Facebook Twitter

3გ/ად-238-კ-01 19 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საკრებულოს წევრის უფლებამოსილების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1993 წლის 2 აგვისტოდან 1997 წლის 24 თებერვლამდე მოსარჩელე თ. ჯ-ძე მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებლად, 1998 წლის 15 ნოემბერს ჩატარებული საკრებულოს არჩევნების დროს იგი არჩეულ იქნა ... თემის საკრებულოს წევრად. 1997 წლის 20 იანვარს ბაღდათის რაიონის გამგეობაში შევიდა ანონიმური წერილი, რომლის ავტორიც მიუთითებდა თ. ჯ-ძის არაკანონიერ მოქმედებებზე და მის მიმართ მოითხოვდა სათანადო ღონისძიებების გატარებას. 1996 წლის 10 ოქტომბრისა და 1997 წლის 18 თებერვლის განცხადებებით თ. ჯ-ძემ ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა სამუშაოზე გადაყვანა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 1997 წლის 24 თებერვლიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. თ. ჯ-ძის განმარტებით, მის მიერ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა განაპირობა რაიონის ძალოვანი და ხელმძღვანელი სამსახურის თანამდებობის პირების ზეწოლამ.

თ. ჯ-ძემ 1997 წლის 10 სექტემბერს თანამდებობაზე აღდგენისა და პიროვნული დევნის აღიარების მოთხოვნით სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს. მოსამართლის განჩინებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ანონიმურ წერილში მოყვანილი ფაქტების გადამოწმება, მაგრამ კომისიამ სამსახურებრივი სიყალბე ვერ დაადგინა. ანონიმურ წერილში დაყენებული საკითხების შესწავლის მიზნით, ბაღდათის რაიონის გამგებელ ჯ. მ-ძის მიერაც შეიქმნა კომისია, რომლის მასალების საფუძველზე ბაღდათის რაიონულ პროკურატურაში 1998 წლის 12 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თ. ჯ-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებული სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე.

ბაღდათის რაიონის პროკურატურამ საქმის შესწავლის შემდეგ 1998 წლის 10 აპრილს წარდგინება გაუგზავნა ფერსათის საკრებულოს და თ. ჯ-ძის სამსახურებრივი დარღვევების გამო თხოვა მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარება. ... თემის საკრებულოს 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძეს ვადაზე ადრე შეუწყვიტეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იმის გამო, რომ იგი «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, არასაპატიო მიზეზით ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში და არ ასრულებდა საკრებულოს წევრის. საქმეში ასევე წარმოდგენილია თ. ჯ-ძის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი ... საკრებულოს უწოდებს ფიქტიურ ორგანოს, უარს აცხადებს მის მუშაობაში და თანახმაა ხალხთან იმუშაოს ინდივიდუალურად.

თ. ჯ-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის განჩინებით იგი გამართლებული იქნა და განემარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

2000 წლის 9 აგვისტოს თ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოითხოვა სრული რეაბილიტაცია; ასევე ბაღდათის რაიონის გამგეობისაგან 40 000 ლარის, პროკურატურისაგან 10 000 ლარის, ... თემის საკრებულოსაგან 10000 ლარის, სამტრედიის სასამართლოსაგან 70 ლარის ანაზღაურება, ყველა მათგანის მიერ წერილობითი ბოდიშის მოხდა, ... საკრებულოს გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრა და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. შემდეგ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა: ბაღდათის რაიონის ყოფილი გამგებლის ჯ. მ-ძისაგან მოითხოვა 40 000 ლარის ანაზღაურება, ასევე ... თემის საკრებულოს 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ... თემის საკრებულოს წევრის სტატუსის აღდგენა.

