¹ 3გ/ად-240-კ-01 5 აპრილი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1981 წლის ივლისში ქ. თბილისში, კინოთეატრ «გ.-ის» ტერიტორიიდან გაიტაცეს მოქ. მ. ს-შვილის კუთვნილი ავტომანქანა ვაზ-21011. აღნიშნული დანაშაული გახსნილი იქნა და ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 14.07.82წ. განაჩენით ა/მანქანის ქურდობისათვის მ. ს-ძეს და ნ. ვ-ძეს მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ 31.07.90წ. დამტკიცებული დასკვნის თანახმად მოქ. მ. ს-შვილის განცხადების შემოწმება საქართველოს სსრ შსს უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა დამთავრებულად. დასკვნის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ,,მილიციის მუშაკთა მიერ ჩადენილი დარღვევების გათვალისწინებით მ. ს-შვილისათვის ზარალის ანაზღაურება სამოქალაქო სარჩელის წესით გადახდეს შინაგან საქმეთა სამინიტსროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის გადახდა დაეკისროს დამნაშავე პირებს».
მ. ს-შვილმა 2000 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31.07.90წ. დასკვნით დადასტურებულად ცნო რა მისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დარღვევები მ. ს-შვილის კუთვნილი ა\მანქანის ქურდობის საქმესთან დაკავშირებით, იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ა\მანქანა ნასესხები ფულით ჰქონდა ნაყიდი, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში დააგირავა ქ. თბილისში, ... მდებარე 4 ოთახიანი ბინა იმ იმედით, რომ შსს ზიანს აუნაზღაურებდა და ბინას დაიბრუნებდა, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბინა ვალებში და სესხის პროცენტში იქნა გაყიდული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შს სამინისტროზე მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 34025 აშშ დოლარის და მორალური ზიანის - 35000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის კრწაინსი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.07.01წ. გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სარჩელი შს სამინისტროს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
მ. ს-შვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.10.01წ. განჩინებით მ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხე _ შსს არ ცნობს სარჩელს და სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სურს განსახილველი ურთიერთობების მიმართ 1964წ. სამოქალაქო კოდექსის გამოყენება, დავა უნდა გადაწყდეს 1964წ. სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე. პალატამ მიუთითა, რომ 1964წ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სარჩელის უფლების რეალიზება 3 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, რაც აპელანტის მიერ არ იქნა განხორციელებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მ. ს-შვილის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.
მ. ს-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება. კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. შს სამინისტრომ 31.07.90წ. დასკვნით იკისრა ზარალის ანაზღაურების ვალდებულება და 2000 წლამდე პირდებოდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, რაც 1964 წ. სსკ-83-ე მუხ. თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტის საფუძველია. ამ ხნის განმავლობაში კასატორი მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს რათა დახმარებოდნენ ზიანის ანაზღაურებაში, რაც 138-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. კასატორმა აღნიშნა, რომ შსს სამინისტრომ მხოლოდ 2000 წელს წერილობით განუცხადა უარი ზიანის ანაზღაურებაზე და სწორედ ამ დროს შეიტყო მან თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მის მიერ არ იქნა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შსს სამინისტროზე მატერიალური ზიანის 34025 აშშ დოლარის და მორალური ზიანის 35000 აშშ დოლარის დაკისრება. მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს შსს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო, კასატორის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.10.01წ. განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია და სწორად განმარტა იგი. პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 138-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. სსკ-ის 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის თანახმად განსახილველი ურთიერთობები 1964წ. სამოქალაქო კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია სამი წლით განისაზღვრებოდა. ამავე კოდექსის 80-ე მუხლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობოდა იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.07.90წ. დასკვნა რომც იყოს მიჩნეული 1964წ. სსკ-ს 83 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის გარემოებად, 31.07.90წ. დასკვნის საფუძველზე მ. ს-შვილს სარჩელის უფლებით რეალიზება, 1964წ. სსკ-ს 75-ე მუხლის მიხედვით, დასკვნის გაცნობიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, მ. ს-შვილმა სარჩელი სასამართლოში აღძრა უფლების წარმოშობიდან 10 წლის შემდეგ _ 2000 წელს. შსს დასკვნის გაცემის შემდეგ მოყოლებული პერიოდიდან საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების შეწყვეტის, აღდგენის რაიმე საფუძველი. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს შსს მატერიალური-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის 06.01.2000წ. ¹9/1-6/41 წერილი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი არ არის უფლებამოსილი წარმოადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამასთანავე, აღნიშნული წერილით დეპარატმენტი უარყოფს ზიანის ანაზღაურების რაიმე საფუძვლის არსებობას და აღნიშნავს, რომ პასუხი უნდა აგოს არა სამინისტრომ, არამედ დამნაშავე პირებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო პალატის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მ. ს-შვილის სარჩელი არის ხანდაზმული, რაც 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის I ნაწილის თანახმად არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საოლქო სასამრათლოს გასაჩივრებული განჩინება კანონმდებლობის სრული დაცვით არის მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, სსსკ-ს 47-ე მუხლის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ" და ,,მ" ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი მთლიანად უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.Y
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.10.01წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.