თანხის დაბრუნება; ზიანის ანაზღაურება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-238-კ-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «პ.» წარმომადგენლებმა ნ. მ-ამ და პ. ჩ-ემ მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მუნიციპალური საწარმო ¹.... მაღაზია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შევიდა ქუთაისის მერიის 1994წ. 21 ნოემბრის ¹947 გადაწყვეტილებით.
საქართველოს რესპუბლიკის მეთაურის 1994წ. 23 სექტემბრის ¹325 ბრძანებულების შესაბამისად, 1994წ. 21 ნოემბერს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოში შეიქმნა საპრივატიზებო კომისია, რომელმაც შეაფასა მუნიციპალური საწარმო ¹.... მაღაზიის ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის ღირებულება. საერთო ღირებულებამ შეადგინა 205,31 აშშ დოლარის ეკვივალენტი კუპონი, ხოლო გასაყიდმა ფასმა _ 210,79 აშშ დოლარის ეკვივალენტი კუპონი.
ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის ღირებულება 210,79 აშშ დოლარი გაამრავლა კოეფიციენტებზე და ¹.... მაღაზიის შრომით კოლექტივს გადაახდევინა 2845,66 აშშ დოლარი. სხვაობამ ფასებს შორის შეადგინა 2634,87 აშშ დოლარი. პირდაპირი მიყიდვის წესი რომ არ დაერღვიათ, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, ისესხეს 3000 აშშ დოლარი პროცენტით და მითითებულ ვადაში შეასრულეს ვალდებულება.
მოსარჩელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹2/1294) გაცნობის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ძირითად საშუალებათა აქტიურ ნაწილზე მიყენებული კოეფიციენტები არ იყო კანონთან შესაბამისობაში, რის გამოც ¹.... მაღაზიის შრომითმა კოლექტივმა უკანონოდ, ზედმეტად გადაიხადა 2634,87 აშშ დოლარი. კერძოდ, ქუთაისის მერიის 1995წ. 7 მარტის განკარგულების თანახმად შემოღებული კოეფიციენტით იზრდებოდა მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულება და ეს კოეფიციენტი არ ეხებოდა მოძრავ ქონებას.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, 2634,87 აშშ დოლარის ზედმეტად გადახდის გამო მიიღეს ფინანსური ზარალი. ნასესხებმა პროცენტიანმა ვალმა მიაღწია 10000 აშშ დოლარს და მხოლოდ მეგობრის მიერ ნასესხები უპროცენტო ვალით გადაიხადეს აღნიშნული დავალიანება.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა სარჩელით ითხოვეს უკანონოდ გადახდილი თანხის _ 2634,84 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 10000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «პ.» სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «პ.».
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «პ.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საპრივატიზებო ობიექტების გასაყიდი ფასის ზონალური კოეფიციენტები დაწესდა «საპრივატიზებო ობიექტების (საწარმოების) გასაყიდი ფასის დადგენისას ცენტრალური კოეფიციენტების შემოღების შესახებ» ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 7 მარტის განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად. არც ამ განკარგულებით და არც სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, რომ ზონალური კოეფიციანტის გამოყენება უნდა მომხდარიყო მხოლოდ უძრავი ქონების შეფასებისას.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ქ. ქუთაისის 1995წ. 8 მარტის ¹199 განკარგულებას და რომც ითხოვდეს მის გაუქმებას, კანონით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რომელ ქონებაზე _ უძრავზე თუ მოძრავზე _ ვრცელდებოდა ქუთაისის მერიის მიერ დადგენილი კოეფიციენტი. სასამართლომ, აგრეთვე, არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება რომელზეც მიუთითებდა შპს «პ.», კერძოდ, ამ უკანასკნელის განმარტებით, ჯერ მოძრავი ქონება შეიძინა, რომელზეც არ უნდა დარიცხულიყო კოეფიციენტი, ხოლო შემდეგ _ უძრავი ქონება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, როცა მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელზე უარის თქმა სასარჩელო ხანდაზმულობის მოტივით, იურიდიულად დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად კი აღნიშნული საფუძველი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს «პ.» სასარჩელო მოთხოვნა არის ადმინისტრაციული ორგანოსგან _ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსაგან _ ზიანის ანაზღაურება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისი გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.