ახლად აღმოჩენილი გარემოებები
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-241-კ-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 29 თებერვალს კასატორ თ. მ-ის უფლებების დარღვევის გამო, თბილისის პროკურატურამ სარჩელით მიმართა თბილისის სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის ¹.... საავეჯო ფაბრიკის, თბილისის სამგორის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ე. გ-ას მიმართ საბინაო ორდერის ბათილად ცნობის, ბინიდან გამოსახლებისა და სადავო ბინის პრივატიზების გაუქმების შესახებ. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა თ. მ-ის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი საავეჯო ფაბრიკაში იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე, 1994 წელს თ. მ-ი ოჯახი 3 წევრით სიაში პირველი იყო, ხოლო ე. გ-ა ერთი სულით _ ¹10, მაგრამ ვაზისუბანში მდებარე სადავო ოროთახიანი ბინით უკანონოდ, თ. მ-ის უფლებების შელახვით და ურიგოდ დაკმაყოფილდა ე. გ-ა, რომელზეც სამგორის რაიონის გამგეობამ სადავო ორდერი გასცა 1997წ. 14 აპრილს, ხოლო 14 ივნისს ე. გ-ამ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და თბილისის პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ე. გ-ას სახელზე გაცემული ორდერის გაუქმებაზე, სადავო ბინიდან მის გამოსახლებაზე და ბინის პრივატიზების ბათილობაზე, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 26 ივნისის განჩინებით.
მოსარჩელე თ. მ-მა 2000წ. 27 მარტს განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 1998წ. 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან მიუთითა, რომ საქმის განხილვის პროცესში ე. გ-ამ წარადგინა სადავო ბინის პრივატიზების ყალბი ხელშეკრულება, რომელიც სასამართლოს მიერ არ ყოფილა შემოწმებული. ასევე მისთვის ცნობილია, რომ ე. გ-ამ სადავო ბინის პრივატიზება მოგვიანებით მოახდინა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება დავის პროცესში სინამდვილეში არ არსებობდა, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირველ და მეორე გვერდზე სიტყვა თოთხმეტი ისეა გადაკეთებული, რომ არ იკითხება. სასამართლოს მიერ არ ყოფილა დაკითხული თავად ნოტარიუსი და აშკარად საეჭვო დოკუმენტი მყარ მტკიცებულებად ჩაითვალა, რითაც დაირღვა სსკ-ს 423-ე მუხლის 1 ნაწილის «ა» პუნქტის მოთხოვნა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის განცხადებას უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე, რაც თ. მ-ის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ის კერძო საჩივარი დასაშვებად არ იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 მაისის განჩინებით თ. მ-ის კერძო საჩივარი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ამასთან გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა, რადგან თ. მ-ის მიერ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ს მიეცა რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.
2002წ. 15 თებერვლის სააპელაციო საჩივრით თ. მ-მა მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის განსახილველად დაბრუნება.
2002წ. 23 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
საქმის არსის მიხედვით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ს მიეცა არა 2001წ. 14 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების, არამედ ამავე სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 369-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად თ. მ-ს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 1 წლის მანძილზე, 2001წ. 14 სექტემბრამდე ჰქონდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება მოსარჩელე თ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გააუქმა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება, მაგრამ არ მიუთითა ვის მიერ უნდა იქნეს მისი განცხადება შემდგომში განხილული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას, სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე მისი განცხადების დაკაყოფილებას.
თ. მ-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნობს მესამე პირი _ ე. გაბელაია, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, თ. მნოიანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო;
1. კასატორმა თ. მ-მა განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სამგორის რაიონული სასამართლოს 1998წ. 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ თ. მ-ის განცხადების მიღება-განხილვისას დაარღვია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. სახელდობრ:
ა) სასამართლომ კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, არ იმსჯელა თ. მ-ის განცხადების დასაშვებობაზე, სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული პროცესუალური აქტი _ განჩინება თ. მ-ის განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნის შესახებ.
ბ) უმთავრესი პროცესუალური დარღვევა, რამაც საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება გამოიწვია, საკასაციო პალატის აზრით, არის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების შეუსაბამობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლთან და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საერთოდ არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის «ზ» პუნქტით გათვალისწინებულ მითითებას განჩინების გასაჩივრების წესსა და ვადაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი «გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი».
ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებაში საერთოდ არ იყო განმარტებული განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა, თ. მნოიანმა განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რაც რაიონულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინებით და საქმე გადააგზავნა საოლქო სასამართლოში.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 მაისის განჩინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო დაუშვებლად თ. მ-ის კერძო საჩივარი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებაზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი დაიშვება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე (რის თაობაზეც რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია), ხოლო უსაფუძვლობის გამო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ განჩინება, ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში. სააპელაციო პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და საქმე კვლავ რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა შემდეგი მითითებით: საქმე თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის დაცვით. ამდენად, საოლქო სასამართლოს განჩინებითაც თ. მნოიანისათვის არ იქნა სრულად და გასაგებად განმარტებული მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების ვადა და წესი და ნათლად არ მიეთითა, რომ აღნიშნული განჩინება მას შეეძლო გაესაჩივრებინა სააპელაციო საჩივრის შეტანით.
3. სააპელაციო სასამართლოდან საქმის დაბრუნების შემდეგ, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ს, მართალია, მიეცა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების ზემდგომ სასამართლოში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა _ ერთი თვე, განჩინების გაცემის მომენტიდან, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად და ნათლად არ განემარტა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების წესი, რის გამოც თ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებაზე, ნაცვლად ამავე სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებისა.
4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინებით, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ.მნოიანის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 369-ე მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე, რადგან ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების ერთწლიანი ვადა თ. მ-ს გაშვებული ჰქონდა და სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. მ-ის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა _ საპელაციო წესით 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების გაუსაჩივრებლობა, არასაპატიო მიზეზით მოხდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს.
საკასაციო პალატა რაიონული და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების დადგენილი წესით დროულად გაუსაჩივრებლობა გამოწვეულია რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის «ზ» პუნქტის დაუცველობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის წესისა და ვადის მიუთითებლობით, ასევე არასრულყოფილი და ბუნდოვანი განმარტებით. კერძოდ, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც აღინიშნა, საერთოდ არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების წესსა და ვადაზე, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 10 მაისისა და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად სრულყოფილად და ნათლად არ განმარტავენ განჩინების გასაჩივრების წესს, რის გამოც თ. მ-მა ვერ შეძლო პროცესუალური უფლების _ რაიონული სასამართლოს განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების რეალიზაცია, რაც საკასაციო პალატის აზრით, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ» ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ყველასათვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას წარმოადგენს. რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების რეალიზაცია თ. მ-მა ვერ განახორციელა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოთა მიერ გასაჩივრების წესის განუმარტებლობით, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თ. მ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს, საქმე დაბრუნდეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად თ. მ-ს აღუდგეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და განემარტოს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარს თქმის შესახებ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინება შეიძლება თბილისის საოლქო სასამართლოში გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, ერთი თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს განჩინების გადაცემის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 390-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს;
3. თ. მ-ს აღუდგეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა და განემარტოს, რომ 14 სექტემბრის განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი, თბილისი, .... ქ. ¹69), ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინამდებარე განჩინების გადაცემის მომენტიდან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.