მოპასუხეებმა უსაფუძვლობის მოტივით არ ცნეს სარჩელი.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იგი რეაბილიტირებული იქნა სრულად; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (რომელიც საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული) თ. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 60 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს უარი ეთქვა ჯ. მ-ძის მიმართ სახელმწიფოსთან ერთად მორალური ზიანის 40 000 ლარის ანაზღაურებაზე, ფერსათის თემის საკრებულოს 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ჩაითვალა აღდგენილად, გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და თ. ჯ-ძეს აღუდგა საკრებულოს წევრის სტატუსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა თ. ჯ-ძის სრული რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე თ. ჯ-ძემ და მოპასუხე – ... თემის საკრებულოს თავმჯდომარემ გ. ტ-ძემ. თ. ჯ-ძე არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის 5 000 ლარის დაკისრებას და მოპასუხეების მიმართ სრული მოცულობით მოითხოვა სარჩელში მითითებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო გ. ტ-ძემ მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. ჯ-ძისა და ... თემის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგი მოტივით:

1. საოლქო სასამართლოს აზრით, მართალია, ყოფილმა გამგებელმა ჯ. მ-ძემ 1997 წლის ¹711 მიმართვით აცნობა რაიონის პროკურორს თ. ჯ-ძის ქცევისა და პრეტენზიების თაობაზე, რის საფუძველზეც ჯანდაცვის დაწესებულებაში გადამოწმებული იქნა მოსარჩელის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები, მაგრამ ჯ. მ-ძე მოქმედებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯ. მ-ძის ქმედებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და შესაბამისად, მორალური ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ ნორმების, ამოქმედებამდეა განხორციელებული, ამასთან ეს ქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით განსაზღვრულ ისეთი კატეგორიის ქცევად, რომლისთვისაც პირს შეიძლება დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება;

2. რაიონულმა სასამართლომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სრულიად სამართლიანად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 40 000 ლარის ნაცვლად, სახელმწიფოს დააკისრა 5 000 ლარის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ ... თემის საკრებულოსა და პროკურატურის ქმედებაში განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ნიშნები არ დადასტურდა;

3. საოლქო სასამართლო არ დაეთანხმა ... თემის საკრებულოს, თითქოს თ. ჯ-ძემ გაუშვა 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების გასაჩივრების ორკვირიანი, უკეთეს შემთხვევაში, ახალი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ექვსთვიანი ვადა. საოლქო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა ... საკრებულოს მოსაზრებას, სადავო გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, მართალია, თ. ჯ-ძე პროტესტს უცხადებდა ... თემის საკრებულოს, მაგრამ იგი უარს არ ამბობდა კომისიებში მონაწილეობაზე, თუმცა იგი არც ერთ კომისიაში არ დაუსახელებიათ. სამაგიეროდ ის მუშაობდა მოქალაქეებთან, პირადად ხვდებოდა მათ და ამით ასრულებდა საკრებულოს წევრის მოვალეობას. ამიტომ, საკრებულოს მუშაობაში მისი მონაწილეობის მიუღებლობა არ შეიძლება იყოს არასაპატიო;

4. საოლქო სასამართლოს მიაჩნია, რომ 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, ... თემის საკრებულოს და გამგეობის დებულების 28-ე მუხლის იგნორირებით. ... თემის საკრებულოს 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების დასაწყისში თუმცა მითითებულია სამანდატო კომისიის რეკომენდაციის განხილვაზე თ. ჯ-ძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მაგრამ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკრებულოს მიერ სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი და თვით რეკომენდაციის შინაარსი. ამასთან, თ. ჯ-ძე მიუხედავად იმისა, რომ 5 ოქტომბერს იმყოფებოდა სამანდატო კომისიის თავმჯდომარესთან ი. თ-ძესთან, რაც ამ უკანასკნელმაც დაადასტურა, მოსარჩელისათვის არ უცნობებიათ არც საკრებულოს და არც სხვა რომელიმე კომისიის (მათ შორის სამანდატო კომისიის) სხდომაზე მოწვევის შესახებ, მითუმეტეს თუ უნდა განხილულიყო მისი პერსონალური საკითხი. უფრო მეტიც, ი. თ-ძემ დაადასტურა, რომ სამანდატო კომისიის სხდომა ჩატარდა 12 სექტემბერს, ე.ი. 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც ეწინააღმდეგება დებულებასა და კანონს. თ. ჯ-ძე უარს არ ამბობდა სამანდატო კომისიის სხდომებზე მონაწილეობაზე, მაგრამ ასეთი სხდომები არ ჩატარებულა. ამიტომ თ. ჯ-ძის მონაწილეობის მიუღებლობა საკრებულოს და კომისიის სხდომებში, სააპელაციო პალატამ ჩათვალა საპატიოდ;

