ადმინისტრაციული გარიგება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-255-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 25 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ინდოეთის მოქალაქე ვ. ტ-ს შორის გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულება მყიდველისათვის სს «ა." აქციათა საკონტროლო პაკეტის (445907 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50,49%) გადაცემის შესახებ. აქციების გასაყიდი ფასი შეადგენდა 336000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. სახელშეკრულებო ვალდებულებით მყიდველს _ ვ. ტ-ს დაეკისრა საწარმოს პროფილის შენარჩუნება 5 წლის განმავლობაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიის დონეზე, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მუშაკთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და საწარმოში 3 წლის მანძილზე ინვესტიციების განხორციელება არანაკლებ 5 მლნ ლარის ოდნობით საფინანსო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სოციალური მიმართულებით. 1999წ. 29 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ვ. ტ-ისათვის სს «ა." აქციათა პაკეტის პირობადებულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
2001წ. 4 მაისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია სს «ა." საწარმოში ინვესტორის - ვ. ტ-ის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, ფინანსური დოკუმენტაციის თანხლებით. წარმოდგენილი ინფორმაციიდან მხოლოდ ნაწილი ეხებოდა სს «ა." გაწეულ სამუშაოებს, ინფორმაციის უდიდეს ნაწილში კი ასახული იყო სხვა ორგანიზაციაში, კერძოდ, შპს «ს.-ა." გაწეული ინვესტიციები.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001წ. 14 ივნისის ¹1-3/403 ბრძანებით ვ. ტ-ი დააჯარიმა განუხორციელებელი ინვესტიციების _ 4916218 ლარის 0,1%-ით ყოველ გადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 545676 ლარს. მყიდველს არსებული დარღვევის აღმოსაფხვრელად მიეცა ორი თვის ვადა, ხოლო საჯარიმო თანხის გადასახდელად მიეცა ერთი თვე. აღნიშნული დარღვევები ვ. ტ-ის მიერ არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში, რითაც დაირღვა საკონკურსო პირობები და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001წ. 27 აგვისტოს სადავო ¹1-3/593 ბრძანებით გააუქმა სს «ა." აქციათა პაკეტის ყიდვის მიზნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
2001წ. 20 სექტემბერს ვ. ტ-მა სარჩელი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 აგვსიტოს ¹1-3/593 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი მოტივებით:
1. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მომზადებული უნდა ყოფილიყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად ისიც უნდა ყოფილიყო ჩაბმული, როგორც დაინტერესებული მხარე, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე და 95-ე მუხლების მოთხოვნები, რასაც მოჰყვა ამავე კოდექსის 86-ე, 93-ე, 98-ე, ასევე 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის დარღვევა, ვიანიდან აქტი არ შეიცავს დასაბუთებას;
2. სადავო ადმინისტრაციული აქტით ვ. ტ-ს ჩამოერთვა საკუთრების უფლება აქციებზე. აქტი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას «სახელმწიფო ქონების პრივატიზიების შესახებ" კანონზე და «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებაზე, რომლებიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არ ანიჭებენ მსგავს კომპეტენციას აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 აგვისტოს ბრძანებით დაირღვა «საინვენსტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" კანონით დადგენილი ინვესტიციების დაცვის გარანტიებიც;
3. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით დაირღვა აგრეთვე საქართველოს კანონი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ". კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, სამინისტროს არ ჰქონდა აღნიშნულ აქციებზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის საფუძველი, რადგან ვ. ტ-ის მიერ საინვესტიციო ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულფასოვნად, განხორციელებული ინვესტიციების შედეგად საწარმომ მიაღწია მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებას, თავისი ადგილი დაიკავა შიდა და გარე ბაზარზე.
