¹ 3გ/ად-246-კ-01 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 5 აპრილს კასატორმა დ. ნ-ელმა სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. მ-ძის მიმართ ქ. ბათუმის სასამართლოში და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარის, მორალური ზიანის სახით 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე მასობრივი ინფორმაციის (ტელევიზიის) საშუალებით საჯაროდ ბოდიშის მოხდა და გადაწყვეტილების პრესაში გამოქვეყნება, შემდეგი საფუძვლით:
1998 წლის 15 ნოემბერს ქ. ბათუმის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ზ. თ-ძის მიერ, მოსარჩელე დ. ნ-ელის მიმართ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹534, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ბათუმში, ... მცხოვრებ ა. და ე. მ-ძეზე ყაჩაღობის, 35000 აშშ დოლარის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. მოსარჩელე დ. ნ-ელი იყო აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 განყოფილების თანამშრომელი. 1998 წლის 3 დეკემბერს აჭარის ა/რ შ.ს. სამინისტროს მუშაკების მიერ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას დ. ნ-ელს ამოუღეს 6,442 გრ. ნარკოტიკული საშუალება «მ.-ა", რის საფუძველზეც მის მიმართ ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა 3 თვის ვადით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის განაჩენით კასატორი დ. ნ-ლი მსჯავრდებულ იქნა დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 2000 წლის 20 მარტის 1-2 პრ დადგენილებით, აჭარის ა/რ პროკურორის 2000 წლის 3 თებერვლის წარდგინება დაკმაყოფილდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის განაჩენი დ. ნ-ელის მიმართ და სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე საქმე წარმოებით შეწყდა დ. ნ-ელის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო.
მანამდე, მ-ძეების ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებული შეჩერებული სისხლის სამართლის საქმე გამოთხოვილ იქნა შსს საგამოძიებო დეპარტამენტში და დაეწერა გამომძიებელ ნ. მ-ძეს (მოპასუხე). 1999 წლის 13 ივლისს ნ. მ-ძის მიერ დ. ნ-ელი ეჭვმიტანილად იქნა დაკავებული და წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამომძიებელმა ნ. მ-ძემ 1999 წლის 15 ივლისს ¹8/4-4/8 შუამდგომლობით მიმართა ქალაქ ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების სახით, დ. ნ-ელისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება 3 თვის ვადით, რაც არ დაკმაყოფილდა და დ. ნ-ელს ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 17 ივლისის ბრძანებით შეეფარდა გაუსვლელობის ხელწერილი, რაც გასაჩივრდა გამომძიებელ ნ. მ-ძის მიერ და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 23 ივლისის ¹6 ბრძანებით დ. ნ-ელს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით პატიმრობა, რომელიც 1999 წლის 23 აგვისტოს შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით. აჭარის ა/რ შსს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიბელის 1999 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით, რომელიც აჭარის ა/რ პროკურორის მოადგილის მიერ დამტკიცდა 1999 წლის 15 სექტემბერს, სისხლის სამართლის დევნა მ-ძეების ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულ დ. ნ-ელის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის «ა" პუნქტის საფუძველზე, მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დ. ნ-ელს მიაჩნია, რომ იგი იმთავითვე უკანონოდ იყო დაკავებული, ასევე უკანონოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვით და გათავისუფლების შემდეგ, კიდევ უკანონოდ შეეფარდა აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა 3 თვით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ნ. მ-ძემ გაზეთ «..."-თვის 2000 წლის 21 მარტს მიცემულ ინტერვიუში მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწოდა ყაჩაღი, უკანონო პატიმრობით კი შეილახა მისი რეპუტაცია, თავმოყვარეობა, პატივი და ღირსება. მოკვლევისა და გამოძიების პროცესში ჩატარებული მოქმედებებით (ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება), მისი ოჯახის წევრებს: მეუღლეს, მშობლებს, შვილს და ახლო ნათესავებს მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი, განუვითარდათ სხვადასხვა სახის დაავადებები, დეპრესია და დასჭირდათ მკურნალობა, რისთვისაც ითხოვდა მატერიალური ზიანის 1 ლარისა და მორალური ზიანის _ 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნ. მ-ძისათვის დაკისრებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას.
