გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-245-კ 22 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 19 სექტემბერს ფიზიკურმა პირებმა: ნ. ე-იამ და ე. ლ-ავამ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და განმარტეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს უფროსის 2001 წლის 20 აგვისტოს ¹177 ბრძანების საფუძველზე, ქუთაისის სს «ე.» მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებისას, მათი მონაწილეობით, დამატებით უნდა შესწავლილიყო მათ კანონიერ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები. 2001 წლის 22 აგვისტოს აღნიშნული ბიუროს უფროსის ¹178-ე ბრძანებით შეჩერდა სს «ე.» შემოწმება ამავე საწარმოს გენერალური დირექტორის ადმინისტრაციული საჩივრის გამო.
მოსარჩელეების მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება საწარმოს შემოწმების შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, რადგან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერება დაუშვებელია.
მოსარჩელეებმა საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს უფროსის 2001 წლის 22 აგვისტოს ¹178-ე ბრძანების ბათილად ცნობა და მათი მონაწილეობით შემოწმების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონულ ბიუროს უფროსის 2001 წლის 19 სექტემბრის ¹193-ე ბრძანებით განახლდა ქუთაისის სს «ე.» საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება, რომელიც შეჩერეუბლ იქნა 22 აგვისტოდან, ხოლო 2001 წლის 27 სექტემბრის ¹200 ბრძანებით შემოწმების ვადა გაგრძელდა 25 კალენდარული დღით, 25 სექტებმრიდან 20 ოქტომბრამდე.
მოსარჩელეებმა, მიუხედავად მოპასუხის მიერ სს «ე.» საქმიანობის შემოწმების ვადის 25 დღით გაგრძელებისა, სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, 27 დღით შემოწმების ვადის გაგრძელება და შემოწმებაში მონაწილეობა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირების: ნ. ე-იასა და ე. ლ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სს «ე.» შემოწმებაში და საწარმოს შემოწმების ვადა 27 დღით გაგრძელდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა, რომლებმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ნ. ე-იასა და ე. ლ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო წესით ასაჩივრებენ მოსარჩელე ფიზიკური პირები. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტი, «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი და მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ე-იასა და ე. ლ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო აქტის _ საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს უფროსის 2001 წლის 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების კანონიერების თაობაზე. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია სადავო ბრძანების ასლი, რომლის დადგენილებითი ნაწილი და საფუძველი ურთიერთგამომრიცხავია. კერძოდ, ბრძანება გამოცემულია 2001 წლის 22 აგვისტოს და მასში აღნიშნულია, რომ «ა\წლის 22 აგვისტოდან შეჩერებულ უნდა იქნეს ქ. ქუთაისის სს «ე.» მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება ამავე საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივრის გამო», ხოლო ბრძანების საფუძვლად მითითებულია სს «ე.» გენერალური დირექტორის 2001 წლის 27 აგვისტოს საჩივარი. 2001 წლის 22 აგვისტოს რეგიონული ბიუროს უფროსისათვის შეუძლებელია ცნობილი ყოფილიყო სს «ე.» 27 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის არც გენერალური დირექტორის ადმინისტრაციული საჩივარი და არც საქართველოს კონტროლის პალატის რეგიონული ბიუროს მიერ ამ საჩივრის საფუძველზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მტკიცებულებები, რაც მან საქმის ხელმეორედ განხილვისას უნდა შეასრულოს, რათა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კანონიერი საფუძველი საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონულ ბიუროს შეეჩერებინა ქ. ქუთაისის სს «ე.» შემოწმება, ე.ი. შეეჩერებინა მის მიერვე 2001 წლის 20 აგვისტოს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი _ ¹177 ბრძანება ამ საწარმოს შემოწმების შესახებ.
საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უნდა იმსჯელოს საპროცესო უფლებამონაცვლეობაზე, რადგან კასატორის განმატებით საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიურო დღეისათვის გაუქმებულია.
სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ უნდა იმსჯელოს, უფლებამოსილი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანო შეეჩერებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ადმინისტრაციული აქტი. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილი არ მოიაზრებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, ადგილი აქვს თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ «სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ადმინისტრაციული აქტი». აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა მხარეს კანონიერი ინტერესი იმისათვის, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვოს».
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას კანონზე მითითებით უნდა დაასაბუთოს თუ რატომ ეთანხმება ან არ ეთანხმება აპელანტის ამა თუ იმ მოსაზრებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე-იასა და ე. ლ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.