრებას, რაც ქმნის ყადაღის ძალაში დარჩენის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ არ არსებობს რ. ს-იას სასარჩელო მოთხოვნის – სადავო ფართის ყადაღისაგან გათავისუფლების, საიჯარო ქირის დაბრუნების საფუძველი.

პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვებოდა რ. ს-იაზე რიცხული სადავო ფართის დაყადაღება. ქონებაზე Yყადაღის დადების დროისათვის მოქმედი 1960წ. სსსკ-ს 174-ე მუხლი ითვალისწინებს ყადაღის დადებას ბრალდებულის, ეჭვმიტანილის ან მათი მოქმედებისათვის კანონით მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა ან სხვა იმ პირთა ქონებაზე, რომლებთანაც იმყოფება დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონება, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.04.99წ. დადგენილებით მიყენებული ზარალის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადო რ. ს-იას სახელზე გაფორმებულ სადაო ფართს. ამჟამად მოქმედი სსსკ-ის 190-ე მუხლის თანახმად, დანაშაულებრივა გზით მოპოვებული ქონების შესახებ მონაცემების არსებობა წარმოადგენს ყადაღის დადების საფუძველს. პალატა თვლის, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი სადავო ქონების ნ. კ-შვილის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, რაც სსსკ-ს 190-ე, 193.1, 194.3 მუხლების მიხედვით ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შესაძლოა ყადაღა დაედოს იმ ქონებას, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამდენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით დაედო აგრეთვე ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.02.2000წ. და 08.03.2000წ. ბრძანებებით სადავო ფართის საიჯარო ქონებას.

პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ურთიერთობები წარმოშობილია ნ. კ-შვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო. ნ. კ-შვილის მიერ დატაცებული თანხებით სადავო ფართის შეძენა, რ. ს-იას სახელზე გაფორმება სცილდება სამოქალაქო _ სამართლებრივ ურთიერთობებს, აღნიშნული წარმოადგენს არა სახელშეკრულებო ურთიერთობის სფეროს, არამედ ნ. კ-შვილის მხრიდან მოქალაქეთა მოტყუების, თანხების მისაკუთრების მიზნის მიღწევის საშუალებას, დაზარალებულებთან მსჯავრდებულ ნ. კ-შვილის ურთიერთობა იყო თვალთმაქცური და ითვალისწინებდა მხოლოდ დანაშაულებრივ ანგარებას. ამდენად, უძრავ ნივთზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ს 183-ე მუხლი) არ გამორიცხავდა სადავო ფართის ნ. კ-შვილის მიერ შეძენის დადგენის შესაძლებლობას. ამდენად სააპელაციო სასამართლოს განმხილველ სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა სათანადო სახის მტკიცებულებათა გამოყენების შესახებ. რაც შეეხება სადავო ფართის საჯარო რეესტრში კასატორის სახელზე აღრიცხვას, რეესტრის მონაცემების შეცვლის განხორციელება შესაძლებელია ცალკე სამართალწარმოების წესით. სააპელაციო პალატის მიერ საბრალდებო დასკვნის მოსაზრების გაზიარება იმის შესახებ, რომ თაღლითური გზით მიღებული თანხის ნაწილით _ 21000 აშშ დოლარად ნ. კ-შვილმა 21.10.97წ. შეიძინა ქუთაისში, ... არსებული 284.82 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ნ. კ-შვილმა ძმის – რ. ს-იას სახელზე გააფორმა არ ადასტურებს სასამართლოს მიერ კომპეტენციის გადაჭარბებით სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციების მითითებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებანი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.10.01წ. განჩინება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ს-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაუიცლი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.10.01წ. განჩინება.

2. კასატორს რ. ს-იას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.