3გ-ად-241-კ 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხის სადავო ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 23 იანვარს ბ. პ-ინმა სარჩელით მიმართა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს ლ. ვ-შვილის მიმართ და მოპასუხის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მისი სახლიდან გამოსახლება მოითხოვა.
ბ. პ-ინი სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მოპასუხე ლ. ვ-შვილი მის მამასთან _ ა. პ-ინთან ფიქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მოპასუხემ მისი ავადმყოფობითა და ჭკუასუსტობით ისარგებლა და, ანგარებითი მოტივით, მასთან ქორწინება გააფორმა. ა. პ-ინი სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ. 1993 წელს მეუღლეები განქორწინდნენ, თუმცა 1994 წელს ხელმეორედ გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. პ-ინი მამის _ ა. პ-ინის მეურვედ იქნა დანიშნული. მოსარჩელე თვლიდა, რომ მამამისის ფიქტიური მეუღლის მიერ თბილისში, ... მდებარე ბინის 1996წ. 28 ივნისს განხორციელებული პრივატიზაცია უკანონო იყო, ამდენად, იგი უნდა გაუქმებულიყო და ვ-შვილი სადავო ბინიდან უნდა გამოსახლებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 15 იანვრის დადგენილებით გაუქმებულ იქნა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბ. პ-ინის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ა. პ-ინსა და ლ. ვ-შვილს შორის რეგისტრირებული ქორწინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე რიონის სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის საბურთალოს რაიონის 1998 წლის 11 მარტის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ბ. პ-ინის სარჩელი ლ. ვ-შვილსა და მამამისს – ა. პ-ინს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის და 1996 წლის 28 ივნისს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხე _ ლ. ვ-შვილის ბინიდან გამოსახლების თობაზე.
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით, 1994წ. 6 სექტემბერს ლ. ვ-შვილსა და ა. პ-ინს შორის გაფორმებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას, სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხე _ ლ. ვ-შვილის ბინიდან გამოსახლების თაობაზე, უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1998წ. 30 ივნისის განჩინებით, თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს იმავე წლის 20 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება, უცვლელად დარჩა, ხოლო სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ლ. ვ-შვილის ბინიდან გამოსახლების ნაწილში, გაუქმდა და ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით ბ. პ-ინის სარჩელი, მოპასუხის მიერ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა და ლ. ვ-შვილი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ლ. ვ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 მაისის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 თებერვლის განჩინება, ბათილად იქნა ცნობილი საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა ბ. პ-ნის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საბურთალოს რაიონის ¹26 საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტსა და ლ. ვ-შვილს შორის თბილისში, ... ბინის პრივატიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულება და ლ. ვ-შვილი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1998 წლის გადაწყვეტილებით ა. პ-ინსა და ლ. ვ-შვილს შორის გაფორმებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი. 1996 წელს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზაცია და მისი მესაკუთრე ლ. ვ-შვილი გახდა. აღნიშნულზე აწ გარდაცვლილმა ა. პ-ინმა თანხმობა განაცხადა, თუმცა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, მას იმ დროისათვის არ ჰქონდა უნარი სწორად გაეგო თავისი ქმედების მნიშვნელობა და სათანადოდ შეეფასებინა იგი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1996წ. 28 ივნისს, მაშინ როცა სასამართლოს 1996წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. პ-ინი უკვე ქმედუუნაროდ იყო ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კი რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით ბ. პ-ინი მამის _ ა. პ-ინის მეურვედ იქნა დანიშნული.
აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონდარღვევით გაფორმებული ქორწინება არ წარმოშობდა მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს და ლ. ვ-შვილის მიერ განხორციელებული პრივატიზაცია უკანონო იყო, იგი უნდა გაბათილებულიყო, ხოლო ვ-შვილი სადავო ბინიდან უნდა გამოსახლებულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან საქმის მსვლელობის დროს ა. პ-ინი გარდაიცვალა, მის მეურვეს _ ბ. პ-ინს აღარ ჰქონდა უფლება გარდაცვლილის უფლებების აღდგენის თაობაზე ედავა. ამდენად, სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო სასამართლოში წარდგენილი და რადგან საქმის მსვლელობისას, პ-ინმა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე უარი განაცხადა, საოლქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ დააკმაყოფილა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. პ-ინმა და აღნიშნა, რომ მამამისს _ ა. პ-ინსა და ლ. ვ-შვილს შორის გაფორმებული ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად იყო ცნობილი და ლ. ვ-შვილს არ გააჩნდა კანონიერი უფლება ეცხოვრა და, მით უმეტეს, პ-ინების კუთვნილი ბინის პრივატიზაცია მოეხდინა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად მიიჩნია იგი არასათანადო მოსარჩელედ, რადგან ბ. პ-ინი ა. პ-ინის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენდა და უფლება ჰქონდა მამის ქონებრივ უფლებებზე ედავა. ამასთან, კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის თანახმად მეურვეობა კანონით დადგენილ წესით გაუქმებული არ იყო.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბ. პ-ინის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. პ-ინი არასათანადო მოსარჩელეა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო სკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არის იგი არასათანადო მოსარჩელე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. პ-ინი აწ გარდაცვლილ ა. პ-ინის ერთადერთი შვილია. ბ. პ-ინი სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მამამისს _ ა. პ-ინსა და ლ. ვ-შვილს შორის გაფორმებული ქორწინება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხე ვ-შვილს არ გააჩნდა კანონიერი უფლება ეცხოვრა და, მით უმეტეს, პ-ინების სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზაცია მოეხდინა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლით დადგენილია, რომ «საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან".
სააპელაციო სასამართლომ ისე ცნო ბ. პ-ინი არასათანადო მოსარჩელედ, რომ არ დაუდგენია, იყო თუ არა იგი სადავო ბინის დამქირავებელი ან დამქირავებლის (აწ გარდაცვლილ ა. პ-ინის) ოჯახის წვერი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბ. პ-ინმა სარჩელი მხოლოდ იმ საფუძვლით აღძრა, რომ ირღვეოდა მის მეურვეობაში მყოფი პირის _ ა. პ-ინის უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. პ-ინი მამამისის _ ა. პ-ინის ქონებრივ უფლებებზე დავობდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, აქვს თუ არა ბ. პ-ინს, როგორც ა. პ-ინის ერთადერთ შვილს, უფლება ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვოს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად უნდა დაასაბუთოს, თუ რამდენად საფუძვლიანია აღნიშნული მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლით დადგენული წესით, მეურვეობა უდავო წესით წყდება სამეურვეო პირის გარდაცვალების შემთხვევაში, რასაც საფუძვლად ედება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სამეურვეო პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. პ-ინის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. პ-ინის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.