¹3გ-ად-243-კ-01 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოდ ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საჯარო რეესტრში შესატანი შესწორების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
03.01.90წ. გაერთიანება «ჰ-ასა" და კოოპერატივ «დიდუბე-7” შორის დაიდო ხელშეკრულება იჯარა-გამოსყიდვით ქონების გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს _ კოოპერატივ «დიდუბე-7" მიღება-ჩაბარების აქტით იჯარით გადაეცა აქტში ჩამოთვლილი ფონდები. ამავე ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის 26.09.95წ. ¹23-24-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, კოოპერატივ «დიდუბე-7" საკუთრებაში გადაეცა აბანო «დიდუბე-7", მდებარე ქ. თბილისი, ... ქ.¹7. კოოპერატივის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა შპს «.. ..".
შპს «.. ..ს" დირექტორმა ვ. გ-ძემ 13.04.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.01.96წ. დადგენილებით «.. ..ს" დაუმაგრდა აბანოს მიერ დაკავებული ტერიტორია დიდუბის რაიონში, ... ქ. ¹7-ში. 21.09.98წ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკით მოსარჩელეს დაუმაგრდა მიწის ფართობი 2252 კვ.მ ოდენობით, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შეტანილ იქნა სათანადო მონაცემები. ქ. თბილისის მერიის იურიდიულ საკითხთა და კანონიერების დაცვის სამმართველოს 17.11.99წ. ¹კოლ. 381 წერილის საფუძველზე არქიტექტურის სამსახურის მიერ კორექტირებულ იქნა მიწის ნაკვეთის ფართობის საზღვრები, მისი ტერიტორია შემცირდა 1358 კვ.მ-მდე, რის შედეგადაც მიწის მართვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა რა საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორებების შეტანა, ამის თაობაზე აცნობა მოსარჩელეს ¹135-20000 წერილით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და მოითხოვა შესატანი შესწორების შესახებ რეგისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 30.06.2000წ. გადაწყვეტილებით შპს «.. ..ს” სარჩელი მოპასუხე _ მიწის მართვის დეპარტამენტთან საჯარო რეესტრში შესწორების შესახებ რეგისტრატორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს «.. ..ს" დირექტორის ვ. გ-ძის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.11.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს «.. ..ს" მიმართ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წერილის მიხედვით არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ კორექტირებულ იქნა წითელი ხაზები, რომლის შესაბამისად მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა და იგი 1358 კვ.მ შეადგინა. შპს «.. ..სათვის" დამაგრებული, ყოფილი აბანოს მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმაზე აღნიშნულია, რომ წითელი ხაზები კორექტირებულია 25.12.98წ. იურიდიულ საკითხთა და კანონიერების დაცვის სამმართველოს წერილის საფუძველზე. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის გეგმის წითელი ხაზების კორექტირების ბათილად ცნობის შესახებ შპს «.. ..ს" სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართვას. სააპელაციო პალატის 01.11.01წ. განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის 01.11.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «.. ..ს" დირექტორის ვ. გ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად «მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ" და არა ქონებაზე თვით ამ უფლებათა წარმოშობა, გადაცემა, შეზღუდვა და შეწყვიტა, რასაც ფაქტობრივად ექნება ადგილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, არ არსებობს არავითარი სარეგისტრაციო ბარათი და/ან სარეგისტრაციო რუკა იმის მითითებით, რომ კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თუნდაც ნაწილი სხვის საკუთრებაში ან მფლობელობაში იმყოფება. კასატორის აზრით გასაჩივრებული განჩინება უგულებელყოფს აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილს, რომლის მიხედვით რეგისტრატორს უფლება არა აქვს დაუშვას საკუთრების ობიექტის იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლებები. განჩინებით უგულებელყოფილია აგრეთვე კანონის მე-16 მუხლი, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის 36-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად რეგისტრატორს შეუძლია შეასწოროს სააღრიცხვო ბარათი ან რომელიმე დოკუმენტი ,,როდესაც ფართობის და საზღვერების განმეორებით დაზუსტების შედეგად გამოირკვევა, რომ არაზუსტია კადასტრული რუკისა და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემები”, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს არა ფართობის ან საზღვრების დაზუსტებას არამედ საზღვრების შეცვლას და შესაბამისად საკუთრების უფლების გაუქმებას.
კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის I ნაწილს, რომლიც მიხედვითაც გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. კასატორი არ ეთანხმება განჩინების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმის წითელი ხაზების კორექტირების ბათილად ცნობის შესახებ შპს «.. ..ს" სასამართლოსათვის არ მიუმართავს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოხსენებითი ბარათი და მის საფუძველზე შედგენილი გეგმის კორექტირება არ წარმოადგებს არც ნორმატიულ და არც ადმინისტრაციულ აქტს, შესაბამისად ის ვერ მიმართავდა სასამართლოს ნახაზის და მოხსენებითი ბარათის გასაუქმებლად. უმართებულოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულ იქნა ს.ა.ს.კ. 261-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოსარჩელის პირველივე დაუსწრებლობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 01.11.2000წ. განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორმა სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და წარუდგინა პალატას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.04.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნახაზი შედგენილია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის განადგურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტის, 46-ე, 47-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს დაევალა 1998 წელს შედგენილი ნახაზის განადგურება. მითითებულ გარემოებიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და მესამე პირის _ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპეალციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება. საქმეში მე-3 პირად ჩაბმული ქ. თბილისის მერიის, არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდენ, საქმე ს.ა.ს.კ. 261 მუხლის საფუძველზე მათ დაუსწრებლად იქნა განხილული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭათ მათ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის «გ" ქვეპუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭიროა კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. ს.ქ.მ. სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 26.09.95წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შედეგად კასატორს საკუთრებაში გადაეცა აბანო ,,..." მდებარე ქ. თბილისში, ... ქ.¹7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველი გახლდათ 03.01.90წ. ხელშეკრულება კოოპერატივ «დიდუბე-7”-ის ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე, რომლითაც მოიჯარეს უფლება მიეცა საიჯარო გადასახადის მეშვეობით გამოესყიდა იჯარით აღებული ქონება საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და 03.01.90წ. მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი მინისტრთა კაბინეტის 04.05.93წ. ¹348 დადგენილების მიხედვით წარმოადგენენ მოწმობის განუყოფელ ნაწილს. 03.01.90წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მოიჯარისათვის გადაცემული ქონება არ მოიცავს იმავე მისამართზე მდებარე ელექტროძრავების გადამხვევი საამქროსა და მაგიდების გამქირავებელი პუნქტის შენობებს. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 22.09.98წ. წერილი. ს.ქ.მ. სამმართველოს 08.10.99წ., 14.12.99წ. ცნობების თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ.¹7-ში მდებარე «ჰ-ა-2”-ის მაგიდების გამქირავებელი პუნქტი ქ. თბილისის მუციპალიტეტის კაბინეტის 11.11.98წ. ¹20.21.497 დადგენილებით შეტანილია საპრივატიზებო ობიქტების ნუსხაში, ხოლო ელექტროძრავების გადამხვევი საამქრო წარმოადგენს მუნიციპალური საკუთრების ობიექტს. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 11.05.95წ. «...”-ზე გაცემული ტექნიკური პასპორტის და მასზე თანდართული გენგეგმის მიხედვით დგინდება, რომ 1950 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნაწილი შენობებისა აღრიცხული არ არის. აღურიცხავ შენობა-ნაგებობებზე 15.10.98წ. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაიცა ტექნიკური პასპორტი «ჰ-ა'-2”-ზე. აღნიშნული ტექნიკური პასპორტებით და 03.01.90წ. საიჯარო ხელშეკრულების თანდართული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ერთადერთ მესაკუთრეს კასატორი არ წარმოადგენს და მიწის ფართობი საერთო სარგებლობის ობიექტს წარმოადგენდა.'