მოპასუხე ნ. მ-ძემ უსაფუძვლობის მოტივით არ ცნო სარჩელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ნ-ელის სარჩელი, მოპასუხე ნ. მ-ძის ქმედებები მოსარჩელის მიმართ ჩაითვალა პატივისა და ღირსების შემლახველად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. მოპასუხე ნ. მ-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანისათვის 1 ლარის, მორალური ზიანისათვის _ 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, ხოლო 80 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოპასუხეს ასევე დაევალა საჯაროდ ბოდიშის მოხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. მ-ძემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან აპელანტმა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სადავო გახადა საქმეში მისი სათანადო მოპასუხეობა. აპელანტმა ნ. მ-ძემ წარადგინა აჭარის ა/რ პროკურატურის სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი პროკურორის 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც დ. ნ-ელის წინასწარი შეცნობით უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტზე ნ. მ-ძის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტისა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც არ ცნო დ. ნ-ელის სარჩელი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტოლებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ნ-ელს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების ნ. მ-ძისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგი საფუძვლით:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4 და 394-ე მუხლების დარღვევით, სათანადო მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობის გარეშე;
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დ. ნ-ელი ნამდვილად უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით, ასევე უკანონოდ იყო ეჭვმიტანილი ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა და ვინაიდან ორივე შემთხვევაში დ. ნ-ელის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის «ა" პუნქტით, სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში კანონიერია, უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით სახელმწიფოს, ფინანსთა სამინისტროს სახით, უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება;
3. ნ. მ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა, ვინაიდან აჭარის ა/რ პროკურატურის 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამომძიებელ ნ. მ-ძის ქმედებაში არ შეინიშნება მოსარჩელის მიმართ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტები. ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდების ნაწილში ნ. მ-ძეს საერთოდ მონაწილეობა არ მიუღია 1999 წლის 17 თებერვლის განაჩენის გამოტანაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიების წარმოებისას ნ. მ-ძის ქმედებაში არ შეინიშნებოდა რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ისე ჩატარება, რაც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანს მიაყენებდა დ. ნ-ელს ან მისი ოჯახის წევრებს, ხოლო გაზეთ «აჭარა Pშ"-თვის მიცემულ ინტერვიუში, სააპელაციო პალატის აზრით, დ. ნ-ელისათვის შეურაცხმყოფელი ცნობები კი არ არის გამოქვეყნებული, არამედ ნ. მ-ძე თავის გულისტკივილს გამოთქვამდა გამომოძიებლის თანამდებობიდან მისი დათხოვის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე დ. ნ-ელი, ითხოვს მის ნაწილობრივ გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე" პუნქტის საფუძველზე და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ-ძისათვის მის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის დაკისრებას და საინფორმაციო საშუალებებით ბოდიშის მოხდას. მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-ძე უსაფუძვლობის მოტივით არ ცნობს საკასაციო საჩივარს, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ელის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსათვის მის სასარგებლოდ დაკისრებული 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სიმცირის თაობაზე, ვინაიდან, მართალია, კასატორი სარჩელში მიუთითებდა, რომ უკანონო პატიმრობით, საგაზეთო პუბლიკაციითა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით შეილახა მისი პატივი, ღირსება, რეპუტაცია, მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი, განუვითარდათ სხვადასხვა სახის დაავადებები, დეპრესია, დასჭირდათ მკურნალობა, მაგრამ ავადმყოფობისა და მკურნალობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც რაიონულ და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ხოლო რაც შეეხება უკანონოდ სასამართალში მიცემის, მსჯავრდების, თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატას აღნიშნული ფაქტები უტყუარად დადგენილად მიაჩნია სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ აჭარის ა/რ პროკურატურის 1999 წლის 15 სექტემბრის დადგენილებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 2000 წლის 20 მარტის ¹1-2/პრ დადგენილების საფუძველზე, რომლითაც საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობს მოტივით, წარმოებით შეწყდა დ. ნ-ელის მიმართ მ-ძეების ყაჩაღობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ¹254/2000, ხოლო «ბ" პუნქტით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის განაჩენი ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე და საქმე წარმოებით შეწყდა. ორივე შემთხვევაში მოსარჩელე დ. ნ-ელის მიმართ გამოტანილ იქნა მარეაბილიტირებელი (გამამართლებელი) სასამართლო აქტი, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ნ-ელის სარჩელის საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ვინაიდან «ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის - «თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება" და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახამად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია და უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების, უკანონო პატიმრობით მიყენებული ზარალის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ «სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისასთვის".
