Facebook Twitter

ადმინისტრაციული აქტების ბათილობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-250კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 13 ნოემბერს თ.ცხოვრებაშვილმა და თ. ზ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ და მოპასუხის მიერ თვითნებურად დაკავებული მათი სათავსოების გამოთავისუფლება, ეზოს მხრიდან სათავსოების ამოშენებული კარის ღიობების მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, მაღაზიიდან სათავსოებში გამავალი კარების მოშლა და კედლის ამოშენება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლით: ლენინის რაიონის საბჭოს აღმასკომის 1988წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების კორპუსის 10 ოჯახს უფლება მიეცათ ლოჯიების მიშენებაზე ეზოს მხრიდან, მშენებლობის დასრულების შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ, რომ ლოჯიების ქვეშ 4 სათავსოს ამოაშენებდა 4 ოჯახი, მათ შორის მოსარჩელეები. ორმა ოჯახმა – თ-ემ და ბ-მა მოკლე დროში ააშენეს სათავსოები, ხოლო მოსარჩელეებმა ხელმოკლეობის გამო ვერ შეძლეს აშენება და მოპასუხემ, რომელიც ამ კორპუსში 1 სართულზე მდებარე სასურსათო მაღაზიის გამგეა, 2-3 წლის წინ დროებით ინათხოვრა სათავსოები, მაგრამ ფართის დაბრუნების ნაცვლად, კარის ღიობის ადგილზე ამოაშენა კედელი, მაღაზიიდან გაჭრა სათავსოში გამავალი კარი და სათავსოები დაისაკუთრა.

მოსარჩელე თ. ც-მა 1999წ. 25 იანვარს დამატებითი სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება და სათავსოს გათავისუფლება. რაიონულ სასამართლოს ასევე დამატებითი სარჩელით მიმართა თ. ზ-ემ, რომლითაც მოითხოვა მაღაზია «მ.» და მოპასუხე ბოჭორიშვილის მფლობელობიდან მისი სათავსოს გამოთავისუფლება.

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოპასუხე ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 11 მარტის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.

მოსარჩელეებმა დამატებით სასარჩელო განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც გაადიდეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992წ. 15 აპრილის ¹401 გადაწყვეტილებისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის 1995წ. 30 ნოემბრის ბრძანებების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ბინის მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მაღაზიის კოლექტივს ნება დაერთო სათავსოების მოწყობაზე.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. ბოლოს, სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 7 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელეთა თანხმობით საქმეში მოპასუხეებად ჩააბა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, რადგან მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოტანილი ადმინისტრაციული აქტები. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა. მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ სასამართლოს, თითქოს მათ ლოჯიების ქვეშ სივრცეზე არ მოუპოვებიათ საკუთრების უფლება, რადგან ბინების შეძენისას, სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით ბინებთან ერთად მოიპოვეს დამხმარე სათავსოებზეც საკუთრების უფლება, რის გამოც ითვლებიან სადავო სათავსოების თანამესაკუთრეებად.

მოპასუხე ნ. ბ-ის წარმომადგენლებმა არ ცნეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციულ აქტებზე სასაჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მათი მითითებით, მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული აქტების თაობაზე გაიგეს 1999წ. 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოთხოვნა მათი გაუქმების თაობაზე დაყენებული იქნა 2000წ. თებერვალში. სარჩელი ასევე არ ცნო მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ თ. ც-მა და თ. ზ-ემ ბინები შეიძინეს 1997 და 1994 წელს, ხოლო ჩარგლის ქ.¹50-ში მცხოვრებ მობინადრეებს (მათ შორის მოსარჩელეთა წინამორბედ მესაკუთრეებს დ. ნ-ეს და დ. ზ-ის) თბილისის ლენინის რაიონის საბჭოს აღმასკომის 1988წ. 17 თებერვლის ¹453. 354 გადაწყვეტილებით ნება დაერთო თავიანთი სახსრებით ეზოს მხრიდან ამოეშენებინათ ლოჯიები.

2) სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე მოთხოვნა დაყენებული იქნა 1999წ. მაისში (თარიღი უცნობია, არა აქვს სასამართლოს კანცელარიის ბეჭედი) რადგან საქმე შეკერილია და გადანომრილია 1999წ. 10 მაისის შემდეგ და დამატებითი სარჩელი მიმართულია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიმართ. პალატის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტების თაობაზე მოსარჩელეებმა გაიგეს 1999წ. 3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე. 1999წ. 15 მაისს ამოქმედებული ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტების გაუქმების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს 1 თვეში იმ დღიდან, როდესაც მხარეებისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ სადავო აქტის გასაჩივრების უფლების შესახებ სულ მცირე 1999წ. 3 თებერვლიდან, ხოლო მოთხოვნა დაყენებულია 1999წ. მაისში. ამრიგად, მოსარჩელეების მიერ არ არის დაცული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობის იურიდიული საფუძველი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ თ.ცხოვრებაშვილი და თ. ზ-ე, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას:

1) კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, კასატორების აზრით, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული. კასატორები ასევე არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;

2) კასატორები არ ეთანხებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მათ გაუშვეს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა. ისინი მიუთითებენ, ადმინისტრაციული აქტების არსებობის შესახებ მათ გაიგეს 1999წ. 3 თებერვალს, ხოლო გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 1999წ. 16 ივლისს, ე.ი. სარჩელი შეტანილია 1999წ. 3 თებერვლიდან 1999წ. 16 ივლისამდე – მინიმუმ 2 თვესა და 12 დღეში და მაქსიმუმ 5 თვესა და 13 დღეში. მართალია, რაიონულ სასამართლოებში საქმის განხილვის დროს მოქმედებდა 1999წ. 15 მაისს ამოქმედებული ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლი, მაგრამ 1999წ. 10 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც კოდექსიდან ამოღებული იქნა მთელი XXIV თავი და მასთან ერთად 361-ე მუხლიც. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ 2000წ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაწესდა ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ახალი 6-თვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელათ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლით, რომელიც გაუქმებული იყო 1999წ. 10 დეკემბრიდან, არამედ 2000წ. 1 იანვარს ამოქმედებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, რომელმაც დააწესა გასაჩივრების 6 თვიანი ვადა და ეს ვადა მათ არ გაუშვიათ.

მოწინააღმდეგე მხარეთა – ნ.ბოჭორიშვილისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი წესით გამოძახების, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ საკასაციო საჩივარი მისი წარმომადგენლის გარეშე იქნა განხილული, თანახმად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ისა და თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს და ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტები – ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992წ. 15 აპრილის ¹401 გადაწყვეტილება და თბილისის მთავარი არქიტექტორის 1995წ. 30 ნოემბრის ¹355 ბრძანება წარდგენილი იქნა თბილისის ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს 1999წ. 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსარჩელეებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების შესახებ მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა 1999წ. 3 თებერვლიდან მაინც, ხოლო ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელი სავარაუდოდ 1999წ. მაისში იქნა აღძრული, რადგან სარჩელი მიმართულია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიმართ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ სასამართლომ იხელმძღვანელა 1999წ. 15 მაისს ამოქმედებული ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და 361-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული აქტის სასარჩელო წესის გასაჩივრების ვადა ერთ თვეს შეადგენდა და რადგან გასაჩივრების უფლების მქონე პირებისათვის, მოსარჩელეებისათვის, სადავო აქტების შესახებ ცნობილი გახდა 1999წ. 3 თებერვლიდან, ხოლო სარჩელი 1999წ. მაისში იქნა შეტანილი ე.ი. 3 თვის შემდეგ, სააპელაციო პალატამ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

მართალია, სააპელაციო პალატის მიერ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ერთთვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ 433-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამოქმედდა 1999წ. 15 მაისიდან. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონს, როგორც წესი, უკუქცევითი ძალა არა აქვს (თუ კანონში არ არის მითითებული უკუქცევითი ძალის შესახებ), კანონის ნორმები ვრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ ურთიერთობებზე და კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მიმართ მისი გამოყენება დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, 1999წ. 15 მაისიდან ამოქმედებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გავრცელება თავად კოდექსის ამოქმედებიდან, 1999წ. 15 მაისიდან უნდა დაიწყოს და კოდექსის ამოქმედებამდე ამ ვადის გავრცელება პროცესუალურად დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: რომ მოსარჩელეებისათვის სადავო ადმინისტრაციული აქტების – ნაძალადევის რაიონის გამგეობის ¹401 გადაწყვეტილებისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹355 ბრძანების შესახებ ცნობილი გახდა 1999წ. 3 თებერვლის სხდომაზე, ხოლო დამატებითი სარჩელი მათი გაუქმების თაობაზე გლდანი-ნაძალადევის სასამართლოში აღძრული იქნა იმავე წლის მაისში.

საზოგადოდ, რადგან კანონს უკუქცევის ძალა არა აქვს და 1999წ. 15 მაისიდან ამოქმედებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, დამატებითი სარჩელი გამგეობის გადაწყვეტილებისა და არქიტექტორის ბრძანების გაუქმებაზე 1999წ. მაისის თვეშია აღძრული, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი სარჩელი საპროცესო ვადებშია შეტანილი, სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დაცვით და სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უმართებულოა, სააპელაციო პალატამ უსწოროდ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ამიტომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება ხანდაზმულობის მოტივით თ. ც-ისა და თ. ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობის მოტივზე მიუთითა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, სარჩელის იურიდიულ საფუძვლიანობაზე, მოთხოვნის კანონიერებაზე არსებითად არ უმსჯელია, ამიტომ საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ც-ისა და თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს გადაწყვეტილების მიღების დროს;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.