ვ. ტ-ის სარჩელი არ ცნო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისიტრომ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. 2002წ. 18 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შეიტანა შეგებებული სარჩელი მხარეებს შორის 1999წ. 29 სექტემბერს გაფორმებული პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ. ტ-ის სარჩელი; ბათილად ცნო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 აგვისტოს ბრძანება ვ. ტ-სა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ; სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელიც; გააუქმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის გაფორმებული 1999წ. 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის 1998წ. 25 თებერვალს გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლის თანახმად 1999წ. 29 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველს გადაეცა სს «ა." აქციათა პაკეტი პირობადებულ საკუთრებაში. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა აიღო ვალდებულება სრულად შეესრულებინა სახელშეკრულებო პირობები და ინვესტიციების განხორციელების ათვლის თარიღად განისაზღვრა 1998წ. 25 თებერვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე 1999წ. 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 1998წ. სახელშეკრულებო ვალდებულებამ ძალა დაკარგა;
2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მყიდველს არ განუხორცილებია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, სს «ა." სამი წლის განმავლობაში ინვესტორის მიერ გაწეულია 83782 ლარის ინვესტიციები, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულის 1,67%-ს შეადგენს. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ვ. ტ-მა განახორციელა რიმე ინვესტიციები სხვა საზოგადოებაში, კერძოდ, შპს «ს.-ა.";
3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მონაწილეობს კერძო სამართლებრივ ურთიერთოებებში ფიზიკურ პირთან, ვ. ტ-თან ისევე, როგორც სხვა კერძო სამართლის სუბიექტი და სახელმწიფო ქონების მართვის სამანისტროს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეძლო უარი ეთქვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე მას შემდეგ, რაც ტიაგმა არ შეასრულა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 14 ივნისის ბრძანების მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკუთარი ინიციატიცით ცალმხრივად არ უნდა გაეუქმებინა 1999წ. 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ უნდა მიემართა სასამართლო ორგანოებისათვის და მოეთხოვა სადავო ხელშეკრულების მოშლა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 აგვისტოს ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «დ" პუნქტის მოთხოვნები, სასამართლოს გარეშე გაუქმდა გარიგება, რითაც არსებითად დაირღვა აქტის მომზადების კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, ბრძანების მომზადებისას არ იყო მოწვეული ვ. ტ-ი;
4. სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ტ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აქციათა პაკეტის მიყიდვისას მასზე არ გასცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი და ამ მიზეზით ვ. ტ-მა უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. სასამართლოს მითითებით, «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტით. ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის, შპს «კ.-ც." მიერ გაცემული აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 1999წ. 16 დეკემბრის მონაცემებით, სს «ა." აქციათა რეესტრის მიხედვით ვ. ტ-ს საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 445907 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50,4935%-ს. პირობადებული საკუთრების უფლება ვ. ტ-ს წარმოეშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან საკუთრების უფლება აქციებზე დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამონაწერით რეესტრიდან, რომელიც გასცა შპს «კ.-ც.».
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებს ვ. ტ-ი, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგეგებული სარჩელის, სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში. კასატორი შემდეგი მოტივით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
1. ვ. ტ-ს უკანონოდ მიაჩნია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ"'კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ. ვინიდან კასატორს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან არ მიუღია საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად, მას არ მოუპოვებია აქციათა პაკეტზე საკუთრების უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, მას უფლებას ანიჭებდა არ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნასკირი ვალდებულებები მანამ, სანამ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო;
2. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო უსწოროდ დაეყრდნო «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში გაკეთებული ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით და კოლეგიამ უმართებულოდ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ იყო ვალდებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აქციათა პაკეტის შემძენზე გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ მოტივაციას, ვინაიდან «,მეწარმეთა შესახებ" კანონი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლება აქციათა პაკეტზე დასტურდება მხოლოდ საზოგადოების წიგნში განხორციელებული ჩანაწერით. «სახელმწიფო «ქონების პრივატიზების შესახებ" კანონი არ ეწინააღმდეგება კანონის ამ მოთხოვნას, არამედ ავსებს მას. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონი სპეციალური კანონია, უშუალოდ სახელმწიფო ქონების კონკურსის ან სხვა წესით პრივატიზებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს და ამ შემთხვევაში უპირატესობა მას უნდა მინიჭებოდა. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
ვ.ტიაგის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას დამატებით მიუთითა შემდეგ მოტივებზე: სს «ა." ნაცვლად შპს «ს.-ა." ნედლეულის სახით ინსვესტიციის განხორიციელება კასატორმა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებად მიიჩნია და შპს «ს.-ა." ინვესტირება იმ ობიექტური გარემოებით ახსნა, რომ ვ. ტ-ის მიერ აქციების შეძენის მომენტისათვის სს «ა." ქონება იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს «ს.-ა.". კასატორის აზრით, 1998წ. 25 თებერვლიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების სამწლიანი ვადის ათვლა უსწოროა, რადგან სახელშეკრულებო ვალდებულება წინ უსწრებდა მხარეებს შორის 1999წ. 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, იგი წინარე ხელშეკრულებაა, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადებული უნდა ყოფილიყო სანოტარო ფორმით და ამ ფორმის დაუცვლელობის გამო დადებული სახელშეკრულებო ვალდებულება არის უცილოდ ბათილი გარიგება.
მოწინააღმდეგე მხარის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მესამე პირთა _ სს «ა." და შპს «ს.-ა." წარმომადგენლებმა ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწვეტილების უცვლელად დატოვება.
