Facebook Twitter

3გ-ად-256-კ-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ახალი აუქციონის ჩატარებით საპრივატიზებო ობიექტის მოსარჩელეზე მიყიდვა.

შეგებებული სარჩელის საგანი: სადავო ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1994წ. იანვრიდან ყაზბეგის რაიონის სოფ. კ.-ის მცხოვრები გ. მ.-ის რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა სოფ. ა.-ში, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებით შესახლებული იყო ყოფილი ადგილმრეწველობის ადმინისტრაციული შენობის სამ ოთახში. იმავე შენობაში სამი ოთახი ჰქონდა დაკავებული ა. ყ.-ს.

1998წ. 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონულმა განყოფილებამ აუქციონზე გაყიდა ზემოთ აღნიშნული შენობის ის ნაწილი, რომელშიც ა. ყ.-ი ცხოვრობდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ა. ყ.-ის მეუღლე მ. ჯ.-მ, რომელმაც 4819 ლარად იყიდა საპრივატიზებო ობიექტი.

1998წ. 24 მარტს მ. ჯ.-მ და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2000წ. 17 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონულმა განყოფილებამ აუქციონზე გაიტანა სოფ. ა.-ში მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის ადმინისტრაციული შენობის ის ფართი, რომელშიც მოსარჩელე გ. მ.-ის ოჯახი ცხოვრობდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მ. ჯ.-მ და გამარჯვებულადაც ის ჩაითვალა.

2000წ. 27 ოქტომბერს მ. ჯ.-ს აუქციონში შესყიდული შენობის ნახევარზე მიეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2001წ. 15 მაისს ყაზბეგის რაიონულ სასამართლოში გ. მ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონული განყოფილების, მ. ჯ.-ის, ყაზბეგის რაიონის საკრებულოს მიმართ და ითხოვა 2000წ. 17 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა, ხელახალი აუქციონის ჩატარება და საპრივატიზებო ობიექტის მისთვის მიყიდვა იმ საფუძვლით, რომ მან იცოდა აღნიშნული აუქციონის ჩატარების შესახებ.

2001წ. 28 მაისს მ. ჯ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხე გ. მ.-ის მიმართ და ითხოვა მისი გამოსახლება სოფ. ა.-ში მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის ადმინისტრაციული შენობის იმ ფართიდან, რომელიც ეკავა მ.-ების ოჯახს. მ. ჯ.-მ შეგებებული სარჩელის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. მ.-მ წინასწარ იცოდა 2001წ. 17 ოქტომბრის აუქციონის ჩატარების თაობაზე, მაგრამ უფულობის გამო მასში მონაწილეობა ვერ მიიღო, მ. ჯ.-მ კი კანონის სრული დაცვით შეიძინა სადავო ფართი და გახდა მისი მესაკუთრე.

ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის განჩინებით ყაზბეგის რაიონის საკრებულო მოცემულ საქმეში ჩაითვალა არასათანადო მოპასუხედ და ამოირიცხა საქმიდან.

2001წ. 28 ივნისს ყაზბეგის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილების მიერ 2000წ. 17 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონი, გაუქმდა აუქციონის შედეგები და გადახდილი თანხა დაუბრუნდა მ. ჯ.-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ.-მ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილებამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას შეგებებულ სარჩელში თანამოპასუხედ ჩაება გ. მ.-ის მეუღლე ქ. ბ.-ა. სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება; გ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილების მიერ 2000წ. 17 ოქტომბერს ჩატარებული სოფ. ა.-ში მდებარე მუნიციპალური საკუთრების (ყოფილი ადგილმრეწველობის) _ შენობის ნახევართან დაკავშირებული აუქციონის შედეგები; არ დაკმაყოფილდა გ. მ.-ის მოთხოვნა აუქციონის ხელახლა ჩატარების შესახებ, რომლითაც მოხდებოდა სადავო ობიექტის მისთვის მიყიდვა; დაკმაყოფილდა მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი;L გ. მ.-ი და მისი მეუღლე ქ. ბ.-ა გამოსახლდნენ სოფ. ა.-ში მდებარე მუნიციპალური საკუთრების (ყოფილი ადგილმრეწველობის) შენობის ნახევრიდან.

გ. მ.-მ და ქ. ბ.-მ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელი, რადგანაც დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილების მიერ 2000წ. 17 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები.

კასატორების განმარტებით, გადაწყვეტილება მათ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც სააპელაციო პალატამ არ მიუთითა, თუ რომელი კანონის საფუძველზე დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი. მათი განმარტებით, სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მხოლოდ მესაკუთრეს აქვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში კი მ. ჯ.-ი აღარ წარმოადგენს მესაკუთრეს.

გ. მ.-მ და ქ. ბ.-მ საკასაციო საჩივრით ითხოვეს სააპელაციო პალატის 2001წ. 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება მათი სადავო ფართიდან გამოსახლებისა და ხელახალი აუქციონის ჩატარებით საპრივატიზებო ობიექტის გ. მ.-ისათვის მიყიდვაზე უარის თქმის ნაწილებში, ახალი გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ხელახალი აუქციონის ჩატარებით საპრივატიზებო ობიექტის გ. მ.-ზე მიყიდვის თაობაზე მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ჯ.-მ შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილების მიერ ჩატარებული 2002წ. 17 ოქტომბრის აუქციონის შედეგები, სამართლის ნორმების დარღვევითაა მიღებული, რადგანაც სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად კასაციის საფუძველს წარმოადგენს. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტური საფუძველია.

შეგებებული საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის განყოფილების მიერ 2000წ. 17 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება მოხდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონისა და «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრვატიზების შესახებ» დებულების მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია სრულად გამოქვეყნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაზეთ «მესაკუთრეში», რადგანაც ადგილობრივი გაზეთი «დარიალი» იმ პერიოდში არ გამოდიოდა, ხოლო თავად აუქციონი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ისე ჩათვალა 2000წ. 17 ოქტომბრის აუქციონი კანონდარღვევით ჩატარებულად. აღნიშნულით დაირღვა სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა.

საქმეზე დართული მასალებიდან, კერძოდ, გაზეთ «მესაკუთრეში» გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მასში მითითებულია აღნიშნული საპრივატიზებო ქონების დასახელება, მისამართი და საწყისი ფასი, რაც შეესაბამება «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის «გ» პუნქტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, აგრეთვე, არ დარღვეულა ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აუქციონის ჩატარების თარიღამდე 47 დღით ადრე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია აუქციონის გამოქვეყნებისას ზუსტი თარიღის მიუთითებლობისა და «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების არასრულად შესრულებით რით დაირღვა მოსარჩელე გოგი მ.-ის უფლებები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა გ. მ.-ისა და ქ. ბ.-ს სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ მ. ჯ.-ის სარჩელი საფუძვლიანად, რადგანაც, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ 2000წ. 17 ოქტომბრის აუქციონი და მისი შედეგები ცნო ბათილად, შესაბამისად, მ. ჯ.-ი აღარ უნდა ჩაეთვალა სადავო ფართის მესაკუთრედ. სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მას მოთხოვნის უფლება არ ექნებოდა მ.-ების ოჯახის საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ.-ისა და ქ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მ. ჯ.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.