ვინაიდან მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებოები (სსკ 150-ე მუხ.), რომელთა იურიდიული ბედი მთლიანად არის დაკავშირებული მიწასთან და არ შეიძლება იყვნენ ცალკე უფლების ობიექტად (სსკ 171-ე მუხ.), შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვება იწვევს საკუთრებას შენობა-ნაგებობებსა და სხვა არსებით შემადგენელ ნაწილზე. საჯარო რეესტრში 2252 კვ.მ მიწის ნაკვეთის კასატორის სახელზე აღრიცხვით მის საკუთრებაში მოექცა იმავე მისამართზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ოდენობით ნაკვეთის რეგისტრაცია კასატორზე ფაქტობრივად იწვევს ქონებაზე უფლების წარმოშობას, მაშინ, როდესაც «მიწის რეგისტრაციის შესახდებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის რეგისტრაციის დანიშნულებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რეგისტრატორს არა აქვს უფლება დაუშვას საკუთრების ობიექტის იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლებები. ამდენად, პალატა თვლის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრატორის მიერ 01.12.98წ. განხორციელებული ¹1279/98 რეგისტრაცია ზუსტი არ არის, აღნიშნულით ირღვევა «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის 2.2, 15.2 მუხლების მოთხოვნები არა კასატორის, არამედ სახელმწიფოს მიმართ, რომელთა საკუთრებაში იმყოფება ელძრავების გადამხვევი საამქროსა და მაგიდების გამქირავებელი პუნქტის შენობები. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეესტრის ჩანაწერებში შესწორების შეტანა იწვევს კასატორის საკუთრების უფლების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევას. «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის 36-ე მუხლის თანახმად, კადასტრული რუკის და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში რეგისტრატორი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორება, რეგისტრატორი აღნიშნული ცვლილებების შესახებ წინასწარ ატყობინებს დაინტერესებულ პირებს. კასატორს 09.03.2000წ. ¹135-2000 წერილით წინასწარ ეცნობა საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესატანი ცვლილების შესახებ, რომელიც კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრდა ვ. გ-ძის მიერ. პალატა თვლის, რომ სასამართლო განხილვის შედეგად უდავოდ არის დადგენილი, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრატორის მიერ 21.09.98წ. საკადასტრო რუკის საფუძველზე 01.12.98წ. განხორციელებული ¹1278/98 რეგისტრაცია მცდარია, შესაბამისად მართებულია რეგისტრატორის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესწორების შეტანის შესახებ. საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორების შეტანით ხდება ობიექტის საზღვრების დაზუსტება, მისი უფლებისწარმომქნელ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა და არა საკუთრების გაცემა, რეგისტრატორის მოქმედება განპირობებულია პრიორიტეტული მნიშვნელობის მქონე მიწაზე უფლების წარმომქმნელი დოკუმენტაციით. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა მიუხედავად მოსარჩელის მიერ სასამართლოს დარბაზის დატოვებისა. 30.06.2000წ. სასამართლო სხდომის დარბაზის დემონსტრაციული დატოვებით არ დარღვეულა ს.ა.ს.კ.261 მუხლი. სხდომის ოქმიდან დასტურდება, რომ «.. ..ს" დირექტორი ვ. გ-ძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიმართეს რამდენიმე შუამდგომლობით, რითაც მონაწილეობა მიიღეს საქმის განხილვაში, შუამდგომლობების დაკმაყოფილიებაზე უარის თქმის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარემ დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. პალატა თვლის, რომ მხარის მიერ სასამართლო დარბაზის დემონსტრაციულად მიტოვება არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და არა გამოუცხადებლობა. აღნიშნული არ წარმოადგენდა საქმის გადადების საფუძველს, საქმის განხილვის გაგრძელებით არ დარღვეულა ს.ა.ს.კ.261 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, საქმის სამართალწარმოების აღნიშული ასპექტი სააპელაციო პალატისათვის არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უსწორობა დასტურდება არა მხოლოდ არქიტექტორის საქალაქო სამსახურის მიერ 1998 წელს შედგენილი ნახაზით, არამედ მთელი რიგი დოკუმენტაციით (03.01.90წ. ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების მოწმობა, ტექპაპორტები). ამდენად, არქიტექტორის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ნახაზი არ წარმოადგენს რეგისტრატორის მიერ საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის ერთადერთ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.04.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს დაევალა 1998 წელს შედგენილი ნახაზის განადგურება, არ გამორიცხავს რეგისტრატორის მიერ საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, მით უფრო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ამდენად, გადაწყვეტილება არ არის ძალაში შესული და მას არა აქვს განსახილველი დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს 01.11.01წ. განჩინება ძირითადად ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსსკ-ს 53-ე მუხლით დადგენილი სასამართლო ხარჯების განაწილების წესების დაცვით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს «.. ..ს" არ გადაუხდია სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟი, თვლის, რომ კასატორს დამატებით უნდა გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «.. ..ს" დირექტორის ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.11.01.წ. განჩინება.
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.