5. საოლქო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ თ. ჯ-ძის მიერ 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, რადგან საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი ამ გადაწყვეტილების შესახებ. საკრებულომ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება მისი სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ პერიოდში თ. ჯ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რაც მოითხოვდა მისი მხრიდან დიდ ორგანიზებულობას თავისი უდანაშაულობის დამტკიცებაზე, რის გამოც, ბუნებრივია, არ ჰქონდა დრო სასამართლოში მიმართვისათვის.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... თემის საკრებულოს თავმჯდომარემ გ. ტ-ძემ. კასატორი დაეყრდნო «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც «საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში», კასატორის განმარტებით, აღნიშნული ვადა თ. ჯ-ძემ გაუშვა პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოჯახის შექმნით გამოწვეული მოუცლელობის გამო, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.

კასატორი არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს, თითქოს იგი ვალდებული იყო თ. ჯ-ძე მოეწვია სხდომაზე, რადგან კანონი სავალდებულოდ არ ხდის იმ პირის დასწრებას სხდომაზე, რომელსაც უხსნიან უფლებამოსილებას, არამედ მთავარია სხდომა იყოს გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ე.ი. უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარზე მეტი (კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» მუხლი მე-17, პირველი ნაწილი). ვინაიდან სხდომა იყო მორიგი და არა რიგგარეშე, ამიტომ კანონი არ ავალდებულებდა საკრებულოს სხდომის შესახებ საკრებულოს წევრის წერილობით გაფრთხილებას. საოლქო სასამართლოს არა აქვს მითითებული კანონის არცერთი მუხლი, რომლის თანახმადაც საპატიოდ ჩაითვლება თ. ჯ-ძის მიერ გაშვებული ვადა.

კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით ... თემის საკრებულოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, მაშინ როცა ეს მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლო აქტების გასაჩივრების ვადებს, თანაც ეს კანონი 1999 წლის 8 ოქტომბერს ძალაში არ იყო შესული. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს სხდომის ოქმში ასახვა არ ჰპოვა მათმა განმარტებებმა, არც მათი შენიშვნები იქნა გაზიარებული სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ, რაც კანონის დარღვევაა. ამასთან,M საოლქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა 17 ოქტომბერს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით სხდომა გადაიდო 22 ოქტომბრისათვის.

კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ დაკითხა მოწმე, რომელსაც ხელი არ მოუწერია ხელწერილზე, მიუხედავად სასამართლოს მხრიდან მასზე ზემოქმედებისა, რაც კანონის დარღვევაა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გ. ტ-ძე ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ან საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაღდათის რაიონის ... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ბაღდათის რაიონის ... თემის საკრებულოს მიერ, საკრებულოს 1999 წლის 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ. ჯ-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების აღდგენის ნაწილში, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის მოტივს სასამართლოს მიერ «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის გამოუყენებლობის თაობაზე, რადგან სასამართლომ სწორედ ამ ნორმის გამოყენებით გაშვებულად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, მაგრამ შემდგომ თ. ჯ-ძეს საპატიოდ ჩაუთვალა ვადის გაშვება, რადგან კონკრეტულად არ იყო დადგენილი, თუ როდის გახდა ოფიციალურად ცნობილი თ. ჯ-ძისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, იგი არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომას და ვერც კასატორმა წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება თ. ჯ-ძის სხდომაზე მოწვევის შესახებ;

2. კასატორის აზრით, კანონი სავალდებულოდ არ ხდის იმ პირის სხდომაზე დასწრებას, რომელსაც უფლებამოსილებას უხსნიან, არამედ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის მე-17 მუხლის I ნაწილის თანახმად, მთავარია სხდომა იყოს გადაწყვეტილებაუნარიანი, ე.ი. ესწრებოდეს საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ... თემის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: «საკრებულოს წევრებს მორიგი სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ სხდომების ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი.» ამდენად, საკრებულო თავისივე დადგენილების თანახმად, ვალდებული იყო წინასწარ, 1999 წლის 8 ოქტომბრამდე ორი დღით ადრე მაინც ეცნობებინა საკრებულოს წევრ თ. ჯ-ძისათვის მორიგი სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, ამჟამად მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით: «ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.» მართალია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 1999 წლის 25 ივნისს იქნა მიღებული და 2000 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მაგრამ 1999 წლის 8 ოქტომბერს თ. ჯ-ძის შეუტყობინებლად მისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვით დარღვეულ იქნა თვით ... თემის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

3. ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარი საოლქო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის უსწოროდ გამოყენების თაობაზე, რადგან სააპელაციო პალატამ აღნიშნული ნორმა გამოიყენა არა ... თემის საკრებულოს სადავო ¹34 გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, არამედ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესის განსამარტავად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გადაწყვეტილების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და გასაჩივრების ვადისა და წესის სრულყოფილი განმარტება სავალდებულოა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით;

4. კასატორის მითითებით, საოლქო სასამართლოს განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ სასამართლო დაეყრდნო მოწმე ი. თ-ძის ჩვენებას, რომელმაც უარი განაცხადა თავისი ჩვენების სისწორის ხელმოწერით დადასტურებაზე, რაც ასევეა დაფიქსირებული სხდომის ოქმში. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის აღნიშნულ არგუმენტს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლის, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, მოწმე დაკითხვამდე უნდა იქნეს გაფრთხილებული ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ და არა ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ, ამ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო ნორმის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, რასაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, იურიდიული ძალა არა აქვს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

მოწმედ დაკითხულ საკრებულოს წევრ (სამანდატო კომისიის თავმჯდომარე) ი. თ-ძის განმარტებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თ. ჯ-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სამანდატო კომისიის სხდომა ჩატარდა 12 სექტემბერს ე.ი. მას შემდეგ, რაც საკრებულოს 8 ოქტომბრის ¹34 გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძეს შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რაც ეწინააღმდეგება საკრებულოს დებულებას და კანონს. კასატორის განმარტებით კი მოწმე ი. თ-ძეს თარიღები უბრალოდ აებნა და აერია.

მიუხედავად მოწმე ი. თ-ძის მიერ თარიღების არევისა, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს შეფასებას, რომ თ. ჯ-ძის საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას უხეშად იქნა დარღვეული ... თემის საკრებულოს დებულების 28-ე მუხლის მოთხოვნები, რომელშიც დეტალურადაა რეგლამენტირებული საკრებულოს წევრის არჩევის კანონიერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცედურა, რომ «საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვის გარეშე გადაეცემა სათანადო კომისიას, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დასმული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.» სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია, სადავო ¹34 გადაწყვეტილებაში მითითებულია თ. ჯ-ძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სამანდატო კომისიის რეკომენდაციის განხილვაზე, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება და ვერც შემდგომ იქნა წარმოდგენილი სამანდატო კომისიის სხდომის აღნიშნული ოქმი და ვერც თვით რეკომენდაცია. ამიტომ, მიუხედავად მოწმე ი. თ-ძის მიერ თარიღების არევისა, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ თ. ჯ-ძის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ... საკრებულოს მიერ განხილულია ზემოაღნიშნული დებულების 28-ე მუხლის დარღვევით, სამანდატო კომისიის რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ფორმალურადაა მითითებული, სააპელაციო პალატამ კანონის (დებულების) მართებული გამოყენებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ამიტომ მითითებული საპროცესო ნორმის დარღვევა არ შეიძლება გახდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან ამ დარღვევას არ გამოუწვევია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებითად საოლქო სასამართლოს მიერ სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, სადავო ¹34 გადაწყვეტილება თ. ჯ-ძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებულია ... თემის საკრებულოს დებულების მე-19, 28-ე მუხლების უხეში დარღვევით, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს, განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხოს მოწმე ი. თ-ძის ჩვენებაზე მითითება და საოლქო სასამართლოს განჩინება დანარჩენ ნაწილში ძალაში უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბაღდათის რაიონის ... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინება.

3. კასატორს _ ბაღდათის რაიონის ... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.