3გ-ად-242-კ-02 8 ივლისი 2002., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 ივნისს მოსარჩელე ჯ. ი-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიას და ჭიათურის გამგებლის კანდიდატის ი. ჭ-ძის მიმართ კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმის მიცემის შედეგების შეჯამების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაირღვა. საარჩევნო სუბიექტმა ი. ჭ-ძემ ხმის საჭირო რაოდენობა წინასწარი მონაცემებით მოაგროვა, მაგრამ საარჩევნო ფონდის წარმოშობის წყაროების და ხარჯვის კანონიერების ანგარიში დადგენილ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიაში არ წარადგინა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლს დააფუძნა.
მოპასუხე ი. ჭ-ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად მან საოლქო საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში ბანკის მიერ გაცემული საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დამადასტურებელი დოკუმენტი და ანგარიშის ნომერი წარუდგინა, ასევე საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად არჩევნების შემდეგ 8 დღის ვადაში (7 ივნისს) საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული თანხების ანგარიშიც მიაწოდა. მოპასუხემ საქმეს ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები და ქვითრები დაურთო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ი-შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
2002წ. 24 ივნისს ჯ. ი-შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადაო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებითY გაასაჩივრა.
საკასაციო პალატაში საქმის განხილვისას კასატორმა ჯ. ი-შვილმა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ჯ. ი-შვილის განცხადებას გაეცნო და თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად (დისპოზიციურობის პრინციპი) მხარეები თავად იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თავადვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ასევე, ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამდენად, საკასაციო საჩივრის წარმოების შეწყვეტა იმავე წესებით მოხდება, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ»'ქვეპუნქტი ითვალისწინებს. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსხვავებით ზემოაღნიშნული ნორმისა, დადგენილია, რომ «ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას», მაგრამ მოცემულ შემთხვევაზე იგი ვერ გავრცელდება, რადგან სარჩელზე უარი განაცხადა არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ ფიზიკურმა პირმა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, 372-ე, 399-ე მუხლებისა და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საკასაციო საჩივრის წარმოება, რადგან მოსარჩელე ჯ. ი-შვილმა საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ი-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.