საკასაციო პალატა, მიუხედავად დ. ნ-ელის სარჩელის კანონიერებისა და სამართლიანობისა, არარეალურად მიიჩნევს მის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების მიზნით, 100 000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის მოპასუხე _ სახელმწიფოსათვის დაკისრების თაობაზე და გონივრულობის პრინციპისა და სახელმწიფოს მძიმე ფინანსურ-ეკონომიური რეალობის გათვალისწინებით, სამართლიანად მიაჩნია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს სახით, დ. ნ-ელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი მატერიალური ზიანის _ 1 ლარისა და მორალურის ზიანის _ 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე, რაც უცვლელად უნდა დარჩეს და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას სახელმწიფოსთან ერთად მოპასუხე ნ. მ-ძისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია სახელმწიფოსთან ერთად სახელმწიფო მოსამსახურის სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევები. სახელდობრ, მითითებული ნორმის მიხედვით: «რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს”. ამდენად, კანონმდებელმა მკაცრად განსაზღვრა სახელმწიფოსთან ერთად მოსამსახურის სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევები და ამგვარი პასუხისმგებლობის საფუძვლად მიიჩნია მხოლოდ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ საქმის მასალებიდან უტყუარად დადგენილია, რომ კასატორი დ. ნ-ელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული (ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა) დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა და შეწყდა საქმის წარმოება, მაგრამ ამ ფაქტთან მოპასუხე გამომძიებელ ნ. მ-ძეს კავშირი საერთოდ არ ჰქონია, მას მონაწილეობა არ მიუღია აღნიშნული საქმის მოკვლევა-გამოძიებაში, ამიტომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის დ. ნ-ელის მსჯავრდების ნაწილში კასატორის მოთხოვნა ნ. მ-ძისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ უკანონოა, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო პალატის აზრით, აგრეთვე უსაფუძვლოა დ. ნ-ელის მოთხოვნა მ-ძეების ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრის, აღმკვეთი ღონისძიების სახით ნ. მ-ძის შუამდგომლობებით, მისთვის 3 თვით წინასწარი პატიმრობის შეფარდებით (რაც 1 თვეში გაუქმდა) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნ. მ-ძისათვის სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი სახელმწიფოსთან ერთად მოსამსახურის სოლიდარულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულია სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევით. მოპასუხე ნ. მ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რომლითაც, ანალოგიურად მოსარჩელე დ. ნ-ელისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა" პუნქტით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით შეწყდა ნ. მ-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ¹254/2000 დ. ნ-ელის წინასწარი შეცნობით უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტზე, რაც არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაშია, ამიტომ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს და სავალდებულო იყო სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურის (ნ. მ-ძის) მიერ დ. ნ-ელისათვის ზიანის მიყენების საკითხის დადგენისათვის. ვინაიდან, ნ. მ-ძის მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის არარსებობის მოტივით, შესაბამისად არც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველია სახეზე, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების ნ. მ-ძისათვის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო კასატორს ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, დ. ნ-ელის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მითითებულ დარღვევებს ადგილი არა აქვს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გადაწყვეტილება გამოტანილია მატერიალური სამართლის ნორმების დაცვით, ამიტომ უცლველი უნდა დარჩეს, ხოლო დ. ნ-ელს უსაფუძლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ დ. ნ-ელის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ განხილულია როგორც სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ" პუნქტისა, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრისა და წინასწარი პატიმრობისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ ნარკოტიკულ დანაშაულში უკანონო მსჯავრდებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატის აზრით, დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული წესი და პროცედურა. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, თუ რეაბილიტაციის საფუძველი სასამართლოში გამოვლინდა საქმის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში, სასამართლომ უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. რეაბილიტირებულს განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში, რისთვისაც რეაბილიტირებულმა უნდა მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, ხოლო თუ პირმა გაუშვა მითითებული 6 თვის ვადა ან არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლით, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია რეაბილიტირებულ პირს საერთო სასარჩელო წესით მოითხოვოს უფლებების აღდგენა. კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა დ. ნ-ელის მარებილიტირებული დადგენილება გამოიტანა 2000 წლის 20 მარტს, ხოლო დ. ნ-ელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა იმავე წლის 5 აპრილს. მართალია, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია რეაბილიტირებული პირის უფლებების აღდგენაზე სასამართლოსათვის მიმართვის პროცედურა და წესი, მაგრამ საკასაციო პალატას პროცედურის დაცვაზე უფრო მნიშვნელოვან ღირებულებად, ამ შემთხვევაში მიაჩნია რეაბილიტირებული პირის კომპენსაციის უფლება, ამიტომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გააუქმებს, მაგრამ შემდგომისათვის მიუთითებს რეაბილიტირებულ პირთა უფლებების აღდგენის საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტით, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ნ-ელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. დ. ნ-ელი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.