შპს «ს.-ა." წარმომადგენელმა უარყო ვ. ტ-ის მიერ მათ საზოგადოებაში ინვესტიციების განხორციელება, განმარტა, რომ ვ. ტ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა ინვესტირებას, არამედ ჩვეულებრივ კომერციულ-სავაჭრო ურთიერთობას, რის შესახებაც მხარეებს შორის მიმდინარეობს ცალკე სასარჩელო დავა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ტ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 აგვისტოს ¹1-3/593 ბრძანება “სს «ა." აქციათა პაკეტის ყიდვის მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ვ. ტ-ს შორის 29.09.1999წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ". გადაწყვეტილების მე-2 ნაწილით ასევე დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი, გაუქმდა (მოიშალა) სამინისტროსა და ვ. ტ-ს შორის 1999წ. 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ¹07-01/37 და ვ. ტ-ზე გადაცემული აქციები დაუბრუნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. ვ. ტ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან 1999წ. 29 სექტემბერს დადებული ¹07-01/37 ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) ნაწილში, ამიტომ საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, პროცესუალურად უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და იმსჯელოს მხოლოდ აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერებაზე;
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეგებებული სარჩელით მოითხოვდა ვ. ტ-თან 1999წ. 29 სექტემბერს გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლას სს «ა." აქციათა პაკეტის ვ. ტ-ისათვის პირობადებულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ინვესტორმა სს «ა." მიმართ სრულად არ განახორციელა ნაკისრი ვალდებულებები, არამედ განახორციელა მხოლოდ ინვესტიციების 1,67%, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა თბილისის საოლქო სასამართლომ «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა, მას უნდა ეხელმძღვანელა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მასზე, როგორც სს «ა." აქციათა პაკეტის შემძენზე, უნდა გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ვინაიდან ვ. ტ-ს მოპასუხე სამინისტროდან არ მიუღია სს «ა." აქციებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისად, მას არც აქციათა პაკეტის საკუთრების უფლება მოუპოვებია და სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, არც ხელშეკრულებით ნაკისრი ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდა, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.
მართალია, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ და, როგორც წესი, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას სავალდებულოა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მესაკუთრეზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, მაგრამ ვინაიდან სადავო შემთხვევაში პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფოს წილი აქციები სს «ა.", ამიტომ სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51.2 მუხლით, რომლის მიხედვითაც: «აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით. კანონის შესაბამისად, აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, ანდა კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი».
აქცია ფასიანი ქაღალდია, რომელიც ადასტურებს პირის წევრობას სააქციო საზოგადოებაში, გამოხატავს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აქციის მფლობელის წილსა და ამ წილიდან გამომდინარე, აქციონერის უფლება-მოვალეობებს. «მეწარმეთა შესახებ" კანონის ზემოაღნიშნული მუხლი ნათლად განსაზღვრავს, რომ აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრის ჩანაწერით დასტურდება და აქციონერს აქციების საკუთრების დამადასტურებლად მიეცემა აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი აქციონერთა რეესტრიდან, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. განსახილველ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის შპს «კ.-ც." მიერ გაცემულია სს «ა." აქციათა რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც აქციონერ ვ. ტ-ს 1999წ. 16 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 445907 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც საწესდებო კაპიტალის 50,4935%-ს შეადგენს, ხოლო «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51.2 პუნქტში ნახსენები «კანონით გათვალისწინებულ სხვა ფორმაში" იგულისხმება «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, როცა აქციაზე საკუთრება დასტურდება ჩანაწერით აქციათა სუბრეესტრში, რომლებსაც ამ კანონით განმარტებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელები აწარმოებენ.
ვინაიდან კასატორ ვ. ტ-ზე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ 1999წ. 16 დეკემბრის მდგომარეობით, «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51.2 მუხლის შესაბამისად, გაცემულია აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერი 445907 ცალი ჩვეულებრივი აქციის საკუთრების შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ აქციონერ ვ. ტ-ზე «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ აქციებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა საჭირო არ იყო, ვ. ტ-ი სს «ა." აქციონერთა რეესტრში რეგისტრირებული იყო აქციონერად, პრივატიზებული აქციები მის საკუთრებას წარმოადგენდა და, შესაბამისად, ამ აქციებზე აღჭურვილი იყო მესაკუთრის სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილებით. ამიტომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ აქციებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუცემლობის გამო, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლზე დაყრდნობით, ინვესტიციების განუხორციელებლობა და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, უმართებულოა და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 1999წ. 29 სექტემბრის ¹07-01/37 ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სასამართლომ «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51.2 მუხლის სწორი გამოყენება-განმარტებითა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტოვით, საკასაციო საჩივრის დამატებით საფუძვლებსაც ვერ გაიზიარებს, რადგან 1998წ. 25 თებერვლის სახელშეკრულებო ვალდებულების 3.3. პუნქტისა და 1999წ. 29 სექტემერბის ¹07-01/37 ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვ. ტ-ი ვალდებულებას კისრულობდა სს «ა." აქციების შეძენის შემდეგ სს «ა." 3 წლის განმავლობაში განეხორციელებინა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია საფინანსო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სოციალური მიმართულებით, რაც ვ. ტ-ს ჯეროვნად და სრულყოფილად არ განუხორციელებია, არამედ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სს «ა." ინვესტიცია განახორციელა მხოლოდ 83782 ლარის ოდენობით, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულის მხოლოდ 1,67%-ს შეადგენს. ამიტომ შპს «ს.-ა." კასატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია (რასაც შპს «ს.-ა. წარმომადგენელი უარყოფს) სს «ა." განხორციელებულ ინვესტიციად და სახელშეკრულებო ვალდებულების, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ დააკმაყოფილებს ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებაზე და თვლის, რომ ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სასამართლომ «მეწარმეთა შესახებ" კანონის 51.2 მუხლის სწორი გამოყენება-განმარტებითა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტლება და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, მუხლის პირველი ნაწილის «გ" და მე-2 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება;
3. ვ. ტიაგს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.