3გ/ად-242-კ-01 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმის აღმასკომის 1985 წლის 16 იანვრის ¹23 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმის ¹... საამშენებლო კოოპერატივში გაწევრიანდა ე. გ-ია მისი ოჯახის ორ წევრთან კერძოდ, შვილთან და რძალთან ერთად. მათ გამოეყოთ ქ. ბათუმში ... მდებარე სახლის ოროთახიანი ბინა ¹14. ქ. ბათუმის აღმასკომის 1988 წლის 31 აგვისტოს ¹724 გადაწყვეტილების საფუძველზე, ¹... კოოპერატივის 1988 წლის 11 დეკემბრის საერთო კრების ოქმით ე. გ-ია გაირიცხა კოოპერატივის წევრობიდან. ქ. ბათუმის აღმასკომის 1989 წლის 4 ოქტომბრის გადაწყეტილების თანახმად, ¹.... საამშენებლო კოოპერატივის 1995 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 5 მაისის კრების ოქმით რ. მ-ძეს გადაეცა ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის მე-5 სართულზე არსებული ¹14 სადავო ოროთახიანი ბინა.
ძირითადი სასარჩელო წარმოების აღძვრამდე მოსარჩელე ქ. ბ-ძემ და თ. გ-იამ სამჯერ მიმართეს ბათუმის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით. კერძოდ, 1990 წლის 16 ოქტომბერს მოითხოვეს კოოპერატივის წევრად აღდგენა და ქ. ბათუმში, ... ბინაში შესახლება, რომელშიც მ-ძე იყო უკანონოდ შესული. მოსარჩელეების განცხადების საფუძველზე 1990 წლის 16 ნოემბერს სასამართლომ სარჩელი დატოვა განუხილველად. ანალოგიური სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ბ-ძე-გ-იამ და თ. გ-იამ ბათუმის სასამართლოს 1990 წლის 3 დეკემბერს, სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის საკითხზე და უარი უთხრა მოსარჩელეებს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ ქ. ბ-ძე არ იყო კოოპერატივის წევრი და შესაბამისად, არ ჰქონდა მას უფლება სასამართლოსადმი მიმართვისა, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადი არ იყო.
1996 წლის 7 ოქტომბერს კვლავ მიმართეს ქ. ბათუმის სასამართლოს თ. გ-იამ და ქ. ბ-ძემ, მოითხოვეს ბათუმის ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის 1988 წლის 11 დეკემბრის დადგენილების გაუქმება, რომლითაც ე. გ-ია გაირიცხა კოოპერატივის წევრობიდან, ასევე მოითხოვეს მოპასუხე რ. მ-ძის გამოსახლება ოჯახითურთ და სადავო ბინაში მათი შესახლება. 1997 წლის 17 დეკემბერს საქმეზე წარმოება შეწყდა მხარეების გამოუცხადებლობის გამო და სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2001 წლის 1 თებერვალს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კვლავ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ბ-ძემ, ე. გ-იამ და თ. გ-იამ, მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან რ. მ-ძისა და მისი ოჯახის წევრთა გამოსახლება, ბინის დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის 21 550 აშშ დოლარის ანაზღაურება. შემდგომ მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვეს ან სადავო ბინის დაბრუნება და მორალური ზიანის 21 500 ამერიკული დოლარის დაბრუნება, ანდა ბინათმშენებლობაზე პაის სახით შეტანილი 4 595 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის 21500 ამერიკული დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.
2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა – ქ. ბ-ძის, ე. და თ. გ-იების სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მატერიალური და მორალური ზიანის სულ 22 595 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ ქ. ბათუმის მერიასა და ¹... საამშენებლო კოოპერატივს. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილის, კერძოდ 3 500 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრებისა და ბინის დაბრუნების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
1. ბათუმის მერია არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ დარღვეული იყო ხანდაზმულობის ვადები, მათთვის 1988 წლიდან ცნობილი იყო დარღვეული უფლებების შესახებ;
2. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მერია მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ შეისწავლა და, რაც მთავარია, სამართლებრივად არ შეაფასა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 31 აგვისტოს ¹724 გადაწყვეტილება, რაც ამ დავის წარმოშობის უპირველეს საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებული 1988 წლის 31 გვისტოს ¹724 აღმასკომის გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის ¹... კოოპერატივის 1988 წლის 11 დეკემბრის კრების ოქმის გაუქმების საკითხი მოსარჩელეებს არ დაუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსარჩელეები უთითებდნენ, სწორედ ამ სამართლებრივმა დოკუმენტებმა შელახეს მათი კანონიერი უფლებები. აქედან გამომდინარე, მოცემული დოკუმენტების შესწავლისა და შეფასების გარეშე ბათუმის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე გადაწყვეტილება;
3. სასამართლომ ქ. ბათუმის მერიის შეფასებით, უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის განცხადება, რომ მან მიიღო მორალური ზიანი მაშინ, როცა არც მორალური და არც მატერიალური ზიანის განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვებოდა. ამასთან, გაუგებარი დარჩა სასამართლოს მოტივი სადავო ბინის ღირებულების შეფასებისას, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა კომპეტენტური ორგანოს, ექსპერტისა თუ აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და სააპელციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების თაობაზე და მიუთითა, რომ ვინაიდან საქმის განუხილველად დატოვებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ხანდაზმულობის ვადების თაობაზე და მიეღო აღნიშნულ საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილება;
2. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ¹... სამშენებლო კოოპერატივს სოლიდარულად ისე დაეკისრა თანხის მოპასუხისადმი გადახდა, რომ სასამართლო სხდომაზე მის წარმომადგენელს ახსნა-განმარტება არ მიუცია, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-96-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმ ნაწილშიც, რომ სასამართლოს სავალდებულო წესით უნდა ემსჯელა, როგორც ქ. ბათუმის აღმასკომის 1988 წლის 31 აგისტოს ¹724 გადაწყვეტილების, ასევე ბათუმის ¹... სამშენებლო კოოპერატვიის 1988 წლის 11 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებაზე და ამის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება;
4. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეხედულება ზიანის ანაზღაურების 22 595 აშშ დოლარის ოდენობასთან დაკავშრებით, ვინაიდან სავალდებულოდ მიიჩნია აღნიშნული თანხის რაოდენობის დადგენისათვის სპეციალისტის ან ექსპერტის დაკითხვა, რის შემდეგაც ობიექტურად შესაძლებელი გახდებოდა ზიანის ოდენობის განსაზღვრა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ-ძემ, თ. და ე. გ-იებმა, შემდეგი მოტივებით:
1. საკასაციო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, რომ ბათუმის ¹... სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენელი სხდომაზე არ დაკითხულა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დაკითხულ იქნა ვ. ს-ძე, რომელიც იმავდროულად არის ¹... სამშენებლო კოოპერატივის წევრი და აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმება კასატორებს უსაფუძლოდ მიაჩნიათ;
2. კასატორები უმართებულოდ მიიჩნევენ სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია ქ. ბათუმის აღმასკომის 1988 წლის 31 აგვისტოს ¹724 გადაწყეტილებასა და ¹... საამშენებლო კოოპერატივის 1988 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან არსებობს მასალები საქმეში, საიდანაც ირკვევა აღნიშნული დოკუმენტების ირგვლივ ინფორმაცია, კერძოდ, რომ ე. გ-ია ისე გარიცხეს კოოპერატივის წევრობიდან, რომ მათთვის აღნიშნული არც კი უცნობებიათ, რომ კრებას ესწრებოდა 54 წევრიდან 39, ნაცვლად მინიმუმ 43 წევრისა, რომ კრების ოქმი ხუთი დღის ვადაში უნდა წარდგენოდა ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს და ა.შ.
3. კასატორთა მითითებით, მათ არა აქვს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან 1996-97 წლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე იხილებოდა, მიღებული იყო წარმოებაში, რაც საფუძველია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორნი ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ქ. ქათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორთა პირველ არგუმენტს და ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საპროცესო ნორმის დარღვევით გამოტანის თაობაზე, სახელდობრ ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენლის, როგორც მოპასუხის, მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის არაკანონიერებაზე. მართალია, საქალაქო სასამართლოში დაიკითხა ¹... საამშენებლო კოოპერატივის იმჟამინდელი თავმჯდომარე ფ. ს-ძე, მაგრამ იგი პროცესში მონაწილეობდა მოწმის სახით და არა როგორც მოპასუხე ¹.... საამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენელი. მოწმე და მოპასუხე პროცესუალურად განსხვავებული სტატუსის მქონე სუბიექტებია, ამიტომ მოწმის სახით დაკითხული ვ. ს-ძე ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენლად ვერ ჩაითვლება და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოში საქმე განხილულ იქნა მოპასუხე ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რადგან სასამართლომ მიუხედავად მოპასუხის _ ¹... საბინაო სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენლის პირველი გამოუცხადებლობისა, არ გადადო სხდომა, პირველივე მიწვევაზე 2001 წლის 25 ივნისს ჩაატარა მთავარი სხდომა და არ დაიცვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე და ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გარკვევის აუცილებლობის თაობაზე. კასატორები 2001 წლის 1 თებერვალს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის, რ. მ-ძისა და ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვენ სადავო კოოპერატიული ბინის დაბრუნებასა და მიუღებელი შემოსავლის 21500 აშშ დოლარის ანაზღაურებას, ან კოოპერატიულ ბინათმშენებლობაზე შეტანილი პაის 4 595 აშშ დოლარისა და 21 500 აშშ დოლარის, სულ 26 095 აშშ დოლარის ანაზღაურებას. სარჩელის იურიდიული საფუძველია ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 31 აგვისტოს ¹724 გადაწყვეტილებისა და ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 1988 წლის 11 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილების არაკანონიერება, რომელთა შესახებაც კასატორთათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რაც დასტურდება მათ მიერ 1990 წლის 16 ოქტომბერს, იმავე წლის 16 ნოემბერსა და 1999 წლის 7 ოქტომბერს იმავე საფუძვლითა და მხარეების მიმართ აღძრული სარჩელებით, რომლებიც სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული. განუხილველად სარჩელის დატოვების სამართლებრივი შედეგები გათვალისწინებულია იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1964 წლის) 228-230-ე მუხლებით და ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის შეტანა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებას უპირველესად სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მართებილია, საკასაციო პალატა იზიარებს უმაღლესი სასამართლოს მითითებებს საქალაქო სასამართლოსადმი, ამიტომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და აღნიშნული მითითებებით საქმის არსებითად ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შესახებ უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-იას, თ. გ-იასა და ქ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინება.
3. ე. გ-იას, თ. გ-იასა და ქ. ბ-ძეს საკასაციო საჩივარზე სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 1806 ლარის გადახდა: 70 % - 1 264 ლარი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ¹ 1 ხაზინა, ანგარიში ¹ 000 141 107, კოდი 59; 30 % - 542 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.